დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5917 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460.080.000.05.001.003.156 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (26/03/2008 - 15/07/2008)
საქართველოს კანონი
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შექმნის მიზნები
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შექმნის მიზნებია:
ა) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების რეაბილიტაცია და საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში სწრაფი რეინტეგრაცია;
ბ) საქართველოს გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა;
გ) საქართველოში მომავალი თაობებისათვის სტაბილური სოციალური პირობების შექმნა;
დ) საქართველოს დინამიური განვითარებიდან გამომდინარე, პერიოდულად წარმოქმნილ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება;
ე) საბიუჯეტო ციკლურობის განეიტრალება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდის მმართველი (შემდგომში – მმართველი) – მომავალი თაობების ფონდის სამართავად გენერალური აგენტის მიერ შერჩეული იურიდიული პირი (იურიდიული პირები), რომელიც მოქმედებს გენერალურ აგენტთან დადებული გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) აქტივების მმართველი – მომავალი თაობების ფონდის აქტივების სამართავად მმართველის მიერ შერჩეული იურიდიული პირი (იურიდიული პირები);
გ) გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება – გენერალურ აგენტსა და მმართველს შორის დადებული ხელშეკრულება;
დ) გენერალური საინვესტიციო მანდატი (შემდგომში – გენერალური მანდატი) – მომავალი თაობების ფონდის მართვის პირობების (პრინციპების) განმსაზღვრელი დოკუმენტი;
ე) საინვესტიციო მანდატი (შემდგომში – მანდატი) – გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებისა და გენერალური მანდატის პირობებით მმართველის მიერ აქტივების მმართველისათვის მინიჭებული უფლება მომავალი თაობების ფონდის აქტივების მართვის შესახებ;
ვ) ფონდის მართვის უფლება (შემდგომში – მართვის უფლება) – სტაბილური განვითარების ფონდის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია აღნიშნული ფონდის ფორმირების, მართვისა და ადმინისტრირების პრინციპები;
ზ) რეპატრიაცია – მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების ფინანსური აქტივების მთლიანად ან/და ნაწილობრივ სახელმწიფოს მართვასა და მფლობელობაში დაბრუნება გენერალური მანდატითა და მართვის უფლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ფულადი ფორმით;
თ) მომავალი თაობების ფონდის აქტივები – მომავალი თაობების ფონდში თავმოყრილი აქტივების ერთობლიობა;
ი) სტაბილური განვითარების ფონდის აქტივები – სტაბილური განვითარების ფონდში თავმოყრილი აქტივების ერთობლიობა;
კ) გენერალური აგენტი – საქართველოს ეროვნული ბანკი.
თავი II
მომავალი თაობების ფონდი
მუხლი 3. მომავალი თაობების ფონდი
1. მომავალი თაობების ფონდი არის ბიუჯეტგარეშე ფონდი, რომელიც იქმნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური აქტივების ერთობლიობისაგან.
2. მომავალი თაობების ფონდის შევსების (ფორმირების) წყაროებია:
ა) „შემოსულობების განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემოსულობები;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1 იანვრისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის არანაკლებ 14 პროცენტისა და არა უმეტეს 17 პროცენტისა;
გ) მომავალი თაობების ფონდის აქტივებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) სახელმწიფოს ფინანსური აქტივები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდა ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფინანსური აქტივებისა.
3. მომავალი თაობების ფონდის აქტივების გამოყენება შესაძლებელია აღნიშნული ფონდის მიერ შემოსავლების მიღების მიზნით, ამ კანონითა და გენერალური მანდატით განსაზღვრული პირობების თანახმად.
მუხლი 4. გენერალური აგენტი
1. გენერალური აგენტი არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
2. გენერალური აგენტის უფლება-მოვალეობებია:
ა) მმართველის შერჩევა;
ბ) მმართველის ფუნქციების დროებით შესრულება;
გ) გენერალური მანდატის პროექტის მომზადებისას კონსულტაციების გაწევა;
დ) გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ, ამ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;
ე) გენერალური მანდატითა და გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ვ) საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაცია;
ზ) საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა;
თ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 5. მმართველი
1. მმართველი გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს მომავალი თაობების ფონდის მართვას.
2. მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევას ახორციელებს გენერალური აგენტი.
3. მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა გენერალურ აგენტს უგზავნის ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევის კრიტერიუმებს და მომავალი თაობების ფონდის აქტივების საპროგნოზო მოცულობას.
4. მმართველის შერჩევის შედეგად გამოვლენილ კანდიდატურას (კანდიდატურებს) გენერალური აგენტი შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
5. მმართველის შერჩევის შედეგად გამოვლენილ კანდიდატურასთან (კანდიდატურებთან) გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებას დებს გენერალური აგენტი.
6. გენერალური აგენტი ვალდებულია გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტამდე (ამოწურვამდე) 180 დღის ვადაში შეარჩიოს ახალი მმართველის კანდიდატურა (კანდიდატურები) და მასთან დადოს გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება.
7. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებით განსაზღვრული აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის (ამოწურვის) დამატებითი პირობების დადგომისას ირღვევა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, მაშინ მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევა და მასთან გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების დადება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
8. მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევის ვადაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გენერალური აგენტი ვალდებულია მმართველთან გენერალური საინვესტიციო მანდატის ხელშეკრულება დადოს საქართველოს მთავრობის მიერ მმართველის კანდიდატურის (კანდიდატურების) შერჩევის ვადაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 180 დღის ვადაში.
10. მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი (იურიდიული პირები), თუ:
ა) მას აქვს სულ მცირე 5 წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
ბ) მას აქვს მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება თითო კლიენტთან მაინც, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების სიიდან არანაკლებ შვიდი ქვეყნისა;
გ) იგი რეგისტრირებულია (დაფუძნებულია) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების სიიდან რომელიმე ქვეყანაში;
დ) მას აქვს ბოლო 3 წლის განმავლობაში მაინც, ყოველწლიურად არანაკლებ 3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის აქტივების მართვის ან/და ადმინისტრირების გამოცდილება.
11. მმართველს შეუძლია უშუალოდ განახორციელოს მომავალი თაობების ფონდის აქტივების ან მათი ნაწილის მართვა, ან შეუძლია მთლიანად ან/და ნაწილობრივ გასცეს მანდატი სხვადასხვა სახეობის აქტივის სამართავად.
12. აქტივების მმართველი ახორციელებს აქტივების მართვას მმართველის მიერ გაცემული მანდატით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გენერალურ მანდატს.
13. მმართველის გადაწყვეტილებით, აქტივების მმართველის ფუნქციები შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ყველა სახეობის აქტივის მართვის ან სხვადასხვა პირს სხვადასხვა სახეობის აქტივის მართვის ან რამდენიმე პირს ერთი სახეობის აქტივის მართვის მიზნით, ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით.
14. მმართველის ანაზღაურება განისაზღვრება გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებით. მმართველის ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს მომავალი თაობების ფონდის აქტივების მართვის შედეგად გენერირებული შემოსავლებიდან.
მუხლი 6. გენერალური მანდატი და გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება
1. გენერალურ მანდატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს მთავრობისათვის გენერალური მანდატის პროექტის წარდგენამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გენერალური მანდატის შესახებ კონსულტაციებს მართავს გენერალურ აგენტთან.
3. გენერალური მანდატის პროექტის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობა წერილობით აცნობებს გენერალურ აგენტს გენერალური მანდატის პროექტის დამტკიცების შესახებ, ხოლო გენერალური აგენტი ამ შეტყობინების მიღების დღიდან იწყებს მმართველის ფუნქციების დროებით შესრულებას გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების დადებამდე; დროებითი მართვის განხორციელების დროს გენერალური აგენტი მოქმედებს გენერალური მანდატით დადგენილი, დროებითი მართვის პირობების შესაბამისად, რომლებიც სპეციალურად განსაზღვრულია ამ მიზნით გენერალურ აგენტთან შეთანხმების საფუძველზე.
4. გენერალური აგენტი გენერალური მანდატით დადგენილი პირობების შესაბამისად დროებით ასრულებს მმართველის ფუნქციებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება დადებული არ არის.
5. გენერალური მანდატით დადგენილი პირობების გადახედვა შესაძლებელია გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც გენერალური საინვესტიციო მანდატით დადგენილი გადაცემის ხელშეკრულება დადებული არ არის. გენერალური მანდატით დადგენილი პირობების გადახედვა შესაძლებელია ასევე გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა თანხმობით.
6. გენერალური მანდატი არის გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
7. გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების პროექტს გენერალური აგენტი შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
8. გენერალური აგენტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღებიდან ერთი თვის ვადაში დადოს გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულება.
9. გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების მოქმედების ვადაა არა უმეტეს 4 წლისა, რომლის ამოწურვის შემდეგაც ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება 4 წლით ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის ამოწურვამდე, თუ მისი შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის ამოწურვამდე 12 თვით ადრე არ განაცხადებს გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების რომელიმე მონაწილე მხარე.
10. გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი პირობებით.
11. გენერალური აგენტი ვალდებულია საქართველოს მთავრობას წინასწარ აცნობოს ამ კანონის შესაბამისად გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
12. გენერალურ მანდატში უნდა აისახოს მომავალი თაობების ფონდის აქტივების ლიკვიდურობის შემდეგი პირობები:
ა) მოკლევადიანი ლიკვიდურობა – აქტივების მოცულობის 28-დან 38 პროცენტამდე რეპატრიაცია შესაძლებელი უნდა იყოს 6 თვემდე პერიოდში და ისინი შეიძლება განთავსდეს სასესხო ფასიან ქაღალდებში, დეპოზიტებთან დაკავშირებულ მოკლევადიან საბანკო ვალდებულებებსა და სხვა ეკვივალენტურ ფინანსურ აქტივებში, რომელთა რეიტინგიც აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვრულ მაჩვენებელს, რომელიც მინიჭებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის შემფასებელი კომპანიების სიიდან სულ მცირე ერთის მიერ;
ბ) საშუალოვადიანი ლიკვიდურობა – აქტივების მოცულობის 28-დან 38 პროცენტამდე რეპატრიაცია შესაძლებელი უნდა იყოს 24 თვემდე პერიოდში და ისინი შეიძლება განთავსდეს წილობრივ ფასიან ქაღალდებში, არამატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებში, აქციებში, წილებსა და სხვა ეკვივალენტურ ფინანსურ აქტივებში;
გ) გრძელვადიანი ლიკვიდურობა – აქტივების მოცულობის 28-დან 38 პროცენტამდე რეპატრიაცია შესაძლებელი უნდა იყოს 24 თვიდან ნებისმიერი გონივრული ვადის განმავლობაში და ისინი შეიძლება განთავსდეს არაფინანსურ აქტივებში, საინვესტიციო ფონდებსა და სხვა ეკვივალენტურ ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებში;
დ) აკრძალულია მომავალი თაობების ფონდის აქტივების განთავსება საქართველოს რეზიდენტი იურიდიული ან ფიზიკური პირის პირდაპირი ანდა ირიბი სახით საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ანდა ემიტირებულ ფინანსურ აქტივებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ პუნქტის „ა–„გ“ ქვეპუნქტებით.
13. მომავალი თაობების ფონდის სამართლებრივი სტატუსი საჭიროებისამებრ განისაზღვრება გენერალური მანდატით ან/და გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებით.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტი არ ვრცელდება მომავალი თაობების ფონდის იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მონაწილეობენ მომავალი თაობების ფონდის აქტივების ფორმირებაში.
მუხლი 7. მომავალი თაობების ფონდის ანგარიშგება
1. გენერალური აგენტის მიერ მომავალი თაობების ფონდის აქტივების მართვაზე ზედამხედველობა ხორციელდება გენერალური მანდატით განსაზღვრული წესით.
