საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • Word
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 10/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.000.999
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1131
26/10/2001
სსმ, 33, 10/11/2001
040.030.000.05.001.000.999
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით ­გათვალისწინებული სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ერთიანდებიან ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე.

3. სახელწოდების „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანხმობით.

4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განთავსებულია ქ. თბილისში.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი“ – შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სერტიფიკატი, რომლითაც განისაზღვრება საქონლის წარმოშობა;

ბ) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება“ – საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

გ) „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრი“ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უშუალოდ გაწევრიანებული კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი.

    მუხლი 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე.

3. (ამოღებულია).

4. სახელმწიფო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პასუხს არ აგებენ ერთმანეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

საქართველოს 2003 წლის 28 მარტ ის კანონი № 2037 - სსმ I,  № 8 , 1 4 .0 4 .200 3 წ., მუხ. 46

საქართველოს 200 7 წლის 11 მაის ის კანონი № 4736 - სსმ I,  № 18 , 22 .0 5 .200 7 წ., მუხ. 153

    მუხლი 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ბ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატების საქმიანობის კოორდინაცია.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებია:

ა) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ბ) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება;

გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, მეწარმეთა საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;

დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;

ე) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;

ვ) ადგილობრივი და საზღვარგარეთული საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა;

ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

თ) (ამოღებულია – 08.05.2012, №6152);

ი) მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება;

კ) საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების ფორმირება;

მ) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში;

ნ) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში;

ო) საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.

3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:

ა) საექსპორტო და იმპორტირებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების დამოწმებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და საზღვარგარეთული საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;

გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, სანავსადგურო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;

დ) ფორსმაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას.

4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასური უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I,  №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2012  წლის 27 მარტის კანონი №5965 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012  წლის 8 მაისის კანონი №6152 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

    მუხლი 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;

ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური;

გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები და დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები;

ე) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესები საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია შეიქმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალური–დარგობრივი), რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.

    მუხლი 6. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება:

ა) საწევრო შენატანებისაგან;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.

თავი II

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვა

    მუხლი 7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები არიან:

ა) საერთო კრება;

ბ) პრეზიდენტი.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

3. საერთო კრება მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც.

4. საერთო კრება ამ კანონითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს.

5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.

    მუხლი 8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.

3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

4. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

5. ვიცე-პრეზიდენტებს ნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება პრეზიდენტის წარდგინებით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით. ვიცე-პრეზიდენტები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრულია პალატის წესდებით.

6. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.

7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით, რომელიც მიიღება საერთო კრების მიერ.

    მუხლი 9. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

თავი III

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები

    მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო- სამრეწველო პალატების შექმნა

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებშიც ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე ერთიანდებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები იქმნება საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობათა საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

3. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები იქმნება რეგიონული პრინციპის მიხედვით. ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოცემული ტერიტორიის ფარგლებში.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარდგინებით 1 თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.

8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ლიკვიდაციის საკითხი.

9. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია.

10. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

11. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებისა და საკუთარი წესდების საფუძველზე.

12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები წევრიანდებიან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანდა რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, იურიდიული მისამართის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები ხდებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრები.

13. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები იმავდროულად არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრი საწევრო შენატანს იხდის მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პალატის წესდებით დადგენილი წესითა და ოდენობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

14. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.

საქართველოს 200 7 წლის 11 მაის ის კანონი № 4736 - სსმ I,  № 18 , 22 .0 5 .200 7 წ., მუხ. 153

    მუხლი 11. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა

1. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.

2. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

თავი IV

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

     მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს 200 7 წლის 11 მაის ის კანონი № 4736 - სსმ I,  № 18 , 22 .0 5 .200 7 წ., მუხ. 153

საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.

                                                                                   თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, რომლებიც შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 30 მაისის №203 ბრძანებულების საფუძველზე, 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობა შეუსაბამონ ამ კანონს და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის.

    მუხლი 14. დასკვნითი დებულება

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 30 მაისის №203 ბრძანებულება „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 26 ოქტომბერი.

№1131-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2037 - სსმ I,  №8, 14.04.2003 წ., მუხ.46

2. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4736 - სსმ I,  №18, 22.05.2007 წ., მუხ.153

3. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I,  №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

4. საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.

5. საქართველოს 2012  წლის 27 მარტის კანონი №5965 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

6. საქართველოს 2012  წლის 8 მაისის კანონი №6152 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

7. ძალადაკარგულია საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6569 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.