„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.110.010.05.001.002.724
  • Word
4314
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2006
340.110.010.05.001.002.724
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

             მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29(36), 1999 წელი, მუხ. 157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სელექციონერი – პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა, ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდას სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს დასკვნას ჯიშის სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებზე, რომლებზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოცდა ტარდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა

თესლისა და სარგავი მასალის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. მისი დასკვნის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირებას (აპრობაციას) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე, სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი და სარგავი მასალა უნდა შეესაბამებოდეს საბაზისო თესლს (ელიტურ თესლს), პირველი და მეორე რეპროდუქციის სერტიფიცირებულ თესლს, ხოლო სარგავი მასალა – პირველი ან მეორე ხარისხის მასალას.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული სერტიფიკატით კონდიციურობის შესახებ (შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ პარამეტრებთან (გაღივება, სიწმინდე, ათასი მარცვლის წონა, ტენიანობა, დაავადებები, სარეველები და ა.შ.) შესაბამისობის თაობაზე);“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების რეესტრით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4314–რს