ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/08/2014 - 03/10/2014)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა 


ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, მერიის დებულების, კანონქვემდებარე აქტების  შესაბამისად, განსაზღვრავს  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.

მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური( შემდგომში - ,,სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

 

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება;

ბ) სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება;

გ) ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;

დ) ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება;

 

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

თ) ადმინისტრაციული ერთეულების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

ი) ადმინისტრაციული ერთეულების  განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

კ) ადმინისტრაციული ერთეულების  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ლ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

მ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ნ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

პ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;

ჟ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

რ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ს) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ტ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

უ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ფ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები
ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

კ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

მ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

ნ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ფუნქციები
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ე) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;


მუხლი 6. ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციები
1.ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 


მუხლი 7. ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების ფუნქციები
 

ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;

ბ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

გ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;

დ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

ე) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ვ) წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

2. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

3. ეს დებულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

 



totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.