სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29(36), 10/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.110.010.05.001.000.623
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2195
25/06/1999
სსმ, 29(36), 10/07/1999
340.110.010.05.001.000.623
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/07/1999 - 28/12/2005)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის დროს წარმოქმნილ ურთიერთობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება ამ კანონის დანართში ჩამოთვლილ ბოტანიკურ გვარებსა და სახეობებს მიკუთვნებული ადგილობრივი და უცხო წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისათვის განკუთვნილი სათესი და სარგავი მასალის ყველა სახეზე.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ შედგება ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, რომელსაც სამართლებრივი დაცვითუნარიანობის მიუხედავად გააჩნია მოცემული გენოტიპის (გენოტიპების) კომბინაციებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და ცნობილი კლასების უდაბლესი ერთეულის ფარგლებში, იმავე ბოტანიკური ტაქსონის მცენარეთა სხვა ჯგუფისაგან ერთი ნიშან-თვისებით მაინც განსხვავდება; მცენარის ჯიში არის მთელი, განუყოფელი ერთეული მისი სახეშეუცვლელად მიღება-გამრავლების მხრივ;

ბ) პირველი თაობის ჰიბრიდი – გენეტიკურად განსხვავებული ფორმების შეჯვარების შედეგად პირველ წელს მიღებული თაობა;

გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ცნობილი ჯიშებისაგან განსხვავება განაცხადის შეტანის დღისთვის; მცენარის ჯიში ცნობილად ითვლება, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია ოფიციალურ კატალოგში და საცნობარო ფონდებში, აღწერილი და გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვების მიზნით მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან გასავრცელებლად დაშვების სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული;

დ) ერთგვაროვნება – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით;

ე) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები;

ვ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების უფლებას;

ზ) დიპლომი – სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ მცენარის ჯიში შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სახელმწიფო რეესტრში;

თ) გასავრცელებლად დაშვება – მცენარის ჯიშის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების ნებართვა, რომელშიც მითითებულია მცენარის ჯიშის გავრცელების ხელსაყრელი ზონები;

ი) საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების ჩამონათვალი;

კ) მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა – სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მცენარის ჯიშის მონაცემებთან შედარებით, ისეთი მცენარის ჯიშის სამეურნეოდ სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს მისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ერთი ან რამდენიმე ზონისათვის; ამ მონაცემების შეფასება წარმოებს მცენარის ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეთანწყობა-კომპენსირების პრინციპით;

ლ) მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვითუნარიანობა – მცენარის ჯიში, რომელიც აკმაყოფილებს მისი სამართლებრივი დაცვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

მ) სელექციონერი – პირი, რომელმაც შექმნა, გამოავლინა ან გამოიყვანა მცენარის ჯიში;

ნ) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა – მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე საგანაცხადო მასალის სისრულისა და გაფორმების, აგრეთვე მასში აღწერილი ობიექტის ერთიანობის შემოწმება;

ო) თესლი – სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი, აგრეთვე სათესი მასალის ყველა ბოტანიკური სახე: ხეხილის, კენკროვნების, დეკორატიული ყვავილებისა და სამკურნალო მცენარეების ნაყოფები, რთული ნაყოფის ნაწილები, თანანაყოფები;

პ) სარგავი მასალა – სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩითილები, ხეხილის, კენკროვნების, დეკორატიული ყვავილების, სამკურნალო მცენარეების, ვაზის, ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების ვეგეტატიურად გასამრავლებელი მასალა;

ჟ) მცენარის ჯიშის შემნარჩუნებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში და პასუხისმგებელია მცენარის ჯიშის იმ ნიშან-თვისებათა შენარჩუნებაზე, რომლის საფუძველზედაც მცენარის ჯიში შეტანილი იქნა სახელმწიფო რეესტრში;

რ) სელექციონერის მიერ მიღებული თესლი (ორიგინალური თესლი) – წინასაბაზისო თესლის წინა თაობის თესლი, რომელიც მიღებულია მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ;

ს) წინასაბაზისო თესლი (სუპერ-ელიტა) – სელექციონერის თესლის გამრავლებით მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ მიღებული საბაზისო თესლის წინა თაობის თესლი;

ტ) საბაზისო თესლი (ელიტა) – წინასაბაზისო თესლის გამრავლებით მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ მიღებული თესლი;

უ) პირველი რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლი – საბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი;

ფ) მეორე რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლი – პირველი რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლის გამრავლებით მიღებული სათესლე ან სასურსათო დანიშნულების თესლი;

ქ) ხარისხიანი თესლი (სარგავი მასალა) – სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი ან მრავალწლიანი კულტურების ნერგი, რომელიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;

ღ) თესლის ხარისხი – თესლის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები (სიწმინდე, გაღივება, 1000 მარცვლის მასა, ტენიანობა, სიცოცხლისუნარიანობა), რომლებიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;

ყ) თესლის სიცოცხლისუნარიანობა – თესლის (სარგავი მასალის) მდგომარეობა მასში მავნებელ-დაავადებათა არსებობის გათვალისწინებით;

შ) ნათესების მინდვრად ინსპექტირება (აპრობაცია) – სათესლედ განკუთვნილი ნათესების ჯიშობრივი იდენტიფიკაცია და ჯიშობრივი სიწმინდის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;

ჩ) ნარგაობის ინსპექტირება (აპრობაცია) – მრავალწლიანი კულტურების – ხეხილის, ვენახის, ჩაის, ციტრუსებისა და სხვა ნარგაობის ჯიშობრივი იდენტიფიკაცია და ჯიშობრივი სიწმინდის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;

ც) ხარისხის სერტიფიკატი – თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა;

ძ) ანალიზის შედეგი – ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის განსაზღვრისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი;

წ) თესლის (სარგავი მასალის) პარტია – ერთი და იმავე ხარისხის ნებისმიერი რაოდენობის თესლი (სარგავი მასალა), რომელიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;

ჭ) სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა – თესლის მარკეტინგისათვის დაშვება თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად;

ხ) განსაკუთრებული უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც უფლება აქვს შეხედულებისამებრ გამოიყენოს მცენარის ჯიში, რაზედაც მას აქვს განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი, სამართლებრივი დაცვის მოწმობა; ამ მოწმობით განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია სამართლებრივად დაცული მცენარის ჯიში შეიტანოს სამოქალაქო ბრუნვაში და მიიღოს მისგან შემოსავალი, აგრეთვე გაყიდოს ან გაასხვისოს მოწმობა.

    მუხლი 4. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის სახელმწიფო სისტემა

მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის სახელმწიფო სისტემა შედგება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შემდეგი დაწესებულებებისაგან:

ა) სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექცია;

ბ) თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია;

გ) ფიტოსანიტარიული კარანტინის ინსპექცია;

დ) საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრი (შემდგომში – საქჯიშცენტრი);

ე) მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისია.

    მუხლი 5. „საქჯიშცენტრის“ ფუნქციები და მოვალეობანი

1. „საქჯიშცენტრი“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს მცენარის ჯიშზე სელექციონერის უფლებებს.

2. „საქჯიშცენტრი“ იღებს გადაწყვეტილებას მცენარის ჯიშის სამართლებრივ დაცვაზე და გასცემს განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელ მოწმობას.

3. „საქჯიშცენტრის“ ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

4. „საქჯიშცენტრს“ ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. „საქჯიშცენტრის“ ფინანსური წყაროებია შემდეგი მოქმედებებისათვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურებიდან მიღებული შემოსავალი:

ა) მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვისა და გასავრცელებლად დაშვების განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის;

ბ) მცენარის ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე სახელმწიფო გამოცდის ჩატარებისათვის;

გ) მცენარის ჯიშის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის;

დ) მცენარის ჯიშის დამცავი დოკუმენტების (მოწმობა, დიპლომი) გაცემისათვის;

ე) მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვისა და გასავრცელებლად დაშვების შენარჩუნებისათვის;

ვ) „საქჯიშცენტრის“ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების ჩატარებისათვის;

ზ) საინფორმაციო, საკონსულტაციო მომსახურებისა და კვლევითი საქმიანობისათვის.

6. „საქჯიშცენტრის“ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ირიცხება მის ანგარიშზე, რომელსაც თვითონ განკარგავს. „საქჯიშცენტრის“ მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხა გადაირიცხება მომავალი წლის ანგარიშზე.

7. დასაშვებია „საქჯიშცენტრისათვის“ სახსრების, მათ შორის, გრანტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

8. „საქჯიშცენტრი“ ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომდევნო წლის ბიუჯეტს, რომელშიც აისახება „საქჯიშცენტრის“ ყველა ხარჯი და მისი დაფარვის წყარო.

9. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების დიპლომს გასცემს „საქჯიშცენტრი“ მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების შესახებ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

10. „საქჯიშცენტრის“ ბიუჯეტს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.

    მუხლი 6. მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისიის ფუნქციები და მოვალეობანი

1. მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისია არის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მინისტრის ბრძანებით, საზოგადოებრივ საწყისებზე.

2. მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისია:

ა) იღებს რეკომენდაციებს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების შესახებ და წარუდგენს მინისტრს;

ბ) „საქჯიშცენტრის“ წარდგინებით განიხილავს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებისას საგანაცხადო მასალას.

3. მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისია იქმნება 20 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ნახევარი სახელმწიფო მოხელეები არიან. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით, კომისიის იმ წევრთაგან, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

    მუხლი 7. საქართველოში შექმნილი, გამოყვანილი ან გამოვლენილი მცენარის ჯიშის სამართლებრივ დაცვასა და გასავრცელებლად დაშვებაზე განაცხადის წარდგენა სხვა ქვეყანაში

1. საქართველოში შექმნილი, გამოყვანილი ან გამოვლენილი მცენარის ჯიშის სამართლებრივ დაცვაზე ან/და გასავრცელებლად დაშვებაზე სხვა ქვეყნის შესაბამის უწყებაში განაცხადის წარდგენამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის შესახებ „საქჯიშცენტრს“.

2. სხვა ქვეყანაში მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან/და გასავრცელებლად დაშვების შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია „საქჯიშცენტრს“ მიაწოდოს შესაბამისი დამცავი დოკუმენტების ასლები (ქართული თარგმანის ჩათვლით).

თავი II

მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება

    მუხლი 8. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებას ექვემდებარება სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციის მიერ რეკომენდებული მცენარეთა ჯიშების შემდეგი კატეგორიები:

ა) ადგილობრივი და უცხო წარმოშობის მცენარეთა ჯიშები და ჰიბრიდები;

ბ) „სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაცული ჯიშები და ჰიბრიდები.

    მუხლი 9. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადის წარდგენა

1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადს „საქჯიშცენტრში“ წარადგენს სელექციონერი, მისი უფლებამონაცვლე ან წარმომადგენელი.

2. განაცხადი მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადებას მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე, რომელშიც მითითებული იქნება განმცხადებლის, აგრეთვე სელექციონერის სახელი, გვარი და იურიდიული მისამართი;

ბ) მცენარის ჯიშის აღწერილობას (მცენარის ჯიშის ძირითადი მორფო-ბიოლოგიური, ბოტანიკური ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება).

3. განაცხადს „საქჯიშცენტრში“ წარდგენის დღიდან 1 თვის ვადაში უნდა დაერთოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

4. განცხადება მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა – ნებისმიერ უცხო ენაზე. საგანაცხადო მასალის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 2 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქართული თარგმანი.

5. განაცხადის მიმართ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

6. განაცხადის წარდგენა „საქჯიშცენტრში“ ხდება უშუალოდ შეტანით ან სხვა საშუალებით.

    მუხლი 10. მოთხოვნები მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადის მიმართ

1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადი მიიღება, თუ:

ა) მცენარის ჯიშის დასახელება შეთანხმებულია „საქჯიშცენტრთან“;

ბ) მცენარის ჯიში განსხვავდება სხვა ცნობილი ჯიშებისაგან;

გ) მცენარის ჯიში შედგენილობით ერთგვაროვანია;

დ) მცენარის ჯიში თაობაში სტაბილურია;

ე) მცენარის ჯიშის ის სახეობა, რომელსაც განეკუთვნება მცენარის ჯიში, შეტანილია ამ კანონის დანართში.

2. მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა განისაზღვრება სახელმწიფო გამოცდის შედეგების საფუძველზე, თაობაში შენარჩუნებული სამეურნეოდ სასარგებლო ნიშან-თვისებებით, საკონტროლო ჯიშთან შედარებით.

    მუხლი 11. მცენარის ჯიშის გამოცდა და გასავრცელებლად დაშვება

1. მცენარის ჯიშის გამოცდა მის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ტარდება სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციის მიერ და წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მცენარის ჯიშის გამოცდა მის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ტარდება ორი ვეგეტაციის განმავლობაში, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

3. მცენარის ჯიშის სახელმწიფო გამოცდა მის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ტარდება საქართველოს შესაბამის ნიადაგურ-კლიმატურ ზონებში არსებულ სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციის სადგურებში ან სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციასთან შეთანხმებით, საამისოდ შერჩეულ ადგილებში.

4. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების რეკომენდაცია მიიღება მის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე სახელმწიფო გამოცდის 2 წლის მონაცემების საფუძველზე, მესამე წელს სახელმწიფო გამოცდის გაგრძელების აუცილებლობის პირობით.

5. მცენარის ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე სახელმწიფო გამოცდისათვის განმცხადებელი ვალდებულია სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციას უსასყიდლოდ გადასცეს საჭირო რაოდენობის თესლი (ნერგი) მითითებულ მისამართზე და განსაზღვრულ ვადებში.

6. თუ სახელმწიფო გამოცდის შედეგების მიხედვით, მცენარის ჯიში სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის მაჩვენებლებით აღემატება ადგილობრივად გავრცელებულ მცენარის ჯიშს, მაშინ ასეთი ჯიშის საგანაცხადო მასალა გადაეცემა „საქჯიშცენტრს“, რომელიც მას გადასცემს მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისიას რეკომენდაციის მისაღებად.

7. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები მცენარეთა ჯიშების მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში.

8. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მცენარეთა ჯიშების მონაცემების ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ შეიტანოს გასავრცელებლად დასაშვები მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის კრიტერიუმების უარყოფასთან დაკავშირებული პრეტენზია.

9. „საქჯიშცენტრი“ დაინტერესებული პირის მიერ ამ ვადაში წარდგენილი პრეტენზიის მასალას უგზავნის განმცხადებელს და სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციას, რომლებსაც უფლება აქვთ 2 თვის ვადაში წარუდგინონ „საქჯიშცენტრს“ წერილობითი პასუხი.

10. თუ განმცხადებელმა სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციასთან შეთანხმებით ამ ვადაში არ წარადგინა „საქჯიშცენტრში“ დასაბუთებული პასუხი, ეს უკანასკნელი 2 თვის ვადაში განიხილავს პრეტენზიას და წარუდგენს მას მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისიას, რომელიც იღებს რეკომენდაციას მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების თაობაზე.

11. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება ფორმდება სახელმწიფო რეესტრში შეტანით, ხოლო განცხადებაში მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გაიცემა მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების დიპლომი.

12. განმცხადებელს ან მის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს მცენარის ვეგეტაციის პერიოდში, საკონტროლო ნაკვეთში აწარმოოს დაკვირვება განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, მათ მიერ მოწოდებული გასავრცელებლად დასაშვები მცენარის ჯიშის სახელმწიფო გამოცდის მიმდინარეობაზე.

13. სახელმწიფო რეესტრის საფუძველზე „საქჯიშცენტრი“ ყოველწლიურად გამოსცემს „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების ჩამონათვალს“, რომელიც არის ოფიციალური გამოცემა და შეიცავს მცენარეთა თითოეული ჯიშის მორფო-ბიოლოგიურ, ბოტანიკურ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას.

14. მცენარის ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე სახელმწიფო გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები გადაეცემა განმცხადებელს, მის უფლებამონაცვლეს ან წარმომადგენელს.

15. მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე სახელმწიფო გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები გადაეცემა მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისიას, მეთესლეობის ეროვნულ საბჭოს და განმცხადებლის თანხმობით ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში.

    მუხლი 12. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების შეწყვეტა

1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება შეიძლება შეწყვეტილი იქნეს, თუ:

ა) მცენარის ჯიშს არ შეუნარჩუნდა განსხვავებულობა, ერთგვაროვნება და სტაბილურობა;

ბ) მცენარის ჯიშის შემნარჩუნებელმა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე განმეორებითი სახელმწიფო გამოცდისათვის, რომელიც ტარდება 8-9 წელიწადში ერთხელ, არ წარადგინა თესლი (ნერგი);

გ) მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა, ხოლო ახალი ჯერ არ არის წარმოდგენილი;

დ) გადახდილი არ არის გასავრცელებლად დაშვების საფასური;

ე) ამას ითხოვს მცენარის ჯიშის შემნარჩუნებელი;

ვ) მცენარის ჯიშის შემნარჩუნებელი უარს აცხადებს ჯიშის შენარჩუნებაზე;

ზ) მცენარის ჯიში საზიანოა ადამიანისათვის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ტერიტორიაზე მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების შეწყვეტის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში. დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურ გამოცემაში ასეთი მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ „საქჯიშცენტრში“ შეიტანოს დასაბუთებული პრეტენზია, განსაზღვრული საფასურის გადახდის პირობით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების შეწყვეტა აღინიშნება სახელმწიფო რეესტრში სპეციალური ჩანაწერით.

    მუხლი 13. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება, გამოქვეყნება

1. „საქჯიშცენტრი“ პასუხს აგებს:

ა) მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის განაცხადის მიღებაზე, განხილვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე;

ბ) მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადის მიღებაზე და შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე.

2. მცენარის ჯიშის სამართლებრივ დაცვასა და გასავრცელებლად დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და შესაბამისი დოკუმენტების გაცემამდე ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში „საქჯიშცენტრი“ ასეთი მცენარეთა ჯიშების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ გამოცემაში და გაცნობის მიზნით აწყობს საგანაცხადო მასალის გამოფენას.

3. „საქჯიშცენტრი“ ყოველწლიურად გამოსცემს „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების ჩამონათვალს.“

4. „საქჯიშცენტრი“ განმცხადებელთან შეთანხმებით სახელმწიფო გამოცდის შედეგებს აქვეყნებს „საქჯიშცენტრის“ ბიულეტენში.

5. მეთესლეობის დარგის მართვის ოპტიმიზაციისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება მეთესლეობის ეროვნული საბჭო, როგორც სათათბირო ორგანო.

6. მეთესლეობის ეროვნული საბჭოს სტატუსს განსაზღვრავს, შემადგენლობასა და რეგლამენტს ამტკიცებს მინისტრი.

7. მეთესლეობის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში თანაბრად შედიან სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

8. სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექცია ვალდებულია ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ყველა მცენარის ჯიშის ეტალონური კოლექცია.

    მუხლი 14. ხელახალი ექსპერტიზის პროცედურა

1. „საქჯიშცენტრის“ ან მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების კომისიის რეკომენდაცია ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისათვის წარედგინება სამინისტროს.

2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით, გადაწყვეტილების მისაღებად, სამი წევრის შემადგენლობით იქმნება ექსპერტთა საბჭო.

3. ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს მინისტრი.

4. ექსპერტთა საბჭო დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავისი მუშაობის რეგლამენტს და პროცედურას.

5. ექსპერტთა საბჭოს სამი წევრიდან ერთი უნდა იყოს სამართლის სპეციალისტი, ხოლო ორი – სოფლის მეურნეობის სპეციალისტი.

6. ექსპერტთა საბჭოს წევრი არ უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე.

7. ექსპერტთა საბჭოში შეტანილი პრეტენზია განიხილება განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ.

8. ექსპერტთა საბჭოს გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პრეტენზიას განიხილავს სასამართლო.

9. ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებები ინახება დადგენილი წესით.

თავი III

თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის სამართლებრივი დაცვა

    მუხლი 15. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა

1. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხს განსაზღვრავს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია (შემდგომში – ხარისხის ინსპექცია).

2. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრისათვის დადგენილი უნდა იქნეს თესლის (ნერგის) ხარისხობრივი მაჩვენებლები თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობით.

3. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა:

ა) ნათესების (ნარგაობის) მინდვრად ინსპექტირების (აპრობაციის) სერტიფიკატი;

ბ) ხარისხის განსაზღვრისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

4. თესლზე ან სარგავ მასალაზე, რომელიც აკმაყოფილებს თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სტანდარტების მოთხოვნებს, გაიცემა ხარისხის სერტიფიკატი.

5. ხარისხის სერტიფიკატის ამოქმედების ვადა აითვლება ანალიზის დამთავრების დღიდან; ხარისხის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

6. თესლზე ან სარგავ მასალაზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სტანდარტების მოთხოვნებს, გაიცემა ოფიციალური საბუთი – ანალიზის შედეგი.

7. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის შესახებ მონაცემები გადაეცემა განმცხადებელს ან წარმომადგენელს. ამ მონაცემების სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

თავი IV

თესლისა და სარგავი მასალის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა

    მუხლი 16. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა

1. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა დასაშვებია, თუ:

ა) მცენარის ჯიში, რომელსაც ეკუთვნის თესლი ან სარგავი მასალა, შეტანილია სახელმწიფო რეესტრში;

ბ) თესლი და სარგავი მასალა დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით და მცენარის ჯიშზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის ნებართვით.

    მუხლი 17. თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებლის მოვალეობანი

1. თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებელი (შემდგომში – მწარმოებელი) ვალდებულია ჰქონდეს:

ა) თესლისა და სარგავი მასალის წარმოების მოცულობის შესახებ საბუთები;

ბ) სამოქალაქო ბრუნვაში შესატანად განკუთვნილი თესლის მინდვრად ინსპექტირების (აპრობაციის) და თესლის ხარისხის შემოწმების საბუთები.

2. მწარმოებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საბუთები შეინახოს 3 წლის განმავლობაში.

    მუხლი 18. სათესლე და მრავალწლიანი კულტურების სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირება (აპრობაცია)

სათესლე და მრავალწლიანი კულტურების სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირების (აპრობაციის) ჩატარების წესს ადგენს სამინისტრო.

    მუხლი 19. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის პირობები

1. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი უნდა შეესაბამებოდეს საბაზისო თესლს (ელიტურ თესლს), პირველი თაობის სერტიფიცირებულ თესლს ან მეორე თაობის სერტიფიცირებულ თესლს, ხოლო სარგავი მასალა – პირველი ან მეორე ხარისხის მასალას.

2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება:

ა) „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების ჩამონათვალით“, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ბიულეტენში და რომელშიც მითითებულია მცენარის ჯიში, რომელსაც განეკუთვნება თესლი ან სარგავი მასალა;

ბ) მცენარის ჯიშის გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის ნებართვით (თუ მწარმოებელი არ არის მცენარის ჯიშის მფლობელი);

გ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით (იმპორტ-ექსპორტის შემთხვევაში);

დ) ხარისხის სერტიფიკატით (მისი მოქმედების ვადის გასვლამდე);

ე) საიმპორტო და საექსპორტო დანიშნულების თესლისა და სარგავი მასალის ტარით ტრანსპორტირებისას – ეტიკეტით, ხოლო ტარის გარეშე ტრანსპორტირებისას – თანმხლები საბუთებით.

    მუხლი 20. თესლისა და სარგავი მასალის ტარა და ეტიკეტი

1. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტზე აღნიშნული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ხარისხის სერტიფიკატში მითითებულ მონაცემებს.

2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული თესლისა და სარგავი მასალის ტარაზე უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა. ტარას უნდა ახლდეს ინსტრუქცია იმ პრეპარატის დახასიათებითა და მასთან მოპყრობის წესების მითითებით, რომლითაც დამუშავებულია თესლი და სარგავი მასალა.

3. თესლის შესაწამლად გამოყენებული ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატები შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად დაშვებული პრეპარატების შესაბამის ნუსხაში და დამოწმდეს ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის მიერ.

    მუხლი 21. პასუხისმგებლობა სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილ თესლსა და სარგავ მასალაზე

1. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს სასამართლო.

2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლისა და სარგავი მასალის თანმხლები საბუთების გაყალბება ან მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 22. თესლისა და სარგავი მასალის ექსპორტი

ექსპორტისათვის განკუთვნილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება საქართველოში გაცემული:

ა) ხარისხის სერტიფიკატით;

ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით.

    მუხლი 23. თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი, რომლებიც არ არის შეტანილი სახელმწიფო რეესტრში, დასაშვებია მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული მდგომარეობის დროს.

2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისათვის განკუთვნილი იმპორტირებული თესლი და სარგავი მასალა დასტურდება წარმომშობ ქვეყანასა და საქართველოში გაცემული:

ა) ხარისხის სერტიფიკატით;

ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით.

3. სამეცნიერო-სელექციური მიზნებისათვის და გამოფენაზე ექსპონირებისათვის განკუთვნილი თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციის მოთხოვნით, თუ ამის თაობაზე სამინისტრომ წინასაწარ მიიღო წერილობითი შეტყობინება.

4. სამეცნიერო-სელექციური მიზნებისათვის და გამოფენაზე ექსპონირებისათვის განკუთვნილი თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ითვლება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 24. თესლისა და სარგავი მასალის რეექსპორტი და ტრანზიტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტისათვის განკუთვნილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება:

ა) წარმომშობ ქვეყანასა და საქართველოში გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით;

ბ) წარმომშობ ქვეყანაში გაცემული ხარისხის სერტიფიკატით;

გ) იმპორტზე ნებართვით, თუ ამ ნებართვას ითხოვს თესლისა და სარგავი მასალის მიმღები ქვეყანა.

2. თესლისა და სარგავი მასალის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილი თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ითვლება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 25. საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები

საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისა და დაცვის ორგანიზება ევალება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გენოფონდის დაცვისა და გამოყენების საკოორდინაციო ცენტრს, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციას.

    მუხლი 26. პაუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პაუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V

დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი

1. დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

2. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამტკიცოს დებულება ამ კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის წესის შესახებ.

    მუხლი 28. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი

№2195-IIს

 

 

 

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ"

საქართველოს კანონის

 

დანართი

 

ბოტანიკური გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი, რომელთაც მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშები ექვემდებარება სამართლებრივ დაცვას და გასავრცელებლად დაშვებას

 

 

I. ერთწლიანი კულტურები

 

რიგზე

კულტურა

გვარი

სახეობა

1

2

3

4

1

რბილი ხორბალი

Triticum

T. aestivum

2

მაგარი ხორბალი

Triticum

T. durum

3

დიკა ხორბალი

Triticum

T. carthlicum

4

ტრიტიკალე

Triticale

T. hecsaploid

5

ქერი

Hordeum

H. sativum

6

ჭვავი

Secale

S. cereale

7

შვრია

Avena

A. sativa

8

სიმინდი

Zea

Z. mays

9

ფეტვი

Panicum

P. miliaceum

10

ღომი

Setaria

S. italica

11

ბარდა

Pisum

P. sativum

12

ოსპი

Lens

L. esculenta

13

მუხუდო

Cicer

C. arientinum

14

ცულისპირა

Lathrus

L. sativum

15

ცერცველა

Vicia

V. sativa

16

ცერცვი

Vicia

V. faba

17

ლობიო

Phaseolus

Ph. vulgaris

18

სოია

Clicine

Cl. hyspida

19

ხანჭკოლა

Lupinus

L. albus

20

მზესუმზირა

Helianthus

H. annuus

21

არაქისი

Arachis

A. hypogaea

22

რაფსი

Brassica

Br. napus

23

ვარდისფერი გერანი

Pelargonium

P. roseum

24

ევგენოლური რეჰანი

Oscimum

O. gratissimum

25

ქინძი

Coriandrum

C. sativum

26

თამბაქო

Nicotiana

N. tabacum

27

სელი

Linum

L. usitatissimum

28

კარტოფილი

Solanum

S. tuberosum

29

ჭარხალი

Beta

B. vulgaris

30

სტაფილო

Daucus

D. carota

31

თეთრთავიანი კომბოსტო

Brassica

Br. capitata

32

ყვავილოვანი კომბოსტო

Brassica

Br. caulifora

33

პომიდორი

Lycopersicum

L. esculentum

34

კიტრი

Cucumis

C. sativus

35

ხახვი

Allium

A. cepa

36

ნიორი

Allium

A. sativus

37

პრასა

Allium

A. porrum

38

თალგამურა

Brassica

Br. napus

39

ტურნეფსი

Brassica

Br. rapa

40

ბოლოკი

Raphanus

R. sativus

41

წიწაკა

Capsicum

C. annuum

42

საზამთრო

Citrullus

C. vulgaris

43

გოგრა

Cucurbita

C. maxima

44

ყაბაყი

Cucurbita

C. pepo

45

სალათა

Lacfuca

L. sativa

46

ისპანახი

Spinacia

S. oleraceae

47

კამა

Anethum

A. graveolens

48

ოხრახუში

Petroselinum

P. hortense

49

ნიახური

Apium

A. graveolens

50

პასტერნაკი

Pastinaca

P. sativa

51

ნესვი

Melo

M. microcarpus

52

სამყურა

Trifolium

Tr. pratense

53

იონჯა

Medicago

M. sativa

54

კურდღლის ფრჩხილა

Lotus

L. coniculatus

55

ძიძო თეთრი

Melilutus

M. abbis Desr.

56

ესპარცეტი

Onobrichis

On. viciaefolia

57

მდელოს ტიმოთელა

Phllum

P. pratense

58

თეთრი ნამიკრეფია

Agrostis

A. alba

59

თივაქასრა

Poa

P. pratensis

60

სათითურა

Dactylis

D. glomerata

61

მდელოს წივანა

Festuca

F. pramensis

62

კოინდარი

Lolium

L. multiflorum

63

კაბუეტ

Agropyrum

Ag. sibiricum

64

მდელოს მელაკუდა

Alopecurus

Al. pratensis

65

უფხო შვრიელა

Bromus

Br. inermis

66

სუდანურა

Sorghum

S. sudanense

67

აფრიკული ფეტვი

Pennisetum

P. typoideum

 

II. მრავალწლიანი კულტურები

 

რიგზე

კულტურა

გვარი

სახეობა

1

2

3

4

1

ვაშლი

Malus

. domestica

2

მსხალი

Pirus

P. domestica,

3

კომში

Cydonia

 P. caucasica

4

ატამი

Persica

C. oblonga

5

ბალი

Cerasus

P. vulgaris

6

ალუბალი

Cerasus

C. avium

7

ქლიავი

Prunus

C. vulgaris

8

ტყემალი

Prunus

P. domestica

9

ალუჩა

Prunus

P. cerasifera,

10

გარგარი

Armeniaca

P. divarieata

11

კაკალი

Iuglans

P. vachuschti Bregadze

12

თხილი

Corylis

A. communis

13

ნუში

Amygdalus

I. regia

14

მარწყვი

Fragaria

C. avellana,

15

სუბტროპიკული ხურმა

Diospyros

C. pontica

16

ლეღვი

Fucus

A. communis

17

ბროწეული

Punica

F. vesca

18

ფეიხოა

Feijoa

D. kaki

19

თუთა

Morus

F. carica

20

თუთის აბრეშუმხვევია

Rombyx

P. granatum

21

ვაზი

Vitis

F. sellowiana

22

ჩაი

Thea

M. alba

23

მანდარინი

Citrus

R. mori

24

ფორთოხალი

Citrus

V. vinifera

25

გრეიფრუტი

Citrus

T. sinensis,

26

ლიმონი

Citrus

T. assamica