საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 402
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/08/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 010210040.05.002.000755
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
402
01/08/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997
010210040.05.002.000755
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/08/1997 - 25/11/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 402

1997 წლის 1 აგვისტო    

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ

 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის შემდგომი განვითარების, მეცნიერთა ღვაწლის აღიარებისა და სტიმულირების მიზნით:

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს ეწოდოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

2. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულება;

ბ) საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულება;

გ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის 1997 წლის თანდართული ხარჯთა ნუსხა.

3. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის 824 ბრძანებულებით დაწესებული საქართველოს სახელმწიფო პრემიის გარდა დამატებით დაწესდეს I პრემია 2500 ლარის ოდენობით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დარგში შესრულებული საუკეთესო ნაშრომისათვის (პრესაში არ ქვეყნდება).

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი):

ა) გამოუყოს საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტს თანხები სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის შესაბამისად;

ბ) დაამტკიცოს საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის აპარატის რიცხოვნობა 8 ერთეულით მიმდინარე წლის 1 ივლისიდან;

გ) 1998 წლიდან შესაბამისი წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებანი.

5. საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სტატუსი გაუთანაბრდეს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სტატუსს.

6. კომიტეტის მოღვაწეობა განხორციელდეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შენობაში.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 მარტის 181 დადგენილება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგისსახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულება

 1. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი) არსებობს საქართველოს პრეზიდენტთან, არის სათათბირო ორგანო და მას ევალება ორ წელიწადში ერთხელ, ლუწ წლებში, განსახილველად მიიღოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის ნაშრომები და სახელმძღვანელოები, რეკომენდაცია მისცეს მათ და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად.

2. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი იქმნება ცნობილი მეცნიერების პედაგოგების, ტექნიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგთა სპეციალისტებისაგან და მის შემადგენლობას 6 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, კომიტეტის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტს სათანადო ბრძანებულებით მის შემადგენლობაში შეჰყავს ახალი წევრი. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა და ინფორმაცია მასში მომხდარ ცვლილებათა შესახებ ქვეყნდება პრესაში საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით.

3. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ხელმძღვანელი ორგანოა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა (შემდგომში – კომიტეტის სხდომა), ხოლო კომიტეტის სხდომებს შუა პერიოდში საქმიანობას წარმართავს პრეზიდიუმი, რომელიც განისაზღვრება 13 კაცის შემადგენლობით. პრეზიდიუმს ირჩევს კომიტეტის სხდომა. პრეზიდიუმს სათავეში უდგას კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი დაყოფილია საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მეცნიერებათა სექციებად, თითოეული 25 წევრის შემადგენლობით.

შენიშვნა:

თუ საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი წარდგენილია საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე, მას პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის განმავლობაში შეუჩერდება საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის უფლება.

4. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმი:

ა) პრემიის მიკუთვნების წინა წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე იღებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად წარდგენილ ნაშრომებს და მათ განსახილველად უგზავნის შესაბამის სექციებს.

შენიშვნა:

ნაშრომთა წარდგენა და საბუთების გაფორმება ხდება საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ დადგენილი წესის მიხედვით;

 ბ) პრემიის მიკუთვნების წინა წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით პრესაში აქვეყნებს საკონკურსოდ შერჩეულ ნაშრომთა სიას;

გ) თვალყურს ადევნებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა წარდგენის წესების დაცვას, პრემიის მინიჭების წლის 31 მარტამდე იღებს საზოგადოებრივი განხილვის მასალებს და შესასწავლად უგზავნის სექციებს;

დ) იწვევს კომიტეტის სხდომებს და ამზადებს სექციებში და სხდომებზე განსახილველ მასალებს;

ე) უპასუხებს კომიტეტის სახელზე შემოსულ სხვადასხვა ხასიათის წერილებს და წარმართავს საქმისწარმოებას;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ხარჯთა ნუსხის მიხედვით უნაზღაურებს შრომას რეცენზენტებს, ექსპერტებსა და დამხმარე პერსონალს;

ზ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების დამზადებას;

თ) გადასცემს ლაურეატებს ფულად ჯილდოს;

ი) საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით პრემიის მინიჭების წლის 26 მაისს პრესაში აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა სიას.

5. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სექციები:

ა) პრემიების მინიჭების წინა წლის 1 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე აწყობენ პრემიაზე წარდგენილ ნაშრომთა წინასწარ განხილვას და რეკომენდაციებს აძლევენ ნაშრომებს პრემიის მისანიჭებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის, პრემიის მინიჭების წლის 1 აპრილიდან 20 აპრილამდე აწყობენ კონკურსის მონაწილე ნაშრომების საბოლოო განხილვას პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციების მიცემის მიზნით.

პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის მიზნით კენჭისყრის ბიულეტენში შედის ის ნაშრომები, რომლებმაც მიიღეს დადებითი შეფასება და, ღია კენჭისყრის შედეგად, სექციის დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტი.

კენჭისყრა იმართება სამ ტურად.

პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაცია მიეცემათ იმ ნაშრომებს, რომლებიც ფარული კენჭისყრით მიიღებენ სექციის დამსწრე წევრთა ხმების სამ მეოთხედს (გამსვლელი ქულა).

თუ კენჭისყრის პირველი ტურის შედეგად მიღებული არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიღების შესახებ, ეწყობა კენჭისყრის შემდგომი ტური. ყოველ მომდევნო ტურში დაიშვება მხოლოდ ის ნაშრომები,რომლებმაც მოაგროვეს კენჭისყრის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინა ტურში თანაბარი გამსვლელი ქულა მიიღო მისანიჭებელი პრემიების რაოდენობაზე მეტმა ნაშრომმა. ამ შემთხვევაში მომდევნო ტურში გადადის მხოლოდ ასეთი ნაშრომები.

თუ მესამე ტურშიც ამ ნაშრომებმა მიიღეს თანაბარი გამსვლელი ქულები, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი. თუ კომიტეტის მიერ გადაწყვეტილება პირველ ორ ტურში ვერ იქნება მიღებული, იმართება მესამე ტური, რომელშიც კომიტეტის წევრებმა ხმა უნდა მისცენ მხოლოდ იმდენ ნაშრომს, რამდენი პრემიაცაა მისანიჭებელი ამ დარგში. ამ წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. ამ დროს გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით;

ბ) კონკურსზე დაშვებულ ნაშრომთა საექსპერტო განხილვისათვის შეარჩევენ რეცენზენტებს და ქმნიან საექსპერტო კომისიებს ცალკეული დარგების მიხედვით. ამასთან, ამ ნაშრომებს შეფასებისათვის უგზავნიან სამეცნიერო და სამრეწველო დაწესებულებებს, უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს, ცალკეულ მეცნიერებს, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, პედაგოგებს;

გ) კონკურსზე დაშვებულ ნაშრომებს უგზავნიან საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრებს, ექსპერტებს ან საექსპერტო კომისიებს სამშენებლო და ტექნიკურ ნაგებობათა, გამოგონებების, კონსტრუქციების, მასალების, ტექნოლოგიური პროცესების, მათი დანერგვის მდგომარეობისა და თითოეული მაძიებლის წვლილის გასაცნობად;

დ) თვალყურს ადევნებენ წინასწარი და საკონკურსო განხილვის წესების დაცვას.

6. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სხდომას იწვევენ პრემიის მინიჭების წინა წელს მაშინ, როცა კომიტეტის პრეზიდიუმი ჩათვლის საჭიროდ, ხოლო პრემიის მინიჭების წელს – ორჯერ მაინც.

კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ორი მესამედი. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი თავის სხდომებზე იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა საკონკურსოდ დაშვების შესახებ ღია კენჭისყრით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო პრემიების მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემისას – ფარული კენჭისყრით, კომიტეტის დამსწრე წევრთა ხმების სამი მეოთხედით.

სხდომებზე განიხილება აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის მიმდინარე საკითხები. 

შენიშვნა:

ა) საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად გამოცხადებულ კონკურსზე ნაშრომების დაშვების შესახებ კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს პრემიების მინიჭების წინა წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პრემიების მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ – პრემიის მინიჭების წლის 10 მაისამდე;

ბ) პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის მიზნით კენჭისყრის ბიულეტენში შედის სექციების მიერ რეკომენდებული ნაშრომები.

კომიტეტში კენჭისყრა იმართება ამ დებულების მე-5 პუნქტის ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.

7. პრემიის მფლობელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სამკერდე ნიშანი და დიპლომი დადგენილი რიტუალით გადაეცემა კომიტეტის სხდომაზე პრემიის მინიჭების წლის ოქტომბრის თვის ბოლო კვირას.

8. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით, საკუთარი ბლანკი და საბანკო ანგარიში.

9. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტა ევალება კომიტეტის თავმჯდომარეს, პრეზიდიუმსა და სწავლულ მდივანს.

10. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულება

1. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემია (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო პრემია) მიენიჭება ცალკეულ პირებსა და კოლექტივებს:

ა) მეცნიერების დარგში – საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში;

ბ) ტექნიკის დარგში – მაღალი დონის სამეცნიერო გამოკვლევებისათვის, აგრეთვე ახალ სახეობათა ტექნიკის, პროგრესული მასალებისა და ტექნოლოგიების შექმნისათვის, რომლებიც თავიანთი მაჩვენებლებით უტოლდებიან საყოველთაოდ აღიარებულ ანალოგებს და ხელს უწყობენ ეკონომიკის განვითარებას;

გ) უმაღლესი და ყველა ტიპის საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების ორიგინალური სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოებისათვის, რომლებიც დამკვიდრდნენ სწავლების პროცესში;

დ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დარგში შესრულებული საუკეთესო ნაშრომებისათვის (პრესაში არ ქვეყნდება).

შენიშვნა:

მრავალტომეული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ გამოცემის დასრულების შემდეგ.

2. საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილ ნაშრომებს განსახილველად იღებს და საქართველოს პრეზიდენტს პრემიის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

3. საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭება ხდება ორ წელიწადში ერთხელ, ლუწ წლებში, შემდეგი ოდენობით:

ოთხი პრემია მეცნიერების დარგში, რომელთაგან ორი მიეკუთვნება სამეცნიერო ნაშრომისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში, ორი – სამეცნიერო ნაშრომისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში;

ორი პრემია ტექნიკის დარგში;

ორი პრემია სახელმძღვანელოებისათვის: ერთი – უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ერთი – საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისათვის;

ერთი პრემია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დარგში შესრულებული საუკეთესო ნაშრომისათვის (პრესაში არ ქვეყნდება).

4. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მის ქვედანაყოფებს, საქართველოს განათლების სამინისტროს, აგრეთვე სხვა სამინისტროებს, უწყებებს და მათ ქვედანაყოფებს, სამეცნიერო დაწესებულებათა და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სამეცნიერო საბჭოებს, სამრეწველო საწარმოების, საკონსტრუქტორო ბიუროების სამეცნიერო-ტექნიკურ და ტექნიკურ საბჭოებს.

5. სამეცნიერო ნაშრომები საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენამდე გამოქვეყნებული უნდა იყოს ორი წლით, ხოლო სახელმძღვანელოები – 3 წლით ადრე. ახალ სახეობათა ტექნიკა, მასალები და ტექნოლოგიები პრემიაზე წარდგენამდე უნდა იყოს დანერგილი წარმოებაში.

6. პრემიის მოსაპოვებლად ნაშრომთა წარდგენისა და ლაურეატობის კანდიდატების შერჩევისას დაცული უნდა იყოს საჯაროობის პრინციპი.

პრემიაზე წარდგენამდე ნაშრომები და ლაურეატობის კანდიდატები უნდა განიხილონ იმ დაწესებულებებში, სადაც მუშაობენ კანდიდატები.

საკონკურსოდ დაშვებული ნაშრომების, მათი ავტორებისა და წარმდგენი ორგანიზაციების სიები ფართო საზოგადოებრივი განხილვის მიზნით უნდა გამოქვეყნდეს პრესაში.

7. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოებისათვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად წარდგენილი ჯგუფის შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს კაცს.

საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილი ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება იმ პირების შეყვანა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად.

გამონაკლისის სახით ახალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს შეიძლება განმეორებით მიენიჭოს აღნიშნული პრემია.

ნაშრომი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა საკონკურსოდ არ დაუშვა, არ შეიძლება წარდგენილ იქნეს განმეორებით საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად, თუ კომიტეტის სპეციალური გადაწყვეტილებით დათქმული არ არის სხვა პირობა. განმეორებით ნაშრომის წარდგენა სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი არ იქნა დაშვებული ტექნიკური მიზეზების გამო.

საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად კონკურსზე დაშვებული ნაშრომი, რომელსაც პრემია არ მიუღია, შეიძლება განმეორებით საერთო წესით კიდევ ორჯერ იქნეს წარდგენილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ფარული კენჭისყრისას მიიღებს კომიტეტის ან მისი სექციების წევრთა ხმების ნახევარზე მეტს.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით გამოქვეყნდება პრესაში.

8. პირებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მიენიჭებათ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. ლაურეატის სამკერდე ნიშნისა და დიპლომის გადაცემა მოხდება დადგენილი რიტუალით. ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას ფულადი ჯილდო თანაბრად ნაწილდება წევრთა შორის.

9. საქართველოს სახელმწიფო პრემიის გარდაცვლილი ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა მემკვიდრეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის 1997 წლის ხარჯთა ნუსხა

მთლიანი ხელფასი 742 ლ.X 17 = 12614 ლ.

სოცდაზღვევის დარიცხვა 27% = 3406 ლ.

სამედიცინო 3% = 379 ლ.

სულ: 16399-00

 

პრემიის ლაურეატების დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების დამზადება – 8575 ლ.

 

სხვადასხვა ხარჯები:

ოფისის რემონტი – 1000 ლ.

საკანცელარიო თანხა – 900 ლ.

სამეურნეო თანხა – 700 ლ.

საფოსტო ხარჯები – 100 ლ.

ტექნიკური საშუალებების ხარჯები – 4885 ლ.

მივლინების ხარჯები – 2400 ლ.

 

სულ: 18560

 

მთლიანად: 34959 ლ.

(ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი ლარი)