დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 27/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №350
2004 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2002 წ., №23, მუხლი 184) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება შემუშავებულია „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების, განხორციელებისა და კონტროლის წესს.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებისათვის ობიექტის შესარჩევად დგება „ობიექტის პასპორტი“, რომელიც მოიცავს:
ა) ობიექტის დეფექტურობის აქტს;
ბ) შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთა ნუსხას არსებული საბაზრო ფასებით, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნეს გამიჯნული ყველა თანადამფინანსებლის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოები;
გ) სამუშაოების განხორციელების გრაფიკს;
დ) დასასაქმებელი რეგისტრირებული უმუშევრების სავარაუდო რაოდენობას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მიხედვით;
ე) ცნობას ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ;
ვ) დაფინანსებაში მონაწილე მხარეების თანხმობას თანადაფინანსების განხორციელების თაობაზე.“;
გ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს სამუშაოთა შესყიდვას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“;
დ) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ 15 დღეში დასაქმების სახელმწიფო სამსახური წარუდგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სიას და თითოეული მათგანის წერილობით თანხმობას საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობის თაობაზე.“;
ე) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებელ ორგანიზაციასა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერასა და შესრულების ვადას;
ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობას და მათ მიმართ მინიმალურ აუცილებელ მოთხოვნებს;
გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.“;
ვ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების კონტროლი
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ხელშეკრულების პირობების შესრულების ფინანსურ კონტროლს.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (კერძო სამართლის სუბიექტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში – ამ სუბიექტის) წარმომადგენლებისაგან შემდგარი ერთობლივი კომისია ახორციელებს საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლს.
3. საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.“.
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა (ლ. ჭიპაშვილი) დაამტკიცოს დებულება „საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის განმახორციელებელი ერთობლივი კომისიის მუშაობის წესის შესახებ“.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები