დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 57 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 12/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7(14), 19/02/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.002.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/02/1999 - 25/04/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №57
1999 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (როგორც გარემოს გლობალური ფონდის (GEF) აღმასრულებელი სააგენტო) შორის გრანტის თაობაზე (GEF-PPG TF-20446 პროექტი) 1998 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის თანდართული დებულება და მეურვეთა საბჭოს შემადგენლობა.
3. სამინისტროებმა, უწყებებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა პროექტის განხორციელებისას უზრუნველყონ ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და სათანადო დახმარება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) უზრუნველყონ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (როგორც გარემოს გლობალური ფონდის (GEF) აღმასრულებელი სააგენტო) შორის გრანტის თაობაზე (პროექტი (GEF-PPG TF-20446) 1998 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
2. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის – სავალუტო), ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ქართულ-ინგლისური წარწერით.
3. ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (შემდგომში – ბანკი, როგორც გარემოს გლობალური ფონდის (GEF) აღმასრულებელი სააგენტო) შორის გრანტის თაობაზე (პროექტი GEF-PPG TF-20446) 1998 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების (შემდგომში – პროექტი) განხორციელება.
4. ცენტრი თავისი ძირითადი მიზნის მისაღწევად მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.68ა.
II. ცენტრის მიზნები და ამოცანები
6. ცენტრის მიზანია პროექტის კოორდინაცია, მართვა, ხელმძღვანელობა და მისი განხორციელება.
7. ცენტრის ამოცანებია:
ა) ეკოლოგიურად ეფექტიანი დაცული ტერიტორიების შექმნისათვის ხელშეწყობა;
ბ) დაცული ტერიტორიების მართვასა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებელი უწყებების საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა;
გ) დაცულ ტერიტორიებსა და მათ გარეთ ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგის, კვლევის, შენარჩუნებისა და აღდგენისათვის ხელშეწყობა;
დ) ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებისა და მისი შენარჩუნების საქმეში მოსახლეობის თანამონაწილეობის მექანიზმების განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ე) პროექტის განხორციელებაში დაინტერესებული მხარეების ბანკთან დაკავშირება;
ვ) ცალკეული საქმიანობისათვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშების საფუძველზე ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის განხილვა და შეფასება;
ზ) პროექტით დადგენილი წესითა და მისი მიზნების მისაღწევად საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დახარჯვა და ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვისათვის საქართველოსა (გრანტის მიმღები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით) და ბანკის წინაშე ანგარიშგება. ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით ბანკისათვის საქმიანობისა და საბუღალტრო ანგარიშების წარდგენა;
თ) პროექტის მსვლელობის ამსახველი ანგარიშების ცენტრის მეურვეთა საბჭოსათვის რეგულარულად წარდგენა;
ი) პროექტთან დაკავშირებული ოპერაციების ამსახველი ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება და ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით ბანკისათვის ინფორმაციის წარდგენა;
კ) პროექტით გათვალისწინებული ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება.
III. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
8. ცენტრის მართვის ორგანოა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის მეურვეთა საბჭო (შემდგომში – მეურვეთა საბჭო).
9. მეურვეთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
10. მეურვეთა საბჭო:
ა) საერთო კოორდინაციას უწევს პროექტის განხორციელებას და პასუხისმგებელია მისი შესრულებისათვის;
ბ) კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას;
გ) წელიწადში ორჯერ (საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად) იხილავს ცენტრის ანგარიშებს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებაში მონაწილე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას პროექტით დასახული მიზნის მისაღწევად;
ე) ახორციელებს პროექტით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
11. მეურვეთა საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ, რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან ცენტრის დირექტორის მოთხოვნით.
12. მეურვეთა საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
13. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ბანკთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
14. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს ბანკთან შეთანხმებული პროექტის ტექნიკური დავალების შესაბამისად და პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის;
ბ) პასუხისმგებელია მეურვეთა საბჭოს წინაშე და მონაწილეობს მის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით;
გ) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით;
დ) ასრულებს თავის მოვალეობას ბანკთან შეთანხმებული ტექნიკური დავალების საფუძველზე ამ დებულებით დასახული მიზნების მისაღწევად და პროექტის ამოცანების შესასრულებლად;
ე) განკარგავს ცენტრის ფინანსურ რესურსებს ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პროექტის მოთხოვნათა შესაბამისად;
ვ) ხსნის ანგარიშს ბანკში;
ზ) სარგებლობს ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით.
IV. ცენტრის ფინანსები
15. ცენტრის ფინანსებს შეადგენს:
ა) ბანკის მიერ პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი გრანტის თანხები;
ბ) საქართველოს ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისათვის გათვალისწინებული სახსრები;
გ) ცენტრის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი.
V. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის მეურვეთა საბჭოს შემადგენლობა
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ლეო გაბუნია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მდივანი
ელგუჯა (გია) გვაზავა – საქართველოს პარლამენტის დაცული ტერიტორიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გიგაური – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი
გუჩა დათუნაიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი
მერაბ დვალი – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი ელიავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
გივი თუმანიშვილი – საქართველოს მწვანეთა სამეცნიერო ასოციაციის პრეზიდენტი
გია ნახუცრიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი
ზურაბ ნემსაძე – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პარლამენტის წევრი
პაატა ტარასაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე
ნოდარ ულუმბერაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
გია შაიშმელაშვილი – საქართველოს პარლამენტის ურბანიზაციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
რამაზ შიშნიაშვილი – საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
დოკუმენტის კომენტარები