საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
391
28/06/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1998
340150000.05.002.000001
საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/1998 - 05/10/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №391

1998 წლის 28 ივნისი

ქ.თბილისი

საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების, მათი აღრიცხვის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების დროულად და სრულად ამოღების მიზნით:

1. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ლიცენზიების საფუძველზე.

ლიცენზიები თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ `საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების დროებითი წესის შესაბამისად.

2. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტი (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდები: 2402; 2403) და საბითუმო ვაჭრობა განხორციელდეს მხოლოდ ლიცენზიების საფუძველზე.

3. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ:

ა) არსებული წესის შესაბამისად გასცეს ლიცენზიები თამბაქოს ნაწარმის იმპორტზე;

ბ) ერთ თვეში შეიმუშაოს და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს თამბაქოს ნაწარმით იმპორტისა და საბითუმო ვაჭრობის ლიცენზირების წესი და მისი დამტკიცების შემდეგ გასცეს თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზიები.

4. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საცალო სავაჭრო ქსელში განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:

ა) საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილ და იმპორტირებულ მზა ნაწარმზე ინფორმაცია პროდუქციის შესახებ უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეიცავდეს: ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის ჩამონათვალსა და ოდენობას; გამოშვების თარიღსა და ვარგისიანობის ვადას; ტექსტს თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ - „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის“, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ერთ-ერთი მოთხოვნა თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მაგალითად, „მოწევა იწვევს კიბოს“, „მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს“, „მოწევა ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას“ და სხვ.;

ბ) ინფორმაცია პროდუქციის შესახებ მზა თამბაქოს ნაწარმის კოლოფზე უნდა იყოს კოლოფის მოცულობის არანაკლებ 6 პროცენტისა;

გ) საცალო სავაჭრო ქსელში დასაშვებია მხოლოდ იმ თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;

დ) თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის იმპორტულის, გაყიდვისას გამყიდველი ვალდებულია იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია ყველა დასახელების საქონელზე, დამოწმებული დამამზადებლის ან მომწოდებლის ხელმოწერითა და ბეჭდით, რომელიც შეიცავს მონაცემებს პროდუქციის სერტიფიცირებისა და სააღრიცხვო დოკუმენტებთან შესაბამისობის შესახებ;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა აკრძალულია სასწავლო, საბავშვო და სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებების ტერიტორიაზე, სასწავლო, სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებების სასადილოებსა და ბუფეტებში;

ვ) აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის საცალო ქსელში გაყიდვა: ზუსტი მარკირებისა და მწარმოებლის მითითების გარეშე; ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ; 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე;

ზ) საცალო სავაჭრო ქსელში მომუშავე იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა არ დაუშვან თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციოდ მიღება მომწოდებლისაგან, რომელსაც არ გააჩნია სათანადო ლიცენზიები, შესაბამისად – წარმოებაზე, იმპორტზე ან საბითუმო ვაჭრობაზე;

თ) თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისას გამყიდველი ვალდებულია გასაყიდი საქონელის ნიმუშებს მიამაგროს ფასმაჩვენებელი.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე), ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი), ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (ვ. მაისურაძე) ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ. პაპავა) შეთანხმებით ერთ თვეში შეიმუშაონ და წარმოადგინონ წინადადებები საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წესების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის შესახებ.

6. თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობისა და იმპორტის ლიცენზირების წესი ამოქმედდეს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის შემდეგ.

7. 1998 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის იმპორტი და წარმოება შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

8. 1998 წლის 1 დეკემბრიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

ე. შევარდნაძე