დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სტანდარტიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30(37), 13/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.160.000.05.001.000.624 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (13/07/1999 - 24/06/2005)
საქართველოს კანონი
სტანდარტიზაციის შესახებ
თავი I.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
1. ეს კანონი ადგენს საქართველოში სტანდარტიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს და აწესრიგებს ურთიერთობებს სტანდარტიზაციის სფეროში.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფარმაკოპეის სტატიებზე.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტანდარტიზაცია – საქმიანობა, რომელიც არსებულ და პოტენციურ ამოცანებთან დაკავშირებით მოწოდებულია დაადგინოს დებულებები საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის და მიზნად ისახავს ამ გზით გარკვეულ სფეროებში ოპტიმალური მოწესრიგების მიღწევას;
ბ) ეროვნული სტანდარტიზაცია – სტანდარტიზაცია, რომელიც ხორციელდება ერთი კონკრეტული ქვეყნის დონეზე;
გ) სტანდარტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;
დ) მეწარმე სუბიექტის სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებული და გამოცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი გამოყენებისათვის. სტანდარტის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს სტანდარტის მიმღები;
ე) ეროვნული სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოს მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;
ვ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;
ზ) რეგიონული სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;
თ) სტანდარტიზაციის ორგანო – ორგანო, რომელიც დასაქმებულია სტანდარტიზაციით, აღიარებულია ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე და რომლის ძირითადი ფუნქციაც მისი სტრუქტურის მიხედვით არის სტანდარტის შემუშავება ან მიღება, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის;
ი) სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო – სტანდარტიზაციის ორგანო, რომელიც აღიარებულია ეროვნულ დონეზე და რომელსაც უფლება აქვს იყოს სტანდარტიზაციის სათანადო საერთაშორისო ან რეგიონული ორგანიზაციის ეროვნული წევრი;
კ) სტანდარტიზაციის პროგრამა – სტანდარტიზაციის ორგანოს მუშაობის გეგმა, რომელშიც ჩამოთვლილია სტანდარტიზაციის სამუშაოთა დასახელებანი;
ლ) სტანდარტის პროექტი – შემოთავაზებული სტანდარტი, რომელიც განკუთვნილია განხილვის, კენჭისყრისა და მიღებისათვის;
მ) ნორმატიული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა სახის საქმიანობისა და მისი შედეგებისათვის;
ნ) შესაბამისობის ნიშანი – დაცული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტს;
ო) სავალდებულო სტანდარტი – სტანდარტი, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის ან რეგლამენტში სავალდებულო მითითებების შესაბამისად;
პ) რეგლამენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სამართლებრივ ნორმებს და მიღებულია სახელმწიფო ორგანოს მიერ;
ჟ) ტექნიკური რეგლამენტი – დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია საქონლის მახასიათებლები ან მასთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები, შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვა სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;
რ) სტანდარტიზაციის სფერო – სტანდარტიზაციის ურთიერთდაკავშირებული ობიექტების ერთობლიობა;
ს) ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტებისათვის ან საკლასიფიკაციო ჯგუფებისათვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას;
ტ) მეწარმე სუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;
უ) შეთავსებადობა – პროდუქციის, პროცესების ან მომსახურების ვარგისიანობა გარკვეულ პირობებში ერთობლივი გამოყენებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს და არ იწვევენ არასასურველ ურთიერთქმედებას;
ფ) ურთიერთშენაცვლებადობა – ერთი პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების უნარი, გამოყენებულ იქნეს სხვა პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ნაცვლად ერთი და იმავე მოთხოვნების შესასრულებლად.
მუხლი 3. სტანდარტიზაციის მიზანი
სტანდარტიზაციის მიზანია:
ა) პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დასაცავად;
ბ) ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების აღმოფხვრა, პროდუქციის ან მომსახურების კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
გ) პროდუქციის ტექნიკური და ინფორმაციული შეთავსებადობის, აგრეთვე ურთიერთშენაცვლებადობის უზრუნველყოფა;
დ) ბუნებრივი, მატერიალური და ეკონომიკური რესურსების დაზოგვა;
ე) პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს ინტერესების წარმოდგენა სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და რეგიონულ საქმიანობაში.
მუხლი 4. სტანდარტიზაციის პრინციპები
სტანდარტიზაციის პრინციპებია:
ა) გამჭვირვალობა, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა და კონკრეტულობა;
ბ) საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თანამედროვეობა და ეკონომიკური ეფექტიანობა;
გ) სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობისა და სტანდარტების გამოყენების ნებაყოფლობითი ხასიათი;
დ) სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ პრინციპებთან შესაბამისობა;
ე) სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში ყველა დაინტერესებული მხარის თანაბარ საწყისებზე მონაწილეობა და გადაწყვეტილებების კონსენსუსის საფუძველზე მიღება.
მუხლი 5. ურთიერთობები სტანდარტიზაციის სფეროში
ურთიერთობები სტანდარტიზაციის სფეროში წესრიგდება ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები სტანდარტიზაციის სფეროში
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები არ შეესაბამება სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით დადგენილ წესებს.
მუხლი 7. სტანდარტიზაციის სამუშაოების ორგანიზება
1. საქართველოში სტანდარტიზაციის სამუშაოების ორგანიზებას, სტანდარტიზაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის, სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებთან, მეწარმე სუბიექტებთან ურთიერთქმედების ჩათვლით, ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომ _ „საქსტანდარტი“).
2. „საქსტანდარტის“ კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სტანდარტიზაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) სტანდარტიზაციის სისტემის შექმნის, განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) სტანდარტიზაციის პროგრამების შემუშავება და მათი ექვს თვეში ერთხელ გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავს სტანდარტების პროექტებს და ბოლო პერიოდში მიღებულ სტანდარტებს;
დ) სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრის მართვა;
ე) სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, მიღების, გამოქვეყნებისა და გავრცელების ორგანიზება;
ვ) სტანდარტიზაციის სფეროში ინფორმაციული უზრუნველყოფის ორგანიზება;
ზ) საერთაშორისო, რეგიონული, ეროვნული და უცხო ქვეყნების სტანდარტების ფონდის, აგრეთვე საინფორმაციო ბანკის შექმნა და ამ ფონდსა და ბანკში არსებული მონაცემების კორექტირება;
თ) სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა;
ი) სტანდარტიზაციის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
კ) ეროვნული სტანდარტების განვითარება და საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების ეროვნულ სტანდარტებად გამოყენების დაშვება;
ლ) სტანდარტიზაციის სფეროში კადრების პროფესიული დონის ამაღლების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სტანდარტიზაციით დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტანდარტების მომზადებაში.
მუხლი 8. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა
1. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა არის ნორმატიული დოკუმენტების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტიზაციის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარებას, ადგენს სტანდარტიზაციის ძირითად დებულებებს და წესებს, სისტემის პრინციპებს და სტრუქტურას, მოთხოვნებს საქართველოში მოქმედი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტებისადმი, ამ დოკუმენტების შემუშავების, შეთანხმების, მიღებისა და რეგისტრაციის წესებს.
2. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა ღიაა დაინტერესებული სახელმწიფოებისათვის მასთან მისაერთებლად.
3. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემის მონაწილეები არიან:
ა) „საქსტანდარტი“;
ბ) სტანდარტიზაციის სფეროს ტექნიკური კომიტეტები;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც სამუშაოებს ახორციელებენ სტანდარტიზაციის სფეროში.
4. „საქსტანდარტი“ პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული სტანდარტიზაციის სისტემის სტანდარტიზაციის პრინციპებთან შესაბამისობაზე.
5. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი არის დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს სტანდარტების შემუშავება და საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტიზაციის სფეროში სამუშაოთა განხორციელება. სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტს არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი.
6. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი, როგორც წესი, იქმნება გარკვეული სახის პროდუქციისა და ტექნოლოგიების და სტანდარტიზაციის სხვა ობიექტების მიხედვით სპეციალიზებული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ორგანიზაციების ბაზაზე. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული სტანდარტების პროექტების შემუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა სტანდარტიზაციის სფეროში
„საქსტანდარტს“, როგორც საქართველოს სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოს, უფლება აქვს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში იყოს საქართველოს წარმომადგენელი.
თავი II.
სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტები
მუხლი 10. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტები
საქართველოში მოქმედი სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტებია:
ა) საქართველოს ეროვნული სტანდარტი (შემდგომ _ საქართველოს სტანდარტი);
ბ) საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო სტანდარტი;
გ) საქართველოს სტანდარტად მიღებული რეგიონული სტანდარტი;
დ) ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორი;
ე) მეწარმე სუბიექტის სტანდარტი.
მუხლი 11. საქართველოს სტანდარტები, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორები
1. საქართველოს სტანდარტის პროექტი უნდა შემუშავდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (შემდგომ – მსო) „სტანდარტების შემუშავების, მიღებისა და გამოყენების შესახებ კეთილსინდისიერი ქმედების კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად.
2. საქართველოს სტანდარტის შემუშავების საფუძველია საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები ან დამთავრების სტადიაზე მყოფი მათი პროექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები ან მათი ცალკეული ნორმები არაეფექტიანია კანონიერი მიზნების მისაღწევად (ძირითადი კლიმატური და გეოგრაფიული ფაქტორების ან ტექნოლოგიური პრობლემების გამო).
3. სტანდარტის მიღებამდე დაინტერესებულ მხარეებს სტანდარტის პროექტზე შენიშვნების წარდგენისათვის ეძლევათ 60 დღის ვადა. ეს ვადა შეიძლება შემცირდეს, თუ იქმნება ან შესაძლოა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემები.
4. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტის მომზადება, მიღება და გამოყენება არ უნდა ქმნიდეს ვაჭრობაში იმაზე მეტ დაბრკოლებებს, ვიდრე ეს საჭიროა კანონიერი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად, აგრეთვე მცდარი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად.
5. საქართველოს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა, თუ:
ა) ეს დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით ან მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში;
ბ) მწარმოებელმა ან მომსახურების მიმწოდებელმა იკისრა ეს ვალდებულება შესაბამისობის შემოწმებით.
6. საქართველოს სტანდარტთან პროდუქციის ან მომსახურების შესაბამისობა შეიძლება დადასტურდეს პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის ნიშნით ნიშანდების გზით. მეწარმე სუბიექტები, აგრეთვე პროდუქცია და მომსახურება, რომლებიც ნიშანდებულია შესაბამისობის ნიშნით, შეიტანება საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული პროდუქციისა და მომსახურების სახელმწიფო რეესტრში. საქართველოს სტანდარტებთან პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის ნიშნის ფორმისა და ნიშანდების, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
7. საქართველოს სტანდარტებს იღებს „საქსტანდარტი“ ამ კანონის შესაბამისად.
8. საქართველოს სტანდარტი სამოქმედოდ შემოიღება „საქსტანდარტში“ მისი სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.
9. ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების შემუშავების, დამტკიცების, ამოქმედების და გამოყენების წესებს ადგენს „საქსტანდარტი“.
მუხლი 12. მეწარმე სუბიექტის სტანდარტი
მეწარმე სუბიექტის სტანდარტი შეიძლება შეიმუშაოს და მიიღოს ამ სუბიექტმა. მეწარმე სუბიექტი სტანდარტს შეიმუშავებს, თუ არ არსებობს პროდუქციის ან მომსახურების საქართველოს სტანდარტები ან საქართველოს სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები საჭიროებს დამატებებს. მეწარმე სუბიექტი პასუხისმგებელია თავისი სტანდარტის სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მეწარმე სუბიექტის სტანდარტი ამოქმედდება მისი სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.
თავი III.
ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 13. ტექნიკური რეგლამენტი
1. ტექნიკური რეგლამენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ მოთხოვნებს პროდუქციის ან მომსახურებისათვის.
2. ტექნიკური რეგლამენტი პროდუქციის ან მომსახურებისათვის ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს პირდაპირ ან საქართველოს სტანდარტებზე მითითებით და მათი სავალდებულო გამოყენების დადგენით.
3. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების, მიღებისა და გამოქვეყნების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ტექნიკური რეგლამენტი არ უნდა ზღუდავდეს ვაჭრობას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა კანონიერი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად, აგრეთვე მცდარი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად. ეს რეგლამენტი აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს ამ მიზნების შეუსრულებლობის შედეგად მოსალოდნელ რისკს. ამ რისკის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ხელმისაწვდომი სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაცია, გადამუშავების შესაბამისი ტექნოლოგია ან საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენება.
5. შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების არსებობისას, ეს სტანდარტები ან მათი ცალკეული ნორმები გამოიყენება ტექნიკური რეგლამენტის საფუძვლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საერთაშორისო სტანდარტები ან მათი ცალკეული ნორმები არაეფექტიანია კანონიერი მიზნების მისაღწევად (ძირითადი კლიმატური და გეოგრაფიული ფაქტორების ან ტექნოლოგიური პრობლემების გამო).
6. საქონლის ან მომსახურების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დამოწმება სავალდებულოა. სავალდებულო დამოწმების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
7. ტექნიკური რეგლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მსო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის მიმართ არ უნდა გამოიყენებოდეს იმ რეჟიმზე ნაკლებად ხელსაყრელი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წარმოებული იმავე ტიპის საქონლისათვის.
8. ტექნიკური რეგლამენტი აღარ გამოიყენება, თუ მისი მიღების განმსაზღვრელი პირობები და მიზნები აღარ არსებობს ან შეცვლილი გარემოებები და მიზნები შეიძლება ვაჭრობის ნაკლებად შემზღუდველად ჩაითვალოს.
9. მსო-ს წევრი ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში ითვლება ეკვივალენტურად მისაღებად იმ შემთხვევაშიც, თუ ეს რეგლამენტი განსხვავდება საქართველოს ტექნიკური რეგლამენტისაგან, მაგრამ ადეკვატურად ახორციელებს საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV.
შესაბამისობის დადასტურება
მუხლი 14. შესაბამისობის დადასტურება
1. შესაბამისობის დადასტურება არის პროდუქციის, მომსახურების ან წარმოების პროცესის სტანდარტთან შესაბამისობის ნებაყოფლობითი ან სავალდებულო შემოწმება.
2. შესაბამისობის დადასტურების პროცედურის შემუშავება, დამტკიცება და გამოყენება არ უნდა ქმნიდეს ვაჭრობაში ტექნიკურ დაბრკოლებებს. მსო-ს წევრ ქვეყანაში გამოყენებული შესაბამისობის დადასტურების პროცედურა საქართველოში მიღებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პროცედურა განსხვავდება საქართველოში გამოყენებული პროცედურებისაგან, მაგრამ მათი ეკვივალენტურია და უზრუნველყოფს ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობას.
3. შესაბამისობის დადასტურების პროცედურის შემუშავების, დამტკიცებისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი V.
ინფორმაცია სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის დადგენის პროცედურების შესახებ
მუხლი 15. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების გამოქვეყნება
1. საქართველოს სტანდარტების პროექტების და მიღებული სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სტანდარტები და კლასიფიკატორები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.
2. „საქსტანდარტი“ უზრუნველყოფს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, უცხო ქვეყნების ეროვნული სტანდარტების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას; სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; ქმნის საქართველოს სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, უცხო ქვეყნების ეროვნული სტანდარტების ფონდს და საინფორმაციო ბანკს, აგრეთვე ახორციელებს ამ ფონდსა და ბანკში არსებული მონაცემების კორექტირებას. ამ ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. „საქსტანდარტს“ აქვს საქართველოს სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების დადგენილი წესით ოფიციალური გამოქვეყნების განსაკუთრებული უფლება.
4. საქართველოს სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების გამოქვეყნების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
5. „საქსტანდარტს“ აქვს საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული პროდუქციისა და მომსახურების კატალოგში შეტანილი მონაცემების ოფიციალური გამოქვეყნების განსაკუთრებული უფლება.
6. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების ოფიციალურ გამოცემად ითვლება მათი გამოქვეყნება ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და „საქსტანდარტის“ მიერ გამოცემულ სტანდარტების საინფორმაციო კრებულში „საქართველოს სტანდარტები. მაჩვენებელი“.
7. „საქსტანდარტთან“ ფუნქციონირებს სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც:
ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, ტექნიკური რეგლამენტის, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას;
ბ) პასუხობს დაინტერესებული მხარეების და მსო-ს წევრი ქვეყნების შეკითხვებს და აწვდის მათ შესაბამის დოკუმენტაციას:
ბ.ა) მიღებულ და მისაღებ ტექნიკურ რეგლამენტებზე;
ბ.ბ) მიღებულ და მისაღებ სტანდარტებზე;
ბ.გ) დამტკიცებულ და მისაღებ შესაბამისობის დადასტურების პროცედურებზე;
გ) მომხმარებელს წარუდგენს ინფორმაციას ტექნიკური რეგლამენტის, სტანდარტების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების და სტანდარტებთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ;
დ) მომხმარებელს წარუდგენს ინფორმაციას უცხო ქვეყნებიდან მიღებული სტანდარტების თარგმნის შესახებ;
ე) თანამშრომლობს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან სტანდარტიზციისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროში;
ვ) თანამშრომლობს მსო-ს სამდივნოსთან და მსო-ს წევრ ქვეყნებთან სტანდარტიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების შესახებ“ მსო-ს წევრი ქვეყნების შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
8. საინფორმაციო ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ნებისმიერი გადასახადი, მიწოდების რეალური ხარჯების გარდა, უნდა იყოს თანაბარი საქართველოსა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.
9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ქმნიან საინფორმაციო ცენტრებს, რომლებიც „საქსტანდარტის“ მთავარ საინფორმაციო ცენტრს უზრუნველყოფენ შესამუშავებელი და მიღებული ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტების შესახებ ინფორმაციით.
მუხლი 16. შეტყობინება ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისობის პროცედურის შესახებ
1. თუ არ არსებობს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი ან მისაღები ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური შინაარსი არ შეესაბამება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის ტექნიკურ შინაარსს და ტექნიკურმა რეგლამენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე:
ა) ქვეყნდება შეტყობინება „საქართველოს სტანდარტებში” ტექნიკური რეგლამენტის პროექტის განხილვის ადრეულ სტადიაზე, რათა მსო-ს წევრ ქვეყნებს მიეცეთ ამ რეგლამენტის პროექტის გაცნობისა და მის შესახებ წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა;
ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს მსო-ს სამდივნოს მეშვეობით ეცნობებათ იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს მისაღები ტექნიკური რეგლამენტი. ეს შეტყობინება იგზავნება ტექნიკური რეგლამენტის განხილვის ადრეულ სტადიაზე, სანამ შესაძლებელია პროექტში შესწორებების შეტანა და შენიშვნების გათვალისწინება;
გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.
2. ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების წარმოქმნის ან წარმოქმნის საშიშროების შემთხვევაში ტექნიკური რეგლამენტის მიღების შემდეგ:
ა) მსო-ს წევრ ქვეყნებს მსო-ს სამდივნოს მეშვეობით ეცნობებათ მიღებული ტექნიკური რეგლამენტის და იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს ეს რეგლამენტი;
ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეგზავნებათ ტექნიკური რეგლამენტის ასლები მოთხოვნისამებრ;
გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.
3. ყველა მიღებული ტექნიკური რეგლამენტი უნდა გამოქვეყნდეს დროულად და გახდეს ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისათვის.
4. ტექნიკური რეგლამენტის გამოქვეყნებასა და ამოქმედებას შორის უნდა დაწესდეს რეალური ვადა, რათა მწარმოებლებს მიეცეთ საკმარისი დრო თავიანთი პროდუქციის ან წარმოების მეთოდების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
5. თუ არ არსებობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოს შესაბამისი რეკომენდაცია ან შესამუშავებელი შესაბამისობის დადასტურების პროცედურის ტექნიკური შინაარსი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების რეკომენდაციებს არ შეესაბამება და ამ პროცედურას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე:
ა) ქვეყნდება შეტყობინება ამ პროცედურის შესახებ მისი განხილვის ადრეულ სტადიაზე „საქართველოს სტანდარტებში”, რათა მსო-ს წევრ ქვეყნებს მიეცეთ მისი გაცნობისა და შესაბამისობის დადასტურების პროცედურის შემუშავების შესახებ წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა;
ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს მსო-ს სამდივნოს მეშვეობით ეცნობებათ იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს მისაღები შესაბამისობის დადასტურების პროცედურა;
გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.
6. ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების წარმოქმნის ან წარმოქმნის საშიშროების შემთხვევაში შესაბამისობის დადასტურების პროცედურების მიღების შემდეგ:
ა) მსო-ს სამდივნოს მეშვეობით მსო-ს წევრ ქვეყნებს ეცნობებათ მიღებული შესაბამისობის დადასტურების პროცედურისა და იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც მოიცავს ეს პროცედურა;
ბ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეგზავნებათ შესაბამისობის დადასტურების პროცედურის ასლები მოთხოვნისამებრ;
გ) მსო-ს წევრ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, წარადგინონ წერილობითი შენიშვნები, განიხილონ ისინი მოთხოვნისამებრ და მხედველობაში მიიღონ ეს შენიშვნები და მათი განხილვის შედეგები.
7. მიღებული შესაბამისობის დადასტურების პროცედურა უნდა გამოქვეყნდეს დროულად, აგრეთვე მსო-ს წევრ ქვეყნებს უნდა მიეცეთ მათი გაცნობის შესაძლებლობა.
8. შესაბამისობის დადასტურების პროცედურის გამოქვეყნებასა და ამოქმედებას შორის უნდა დაწესდეს რეალური ვადა, რათა მწარმოებლებს მიეცეთ საკმარისი დრო თავიანთი პროდუქციისა და წარმოების მეთოდების შესაბამისობის დადასტურების პროცედურის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
თავი VI.
საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
მუხლი 17. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
1. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება პროდუქციის შემუშავების, წარმოებისათვის მომზადების, დამზადების, რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), გამოყენების (ექსპლუატაციის), შენახვის, ტრანსპორტირების დროს, აგრეთვე მომსახურების გაწევისას.
2. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის წესს ადგენს „საქსტანდარტი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 18. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანოები
1. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ „საქსტანდარტი“ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭებათ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება.
2. შესამოწმებელი ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან შექმნან ყველა აუცილებელი პირობა სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გასახორციელებლად.
მუხლი 19. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირები, მათი უფლებები და პასუხისმგებლობა
1. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომელთაც უფლება აქვთ:
ა) სტანდარტიზაციის სფეროს ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად აიღონ პროდუქციისა და მომსახურების ნიმუშები და სინჯები;
ბ) გასცენ მიწერილობა შემოწმებული პროდუქციის, მათ შორის, საქართველოში იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), გამოყენების (ექსპლუატაციის), აგრეთვე მომსახურების გაწევის შეჩერებისა და აკრძალვის შესახებ.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირები მათთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების, აგრეთვე მატერიალური ზიანის მიყენების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII.
პასუხისმგებლობა საქართველოს სტანდარტიზაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 20. პასუხისმგებლობა საქართველოს სტანდარტიზაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა სტანდარტიზაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII.
სახელმწიფო სტანდარტიზაციის, კონტროლისა და ზედამხედველობის სამუშაოების დაფინანსება, საქართველოს სტანდარტების გამოყენების სტიმულირება
მუხლი 21. სახელმწიფო სტანდარტიზაციის, კონტროლისა და ზედამხედველობის სამუშაოების დაფინანსება
1. სავალდებულო სახელმწიფო დაფინანსებას ექვემდებარება:
ა) კონკრეტულ პროდუქციაზე საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ფუძემდებლური და საერთო-ტექნიკური სტანდარტების კომპლექსების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების შემუშავების, მიღებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) სტანდარტიზაციის სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამუშაოების გახორციელება;
გ) საქართველოს სავალდებულო სტანდარტების დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გახორციელება;
დ) საქართველოს სტანდარტების ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების, უცხო ქვეყნების ეროვნული სტანდარტების სახელმწიფო ფონდის შექმნა და ამ ფონდში არსებული მონაცემების კორექტირება, აგრეთვე საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ე) „საქსტანდარტის“ მმართველობითი საქმიანობა;
ვ) სახელმწიფო სტანდარტიზაციის სხვა სამუშაოები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა;
ზ) საქართველოს საწევრო შენატანები სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში.
2. სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე თავდაცვისათვის საჭირო პროდუქციის წარმოების შექმნისა და განვითარების პროგრამების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის ნორმატიული უზრუნველყოფა.
მუხლი 22. საქართველოს სტანდარტების გამოყენების სტიმულირება
1. სახელმწიფო აძლევს ეკონომიკური მხარდაჭერისა და სტიმულირების გარანტიებს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აწარმოებენ საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნით ნიშანდებულ პროდუქციას ან ეწევიან ამ სტანდარტების (მათ შორის, ისეთი სტანდარტების, რომლებიც შეიცავს პერსპექტიულ მოთხოვნებს, ტრადიციული ტექნოლოგიების წინმსწრებ შესაძლებლობებს) შესაბამის მომსახურებას.
2. იმ მეწარმე სუბიექტების ეკონომიკური მხარდაჭერისა და სტიმულირების ღონისძიებები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას ან ეწევიან მომსახურებას საქართველოს სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IX.
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 23. საქართველოს სავალდებულო სტანდარტების მოქმედება
1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სტანდარტები ინარჩუნებს სავალდებულო ძალას „საქსტანდარტის“ მიერ მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე „საქსტანდარტმა“, დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, გამოაქვეყნოს იმ სტანდარტების ნუსხა, რომლებიც კარგავს სავალდებულო ძალას.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა დაამტკიცონ და გამოაქვეყნონ ის ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც ითვალისწინებს პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების ხარისხის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დაცვის უზრუნველმყოფი სტანდარტების სავალდებულო ძალის შენარჩუნებას.
4. საქართველოს სავალდებულო სტანდარტები საქართველოს მსო-ში გაწევრიანების დღიდან 3 წლის განმავლობაში გადაკეთდება ნებაყოფლობით სტანდარტებად.
თავი X.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 24. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996).
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2197-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები