საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე

  • Word
საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 07/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
87
28/02/2002
სსმ, 23, 07/03/2002
010.340.000.05.002.002.
საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2002 - 16/07/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №87

2002 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 37-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

დებულება

საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „დასაქმების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საზოგადოებრივ სამუ­შაოთა ორგანიზების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესს.

2. „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზო­გადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს დასასაქმებელი უმუშევარი პირის განსაკუთრებულ პროფე­სიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზო­გადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტების რეკონსტრუქცია, მშე­ნებლობა ან სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღება-დაბინავება.

3. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების გზით სახელმწიფო ახდენს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებული უმუ­შევრების დროებით დასაქმებას და მათ მიერ შემოსავლების მიღე­ბისათვის ხელშეწყობას.

4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელებისას დასაქმების უპირატესი უფლებით სარგებლობენ დასაქმების სახელმწიფო სამსახურში აღრიცხვაზე მყოფი დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ სპეციალურად შექმნილ სამუშაო პირობებში;

ბ) 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც პირველად გამოდიან შრომის ბაზარზე და არა აქვთ პროფესია;

გ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი წევრები;

დ) მამები, დედები, რომლებიც მეუღლის გარეშე ზრდიან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს;

ე) თორმეტ თვეზე მეტი ხნით უმუშევრად მყოფი პირები;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არა აქვთ პროფესია;

ზ) ყოფილი პატიმრები, რომლებიც გათავისუფლდნენ სასჯელ­აღსრულების დაწესებულებებიდან.

5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.

6. რეგისტრირებული უმუშევრების მონაწილეობა საზოგადოებრივ სამუშაოებში დაიშვება მხოლოდ მათი თანხმობით და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სამუშაოს შეთავაზებად.

    მუხლი 2. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზება

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური დამოუკიდებლად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად „უმუშევრის სოციალური დაც­ვი­სა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამით“ განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად უზრუნველყოფს იმ ობიექტების მახასიათებლების (პასპორტების) შედგენას, რომლებზეც შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი სამუშაოები.

2. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია;

ბ) სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება;

გ) კულტურის სახლი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო საშუალება და სხვა საზოგადოებრივი სარგებლობის კულტურისა და სასპორტო ცენტრი;

დ) ადგილობრივი გზა, სარწყავი და სასმელი წყალგაყვანილობის სისტემა;

ე) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

3. საზოგადოებრივი სამუშაოები შეიძლება ასევე განხორციელდეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ინიციატივით ტერიტორიის დასუფთავების, გამწვანება-განაშენიანების ან სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღება-დაბინავების მიზნით.

4. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს:

ა) დასაქმების სახელმწიფო სამსახური;

ბ) ადგილორივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;

გ) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების მიზნით შემუშავებული პროექტი წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით.

6. მომდევნო საბიუჯეტო წელს შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოების შესარჩევად, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხდება ობიექტების პასპორტების შედგენა, რომლებიც მოიცავენ:

ა) ობიექტის დეფექტურობის აქტს;

ბ) შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთა ნუსხას არსე­ბული საბაზრო ფასებით, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნეს გამიჯნული ყველა თანადამფინანსებლის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოები;

გ) სამუშაოების განხორციელების გრაფიკს;

დ) დასასაქმებელი რეგისტრირებული უმუშევრების სავარაუდო რაოდენობას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მიხედვით;

ე) სტატისტიკურ მონაცემებს საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების ადგილზე უმუშევრობის დონისა და სოციალურ-ეკო­ნომიკური მდგომარეობის შესახებ;

ვ) ცნობას ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ;

ზ) დაფინანსებაში მონაწილე ყველა მხარის თანხმობას თანა­დაფინანსების განხორციელების თაობაზე.

7. მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტების შერჩევისა და გეგმის შემუშავების მიზნით შედგენილ პასპორტებს ყოველი საბიუჯეტო წლის 1 ნოემ­ბრისათვის დასაქმების სახელმწიფო სამსახური წარუდგენს საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

8. შერჩევის შედეგი აისახება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ და მტკიცდება მასთან ერთად.

9. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ადგილსა და ობიექტს არჩევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ მიზნით შექმნილი კომისია.

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საზოგადოებრივ სამუშაოებს უპირატესად განახორციელებს იმ რაიონში (ქალაქში), რომელიც „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეკუთვნება „პრიორიტეტული განვითარების ზონას“.

11. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ორი თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს სამუშაოთა განხორციელების გეგმას და სამუშაოების შემსრულებელთა გამოსავლენად აწყობს ტენდერს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

12. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ტენდერის გამოცხა­დებიდან 15 დღეში დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შერ-ჩეული ობიექტების მიხედვით წარუდგენს დროებით დასასაქმებელი რეგისტრირებულ უმუშევართა სიას და თითოეული მათგანის წერილობით თანხმობას საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობის თაობაზე.

13. დასაქმების სახელმწიფო სამსახური საზოგადოებრივ სამუშაოზე გაგზავნილ სამუშაოს მაძიებელს აცნობს მუშაობის რეჟიმს, სპეციფიკასა და შრომის ანაზღაურების პირობებს, რომელიც განისაზღვრება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

14. საზოგადოებრივი სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია ამ სამუშაოებში მონაწილე რეგისტრირებულ უმუშევრებთან დებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას.

15. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქისათვის შესაფერისი მუდმივი სამუშაო ადგილის გამოძებნის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება უქმდება.

16. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მივლინებული პირის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოებრივი სამუშაოების მწარ­მოებელმა ორგანიზაციამ გათავისუფლებული პირის სხვა რეგის­ტრირებული უმუშევრით ჩანაცვლების მიზნით გათავისუფლებიდან სამ დღეში უნდა მიმართოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესაბამის განყოფილებას. ამასთან მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს მუშაკის გათავისუფლების მიზეზი.

17. საზოგადოებრივ სამუშაოზე მომუშავე პირის შრომის წიგნაკში კეთდება ჩანაწერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3. საზოგადოებრივ სამუშაოთა დაფინანსების წესი და წყაროები

1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებლის გამოვლენის მიზნით გამართულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერას და შესრულების ვადას;

ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასა და მათ მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს;

გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.

2. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსების წყაროებია:

ა) უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის სახსრები;

ბ) ადგილობრივი ბიუჯეტი;

გ) კერძო სამართლის სუბიექტის სახსრები.

3. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსება ხდება სამუშაოთა შესრულების შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, როგორც წესი, ტრან­შების ფორმით. პირველი ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 50 პროცენტს. ყოველი შემდგომი ტრანში გამოიყოფა წინამორბედი ტრანშის მიზნობრივი ათვი­სების დამადასტურებელი საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების მიზნით წარმო­დგენილ პროექტებში შრომის ანაზღაურების დონე არ შეიძლება იყოს პროექტის მთლიანი ღირებულების 25 პროცენტზე ნაკლები;

5. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოებს თანადაფინანსების პრინციპით. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელ­შეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან“ ერთი პროექტის დასაფი­ნანსებლად გამოსაყოფი თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 80 პროცენტს.

6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აფინანსებენ საზოგადოებრივი სამუშაოების სულ ცოტა 20 პროცენტს, ხოლო ინი­ციატორი კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სულ ცოტა 60 პროცენტს ან შემსრულებელ ორგანიზაციას აწვდიან შესაბამისი ღირებულების ნედლეულს, მასალებსა და მაკომპლექტებელ ნაწილებს.

7. თანადაფინანსების ნატურით განხორციელების შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტრომ შეიძლება შექმნას სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის მიზანია:

ა) პროექტის ინიციატორის მიერ თანადაფინანსების ნაცვლად წარმოდგენილი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შეფასება;

ბ) ობიექტის მდგომარეობის შეფასება.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“.

    მუხლი 4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების კონტროლი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკონტროლებს გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას.

2. საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების კონტროლი ხორცი­ელდება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.