დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2195 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29(36), 10/07/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.110.010.05.001.000.623 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ
ეს კანონი აწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის დროს წარმოქმნილ ურთიერთობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება ამ კანონის დანართში ჩამოთვლილ ბოტანიკურ გვარებსა და სახეობებს მიკუთვნებული ადგილობრივი და უცხო წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისათვის განკუთვნილი სათესი და სარგავი მასალის ყველა სახეზე.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ შედგება ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;
ბ) პირველი თაობის ჰიბრიდი – გენეტიკურად განსხვავებული ფორმების შეჯვარების შედეგად პირველ წელს მიღებული თაობა;
გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ცნობილი ჯიშებისაგან განსხვავება განაცხადის შეტანის დღისთვის; მცენარის ჯიში ცნობილად ითვლება, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია ოფიციალურ კატალოგში და საცნობარო ფონდებში, აღწერილი და გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვების მიზნით მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან გასავრცელებლად დაშვების სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული;
დ) ერთგვაროვნება – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით;
ე) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები;
ვ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების უფლებას;
ზ) დიპლომი – სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ მცენარის ჯიში შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სახელმწიფო რეესტრში;
თ) გასავრცელებლად დაშვება – მცენარის ჯიშის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების ნებართვა, რომელშიც მითითებულია მცენარის ჯიშის გავრცელების ხელსაყრელი ზონები;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული მცენარეთა ჯიშების ჩამონათვალი;
კ) მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა – სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მცენარის ჯიშის მონაცემებთან შედარებით, ისეთი მცენარის ჯიშის სამეურნეოდ სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს მისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ერთი ან რამდენიმე ზონისათვის; ამ მონაცემების შეფასება წარმოებს მცენარის ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეთანწყობა-კომპენსირების პრინციპით;
ლ) მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვითუნარიანობა – მცენარის ჯიში, რომელიც აკმაყოფილებს მისი სამართლებრივი დაცვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
მ) სელექციონერი – პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა, ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში;
ნ) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა – მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე საგანაცხადო მასალის სისრულისა და გაფორმების, აგრეთვე მასში აღწერილი ობიექტის ერთიანობის შემოწმება;
ო) თესლი – სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი, აგრეთვე სათესი მასალის ყველა ბოტანიკური სახე: ხეხილის, კენკროვნების, დეკორატიული ყვავილებისა და სამკურნალო მცენარეების ნაყოფები, რთული ნაყოფის ნაწილები, თანანაყოფები;
პ) სარგავი მასალა – სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩითილები, ხეხილის, კენკროვნების, დეკორატიული ყვავილების, სამკურნალო მცენარეების, ვაზის, ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების ვეგეტატიურად გასამრავლებელი მასალა;
ჟ) მცენარის ჯიშის შემნარჩუნებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში და პასუხისმგებელია მცენარის ჯიშის იმ ნიშან-თვისებათა შენარჩუნებაზე, რომლის საფუძველზედაც მცენარის ჯიში შეტანილი იქნა სახელმწიფო რეესტრში;
რ) სელექციონერის მიერ მიღებული თესლი (ორიგინალური თესლი) – წინასაბაზისო თესლის წინა თაობის თესლი, რომელიც მიღებულია მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ;
ს) წინასაბაზისო თესლი (სუპერ-ელიტა) – სელექციონერის თესლის გამრავლებით მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ მიღებული საბაზისო თესლის წინა თაობის თესლი;
ტ) საბაზისო თესლი (ელიტა) – წინასაბაზისო თესლის გამრავლებით მცენარის ჯიშის შემნარჩუნებლის ან მისი პასუხისმგებლობით სხვა პირის მიერ მიღებული თესლი;
უ) პირველი რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლი – საბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი;
ფ) მეორე რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლი – პირველი რეპროდუქციის სერტიფიცირებული თესლის გამრავლებით მიღებული სათესლე ან სასურსათო დანიშნულების თესლი;
ქ) ხარისხიანი თესლი (სარგავი მასალა) – სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი ან მრავალწლიანი კულტურების ნერგი, რომელიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;
ღ) თესლის ხარისხი – თესლის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები (სიწმინდე, გაღივება, 1000 მარცვლის მასა, ტენიანობა, სიცოცხლისუნარიანობა), რომლებიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;
ყ) თესლის სიცოცხლისუნარიანობა – თესლის (სარგავი მასალის) მდგომარეობა მასში მავნებელ-დაავადებათა არსებობის გათვალისწინებით;
შ) ნათესების მინდვრად ინსპექტირება (აპრობაცია) – სათესლედ განკუთვნილი ნათესების ჯიშობრივი იდენტიფიკაცია და ჯიშობრივი სიწმინდის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
ჩ) ნარგაობის ინსპექტირება (აპრობაცია) – მრავალწლიანი კულტურების – ხეხილის, ვენახის, ჩაის, ციტრუსებისა და სხვა ნარგაობის ჯიშობრივი იდენტიფიკაცია და ჯიშობრივი სიწმინდის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
ც) ხარისხის სერტიფიკატი – თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა;
ძ) ანალიზის შედეგი – ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის განსაზღვრისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი;
წ) თესლის (სარგავი მასალის) პარტია – ერთი და იმავე ხარისხის ნებისმიერი რაოდენობის თესლი (სარგავი მასალა), რომელიც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;
ჭ) სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა – თესლის მარკეტინგისათვის დაშვება თესლის მარკეტინგის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად;
ხ) განსაკუთრებული უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც უფლება აქვს შეხედულებისამებრ გამოიყენოს მცენარის ჯიში, რაზედაც მას აქვს განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი, სამართლებრივი დაცვის მოწმობა; ამ მოწმობით განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია სამართლებრივად დაცული მცენარის ჯიში შეიტანოს სამოქალაქო ბრუნვაში და მიიღოს მისგან შემოსავალი, აგრეთვე გაყიდოს ან გაასხვისოს მოწმობა.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4314 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.57
მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის სამართლებრივი უზრუნველყოფა
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 5. მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივი დაცვა
მცენარეთა ახალ ჯიშებზე სელექციონერის უფლებების სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
თავი II
მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება
მუხლი 8. მცენარეთა ახალი ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი რეგულირება
საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებას ექვემდებარება მცენარეთა ჯიშების შემდეგი კატეგორიები:
ა) ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის მცენარეთა ჯიშები და ჰიბრიდები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივად დაცული ჯიშები და ჰიბრიდები.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 9. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადის წარდგენა
1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების განაცხადს სამინისტროში წარადგენს სელექციონერი, მისი უფლებამონაცვლე ან წარმომადგენელი.
2. განაცხადი მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვებაზე, რომელშიც მითითებული იქნება განმცხადებლის, აგრეთვე სელექციონერის სახელი, გვარი და იურიდიული მისამართი;
ბ) მცენარის ჯიშის აღწერილობას (მცენარის ჯიშის ძირითადი მორფო-ბიოლოგიური, ბოტანიკური ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება);
გ) მცენარის ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე საქართველოს შესაბამის ზონაში ჩატარებული გამოცდის შედეგების ამსახველ ოფიციალურ დასკვნას, გავრცელების ხელსაყრელი ზონების მითითებით.
3. მცენარის ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა განისაზღვრება გამოცდის შედეგების საფუძველზე, თაობაში შენარჩუნებული სამეურნეო და სასარგებლო ნიშან-თვისებებით, საკონტროლო ჯიშთან შედარებით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდა
1. ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდა მათ განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ტარდება ორი ვეგეტაციის განმავლობაში საქართველოს შესაბამის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში და საამისოდ შერჩეულ ზონებში.
2. მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის ჩატარების ვადა განისაზღვრება კულტურათა თავისებურებების გათვალისწინებით.
3. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გამოცდას სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს დასკვნას ჯიშის სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
4. იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებზე, რომლებზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოცდა ტარდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4314 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.57
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 13. მეთესლეობის ეროვნული საბჭო
1. მეთესლეობის ეროვნული საბჭო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და საქმიანობს საზოგადოებრივ საწყისებზე მეთესლეობის დარგის მართვის ოპტიმიზაციისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. მეთესლეობის ეროვნული საბჭო შეიმუშავებს შემდეგი სახის რეკომენდაციებს და წარუდგენს მათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები მცენარეთა ჯიშების შესახებ;
ბ) სამოქალაქო ბრუნვაში შესატანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების შესახებ;
გ) მეთესლეობის დარგის განვითარების შესახებ.
3. მეთესლეობის ეროვნული საბჭოს შემადგენლობასა და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 14. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება
1. მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვება მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შეიტა-ნება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების რეესტრში“, ხოლო განცხადებაში მითითებულ პირზე გაიცემა მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების დიპლომი.
2. „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების რეესტრი“ შეიცავს თითოეული ჯიშის მორფო-ბიოლოგიურ, ბოტანიკურ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
თავი III
თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის სამართლებრივი დაცვა
მუხლი 15. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა
თესლისა და სარგავი მასალის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. მისი დასკვნის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4314 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.57
თავი IV
თესლისა და სარგავი მასალის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 18. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირება (აპრობაცია)
1. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი ნათესებისა და ნარგაობის ფართობების მინდვრად ინსპექტირებას (აპრობაციას) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე, სიახლეზე, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.
2. მინდვრად ინსპექტირების (აპრობაციის) შედეგები შეიტანება აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნაში.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4314 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.57
მუხლი 19. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის პირობები
1. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი და სარგავი მასალა უნდა შეესაბამებოდეს საბაზისო თესლს (ელიტურ თესლს), პირველი და მეორე რეპროდუქციის სერტიფიცირებულ თესლს, ხოლო სარგავი მასალა – პირველი ან მეორე ხარისხის მასალას.
2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება:
ა) მცენარის ჯიშის გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის ნებართვით (თუ მწარმოებელს არ გააჩნია მცენარის ჯიშის გამოყენების განსაკუთრებული უფლება);
ბ) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული სერტიფიკატით კონდიციურობის შესახებ (შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ პარამეტრებთან (გაღივება, სიწმინდე, ათასი მარცვლის წონა, ტენიანობა, დაავადებები, სარეველები და ა.შ.) შესაბამისობის თაობაზე);
გ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით (იმპორტ-ექსპორტის შემთხვევაში).
დ) საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების რეესტრით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4314 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.57
მუხლი 20. თესლისა და სარგავი მასალის ტარა და ეტიკეტი
1. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტზე აღნიშნული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს მის სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.
2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული თესლისა და სარგავი მასალის ტარაზე უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა. ტარას უნდა ახლდეს ინსტრუქცია იმ პრეპარატის დახასიათებითა და მასთან მოპყრობის წესების მითითებით, რომლითაც დამუშავებულია თესლი და სარგავი მასალა.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 21. პასუხისმგებლობა სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილ თესლსა და სარგავ მასალაზე
1. თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს სასამართლო.
2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი თესლისა და სარგავი მასალის თანმხლები საბუთების გაყალბება ან მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 22. თესლისა და სარგავი მასალის ექსპორტი
ექსპორტისათვის განკუთვნილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება საქართველოში გაცემული:
ა) ხარისხის სერტიფიკატით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);
ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 23. თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი
1. (ამოღებულია).
2. სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისათვის განკუთვნილი იმპორტირებული თესლი და სარგავი მასალა დასტურდება წარმომშობ ქვეყანასა და საქართველოში გაცემული:
ა) ხარისხის სერტიფიკატით;
ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით.
3. სამეცნიერო-სელექციური მიზნებისათვის და გამოფენაზე ექსპონირებისათვის განკუთვნილი თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციის მოთხოვნით, თუ ამის თაობაზე სამინისტრომ წინასაწარ მიიღო წერილობითი შეტყობინება.
4. სამეცნიერო-სელექციური მიზნებისათვის და გამოფენაზე ექსპონირებისათვის განკუთვნილი თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ითვლება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 24. თესლისა და სარგავი მასალის რეექსპორტი და ტრანზიტი
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტისათვის განკუთვნილი თესლი და სარგავი მასალა დასტურდება:
ა) წარმომშობ ქვეყანასა და საქართველოში გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით;
ბ) წარმომშობ ქვეყანაში გაცემული ხარისხის სერტიფიკატით;
გ) იმპორტზე ნებართვით, თუ ამ ნებართვას ითხოვს თესლისა და სარგავი მასალის მიმღები ქვეყანა.
2. თესლისა და სარგავი მასალის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილი თესლისა და სარგავი მასალის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ითვლება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 25. საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები
საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის უზრუნველყოფა ევალება შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 26. პაუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის დარღვევისათვის პაუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი V
დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი
მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი
1. დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში წარმოადგინონ შემდეგი საქართველოს კანონის პროექტები:
ა) „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“;
ბ) „ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“.
3. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2006 წლის 1 მარტისა უზრუნველყოს შემდეგი დაწესებულებების ლიკვიდაცია:
ა) სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექცია;
ბ) თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია;
გ) საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრი (საქჯიშცენტრი).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სალიკვიდაციო პროცესის დასრულებამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეისწავლოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაუქმებული დაწესებულებების შემდგომი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და ფუნქციების თაობაზე.
5. 2006 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ წარმოადგინოს ამ კანონით გათვალისწინებულ ნორმათა დარღვევისათვის საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტები.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
მუხლი 28. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი
№2195-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2578 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.459
2. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4314 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.57
3. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4066 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.501
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ"
საქართველოს კანონის
დანართი
ბოტანიკური გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი, რომელთაც მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშები ექვემდებარება სამართლებრივ დაცვას და გასავრცელებლად დაშვებას
I. ერთწლიანი კულტურები
№ რიგზე | კულტურა | გვარი | სახეობა |
1 | 2 | 3 | 4 |
1 | რბილი ხორბალი | Triticum | T. aestivum |
2 | მაგარი ხორბალი | Triticum | T. durum |
3 | დიკა ხორბალი | Triticum | T. carthlicum |
4 | ტრიტიკალე | Triticale | T. hecsaploid |
5 | ქერი | Hordeum | H. sativum |
6 | ჭვავი | Secale | S. cereale |
7 | შვრია | Avena | A. sativa |
8 | სიმინდი | Zea | Z. mays |
9 | ფეტვი | Panicum | P. miliaceum |
10 | ღომი | Setaria | S. italica |
11 | ბარდა | Pisum | P. sativum |
12 | ოსპი | Lens | L. esculenta |
13 | მუხუდო | Cicer | C. arientinum |
14 | ცულისპირა | Lathrus | L. sativum |
15 | ცერცველა | Vicia | V. sativa |
16 | ცერცვი | Vicia | V. faba |
17 | ლობიო | Phaseolus | Ph. vulgaris |
18 | სოია | Clicine | Cl. hyspida |
19 | ხანჭკოლა | Lupinus | L. albus |
20 | მზესუმზირა | Helianthus | H. annuus |
21 | არაქისი | Arachis | A. hypogaea |
22 | რაფსი | Brassica | Br. napus |
23 | ვარდისფერი გერანი | Pelargonium | P. roseum |
24 | ევგენოლური რეჰანი | Oscimum | O. gratissimum |
25 | ქინძი | Coriandrum | C. sativum |
26 | თამბაქო | Nicotiana | N. tabacum |
27 | სელი | Linum | L. usitatissimum |
28 | კარტოფილი | Solanum | S. tuberosum |
29 | ჭარხალი | Beta | B. vulgaris |
30 | სტაფილო | Daucus | D. carota |
31 | თეთრთავიანი კომბოსტო | Brassica | Br. capitata |
32 | ყვავილოვანი კომბოსტო | Brassica | Br. caulifora |
33 | პომიდორი | Lycopersicum | L. esculentum |
34 | კიტრი | Cucumis | C. sativus |
35 | ხახვი | Allium | A. cepa |
36 | ნიორი | Allium | A. sativus |
37 | პრასა | Allium | A. porrum |
38 | თალგამურა | Brassica | Br. napus |
39 | ტურნეფსი | Brassica | Br. rapa |
40 | ბოლოკი | Raphanus | R. sativus |
41 | წიწაკა | Capsicum | C. annuum |
42 | საზამთრო | Citrullus | C. vulgaris |
43 | გოგრა | Cucurbita | C. maxima |
44 | ყაბაყი | Cucurbita | C. pepo |
45 | სალათა | Lacfuca | L. sativa |
46 | ისპანახი | Spinacia | S. oleraceae |
47 | კამა | Anethum | A. graveolens |
48 | ოხრახუში | Petroselinum | P. hortense |
49 | ნიახური | Apium | A. graveolens |
50 | პასტერნაკი | Pastinaca | P. sativa |
51 | ნესვი | Melo | M. microcarpus |
52 | სამყურა | Trifolium | Tr. pratense |
53 | იონჯა | Medicago | M. sativa |
54 | კურდღლის ფრჩხილა | Lotus | L. coniculatus |
55 | ძიძო თეთრი | Melilutus | M. abbis Desr. |
56 | ესპარცეტი | Onobrichis | On. viciaefolia |
57 | მდელოს ტიმოთელა | Phllum | P. pratense |
58 | თეთრი ნამიკრეფია | Agrostis | A. alba |
59 | თივაქასრა | Poa | P. pratensis |
60 | სათითურა | Dactylis | D. glomerata |
61 | მდელოს წივანა | Festuca | F. pramensis |
62 | კოინდარი | Lolium | L. multiflorum |
63 | კაბუეტა | Agropyrum | Ag. sibiricum |
64 | მდელოს მელაკუდა | Alopecurus | Al. pratensis |
65 | უფხო შვრიელა | Bromus | Br. inermis |
66 | სუდანურა | Sorghum | S. sudanense |
67 | აფრიკული ფეტვი | Pennisetum | P. typoideum |
II. მრავალწლიანი კულტურები
№ რიგზე | კულტურა | გვარი | სახეობა |
1 | 2 | 3 | 4 |
1 | ვაშლი | Malus | . domestica |
2 | მსხალი | Pirus | P. domestica, |
3 | კომში | Cydonia | P. caucasica |
4 | ატამი | Persica | C. oblonga |
5 | ბალი | Cerasus | P. vulgaris |
6 | ალუბალი | Cerasus | C. avium |
7 | ქლიავი | Prunus | C. vulgaris |
8 | ტყემალი | Prunus | P. domestica |
9 | ალუჩა | Prunus | P. cerasifera, |
10 | გარგარი | Armeniaca | P. divarieata |
11 | კაკალი | Iuglans | P. vachuschti Bregadze |
12 | თხილი | Corylis | A. communis |
13 | ნუში | Amygdalus | I. regia |
14 | მარწყვი | Fragaria | C. avellana, |
15 | სუბტროპიკული ხურმა | Diospyros | C. pontica |
16 | ლეღვი | Fucus | A. communis |
17 | ბროწეული | Punica | F. vesca |
18 | ფეიხოა | Feijoa | D. kaki |
19 | თუთა | Morus | F. carica |
20 | თუთის აბრეშუმხვევია | Rombyx | P. granatum |
21 | ვაზი | Vitis | F. sellowiana |
22 | ჩაი | Thea | M. alba |
23 | მანდარინი | Citrus | R. mori |
24 | ფორთოხალი | Citrus | V. vinifera |
25 | გრეიფრუტი | Citrus | T. sinensis, |
26 | ლიმონი | Citrus | T. assamica |
დოკუმენტის კომენტარები