საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 06/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320010.15.008.016028
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10/2012
02/03/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
010320010.15.008.016028
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2012 - 11/04/2013)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 10/2012

201 2ლის 2 მარტი

. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

  მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება“.

  მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №5/2011 დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის(პირობების) დამტკიცების შესახებ “.

  მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

  მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 მარტიდან.

კომისიის თავმჯდომარე       ზ.ხარატიშვილი

კომისიის მდივანი   გ. მჭედლიძე

დანართი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ შესაბამისად და განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზების საკითხებს, ჩატარების წესსა და კონკურსის პირობებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.

      მუხლი 2. კონკურსის მიზანი, ამოცანები და ჩატარების პრინციპები

1. კონკურსის მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევ მაღალკვალიფიციურ პირთა შერჩევა.

2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო­ ბე­ ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ­ თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.

თავი II

საკონკურსო კომისია

    მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 12 წევრი.

    მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი

საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 5. შესარჩევნი კონკურსის სამდივნო

1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ცესკო განკარგულებით ქმნის შესარჩევი კონკურსის სამდივნოს (შემდგომში სამდივნო).

2. სამდივნო იქმნება ცესკოს აპარატის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

3. სამდივნო:

ა) უზრუნველყოფს კონკურსის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და რეგისტრაციას;

ბ) რეგისტრაციის შემთხვევაში შესარჩევი კონკურსის სამდივნო გასცემს საკონკურსო ფურცელს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სარეგისტრაციო ნომერი;

გ) წარუდგენს საკონკურსო კომისიას კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას საბუთების მისაღებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

დ) უზრუნველყოფს შესაბამისი პირის წერილობით ინფორმირებას კონკურსის შედეგების თაობაზე.

4. სამდივნოს საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს მიერ დანიშნული ცესკოს წევრი.

5. სამდივნოს უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.

თავი III

კონკურსი

    მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსის გამოცხადება ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების მიზნით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

3. კონკურსი ცხადდება და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების თარიღები დგინდება ცესკოს განკარგულებით.

4. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე (www.cec.gov.ge).

5. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, ვაკანსიის რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ბ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები;

გ) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;

დ) საკონკურსო კომისიის მისამართი, ტელეფონის ნომერი.

6. კანდიდატი კონკურსში მონაწილედ ჩაითვლება ამ დებულების შესაბამისად სამდივნოში საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის შემდეგ.

7. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით) ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

8. ცესკო კანდიდატთა საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, აქვეყნებს კანდიდატთა სიას ცესკოს ვებგვერდის საშუალებით.

    მუხლი 7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განცხადების შევსებული ფორმა ( დანართი №1);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.

3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

5. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს მის მიერ წარმოდგენილი განცხადება.

6. კანდიდატს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ პირმა განცხადება შეიტანა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ერთზე მეტ არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მისი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

7. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა უნდა დაუბრუნდეს.

8. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგენს სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას, სამდივნოს გადაწყვეტილებით იგი მოიხსნება კონკურსიდან.

თავი IV

კონკურსის ჩატარების პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის წესი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს კომისიის სხდომაზე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს ცესკო ირჩევს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ 7 დღის ვადაში).

3. ცესკო კანდიდატთა დაუსწრებლად წყვეტს ყოველი კანდიდატის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

4. ცესკოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება.

5. ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევისას უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება.

    მუხლი 9. კენჭისყრა

1. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.

2. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე.

4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

5. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან, მათ შორის, უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.

6. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი, მათ შორის, გამარჯვებულის გამოსავლენად.

7. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება.

8. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.

9. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

10. ცესკოს გადაწყვეტილება ფორმდება ცესკოს განკარგულებით, რომელიც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

    მუხლი 10. კონკურსის შედეგი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის წევრადაც იგი აირჩა.

2. ცესკოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და არჩეული წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს:

ა) განცხადება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-20 მუხლის მე-18 პუნქტით გათავლისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა - დეკლარაცია;

გ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ;

დ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ”-„დ” ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ცესკოს მიერ არჩევნების პერიოდში არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებზე.

5. კონკურსის დასრულებიდან 24 საათის ვადაში ცესკო ვებგვერდის (www.cec.gov.ge) საშუალებით აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა სიას.

    მუხლი 11. ხელახალი კონკურსი

1. თუ კონკურსის შედეგად ერთ ან მეტ საოლქო საარჩვენო კომისიაში ყველა ვაკანსია არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.

2. ხელახალი კონკურსი ტარდება ამ დებულებით დადგენილი პირობებით.

    მუხლი 12. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-5 მუხლით დადგენილი ნორმები.

    მუხლი 13. დავები კონკურსთან დაკავშირებით

კონკურსთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

13. 20/02/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 17/2023 - ვებგვერდი, 21/02/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 16/12/2022 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 46/2022 - ვებგვერდი, 16/12/2022 11. 26/07/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 38/2021 - ვებგვერდი, 27/07/2021 10. 31/05/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 13/2021 - ვებგვერდი, 31/05/2021 9. 01/08/2018 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 34/2018 - ვებგვერდი, 02/08/2018 8. 24/11/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 54/2017 - ვებგვერდი, 27/11/2017 7. 07/07/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 19/2017 - ვებგვერდი, 10/07/2017 6. 27/06/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 15/2017 - ვებგვერდი, 28/06/2017 5. 14/07/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 44/2016 - ვებგვერდი, 15/07/2016 4. 04/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 2/2016 - ვებგვერდი, 05/01/2016 3. 17/06/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 31/2015 - ვებგვერდი, 17/06/2015 2. 23/03/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 9/2015 - ვებგვერდი, 23/03/2015 1. 11/04/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 12/04/2013