დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 31/01/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5(12), 12/02/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.02.002.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/02/1999 - 10/02/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №40
1999 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების თანდართული დებულებები.
2. დადგინდეს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში 9 სახელმწიფო პრემია, მათ შორის ერთი პრემია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში შესრულებული საუკეთესო ნაშრომისათვის და მათი მინიჭება მოხდეს ლუწ წლებში.
თითოეული სახელმწიფო პრემია განისაზღვროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
სახელმწიფო პრემიები მიენიჭოთ 26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის №824 ბრძანებულების მე-3 პუნქტი და „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 აგვისტოს №402 ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები.
ე. შევარდნაძე
საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულება
1. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემია (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო პრემია) მიენიჭებათ ცალკეულ პირებსა და კოლექტივებს:
ა) მეცნიერების დარგში – საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში;
ბ) ტექნიკის დარგში – მაღალი დონის სამეცნიერო გამოკვლევებისათვის, აგრეთვე ახალ სახეობათა ტექნიკის, პროგრესული მასალებისა და ტექნოლოგიების შექმნისათვის, რომლებიც თავიანთი მაჩვენებლებით უტოლდებიან საყოველთაოდ აღიარებულ ანალოგებს და ხელს უწყობენ ეკონომიკის განვითარებას;
გ) უმაღლესი და ყველა ტიპის საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების ორიგინალური სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოებისათვის, რომლებიც დამკვიდრდნენ სწავლების პროცესში;
დ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში შესრულებული საუკეთესო ნაშრომებისათვის (პრესაში არ ქვეყნდება).
შენიშვნა:
მრავალტომეული ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გამოცემის დასრულების შემდეგ.
2. საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილ ნაშრომებს განსახილველად იღებს და საქართველოს პრეზიდენტს პრემიის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.
3. საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭება ხდება ორ წელიწადში ერთხელ, ლუწ წლებში, შემდეგი ოდენობით:
ა) ოთხი პრემია მეცნიერების დარგში, რომელთაგან ორი მიეკუთვნება სამეცნიერო ნაშრომისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში, ორი – სამეცნიერო ნაშრომისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში;
ბ) ორი პრემია ტექნიკის დარგში;
გ) ორი პრემია სახელმძღვანელოებისათვის: ერთი – უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ერთი – საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისათვის;
დ) ერთი პრემია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დარგში შესრულებული საუკეთესო ნაშრომისათვის (პრესაში არ ქვეყნდება).
შენიშვნა:
ნაშრომთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიისა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს დასკვნები სამუშაოს პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ.
4. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მის ქვედანაყოფებს, საქართველოს განათლების სამინისტროს, აგრეთვე სხვა სამინისტროებს, უწყებებს და მათ ქვედანაყოფებს, სამეცნიერო დაწესებულებათა და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სამეცნიერო საბჭოებს, სამრეწველო საწარმოების, საკონსტრუქტორო ბიუროების სამეცნიერო-ტექნიკურ და ტექნიკურ საბჭოებს.
5. სამეცნიერო ნაშრომები საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენამდე გამოქვეყნებულ უნდა იქნეს ორი წლით, ხოლო სახელმძღვანელოები – 3 წლით ადრე (გამოქვეყნების წლის ჩათვლით).
6. პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა წარდგენისა და ლაურეატობის კანდიდატების შერჩევისას დაცული უნდა იქნეს საჯაროობის პრინციპი. პრემიაზე წარდგენამდე ნაშრომები და ლაურეატობის კანდიდატები უნდა განიხილონ იმ დაწესებულებებში, სადაც მუშაობენ კანდიდატები. საკონკურსოდ დაშვებული ნაშრომების, მათი ავტორებისა და წარმდგენი ორგანიზაციების სიები ფართო საზოგადოებრივი განხილვის მიზნით უნდა გამოქვეყნდეს პრესაში.
7. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად წარდგენილი ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს კაცს.
საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილი ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება იმ პირების შეყვანა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად.
საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს შეიძლება განმეორებით მიენიჭოს აღნიშნული პრემია, თუ წინა პრემიის მინიჭებიდან გასულია 7 წელი მაინც.
