დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1841 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12(19), 06/04/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 130.040.000.05.001.000.499 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სადაზვერვო საქმიანობა
1. სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით.
2. სადაზვერვო საქმიანობას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ:
ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროებში;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.
3. სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები ქმნიან საქართველოს დაზვერვის სისტემას.
4. საქართველოს დაზვერვის სისტემის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში) ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისათვის და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთათვის მიწოდება;
გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3155 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.144
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №621 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.227
მუხლი 2. სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი
1. სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პროგრამით.
2. სადაზვერვო საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრულია და მისი შეზღუდვა ან გაფართოება შეიძლება მხოლოდ კანონით.
მუხლი 4. დაზვერვის სისტემის პრინციპები, მეთოდები და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები
1. დაზვერვის სისტემის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) საქართველოს პრეზიდენტისადმი ანგარიშვალდებულება;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია.
2. სადაზვერვო საქმიანობისას გამოიყენება როგორც ღია, ისე ფარული მეთოდები და საშუალებები, რომელთა განსაკუთრებული ხასიათი განისაზღვრება ამ საქმიანობის პირობებით.
3. სადაზვერვო საქმიანობისას გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა ხელყონ პიროვნების პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხეში არ უნდა ჩააგდონ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ზიანი არ უნდა მიაყენონ გარემოს.
თავი II
საქართველოს დაზვერვის სისტემის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 5. საქართველოს დაზვერვის სისტემის საერთო და განსაკუთრებული კომპეტენცია
1. საქართველოს დაზვერვის სისტემა:
ა) ნებაყოფლობის საფუძველზე კონფიდენციალურად ან ღიად თანამშრომლობს პირებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი;
ბ) საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების, შენობა-ნაგებობათა და სატრანსპორტო საშუალებათა კონსპირაციის მიზნით ახორციელებს მათ დაშიფრვას;
გ) საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობითაა ნაკარნახევი;
დ) უზრუნველყოფს საკუთარ უშიშროებას, იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ე) უზრუნველყოფს მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ოპერატიულად მიწოდებას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის გამოვლენის ღონისძიებებში;
ზ) ტექნიკური არხებიდან და ეთერიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს რადიოელექტრონულ და ტექნიკურ საშუალებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) იცავს სადაზვერვო მონაცემებს, აგრეთვე მათი მოპოვების წყაროებსა და მეთოდებს უნებართვო გამჟღავნებისაგან;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას საზღვარგარეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებთან;
კ) შეიმუშავებს სადაზვერვო წყაროების, მეთოდების, ანალიტიკურ სამუშაოთა დაცვის პროგრამებს.
2. სამსახური აგრეთვე:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, როგორც თავის ქვედანაყოფებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა უშიშროებას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.
საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196
მუხლი 6. საქართველოს დაზვერვის სისტემის საინფორმაციო მონაცემთა დაცვა
საქართველოს დაზვერვის სისტემის სახელმწიფო საიდუმლოებასათან დაკავშირებული ურთიერთობა წესრიგდება "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით.
თავი III
დაზვერვის სისტემის ორგანიზაცია
მუხლი 7. საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემის ხელმძღვანელობა
1. საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემასა და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო ხასიათის მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.
2. სამსახური წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.
21. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე.
3. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შემოსულია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია, სამსახურის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიეწოდება საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს.
5. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს;
გ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
დ) უზრუნველყოფს თავისი მოსამსახურეების სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას.
ე) კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.
საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196
საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1881 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.203
მუხლი 8. საქართველოს დაზვერვის სისტემის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საქართველოს დაზვერვის სისტემა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. საქართველოს დაზვერვის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ცენტრალიზებული რესურსებით.
3. საქართველოს დაზვერვის სისტემის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობანი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ან სხვა სახსრების ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი ქონება სახელმწიფო საკუთრებაა.
თავი IV
საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა
მუხლი 9. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეები
1. საქართველოს დაზვერვის სისტემაში მუშაობენ ის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პერსონალი, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტასთან.
2. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.
3. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხონ აგრეთვე საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულნი არიან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებული პირებისა), თუ იქნება ამ უკანასკნელთა თანხმობა.
4. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და სარგებლობენ საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.
5. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამოქალაქო პერსონალის შრომითი საქმიანობა წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
6. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეს, რომელიც საიდუმლოდ მსახურობს სხვა დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით), სამსახურის ეს პერიოდი ეთვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში.
7. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეებს ეკრძალებათ გაფიცვების მოწყობა და/ან მასში მონაწილეობა, ღია წესით შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მუხლი 10. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა
1. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.
2. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა იმ ორგანოებისა ან თანამდებობის პირებისა, რომელთა ასეთი უფლებამოსილება გათვალისწინებულია კანონით.
3. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების ხელყოფა, მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ხელყოფა, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. აკრძალულია საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა ან ადმინისტრაციული დაკავება, მისი სამუშაო ადგილის, ნივთების, პირადი ან მის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამის დაწესებულებას.
5. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს.
მუხლი 11. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სოციალურ დაცვას.
2. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
3. ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში იღებს სახელმწიფო კომპენსაციას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, ასევე ერთჯერად დახმარებას 5 წლის ფულადი ანაზღაურების სახით.
4. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის და/ან მისი ოჯახის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების), ასევე დასახიჩრების ან დაინვალიდების გამო სამსახურიდან დათხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევაში, თუ ეს დაკავშირებული იყო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებასთან, სახელმწიფო ანაზღაურებს დაღუპულის (გარდაცვლილის) ნეშტის გადმოსვენების, აგრეთვე ნეშტის დაკრძალვის ხარჯებს. დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება დაღუპულის (გარდაცვლილის) 10 წლის ფულადი ანაზღაურების სახით და უდგინდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები.
5. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო დავალების შესასრულებლად იმყოფება იმ სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან მიმდინარეობს საომარი მოქმედება, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება სამ დღედ. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც სადაზვერვო დავალების შესრულება უწევს იმ სახელმწიფოში, სადაც მძიმე კლიმატური პირობებია, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ.
6. საქართველოს დაზვერვის სისტემის იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს საზღვარგარეთ, უნარჩუნდება ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება სრული ოდენობით და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისათვის საქართველოს სადაზვერვო სისტემის სამხედრო მოსამსახურის და/ან მისი ამ საქმიანობისთვის ოჯახის წევრების დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს მათ სრულ გათავისუფლებას.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგო უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.
8. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისიანობის ნაწილობრივ ან სრული დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს დაზვერვის სისტემა ვალდებულია უზრუნველყოს ამ მოსამსახურის შრომითი მოწყობა ან შეუქმნას მას პირობები პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურების ჩათვლით.
9. საქართველოს დაზვერვის სისტემა, თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს მივლინებისას, ძირითადი და დამატებითი შვებულებების დროს სანატორიულ-სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას არჩეულ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, სხვა დასახლებულ პუნქტში გადაყვანისას აქვს ყველა სახის საგზაო ტრანსპორტით მგზავრობის უფლება (გარდა ტაქსისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამისი უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.
11. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით მგზავრობის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამისი უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.
12. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უფლება აქვს ისარგებლოს სახელმწიფო-საუწყებო აგარაკებით, დასასვენებელი სახლებითა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მომსახურებით.
13. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მიწის ნაკვეთი და აწარმოოს დამხმარე მეურნეობა.
14. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე ასევე ვრცელდება სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
15. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეთათვის შეიძლება დადგინდეს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2462 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.403
მუხლი 12. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება
1. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოყენოს სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს დაზვერვის სისტემის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი V
იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას
მუხლი 13. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოს დაზვერვის სისტემასთან
1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეს შეუძლია სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე ითანამშრომლოს სრულწლოვან და შრომისუნარიან იმ პირთან, რომლისგანაც მიღებულია ნებაყოფლობითი თანხმობა საქართველოს დაზვერვის სისტემასთან კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ. ასეთ პირთან ურთიერთობების წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. იმ პირის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) საქართველოს დაზვერვის სისტემასთან, შეიძლება განხორციელდეს დაცვის ღონისძიებები, თუ ეს ღონისძიებები არ არღვევენ სხვა პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
მუხლი 14. იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურ დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას
1. პირს, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას უფლება აქვს:
ა) საქართველოს დაზვერვის სისტემასთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით;
ბ) საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს საქართველოს დაზვერვის სისტემის მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სათანადო ანაზღაურება;
ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რაც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას საქართველოს დაზვერვის სისტემისათვის დახმარების გაწევის დროს.
2. პირი, რომელიც თანამშრომლობს საქართველოს დაზვერვის სისტემასთან, ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს დაზვერვის სისტემასთან თანამშრომლობის პირობები;
ბ) არ მიაწოდოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;
გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
3. პირი, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაზვერვის სისტემასთან თანამშრომლობის დროს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურ დახმარებას უწევს (უწევდა) საქართველოს დაზვერვის სისტემას
იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურ დახმარებას უწევს (უწევდა) საქართველოს დაზვერვის სისტემას, განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
თავი VI
საქართველოს დაზვერვის სისტემის კონტროლი და ზედამხედველობა
მუხლი 16. საპარლამენტო კონტროლი
1. საქართველოს დაზვერვის სისტემის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მეშვეობით. საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს დაზვერვის სისტემის საიდუმლო საქმიანობის, სპეციალური პროგრამებისა და ამ საჭიროებისათვის სახელმწიფო ბიჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე კონტროლი ხორციელდება “ნდობის ჯგუფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 17. საპრეზიდენტო კონტროლი
საქართველოს დაზვერვის სისტემაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196
მუხლი 18. საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობა
საქართველოს დაზვერვის სისტემის მიერ სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს საქართველოს კონტროლის პალატა.
თავი VII
დასკვნითი დებულება
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196
მუხლი 20. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 19 მარტი.
№1841–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47
2. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196
3. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2462 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.403
4. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3155 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.144
5. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №621 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.227
6. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1881 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.203
7. ძალადაკარგულია- საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2983-სსმ I,№24,10.05.2010 წ.,მუხ.149
დოკუმენტის კომენტარები