ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017962
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
342
07/05/2014
ვებგვერდი, 08/05/2014
010220020.10.003.017962
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/05/2014 - 09/12/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2014 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების  და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.  

2. თავისი საქმიანობისას საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით,  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 2. სააკორდინაციო საბჭოს შემადგენლობა

1.საკორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

კ) საქართველოს მთავარი პროკურორი;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

ო) საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში   გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი;

პ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;

ჟ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

რ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ს) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ  – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორი.

2.  საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

3. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს;

ბ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

გ) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

დ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს;

ე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს;

ვ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურ დირექტორს;

ზ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს;

თ) ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ მრჩეველს;

ი) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს დირექტორს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის – ალტერნატივა ჯორჯიას თავმჯდომარეს.    

 

მუხლი 3. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე აგებული ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი;

გ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განვითარების მიზნით;

დ) უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

 

მუხლი 4. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები კანონმდებლობის რეფორმის,  ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

დ) ითანამშრომლოს საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიან  საკოორდინაციო საბჭოსთან ნარკომანიის პრევენციისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის მიმართულებით თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების გატარების გზით, საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესების, ერთობლივი მოქმედების ხელშეწყობისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

ე) ითანამშრომლოს ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების თემაზე მომუშავე სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები

1. საკოორდინაციო საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ხმათა უმრავლესობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფისათვის დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.

 

მუხლი 6. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება ექვს თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა.

5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საკოორდინაციო საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე, სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.

8. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.