ნაშრომი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა საკონკურსოდ არ დაუშვა, არ შეიძლება წარდგენილ იქნეს განმეორებით საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად, თუ კომიტეტის სპეციალური გადაწყვეტილებით დათქმული არ არის სხვა პირობა. განმეორებით ნაშრომის წარდგენა სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო.
საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად კონკურსზე დაშვებული ნაშრომი, რომელსაც პრემია არ მიუღია, შეიძლება განმეორებით საერთო წესით კიდევ ორჯერ იქნეს წარდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით გამოქვეყნდება პრესაში.
8. პირებს, რომელთა ნაშრომებს მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია, ენიჭებათ „საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის“ წოდება და გადაეცემათ ლაურეატის სამკერდე ნიშანი და დიპლომი. ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას ფულადი ჯილდო თანაბრად ნაწილდება წევრთა შორს.
9. საქართველოს სახელმწიფო პრემიის გარდაცვლილი ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა მემკვიდრეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულება
1. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი) არსებობს საქართველოს პრეზიდენტთან, არის სათათბირო ორგანო და ევალება ორ წელიწადში ერთხელ, ლუწ წლებში, განსახილველად მიიღოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის ნაშრომები და სახელმძღვანელოები, რეკომენდაცია მისცეს მათ და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად.
2. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი იქმნება გამოჩენილი მეცნიერების, პედაგოგების, ტექნიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგის სპეციალისტებისაგან და მის შემადგენლობას 6 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, კომიტეტის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტს სათანადო ბრძანებულებით მის შემადგენლობაში შეჰყავს ახალი წევრი.
საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა და ინფორმაცია მასში მომხდარ ცვლილებათა შესახებ ქვეყნდება პრესაში საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით.
3. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ხელმძღვანელი ორგანოა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა (შემდგომში – კომიტეტის სხდომა), ხოლო კომიტეტის სხდომებს შორის საქმიანობას წარმართავს პრეზიდიუმი, რომელიც განისაზღვრება 13 კაცის შემადგენლობით. პრეზიდიუმს ირჩევს კომიტეტის სხდომა. პრეზიდიუმს სათავეში უდგას კომიტეტის თავმჯდომარე.
საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი დაყოფილია საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მეცნიერებათა სექციებად, თითოეული 25 წევრის შემადგენლობით.
შენიშვნა:
თუ საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი წარდგენილია საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე, მას პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის პერიოდში შეუჩერდება საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის უფლება.
4. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმი:
ა) პრემიის მინიჭების წინა წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე იღებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად წარდგენილ ნაშრომებს და განსახილველად გადასცემს მათ შესაბამის სექციებს.
შენიშვნა:
ნაშრომთა წარდგენა და საბუთების გაფორმება ხდება საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ დადგენილი წესის მიხედვით;
ბ) პრემიის მინიჭების წინა წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით პრესაში აქვეყნებს საკონკურსოდ შერჩეულ ნაშრომთა სიას;
გ) თვალყურს ადევნებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა წარდგენის წესების დაცვას, პრემიის მინიჭების წლის თებერვლის ბოლომდე იღებს საზოგადოებრივი განხილვის მასალებს და შესასწავლად გადასცემს სექციებს;
დ) იწვევს კომიტეტის სხდომებს და ამზადებს სექციებში და სხდომებზე განსახილველ მასალებს;
ე) უპასუხებს კომიტეტის სახელზე შემოსულ სხვადასხვა ხასიათის წერილებს და წარმართავს საქმისწარმოებას;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ხარჯთა ნუსხის მიხედვით უნაზღაურებს შრომას რეცენზენტებს, ექსპერტებსა და დამხმარე პერსონალს;
ზ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების დამზადებას;
თ) გადასცემს ლაურეატებს ფულად ჯილდოს;
ი) საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით პრემიის მინიჭების წლის 26 მაისს პრესაში აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა სიას.
5. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სექციები:
ა) პრემიების მინიჭების წინა წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე აწყობენ პრემიაზე წარდგენილ ნაშრომთა წინასწარ განხილვას და რეკომენდაციებს აძლევენ ნაშრომებს პრემიის მისანიჭებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის, პრემიის მინიჭების წლის 1 მარტიდან 1 აპრილამდე აწყობენ კონკურსის მონაწილე ნაშრომების საბოლოო განხილვას პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციების მიცემის მიზნით.
პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის მიზნით კენჭისყრის ბიულეტენში შედის ის ნაშრომები, რომლებმაც მიიღეს დადებითი შეფასება და ღია კენჭისყრის შედეგად სხდომაზე დამსწრე სექციის წევრთა ხმების ნახევარზე მეტი.
კენჭისყრა იმართება სამ ტურად.
სექციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სექციის წევრთა ორი მესამედი.
პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაცია მიეცემათ იმ ნაშრომებს, რომლებიც ფარული კენჭისყრით მიიღებენ სხდომაზე დამსწრე სექციის წევრთა ხმების სამ მეოთხედს (გამსვლელი ქულა).
თუ კენჭისყრის პირველი ტურის შედეგად მიღებული არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ, ეწყობა კენჭისყრის შემდგომი ტური. ყოველ მომდევნო ტურში დაიშვება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებმაც მოაგროვეს კენჭისყრის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინა ტურში თანაბარი გამსვლელი ქულა მიიღო მისანიჭებელი პრემიების რაოდენობაზე მეტმა ნაშრომმა. ამ შემთხვევაში მომდევნო ტურში გადადის მხოლოდ ასეთი ნაშრომები.
თუ მესამე ტურშიც ამ ნაშრომებმა მიიღეს თანაბარი გამსვლელი ქულები, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი. თუ კომიტეტის მიერ გადაწყვეტილება პირველ ორ ტურში ვერ იქნა მიღებული, იმართება მესამე ტური, რომელშიც კომიტეტის წევრებმა ხმა უნდა მისცენ მხოლოდ იმდენ ნაშრომს, რამდენი პრემიაცაა მისანიჭებელი ამ დარგში. ამ წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. ამ დროს გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით.
ბ) კონკურსზე დაშვებულ ნაშრომთა საექსპერტო განხილვისათვის შეარჩევენ რეცენზენტებს და ქმნიან საექსპერტო კომისიებს ცალკეული დარგების მიხედვით. ამასთან, ამ ნაშრომებს შეფასებისათვის უგზავნიან სამეცნიერო და სამრეწველო დაწესებულებებს, უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს, ცალკეულ მეცნიერებს, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, პედაგოგებს;
გ) კონკურსზე დაშვებულ ნაშრომებს უგზავნიან საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრებს, ექსპერტებს ან საექსპორტო კომისიებს სამშენებლო და ტექნიკურ ნაგებობათა, გამოგონებების, კონსტრუქციების, მასალების, ტექნოლოგიური პროცესების, მათი დანერგვის მდგომარეობისა და თითოეული მაძიებლის წვლილის გასაცნობად;
დ) თვალყურს ადევნებენ წინასწარი და საკონკურსო განხილვის წესების დაცვას.
6. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სხდომა ტარდება პრემიის მინიჭების წინა წელს მაშინ, როცა კომიტეტის პრეზიდიუმი ჩათვლის საჭიროდ, ხოლო პრემიის მინიჭების წელს – ორჯერ მაინც.
კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ორი მესამედი. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი თავის სხდომებზე იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა საკონკურსოდ დაშვების შესახებ ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო პრემიების მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ – ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების სამი მეოთხედით.
სხდომებზე განიხილება აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის მიმდინარე საკითხები:
ა) საქართველოს სახელმწიფო პრემიების მისანიჭებლად გამოცხადებულ კონკურსზე ნაშრომების დაშვების შესახებ კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს პრემიების მინიჭების წინა წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პრემიების მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ – პრემიების მინიჭების წლის 10 მაისამდე;
ბ) პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის მიზნით კენჭისყრის ბიულეტენში შედის სექციების მიერ რეკომენდებული ნაშრომები.
კომიტეტში კენჭისყრა იმართება ამ დებულების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული წესე-ბის შესაბამისად.
7. პრემიის მფლობელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სამკერდე ნიშანი და დიპლომი გადაეცემა კომიტეტის სხდომაზე პრემიის მინიჭების წლის ოქტომბრის თვის ბოლო კვირას.
8. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით, საკუთარი ბლანკი და საბანკო ანგარიში.
9. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტა ევალება კომიტეტის თავმჯდომარეს, პრეზიდიუმსა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
10. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
11. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, მისი სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხების გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები