„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 817
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 25/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 130.040.000.05.001.001.650
  • Word
817
24/12/2004
სსმ, 39, 25/12/2004
130.040.000.05.001.001.650
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12(19), 1999 წელი, მუხ.38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო ქვედანაყოფები ქმნიან საქართველოს დაზვერვის სისტემას.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური აგრეთვე:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, როგორც თავის ქვედანაყოფებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა უშიშროებას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შემოსულია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია, სამსახურის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიეწოდება საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ვ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს;

გ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;

დ) უზრუნველყოფს თავისი მოსამსახურეების სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას.“.

4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. საპრეზიდენტო კონტროლი

საქართველოს დაზვერვის სისტემაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

5. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2 .

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში:

ა) განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური;

ბ) საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცება;

გ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დამოუკიდებელ დაწესებულებად გამოყოფა და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ასიგნებების გამოყოფა.

3. 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დაფინანსების გამოყოფა 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის გათვალისწინებული სახსრებიდან.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№817–რს