2. გენერალური აგენტი წელიწადში ერთხელ, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მომავალი თაობების ფონდის წლიურ საფინანსო ბალანსს სხვა ანგარიშგებასთან ერთად, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მოგებისა და ზარალის გამომწვევი გარემოებების შესახებ. ამ ანგარიშგებაში მოცემული უნდა იყოს აგრეთვე შედარებითი მონაცემები გასულ წელთან მიმართებით. ანგარიშგების შინაარსი და ფორმატი უნდა განისაზღვროს გენერალური მანდატით.
3. საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას შეუძლიათ გენერალური მანდატით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს მოსთხოვონ გენერალურ აგენტს დამატებითი ანგარიშგების წარდგენა.
მუხლი 8. მომავალი თაობების ფონდის კონტროლი და აუდიტი
1. მომავალი თაობების ფონდის ადმინისტრაციული ხარჯებისა და უძრავი ქონების განკარგვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.
2. მომავალი თაობების ფონდის აუდიტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტთან ერთად.
მუხლი 9. მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაცია
1. მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაცია შეიძლება განხორციელდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აღდგენილია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ;
ბ) ბუნებრივი კატასტროფის შედეგად მიყენებული ზიანის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიყენებული ზარალი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საომარი მდგომარეობა ან/და მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.
2. მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაცია დასაშვებია ფულადი ფორმით, გენერალური მანდატით ან/და გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას საქართველოს მთავრობა მიმართავს გენერალურ აგენტს მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაციის შესახებ.
4. გენერალური აგენტი ვალდებულია 3 კვირის ვადაში, მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობას შესთავაზოს მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაციის გეგმა.
5. მომავალი თაობების ფონდის რეპატრიაციის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის შესაბამისად გენერალური მანდატით განსაზღვრულ აქტივების ლიკვიდურობის პირობებს.
6. მომავალი თაობების ფონდის რეპატრიაციასთან დაკავშირებული ვადა და ფინანსური საკითხები უნდა აისახოს გენერალური საინვესტიციო მანდატის გადაცემის ხელშეკრულებაში.
მუხლი 10. მომავალი თაობების ფონდის ლიკვიდაცია
მომავალი თაობების ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება ფონდის მთლიანი აქტივების რეპატრიაციის შემთხვევაში.
თავი III
სტაბილური განვითარების ფონდი
მუხლი 11. სტაბილური განვითარების ფონდი
1. სტაბილური განვითარების ფონდი არის ბიუჯეტგარეშე ფონდი, რომელიც იქმნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური აქტივების ერთობლიობისაგან.
2. სტაბილური განვითარების ფონდის შევსების (ფორმირების) წყაროებია:
ა) „შემოსულობების განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემოსულობები;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1 იანვრისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის არანაკლებ 26 პროცენტისა და არა უმეტეს 33 პროცენტისა;
გ) სტაბილური განვითარების ფონდის აქტივებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) სახელმწიფოს ფინანსური აქტივები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდა ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფინანსური აქტივებისა.
3. სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების გამოყენება შესაძლებელია აღნიშნული ფონდის მიერ შემოსავლების მიღების მიზნით, ამ კანონითა და მართვის უფლებით განსაზღვრული პირობების თანახმად.
4. სტაბილური განვითარების ფონდს მართავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 12. მართვის უფლება
1. მართვის უფლება არის საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სტაბილური განვითარების ფონდის ფორმირების, მართვისა და ადმინისტრირების პირობები.
2. საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მართვის უფლების შესახებ პირობების შეთანხმების შემდეგ მართვის უფლებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და მის საფუძველზე ხორციელდება სტაბილური განვითარების ფონდის მართვა.
3. მართვის უფლება არის უვადო, მაგრამ მისი პირობების გადახედვა შესაძლებელია ყოველწლიურად, თუ ამას მოითხოვს რომელიმე მხარე წლის დასრულებამდე 90 დღით ადრე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. საქართველოს მთავრობა ვალდებულია მართვის უფლების პირობების შეცვლიდან 20 დღის ვადაში დაამტკიცოს განახლებული მართვის უფლება.
მუხლი 13. მართვის უფლების შეზღუდვები
1. მართვის უფლებაში უნდა აისახოს სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების ლიკვიდურობის შემდეგი პირობები:
ა) მოკლევადიანი ლიკვიდურობა – აქტივების მოცულობის 50-დან 70 პროცენტამდე რეპატრიაცია შესაძლებელი უნდა იყოს 6 თვემდე პერიოდში და ისინი შეიძლება განთავსდეს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის წინასწარ შეთანხმებული ფინანსური აქტივების სახეობებში, როგორც ეს განისაზღვრება მართვის უფლებაში;
ბ) საშუალოვადიანი ლიკვიდურობა – აქტივების მოცულობის 30-დან 50 პროცენტამდე რეპატრიაცია შესაძლებელი უნდა იყოს 24 თვემდე პერიოდში და ისინი შეიძლება განთავსდეს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის წინასწარ შეთანხმებული ფინანსური აქტივების სახეებში, როგორც ეს განისაზღვრება მართვის უფლებაში;
გ) აკრძალულია სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების განთავსება საქართველოს რეზიდენტი იურიდიული ან ფიზიკური პირის პირდაპირი ანდა ირიბი სახით საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ანდა ემიტირებულ ფინანსურ აქტივებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2. სტაბილური განვითარების ფონდის ფინანსური რესურსების სავალუტო კომპოზიცია დგინდება ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებით, წლის დაწყებამდე 60 დღით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება სტაბილური განვითარების ფონდის იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მონაწილეობენ სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების ფორმირებაში.
მუხლი 14. სტაბილური განვითარების ფონდის კონტროლი და აუდიტი
1. სტაბილური განვითარების ფონდის ადმინისტრაციული ხარჯებისა და უძრავი ქონების განკარგვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.
2. სტაბილური განვითარების ფონდის აუდიტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტთან ერთად.
მუხლი 15. სტაბილური განვითარების ფონდის ანგარიშგება
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს სტაბილური განვითარების ფონდის საფინანსო ანგარიშს და ანგარიშგებას მართვის უფლებით განსაზღვრული შინაარსისა და ფორმატის შესაბამისად. ანგარიშთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სტაბილური განვითარების ფონდის აუდიტორული შემოწმების ანგარიში.
მუხლი 16. სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია
1. სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია შეიძლება განხორციელდეს მთლიანად ან ნაწილობრივ:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალისა და ვალდებულებათა დასაფარავად;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალისა და დავალიანებათა დასაფარავად;
გ) ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, თუ მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ზრდა 2 პროცენტზე ნაკლებია;
დ) მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაციისათვის გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით სტაბილური განვითარების ფონდიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში რეპატრიირებული აქტივები არ უნდა აღემატებოდეს გასული წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ასიგნებების 5 პროცენტს.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების ფულადი ფორმით რეპატრიაციის შესახებ.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობას შესთავაზოს სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციის გეგმა.
5. სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის შესაბამისად მართვის უფლებით განსაზღვრულ აქტივების ლიკვიდურობის პირობებს.
6. სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციასთან დაკავშირებული ვადა და ფინანსური საკითხები უნდა აისახოს მართვის უფლებაში.
მუხლი 17. სტაბილური განვითარების ფონდის ლიკვიდაცია
სტაბილური განვითარების ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება ფონდის მთლიანი აქტივების რეპატრიაციის შემთხვევაში.
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 18. აქტივების რეპატრიაცია
1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული რეპატრიაციის შემთხვევებისა და მიზნების გარდა, 2008 და 2009 წლებში სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია შეიძლება ასევე განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) 2008 წლის განმავლობაში სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი საჭიროების არსებობისას, მხოლოდ ერთხელ და არა უმეტეს რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის აღნიშნულ ფონდში ფულადი ან/და დეპოზიტის სახით არსებული ფინანსური რესურსების 10 პროცენტისა;
ბ) 2009 წლის განმავლობაში სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი საჭიროების არსებობისას, მხოლოდ ერთხელ და არა უმეტეს რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის აღნიშნულ ფონდში ფულადი ან/და დეპოზიტის სახით არსებული ფინანსური რესურსების 5 პროცენტისა.
2. საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის დადგენა და რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 19. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5917–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები