„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 31/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.002.147
  • Word
2578
28/12/2005
სსმ, 59, 31/12/2005
370.030.000.05.001.002.147
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29(36), 1999 წელი, მუხ. 157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის სამართლებრივი უზრუნველყოფა

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივი დაცვა

მცენარეთა ახალ ჯიშებზე სელექციონერის უფლებების სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. მცენარეთა ახალი ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებას ექვემდებარება მცენარეთა ჯიშების შემდეგი კატეგორიები:

ა) ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის მცენარეთა ჯიშები და ჰიბრიდები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივად დაცული ჯიშები და ჰიბრიდები.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადის წარდგენა

1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადს სამინისტროში წარადგენს სელექციონერი, მისი უფლებამონაცვლე ან წარმომადგენელი.

2. განაცხადი მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადებას მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე, რომელშიც მითითებული იქნება განმცხადებლის, აგრეთვე სელექციონერის სახელი, გვარი და იურიდიული მისამართი;

ბ) მცენარის ჯიშის აღწერილობას (მცენარის ჯიშის ძირითადი მორფო-ბიოლოგიური, ბოტანიკური ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება);

გ) მცენარის ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე საქართველოს შესაბამის ზონაში ჩატარებული გამოცდის შედეგების ამსახველ ოფიციალურ დასკვნას, გავრცელების ხელსაყრელი ზონების მითითებით.

3. მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა განისაზღვრება გამოცდის შედეგების საფუძველზე, თაობაში შენარჩუნებული სამეურნეო და სასარგებლო ნიშან-თვისებებით, საკონტროლო ჯიშთან შედარებით.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდა

1. ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდა მათ განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ტარდება ორი ვეგეტაციის განმავლობაში საქართველოს შესაბამის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში და საამისოდ შერჩეულ ზონებში.

2. მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის ჩატარების ვადა განისაზღვრება კულტურათა თავისებურებების გათვალისწინებით.

3. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ტარდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ან კერძო სამართლის სუბიექტის მიერ, მისთვის დაკვეთის საფუძველზე, დადგენილი წესით.“.

8. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. მეთესლეობის ეროვნული საბჭო

1. მეთესლეობის ეროვნული საბჭო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და საქმიანობს საზოგადოებრივ საწყისებზე მეთესლეობის დარგის მართვის ოპტიმიზაციისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. მეთესლეობის ეროვნული საბჭო შეიმუშავებს შემდეგი სახის რეკომენდაციებს და წარუდგენს მათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები მცენარეთა ჯიშების შესახებ;

ბ) სამოქალაქო ბრუნვაში შესატანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების შესახებ;

გ) მეთესლეობის დარგის განვითარების შესახებ.

3. მეთესლეობის ეროვნული საბჭოს შემადგენლობასა და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს მინისტრი.“.

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება

1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შეიტა-ნება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების რეესტრში“, ხოლო განცხადებაში მითითებულ პირზე გაიცემა მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების დიპლომი.

2. „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების რეესტრი“ შეიცავს თითოეული ჯიშის მორფო-ბიოლოგიურ, ბოტანიკურ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას.“.

11. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა

თესლისა და სარგავი მასალის ხარისხს განსაზღვრავს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.“.

12. მე-16 და მე-17 მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირება (აპრობაცია)

1. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირებას (აპრობაციას) ახორციელებს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, მისთვის დაკვეთის საფუძველზე, დადგენილი წესით.

2. მინდვრად ინსპექტირების (აპრობაციის) შედეგები შეიტანება აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნაში.“.

14. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის პირობები

1. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი და სარგავი მასალა უნდა შეესაბამებოდეს საბაზისო თესლს (ელიტურ თესლს), პირველი თაობის სერტიფიცირებულ თესლს, ხოლო სარგავი მასალა – პირველი ან მეორე ხარისხის მასალას.

2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება:

ა) მცენარის ჯიშის გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის ნებართვით (თუ მწარმოებელს არ გააჩნია მცენარის ჯიშის გამოყენების განსაკუთრებული უფლება);

ბ) აკრედიტებული ლაბორატორიის ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით კონდიციურობის შესახებ (შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ პარამეტრებთან – გაღივება, სიწმინდე, ათასი მარცვლის წონა, ტენიანობა, დაავადებები, სარეველები და ა.შ. – შესაბამისობის თაობაზე);

გ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით (იმპორტ-ექსპორტის შემთხვევაში).“.

15. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტზე აღნიშნული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს მის სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხარისხის სერტიფიკატით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);“.

17. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები

საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის უზრუნველყოფა ევალება შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.“.

19. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში წარმოადგინონ შემდეგი საქართველოს კანონის პროექტები:

ა) „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“;

ბ) „ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 პუნქტები:

„3. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2006 წლის 1 მარტისა უზრუნველყოს შემდეგი დაწესებულებების ლიკვიდაცია:

ა) სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექცია;

ბ) თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია;

გ) საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრი (საქჯიშცენტრი).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სალიკვიდაციო პროცესის დასრულებამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეისწავლოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაუქმებული დაწესებულებების შემდგომი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და ფუნქციების თაობაზე.

5. 2006 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ წარმოადგინოს ამ კანონით გათვალისწინებულ ნორმათა დარღვევისათვის საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტები.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2578-რს