ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017649
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
447
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017649
ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2014 - 26/11/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №447

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი “.
მუხლი 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-131 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური  რეგლამენტი

ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წესები განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც აკონტროლებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, აგრეთვე იმ პირთათვის, რომლებიც პასუხს აგებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვა-განთავსებაზე და რეალიზაციაზე.

2. წინამდებარე წესებში მოცემულია წუნდების კრიტერიუმები, ნიმუშების აღების მეთოდები. ნაჩვენებია ხარისხის მაჩვენებლის დამოკიდებულება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფიზიკოქიმიურ თვისებებზე, ტარის მდგომარეობაზე, შენახვის რეჟიმებზე, ვადებზე და სხვა ფაქტორებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

გამოყენებულ ტრემინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პარტია – ნებისმიერი რაოდენობის ერთგვაროვანი ხარისხისა და ერთი დასახელების პროდუქტი, გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, დაფასოების ერთი ტიპის, ერთნაირად მარკირებული, რომელსაც თან ერთვის ხარისხობრივი მაჩვენებლის ამსახველი ერთი დოკუმენტი;

ბ) შეფუთვის ერთეული – ჭურჭელი, მეტალის ან პლასტმასის ყუთი, კასრი, პარკი, დანაყოფი, ავტოცისტერნა და შეფუთვის სხვა სახეები, რომლებიც შეესაბამებიან ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმებს;

გ) ამოღება – პარტიიდან ერთჯერადად აღებული პროდუქტის მცირე რაოდენობა;

დ) ამორჩევა – შეფუთვის თითოეული ერთეულიდან, ყუთიდან, კასრიდან ან პროდუქციის შეუფუთავი შტაბელიდან ერთჯერადად აღებული პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა;

ე) საწყისი ნიმუში – პარტიიდან შერჩეული ყველა ამოღების და ამორჩევის ერთობლიობა;

ვ) წერტილოვანი ნიმუში – შეუფუთავი ან შეფუთული აგროქიმიკატის პროდუქციის ყოველი ცალკეული ერთეულიდან აღებული ნიმუში;

ზ) გაერთიანებული ნიმუში – წერტილოვანი ნიმუშების გაერთიანებით და არევით მიღებული ნიმუში;

თ) საშუალო ნიმუში – საწყისი ნიმუშის ან საშუალო სინჯის/გაერთიანებული ნიმუშის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ხარისხის განსაზღვრისათვის. პროდუქციის მცირე პარტიის შემთხვევაში საწყისი ნიმუში ან საშუალო სინჯი ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს საშუალო ნიმუშად;

ი) ერთჯერადი სინჯი – სინჯი, რომელიც შერჩეულია პესტიციდის შეფუთვის ან პროდუქციის ყოველი ცალკეული ერთეულიდან;

კ) საერთო სინჯი – ერთჯერადი სინჯების შერწყმა;

ლ) საშუალო სინჯი – საერთო სინჯი, რომელიც მიიღება ერთჯერადი სინჯების არევის შემდეგ;

მ) კვარტირება – ნიმუშის მომზადება ოთხად დაყოფის მეთოდით.

მუხლი 3. პესტიციდების ხარისხის წინასწარი შემოწმება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის შესამოწმებლად აუცილებელია:

ა) წინასწარ შემოწმდეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების და ტარის გარეგნული მდგომარეობა;

ბ) აღებულ იქნეს იმ პრეპარატების სინჯები, რომელთა ხარისხიც საეჭვოა;

გ) ჩატარდეს პრეპარატების აღებული სინჯების შესაბამისი ანალიზი.

2. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში ხდება პესტიციდის ხარისხის ვიზუალური დათვალიერება. ფიქსირდება მათი გარეგნული იერსახის ცვლილებების ნიშნები, ფერის, კონსისტენციის ცვლილება, თხევადი პრეპარატების შრეებად დაყოფა, ნებისმიერი ნალექის წარმოქმნა, პასტების დატკეპნა და კოშტების წარმოქმნა, ფხვნილების, დუსტების დანესტიანება, ტარის ჰერმეტულობის დარღვევა, მარკირების ნაწილობრივი და სრული არარსებობა.

3. წინასწარი მონაცემების შეფასების შედეგად, პესტიციდების შემადგენლობისა და თვისებებზე ანალიზის ჩატარების გარეშე წუნდებას და ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) პრეპარატები, რომლებიც აკრძალულია სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) პრეპარატები, რომლებიც გამოუსადეგარია შემდგომი გამოყენებისათვის თავისი ფიზიკური თვისებების გამო;

გ) დუსტები და სხვა ფხვნილისებრი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა ან სათესლე მარცვლეულის შესაწამლად, რომელიც დაიტკეპნა შენახვის პროცესში ან წარმოიქმნა კოშტები, რის გამოც ვერ ხერხდება მტვრიანი ტალღის წარმოქმნა ან შეუძლებელია სათესლე მასალის თანაბარზომიერი დამუშავება;

დ) ფხვნილები და პასტები რომლებიც დაიტკეპნა და გამოშრა იმ დონემდე, რომ შეუძლებელია შესხურებისათვის საჭირო სამუშაო ხსნარის დამზადება;

ე) კონცენტრირებული ემულსიები, რომელთაც წარმოქმნეს ფიფქისებრი ნალექი, შენადედების სახით, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას.

4. პესტიციდების წუნდება და ჩამოწერა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ -სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) დასკვნის საფუძველზე.

5. დანარჩენი პრეპარატები, რომლებშიც გარეგნული იერსახის ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული, უნდა შემოწმდეს სამუშაო ხსნარის სტაბილურობაზე, მოქმედი ნივთიერებების შემცველობაზე და ბიოლოგიურ აქტივობაზე.

6. ის პესტიციდები, რომელთაც არ ემჩნევათ ზემოთ ჩამოთვლილი ვიზუალურად გამოხატული დეფექტები, მაგრამ გასული აქვთ შენახვის ვადა ან დარღვეული აქვთ შეფუთვა ექვემდებარება აუცილებელ ლაბორატორიულ გამოცდას.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც პესტიციდების ხარისხის განსაზღვრისას გადამწყვეტია გამოცდის შედეგები, უნდა იქნეს შერჩეული სინჯები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას, საშუალო ან სხვა ნიმუშს.

8. წუნდებული პესტიციდების გამოვლენისას აუცილებელია ნიმუშის სწორად აღება წინამდებარე წესების დაცვით.

9. პესტიციდის პარტიის ხარისხის განსაზღვრისას პარტიაში არსებული ტარის ერთეულის რაოდენობა აღებულ უნდა იქნეს დანართ №1 მოცემული რაოდენობების შესაბამისად.

10. პრეპარატის იმ პარტიის ხარისხის განსაზღვრისას, რომელიც შეიცავს 1000-ზე მეტ შეფუთულ ერთეულს, სინჯების აღება ხდება მათი საერთო რაოდენობის 2%-ის ოდენობით.

11. სინჯის ასაღებად საჭიროა შემდეგი სახის ინვენტარი: მახვილწვერიანი საცეცი ფხვნილისებრი პრეპარატებისათვის, საცეცი ზეთოვანი პრეპარატებისათვის, მინის ან ლითონის მილაკები, ფართოყელიანი ძაბრები ფხვნილების ჩასაყრელად და ვიწროყელიანი ძაბრები სითხეების გადასასხმელად.

12. ფხვნილისებრი და გრანულირებული პესტიციდების გადარჩევა ხდება საცეცის საშუალებით, რომელიც შეაქვთ ტარის ერთეულში მთელ სიღრმეზე ვერტიკალური მიმართულებით. ჩამჩით სინჯებით აღებისას ტარის ერთეულების შემცველობა უნდა აირიოს. დაუშვებელია სინჯის აღება ტარის ერთეულის მხოლოდ ზედა შრიდან.

13. პასტისებრი პესტიციდების აღება ხდება შუშის ან ლითონის მილის საშუალებით (შიდა დიამეტრი 15-30 მმ), რომელსაც აქვს პასტის გამოსადენი დგუში.

14. თხევადი პრეპარატების ხანგრძლივად შენახვისას და პრეპარატის ფიზიკური ცვლილებების (მოქმედი ნივთიერების გამოლექვის, აჭრის) შემთხვევაში თხევადი პესტიციდების კონცენტრირებული და მინერალურ-ზეთოვანი ემულსიების, წყალხსნადი კონცენტრატების სინჯების აღება ხდება წინასწარი შენჯღრევის შემდეგ (კასრის გადაგორებით 3 წუთის განმავლობაში და კასრისა და მათარას შიგთავსის ხის ჯოხით მორევის საშუალებით), მინის მილების (დიამეტრი 9-12 სმ) დაწვრილებული ბოლოთი (დიამეტრი 1-3 მმ) და რეზინის მსხლით ან შპრიცით. ტარის ერთეულის შუიდან პრეპარატის მორევის შეუძლებლობის შემთხვევაში სინჯების აღება ხდება შრეების მიხედვით (ზედა შრე, შუა შრე და ქვედა შრე) თანაბარი რაოდენობით და უნდა იქნეს ჩასხმული ერთ ბოთლში.

15. აღებული სინჯები თავსდება სუფთა მშრალ ტარაში. ბლანტი სითხეები, პასტები, გრანულები, ნაჭრები იფუთება ფართოყელიან ქილებში მილესილი ან ხრახნიანი საცობებით 0,5 ლ მოცულობით. ჩვეულებრივი სითხეები და სუნიანი ფხვნილები იფუთება 0,5 ლ მოცულობის შუშის ქილებში. უსუნო ფხვნილებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერგაუმტარი პოლიეთილენის პაკეტები.

16. შუშის ჭურჭელში სინჯის ჩაყრის ან ჩასხმის შემდეგ ჭურჭლის ყელი კარგად იწმინდება, იხურება საცობით, მჭიდროდ ეხვევა ქსოვილი. თუკი საცობი ვერ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას, ქსოვილის შემოხვევის წინ მას ესხმება გამდნარი პარაფინი ან ცვილი.

17. სინჯიან ჭურჭელზე (ტარაზე) კეთდება პესტიციდის სრული დასახელების შესაბამისი წარწერა, მარკირებისა და სერტიფიცირების მონაცემების, ასევე პარტიის ნომრის, დამზადების წლის, სინჯის აღების თარიღის მითითებით. მოწმდება სინჯის ამღები უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე დამსწრე პირთა ხელმოწერით. დამატებით მიეთითება შეფუთვის ერთეულის რაოდენობა, რომლისგანაც აღებულია სინჯი.

18. სინჯის აღებას აწარმოებენ სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები ობიექტის წარმომადგენლის თანდასწრებით და ფორმდება შესაბამისი აქტი. (დანართი №2).

19. სინჯები უნდა ინახებოდეს ამწოვ კარადაში არანაკლებ -50C და არა უმეტეს +250C პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

20. პესტიციდი, რომელსაც ვადა აქვს გასული, მაგრამ ხარისხის მაჩვენებელი შენარჩუნებულია, არ უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.

21. მოქმედი ნივთიერების შემცირებული შემცველობის მქონე პესტიციდების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მათი გადაანგარიშებული, მომატებული ხარჯვის ნორმირებით, ფიტოტოქსიურობის და ტოქსიკურობის შესაბამისი შემოწმების შემდგომ.

22. შესაბამის დასკვნას პესტიციდის ვარგისიანობის ან წუნდების შესახებ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე იძლევა სააგენტო.

23. დალუქულ შეფუთვის ერთეულში მოთავსებული ვადაგასული პესტიციდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ ლაბორატორიული გამოცდის შემდეგ.

24. პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებსაც შემცირებული ხარისხობრივი მაჩვენებლები აქვს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაზრდილი ხარჯვის ნორმებით, მათი ქიმიური, ფიზიკური და ტოქსიკური თვისებების გადამოწმების შემდეგ.

25. გამოყენებისათვის უვარგისი პესტიციდი ექვემდებარება ჩამოწერას და განადგურებას გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით.

26. პესტიციდების ნიმუშების აღებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ზომები საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 4. შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე პესტიციდების ვარგისიანობის დადგენა

1. პესტიციდების ვარგისიანობის კრიტერიუმებს წარმოადგენს: პრეპარატის გარეგნული სახე, მოქმედი ნივთიერების შემცველობა, სამუშაო ნაზავების სტაბილურობა (ემულსია, სუსპენზია), გრანულების შემადგენლობა, ტოქსიკურობა, ფიტოტოქსიკურობა.

2. მოქმედი ნივთიერების შემცველობის დაქვეითება არ უნდა წარმოადგენდეს პესტიციდის წუნდების მიზეზს. ამგვარი პესტიციდის მოხმარება დასაშვებია გამოსაყენებელი ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ. გადაანგარიშების შედეგად მიღებული ხარჯვის ნორმა არ უნდა აღემატებოდეს ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგით“ გათვალისწინებული დასაშვები ნორმის ზედა ზღვარს.

3. ემულსიის ტიპის ინსექტიციდების გაზრდილი ნორმით გამოყენებამდე, უნდა განისაზღვროს ლაბორატორიულ პირობებში მათი ფიტოტოქსიკურობა.

4. ხარჯვის ნორმის გაზრდის გარეშე, შეიძლება მოხმარებულ იქნეს ის პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება ტექნიკური დოკუმენტაციით დაშვებული ნორმის ქვედა ზღვარზე 10%-ით ნაკლებია. სამუშაო ნაზავი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმატივებს. თუ ემულსიის სტაბილურობა დარღვეულია, მათი მოხმარება უნდა მოხდეს სამუშაო ხსნარის არევის შემდეგ.

5. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში განთავსებული ინსექტიციდები, რომელთა პრეპარატული ფორმა სველებად ფხვნილს წარმოადგენს და რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის პირობებში დაქვეითდა 10-12%-ით (შეუცვლელი სტაბილურობის შემთხვევაში), ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 12-25%-ით, გამოყენებული უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშებით.

6. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში არსებული ფხვნილისებრი ჰერბიციდები და ფუნგიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის ვადაში შემცირდა 10-12%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 12-25%-ით, აგრეთვე თესლის შესაწამლი პრეპარატები, რომელთა მოქმედი საწყისი 30%-ით შემცირდა, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით.

7. სტაბილურობის მაჩვენებლის შემცირებისას აუცილებელია სამუშაო ნაზავების არევა მათი მომზადების და გამოყენების დროს.

8. სარეალიზაციო ქსელში განთავსებულ პესტიციდებში, ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხარჯვის ნორმის გადაანგარიშების აუცილებლობის შემთხვევაში, მეწარმეებმა უნდა მოახდინონ ტარაზე მოქმედი ნივთიერების რეალური შემცველობის დაფიქსირება სააგენტოს მიერ დამტკიცებული გადაანგარიშებული ხარჯვის ნორმის ჩვენებით.

9. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირდა 10-12%-ით და სამუშაო სუსპენზიის სტაბილურობა შემცირებულია 15%-ზე მეტით, ექვემდებარება წუნდებას.

10. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება 25%-ზე მეტად არის შემცირებული (თესლის შესაწამლი პრეპარატები 40%-ზე მეტად) ექვემდებარება წუნდებას, სამუშაო ნაზავის სტაბილურობის განსაზღვრის გარეშე.

11. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-12%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 12-25%-ით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშების შემდეგ, სამუშაო ხსნარის ტოქსიკურობის და ფიტოტოქსიკურობის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

12. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-12%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 12-25%-ით და სამუშაო ხსნარის სტაბილურობა არ შეესაბამება გათვალისწინებულ ნორმას და ავლენს ფიტოტოქსიკურობას, ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ, ექვემდებარება წუნდებას.

13. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 25%-ზე მეტად, სტაბილურობისა და ტოქსიკურობის განსაზღვრის გარეშე, ექვემდებარება წუნდებას.

14. პრეპარატების, რომელთა შემადგენლობაში შედის 76-90%-მდე მინერალური ზეთები (პრეპარატი 30), ვარგისიანობის განსაზღვრა ხდება წყალხსნარის ემულსიის სტაბილურობაზე და ვიზუალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

15. პესტიციდების შენახვისას, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია, შესაძლებელია მოქმედი ნივთიერების მომატება პესტიციდის აორთქლების ხარჯზე. ამ დროს კონცენტრირებული ემულსიებისათვის აუცილებელია განისაზღვროს სტაბილურობა და ტოქსიკურობა. ამგვარი პესტიციდების მოხმარება ხდება ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების და ტოქსიკურობის განსაზღვრის შემდეგ.

16. დაბალი სტაბილურობის მქონე სუსპენზიების და ემულსიების მოხმარება ხდება აუცილებელი მექანიკური არევის შემდეგ.

17. სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში უნდა იყოს მითითებული ყველა მაჩვენებელის გამოცდის შდეგები, რომლის საფუძველზეც მოცემულია რეკომედაციები ასეთი პრეპარატების გაზრდილი ხარჯვის ნორმების, სამუშაო ხსნარის მომზადების შესახებ.

18. დაბალხარისხოვანი პესტიციდების გამოყენებისას უნდა დავიცვათ გამოყენების დადგენილი პირობები და ვადები.

მუხლი 5. აგროქიმიკატების ხარისხის შეფასება

1. აგროქიმიკატების ხარისხი დამოკიდებულია მათი წარმოების ტექნოლოგიის, შენახვის და გამოყენების წესების დაცვაზე.

2. ხარისხის შეფასებას ექვემდებარება აგროქიმიკატი, რომელმაც გაიარა წარმოების მთლიანი ტექნოლოგიური ციკლი, შეფუთვისა და მარკირების ჩათვლით.

3. აგროქიმიკატის ხარისხის შეფასება მოიცავს სარეალიზაციო ობიექტში აგროქიმიკატის განთავსების მდგომარეობის შესწავლას, გარეგნულ დათვალიერებას, შეცვლილი სახის მქონე აგროქიმიკატის ნიმუშის აღებას და ლაბორატორიაში გამოცდას, დასკვნის მომზადებას და მის შემდგომ გამოყენებაზე გადაწყვეტილების მომზადებას.

4. ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შედარებით აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების ცვლილებების შემთხვევაში აგროქიმიკატის გამოყენების ნორმა კორექტირდება იმ პროცენტით, რამდენითაც იგი არის შემცირებული ან მომატებული.

5. აგროქიმიკატის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში მზადდება გადაწყვეტილება მისი ნიადაგში შეტანის წესის, ვადებისა და ტექნიკური საშუალების კორექტირების შესახებ.

6. დათვალიერებისას (დახედვისას) მოწმდება აგროქიმიკატის ვიზუალური მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.

7. შეფუთული აგროქიმიკატის შემთხვევაში მოწმდება შეფუთული ერთეულის ხარისხის შესაბამისობა და მარკირება.

8. აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება, თუ აგროქიმიკატის გარეგნული დათვალიერებისას აღმოჩნდება დარღვევები.

9. შებელტილი აგროქიმიკატი გამოიყენება მისი დაფქვის შემდეგ, მოქმედი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრის საფუძველზე გადაანგარიშებული ნორმებით.

მუხლი 6. გრანულირებული, ფხვნილისებრი, კრისტალური აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

1. აგროქიმიკატებიდან აღებული წერტილოვანი ნიმუშები ერთიანდება, აირევა ერთმანეთში და მიიღება საშუალო ნიმუში.

2. საშუალო ნიმუში თავსდება სუფთა, მშრალ მინის ჭურჭელში, რომელსაც თავი ეხურება მჭიდროდ ან თავსდება ორმაგ პოლიეთილენის ტომარაში და ეკვრება თავი.

3. საშუალო ნიმუშზე კეთდება შესაბამისი წარწერა (ეტიკეტი), რომელზეც აღინიშნება აგროქიმიკატის სრული დასახელება, მოქმედი ნივთიერებები და შემცველობა, დამზადების წელი, მწარმოებელი, ნიმუშის აღების თარიღი და რაოდენობა. ეტიკეტზე ხელს აწერს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე და დამსწრე პირი.

მუხლი 7. ტრანსპორტირებაში მყოფი შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

1. ნიმუში შეიძლება აღებულ იქნეს სპეციალური ნიმუშის ამღები ხელსაწყოთი ტრანსპორტის მთლიან ფართობზე.

2. ტრანსპორტირებადი აგროქიმიკატიდან წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება განუწყვეტლივ ან დროის თანაბარი ინტერვალებით მექანიკური ნიმუშამღებით, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი 3-5 ტონიდან 0,5 კგ ნიმუშის აღებას შეუფუთავი აგროქიმიკატის ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან შეფუთვის წინ.

3. დასაშვებია ნიმუშის აღება ხელით, მოძრავი ნაკადიდან, ნაკადის მთლიანი გადაკვეთის მეთოდით დროის თანაბარი ინტერვალით. აღებული ნიმუშები ერთიანდება, აირევა საშუალო ნიმუშის მიღებამდე.

მუხლი 8. სარკინიგზო ვაგონიდან და ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება

1. სარკინიგზო ვაგონიდან და ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის მიხედვით.

2. წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება ნიჩბით ან ხელის ნიმუშამღებით ორჯერადად:

ა) პირველი – აგროქიმიკატის გადმოტვირთვის დაწყებამდე;

ბ) მეორე – აგროქიმიკატის ნახევრად გადმოტვირთვის შემდეგ;

გ) ზედა, ქვედა და შუა ჰორიზონტებიდან, მარჯვენა და მარცხენა ნაყარიდან იღებენ სამ-სამ ნიმუშს, სულ 15 წერტილოვანი ნიმუში.

3. წერტილოვანი ნიმუშის ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200 გრ.

4. ნაყარი აგროქიმიკატიდან ნიმუშის აღება ხდება ხელის ნიმუშამღებით არანაკლებ 30 სმ სიღრმის კონუსის ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს.

5. კონუსისმაგვარი ნაყარიდან ნიმუშის აღების წერტილებს შორის მანძილი შეადგენს 20-25 სმ-ს. ამასთან ნიმუში არ აიღება ზედა სიმაღლიდან 50 სმ და კონუსის ძირიდან.

6. წერტილოვანი ნიმუშები ერთიანდება, აირევა საშუალო ნიმუშამდე.

მუხლი 9. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

1. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება ჩვეულებრივი ნიმუშამღებით ან სხვა ანალოგიური საშუალებით, რომელიც შეუნარჩუნებს აგროქიმიკატს გრანულომეტრულობას. ნიმუშის აღება ხდება ტომრის ზედა, შუა და ქვედა სიღრმეებიდან.

2. თითოეული სიღრმიდან აღებული ნიმუშები გაერთიანდება და მიიღება ერთი შერეული ნიმუში წონით 200-250 გრამი.

მუხლი 10. საშუალო ნიმუშის მომზადება

1. შეუფუთავი აგროქიმიკატები მოსწორდება მისი განთავსების ადგილას, ინდივიდუალური ნიმუშები აიღება დიაგონალზე რამდენიმე ადგილას, აირევა ერთმანეთში, დაიყრება მუშამბაზე, გაიყოფა ოთხ თანაბარ ნაწილად და თითოეული მათგანიდან აიღება 200 გრამამდე ნიმუში, მოხდება მათი გაერთიანება და მიიღება საშუალო ნიმუში ერთ კილოგრამამდე.

2. საშუალო ნიმუშის მოსამზადებლად გამოიყენება ნებისმიერი ნიმუშდამყოფი, რომელიც უზრუნველყოფს გაერთიანებული ნიმუშის თანაბარ დაყოფას (ცდომილება არა უმეტეს 15%).

მუხლი 11. ნიმუშის შემცირება

1. გაერთიანებული ნიმუში იყოფა საშუალო ნიმუშებად, თითოეული 1 კგ-დან 2,5 კგ-მდე.

2. თუ საშუალო ნიმუშის წონა მეტია მოთხოვნილ რაოდენობაზე, საჭირო ოდენობის საშუალო ნიმუში მიიღება გაერთიანებული ნიმუშის დაყოფისას.

3. თუ საშუალო ნიმუშის წონა ნაკლებია საჭირო რაოდენობაზე, საშუალო ნიმუში მიიღება ნებისმიერი ორი დანაყოფის გაერთიანებით.

4. საშუალო ნიმუშის რაოდენობის ხელოვნური შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.

5. დასაშვებია გაერთიანებული ნიმუშის ხელით შემცირება თანმიმდევრული კვარტირებით, რომელიც ხორციელდება გლუვ ზედაპირზე დახურულ შენობაში.

6. საშუალო ნიმუში იფუთება შესაბამისი წარწერის დართვით.

მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის პროცედურები

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი ხდება სააგენტოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, გეგმურად.

2. პესტიციდების და აგროქიმიკატების კონტროლი ხორციელდება „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება ხდება სარეალიზაციო ობიექტებიდან/შესანახი საწყობებიდან. თითოეული სახეობიდან აიღება ორი ნიმუში, რომელთაგან ერთი ინახება სააგენტოში.

4. ნიმუშის აღებისას დგება აქტი დანართ №2-ის შესაბამისად.

5. შერჩეული ნიმუში გადაეცემა აკრედიტირებულ ლაბორატორიას გამოცდისათვის №3 დანართის საფუძველზე.

6. პესტიციდის რეალიზაციამდე ხარისხის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები არ უნდა სცილდებოდეს ლაბორატორიული ცდომილების ზღვარს, რომელიც განისაზღვრება 10%-მდე.

7. ლაბორატორიული გამოცდის შედეგების შესაბამისად სააგენტოს მიერ დასკნის საფუძველზე ხდება პრეპარატის ამოღება ხმარებიდან ან შემუშავდება რეკომენდაცია ვადაგასული ან უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატის გამოყენების რეგლამენტის (ხარჯვის ნორმის) კორექტირების მიზნით.

8. სააგენტოს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტოს  უფლებამოსილი მოხელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება შემოწმება და დგება ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.

9. პესტიციდისა და აგროქიმიკატის ხარისხზე სააგენტო რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სააგენტო ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება შედეგებს.

მუხლი 13. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღების უფლებამოსილი მოხელე

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისათვის ნიმუშის აღების უფლება აქვთ მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილ მოხელეებს.

2. ნიმუშის აღებაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ნიმუშის აღების უფლებამოსილი მოხელე და ნიმუშის აღების დამსწრე ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი.

მუხლი 14. უსაფრთხოების წესები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღებისას

ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ნიმუშის აღებისა და ტარაში მოთავსების შემდეგ ნიმუშის ამღებმა მაშინვე უნდა დაიბანოს ხელები;

ბ) სხვადასხვა სახის აგროქიმიკატი უნდა მოთავსდეს განცალკევებულ ტარაში;

გ) ნიმუშები არ უნდა იქნეს მოთავსებული ცეცხლსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან ერთად;

დ) ნიმუშების კვების პროდუქტებთან ერთად განთავსება დაუშვებელია.

 

დანართი 1

 

პესტიციდის ხარისხის განსაზღვრისათვის აღებული სინჯების რაოდენობა პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობის შესაბამისად

პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობა

ტარის ერთეულის რაოდენობა, რომლიდანაც აიღება სინჯი

1

1

2-5

2

6-10

3

11-20

4

21-40

5

41-70

6

71-110

7

111-150

8

151-200

10

201-300

12

301-500

15

501-1000

20

 

 

დანართი 2

ნიმუშის აღების აქტი

 

სააგენტოს სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო:________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

                            (დასახელება)

ნიმუშის აღების მიზანი: _____________________________________________________

__________________________________________________________________________

ნიმუშის აღების თარიღი: _________________________________________

                                                                               (რიცხვი/თვე/წელი)

ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე: ____________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

                (სახელი, გვარი, თანამდებობა)

პესტიციდის/აგროქიმიკატის შემნახველი/რეალიზატორი/გადამზიდველი 

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

                     (სახელი, გვარი, რეკვიზიტები)

პესტიციდის, მოქმედი ნივთიერების/აგროქიმიკატის დასახელება_______________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

პარტიის № ________________________, გამოშვების წელი _______

რაოდენობით_______________________________________________ ტონა

ვიზუალური დახედვის შედეგები______________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

ნორმატიული აქტი, რომლის შესაბამისად მოხდა ნიმუშის აღება __________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

ნიმუში წონით ________________კგ, ლუქით (ბეჭდით) _____________________

იგზავნება ლაბორატორიულ გამოცდაზე__________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

                     ხელმოწერები (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

დანართი 3

ლაბორატორიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების ჩაბარების ოქმი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო

ნიმუშის ჩამბარებელი______________________________________________________

(გვარი, სახელი, თანამდებობა)

__________________________________________________________________________

ლაბორატორიის დასახელება____________________________________

ნიმუშის მიმღები___________________________________________________________

(გვარი, სახელი, თანამდებობა)

პესტიციდის, მოქმედი ნივთიერების/აგროქიმიკატის დასახელება_______________

__________________________________________________________________________

ნიმუშის რაოდენობა________________________________________________________

ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი____________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია ________________________________________________

___________________________________________________________________________

ნიმუშის ლაბორატორიაში შესვლის თარიღი _______________________________

ჩატარებული კვლევები

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

ნიმუშის ჩამბარებლის

ხელმოწერა

 

ნიმუშის მიმღების

ხელმოწერა