დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 524 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025418 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017649) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი − „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
„ტექნიკური რეგლამენტი − ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშის აღების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ტექნიკური რეგლამენტი − ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშის აღების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლისა და ნიმუშის აღების პროცედურებს, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების ხარისხობრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2. ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლსა და ნიმუშის აღებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პესტიციდები – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის; ბ) აგროქიმიკატები – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისათვის; გ) ბაზარზე განთავსება − ბიზნესოპერატორის მიერ პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება; დ) უფლებამოსილი პირი − სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას ანიჭებს სააგენტო; ე) პარტია – ერთგვაროვანი ხარისხისა და ერთი დასახელების პროდუქტი, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ, დაფასოების ერთი ტიპის, ერთნაირად მარკირებული. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის პრინციპები 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების ხარისხობრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კონტროლი ხორციელდება ვიზუალური შეფასებითა და ნიმუშის აღებით. 2. ხარისხის კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ან ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე. მუხლი 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ვიზუალური შეფასება 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ვიზუალური შეფასება მოიცავს: ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის/ტარის გარეგნული მდგომარეობის დათვალიერებას − შეფუთვის/ტარის ჰერმეტულობის, მარკირების შემოწმებას; ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის ფერის, კონსისტენციის, თხევადი პრეპარატების შრეებად დაყოფის, ნებისმიერი ნალექის წარმოქმნის, პასტების დატკეპნისა და კოშტების წარმოქმნის, ფხვნილების დატენიანების შემოწმებას; გ) ვარგისობის ვადის შემოწმებას. 2. ვიზუალური შეფასების შედეგად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღების გარეშე, ბაზრიდან ამოღებას ექვემდებარება: ა) პესტიციდები, რომლებიც აკრძალულია სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც გამოუსადეგარია შემდგომი გამოყენებისათვის ფიზიკური თვისებების გამო; გ) მცენარეთა ან სათესლე მარცვლეულის შესაწამლი ფხვნილისებრი პრეპარატები, რომლებიც დაიტკეპნა შენახვის პროცესში ან წარმოიქმნა კოშტები, რის გამოც ვერ ხერხდება მტვრიანი ტალღის წარმოქმნა ან შეუძლებელია სათესლე მასალის თანაბარზომიერი დამუშავება; დ) ფხვნილები და პასტები, რომლებიც დაიტკეპნა და გამოშრა იმ დონემდე, რომ შეუძლებელია შესხურებისათვის საჭირო სამუშაო ხსნარის დამზადება; ე) კონცენტრირებული ემულსიები, რომელთაც წარმოქმნეს ფიფქისებრი ნალექი, შენადედების სახით, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას; ვ) არარეგისტრირებული პესტიციდი და აგროქიმიკატი; ზ) ვადაგასული პესტიციდი და აგროქიმიკატი. მუხლი 5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღება 1. პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხორციელდება: ა) სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამით გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად; ბ) თუ არსებობს ინფორმაცია, რომ პესტიციდი ან აგროქიმიკატი არის უხარისხო. 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება ხდება მათი შესყიდვით. 3. პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშის აღების პროცედურა მოიცავს: ა) პესტიციდისა და აგროქიმიკატის იდენტიფიცირებას − პრეპარატის სავაჭრო დასახელების, მწარმოებლის, სარეგისტრაციო ნომრის, მოქმედი ნივთიერებისა და მისი კონცენტრაციის, პარტიის ნომრის, წარმოების თარიღისა და ვარგისობის ვადის დადგენას; ბ) ობიექტზე არსებული პარტიის იდენტიფიცირებას, მისი რაოდენობის დადგენას და დათვალიერებით გამოვლენილი სხვადასხვა დეფექტის (ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით გამოწვეული დეფექტები) იდენტიფიცირებას; გ) ნიმუშების შეფუთვასა და დალუქვას; დ) ნიმუშის აღების აქტის შედგენას; ე) ნიმუშის კვლევაზე ლაბორატორიისთვის მიმართვის შედგენასა და ნიმუშის საკვლევად ლაბორატორიაში გაგზავნას. 4. პესტიციდის/აგროქიმიკატის ნიმუშის აღების დროს: ა) ნიმუშის ასაღებად საჭიროა საცეცი ან ზონდი ფხვნილისებრი პრეპარატებისათვის, საცეცი ზეთოვანი პრეპარატებისათვის, მინის ან ლითონის მილაკები (ცილინდრები), ძაბრები ფხვნილების ჩასაყრელად და სითხეების გადასასხმელად; ბ) ფხვნილისებრი და გრანულირებული პესტიციდების/აგროქიმიკატის გადარჩევა ხდება საცეცის საშუალებით, რომელიც შეაქვთ შეფუთვის/ტარის ერთეულში მთელ სიღრმეზე, ვერტიკალური მიმართულებით. ჩამჩით ნიმუშის აღებისას შეფუთვის/ტარის ერთეულების შემცველობა უნდა აირიოს. დაუშვებელია ნიმუშის აღება შეფუთვის/ტარის ერთეულის მხოლოდ ზედა შრიდან; გ) პასტისებრი პესტიციდების/აგროქიმიკატის აღება ხდება შუშის ან ლითონის მილის (ცილინდრის) საშუალებით, რომელსაც აქვს პასტის გამოსადენი დგუში; დ) თხევადი პესტიციდების/აგროქიმიკატის ნიმუშების აღება ხდება წინასწარი შენჯღრევის შემდეგ, მინის მილების დაწვრილებული ბოლოთი და რეზინის მსხლით ან შპრიცით. შეფუთვის/ტარის ერთეულის შუიდან პრეპარატის მორევის შეუძლებლობის შემთხვევაში, სინჯების აღება ხდება შრეების მიხედვით (ზედა შრე, შუა შრე და ქვედა შრე) თანაბარი რაოდენობით და უნდა იქნეს ჩასხმული ერთ ბოთლში. 5. პესტიციდის/აგროქიმიკატის აღებული ნიმუში თავსდება სუფთა, მშრალ ნიმუშის ჭურჭელში. ნიმუშის ჭურჭლისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შუშის ან პლასტმასის ჭურჭელი, ხოლო ფხვნილებისათვის − ასევე ჰაერგაუმტარი პოლიეთილენის პაკეტები. 6. ნიმუშის ჭურჭელში ნიმუშის ჩაყრის ან ჩასხმის შემდეგ, ჭურჭლის ყელი კარგად იწმინდება და ჰერმეტულად იხურება საცობით. 7. ნიმუშის ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებულია აღებული ნიმუში, ილუქება სააგენტოს ლუქით. 8. თუ საკვლევი პესტიციდის/აგროქიმიკატის შეფუთვა/ტარა 200 გრ ან ნაკლებია, ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად: ერთი ნიმუში − (გაუხსნელი შეფუთვა) ლაბორატორიაში გასაგზავნად, რომლის შესყიდვას ახორციელებს სააგენტო, ხოლო მეორე ნიმუში − (გაუხსნელი შეფუთვა) სააგენტოს მიერ დალუქული, რეფერენტული ნიმუშის სახით, ინახება ბიზნესოპერატორთან, ინსტრუქციით ან სხვა თანმხლები დოკუმენტებით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვით. რეფერენტული ნიმუშის შესყიდვას სააგენტო არ ახორციელებს. 9. თუ საკვლევი პესტიციდის/აგროქიმიკატის შეფუთვა/ტარა 200 გრ-ზე მეტია, სააგენტოს მიერ ხდება მისი გახსნა და შესაბამისი რაოდენობის აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. აღნიშნული ნიმუშის შესყიდვას ახორციელებს სააგენტო. პესტიციდის/აგროქიმიკატის შეფუთვა/ტარა, საიდანაც მოხდა ნიმუშის აღება, ილუქება სააგენტოს მიერ და რეფერენტული ნიმუშის სახით ინახება ბიზნესოპერატორთან, ინსტრუქციით ან სხვა თანმხლები დოკუმენტებით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვით. 10. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით აღებულ იქნეს ნიმუშის ეგზემპლარი, რომელიც ილუქება და რჩება ბიზნესოპერატორთან. ამ ნიმუშის ეგზემპლარის შესყიდვა სააგენტოს მიერ არ ხორციელდება. 11. ნიმუშის დალუქვისას, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია, ნიმუშის ჭურჭელზე დატანილ იქნეს მისი ხელმოწერა ან ბიზნესოპერატორის ბეჭედი. 12. რეფერენტული ნიმუში ბიზნეოპერატორის მიერ შენახული უნდა იქნეს ლაბორატორიული კვლევის შედეგიდან გამომდინარე, სააგენტოს წერილობითი შეტყობინების მიღებამდე. 13. თუ ბიზნესოპერატორი, დადგენილი წესის შესაბამისად, არ უზრუნველყოფს რეფერენტული ნიმუშის შენახვას, რეფერენტული კვლევა არ განხორციელდება. 14. ნიმუშის აღებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დგება ნიმუშის აღების აქტი ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება ბიზნესოპერატორს. აქტის ორივე ეგზემპლარის ნომერი უნდა იყოს იდენტური. 15. ნიმუშები უნდა ინახებოდეს არანაკლებ -50C და არაუმეტეს +250C პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას. 16. ნიმუშის აღების აქტის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დგება ლაბორატორიისთვის მიმართვა და ნიმუში იგზავნება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. მიმართვაში მიეთითება ლაბორატორიული კვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრა სავალდებულოა ლაბორატორიული კვლევით და ლუქის ნომერი. მუხლი 6. ლაბორატორიული კვლევის შედეგი და მიღებული გადაწყვეტილება 1. თუ ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, პესტიციდის/ აგროქიმიკატის მოქმედი ნივთიერებ(ებ)ის შემცველობა არ შეესაბამება მწარმოებლის მიერ დეკლარირებული რაოდენობის დიაპაზონს (მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გამოყენებული მეთოდის დაშვებული გადახრები), სააგენტოს მოთხოვნით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამოიღოს ბაზარზე განთავსებული პესტიციდი/აგროქიმიკატი და მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს. 2. დაუშვებელია უხარისხო პესტიციდის/აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება. 3. ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, თუ პესტიციდი/ აგროქიმიკატი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მოახდინოს პესტიციდის/ აგროქიმიკატის დალუქულ რეფერენტულ ნიმუშზე ლუქის მოხსნა და რეალიზაცია. 4. რეფერენტული გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ან სააგენტო არ ეთანხმება ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. 5. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად, მხარეთა შეთანხმებით, შეირჩევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორია. 6. რეფერენტული გამოცდის დასკვნა საბოლოოა. 7. რეფერენტული გამოცდის იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასთან, ფარავს მოდავე მხარე. 8. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს. მუხლი 7. ბიზნესოპერატორის მიმართვით ნიმუშების აღება 1. ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს პესტიციდების/აგროქიმიკატების ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რეალიზაციის უფლების მოთხოვნით. 2. სააგენტოსთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს პესტიციდის /აგროქიმიკატის ვარგისობის ვადის გასვლამდე არაუადრეს სამი თვის ან ამ ვადის გასვლის შემდეგ არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში. 3. ვადაგასული პესტიციდის/აგროქიმიკატის რეალიზაციის უფლების მოთხოვნის შემთხვევაში, პრეპარატები ექვემდებარება აკრედიტებულ ლაბორატორიაში კვლევას, რისთვისაც პესტიციდის/აგროქიმიკატის ნიმუშების აღება ხორციელდება ბიზნესოპერატორის მიერ, სააგენტოს ზედამხედველობით. ლაბორატორიაში კვლევისთვის უნდა გაიგზავნოს პესტიციდის/აგროქიმიკატის ორიგინალი, გაუხსნელი შეფუთვა/ტარა, რომელიც ილუქება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, მიუხედავად იმისა, პასუხი არის დადებითი თუ უარყოფითი, წარუდგინოს სააგენტოს. 5. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგის მიხედვით პესტიციდის/აგროქიმიკატის ხარისხობრივი მაჩვენებლები არ არის შეცვლილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პესტიციდის/აგროქიმიკატის ვარგისობის ვადის გასვლიდან ერთი წლის ვადით რეალიზაციის უფლების გაცემის შესახებ, რაზეც წერილობით ეცნობება ბიზნესოპერატორს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერტორი ვალდებულია, უზრუნველყოს პესტიციდის/ აგროქიმიკატის შესაბამისი მარკირება. მუხლი 8. უსაფრთხოების წესები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღებისას ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) ნიმუშის აღებისა და ნიმუშის ჭურჭელში მოთავსების შემდეგ ნიმუშის ამღებმა მაშინვე უნდა დაიბანოს ხელები წყლითა და საპნით; ბ) სხვადასხვა სახის პესტიციდი და აგროქიმიკატი უნდა მოთავსდეს განცალკევებული ნიმუშის ჭურჭელში; გ) ნიმუშები არ უნდა იქნეს მოთავსებული ცეცხლსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან, სურსათთან/ცხოველის საკვებთან ერთად. მუხლი 9. პესტიციდის/აგროქიმიკატის ნიმუშის აღების აქტისა და ლაბორატორიისთვის მიმართვის ფორმების დამტკიცება პესტიციდის/აგროქიმიკატის ნიმუშის აღების აქტისა და ლაბორატორიისთვის მიმართვის ფორმები მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები