დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3013 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.150.000.05.001.001.382 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (18/09/2003 - 01/07/2004)
საქართველოს კანონი
თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს აღნიშნული საქონლით ვაჭრობის წესებს, ლიცენზიის სახეობებს, ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, ადგენს ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და საფუძველს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინები:
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის 2.1 პუნქტით განსაზღვრული პირები;
ბ) თამბაქოს ნაწარმი – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 2402 კოდით განსაზღვრული საქონელი;
გ) საბითუმო ვაჭრობა – ვაჭრობის სახეობა, რომლის დროსაც ამ კანონით განსაზღვრული საქონლის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ პირებს შორის;
დ) საცალო ვაჭრობა – ვაჭრობის სახეობა, რომლის დროსაც ამ კანონით განსაზღვრული საქონლის მიწოდება ხორციელდება საბოლოო მომხმარებელზე, გარდა ამ კანონით ლიცენზირებული პირისა;
ე) კაპიტალური შენობა – ამ კანონის მიზნების განხორციელებისათვის საჭირო შენობა, რომლის საძირკველი და კედლები რკინაბეტონის ან მძიმე სამშენებლო მასალით არის აგებული.
მუხლი 3. თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და გადაზიდვის უფლება
თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და გადაზიდვის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონის მიხედვით ლიცენზირებულ პირებს.
მუხლი 4. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეობები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები
ამ კანონით ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეობები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
ბ) სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
გ) პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საგადასახადო ინსპექცია;
დ) თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
თავი II
ლიცენზიის გაცემის წესი
მუხლი 5. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება
1. ლიცენზიის გაცემის წესი და ვადები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ლიცენზიის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისი ნორმატიული აქტით. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნორმატიული აქტით ლიცენზიის მაძიებელი პირის უფლებების შეზღუდვა დამატებითი ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნით.
3. ლიცენზიაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება;
ბ) ლიცენზიის მფლობელის დასახელება;
გ) სალიცენზიო საქმიანობის სახეობა;
დ) ლიცენზიის მფლობელის იურიდიული მისამართი;
ე) იმ ობიექტის ზუსტი მისამართი, საიდანაც უნდა განხორციელდეს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა, ეს უკანასკნელი საჭიროა მხოლოდ ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებისათვის;
ვ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
ზ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს პასუხისმგებელი პირის ვინაობა დამოწმებული მისივე ხელმოწერით.
მუხლი 6. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
2. ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის მიმღები, ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
3. ლიცენზიის გადაცემა სხვა პირზე აკრძალულია.
მუხლი 7. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და სალიცენზიო პირობები
1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, სარეგისტრაციო ნომერს, პროფესიას, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართებს;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს), წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს;
გ) მითითებას, თუ რომელი სახის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს პირი;
დ) ობიექტის მისამართს (ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის), რომლისთვისაც გაიცემა ლიცენზია;
ე) შესაბამისი სახის ლიცენზიის რაოდენობას, ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის.
3. განცხადებას უნდა ერთვოდეს:
ა) დამტკიცებული სტანდარტის შესაბამისი კაპიტალური შენობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამის კაპიტალურ შენობაზე იჯარის ხელშეკრულება მინიმუმ 3 წლის ვადით;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
4. ლიცენზიის მფლობელი მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, პირის ან ლიცენზირებული ობიექტის ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები სახელმწიფო რეგისტრაციიდან 7 დღის განმავლობაში, ხოლო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია გასცეს ახალი ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ლიცენზია ძალადაკარგულად ჩაითვლება.
მუხლი 8. ლიცენზიის მისაღებად საჭირო დამატებითი მოთხოვნები
ლიცენზია ლიცენზიის მაძიებელ პირზე გაიცემა, თუ:
ა) იგი არის იურიდიული პირი და მას ამ კანონის მე-4 მუხლის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ თითოეულ საქმიანობაზე სალიცენზიო მოთხოვნისათვის, კაპიტალურ შენობაში აქვს საკუთარი სასაწყობო მეურნეობა ან იჯარის ხელშეკრულება შესაბამის სასაწყობო მეურნეობაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის;
ბ) იგი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი და მას ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის აქვს კაპიტალური შენობა ამ კანონით დადგენილი სალიცენზიო საქმიანობისათვის დამოუკიდებელი სექციითა და საკონტროლო-სალარო აპარატით;
გ) ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ მაძიებელზე, რომლის მიერ დაქირავებული ფიზიკური პირების არანაკლებ 50% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.
მუხლი 9. სალიცენზიო საქმიანობის შეზღუდვა
1. დასაშვებია ერთ პირზე ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი მხოლოდ ერთი ლიცენზიის გაცემა, გარდა ამავე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიებისა, რომელთა გაცემა ერთ პირზე შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით.
2. დაუშვებელია ამ კანონით ლიცენზირებული პირის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ლიცენზირებულ პირებზე.
3. დაუშვებელია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი პირების მიერ არალიცენზირებული პირებისათვის თამბაქოს მიყიდვა, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ან/და ექსპორტის შემთხვევაში.
მუხლი 10. ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი
ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია ლიცენზიის გაცემაზე უარი თქვას, თუ:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს;
ბ) ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიას ითხოვს იმ საქმიანობაზე, რომელზედაც მას უკვე გაუუქმდა ლიცენზია ამ კანონის თანახმად და გაუქმებიდან ერთი წელი არ გასულა;
გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზია და აღმოფხვრილი არ არის ლიცენზიის შეჩერების საფუძველი.
თავი III
ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება. ლიცენზიის გაუქმება
მუხლი 11. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება
ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 12. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს ასევე წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონით დადგენილი პირობების დარღვევა.
თავი IV
ლიცენზირებასთან დაკავშირებული დავა
მუხლი 13. ლიცენზიის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება
ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 15. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3013-რს
დოკუმენტის კომენტარები