საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 26/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
801
22/10/2010
სსმ, 138, 26/10/2010
010240030.22.033.016027
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/10/2010 - 04/01/2011)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №801

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ლ” ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით” გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 39 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით, სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპებით.

3. არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს დეპარტამენტის საქმიანობაში, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი) კოორდინირებულად და სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა;

ბ) ფინანსური სახსრების, მატერიალური ფასეულობების, სხვა ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვის და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობის და შედეგობრიობის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება-შესწავლის და ანალიზის მეშვეობით, არსებული რისკ-ფაქტორების გამოვლენა, შეფასება და მათი მართვის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის და რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სამინისტროს დასახული მიზნების შესრულებაში;

გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.

თავი II

დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება, ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს სისტემის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით;

გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

დ) შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შეადგინოს შიდა აუდიტორული დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული სხვა საკითხების შესახებ მიღებულ ინფორმაციას, დოკუმენტაციას, შიდა აუდიტის პროცესში გამოვლენის ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას;

ე) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;

ვ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

 ზ) შიდა აუდიტორული დასკვნის რეაგირებისათვის გადაგზავნა მინისტრისათვის ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელისათვის;

თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ი) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;

კ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;

ლ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის შეფასება-ანალიზი და მათი ამაღლების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

მ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა;

ნ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ო) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საჯაროობის და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

პ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;

ჟ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სისტემაში გასვლითი ან კამერალური აუდიტის ფორმით ჩაატაროს კომპლექსური, თემატური, შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის ან ფინანსური აუდიტი;

ბ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები, საჩივრები (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთ დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;

გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის ან/და შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;

დ) შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტი თუ სხვა სახის ინფორმაცია, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით;

ე) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

ვ) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;

ზ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში ითანამშრომლოს საქართველოს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაცია და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

2. დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) განუხრელად დაიცვას შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, წინამდებარე დებულების მოთხოვნები, სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები;

ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, პროგრამა და უფლება-მოვალეობათა ნუსხა;

გ) შეადგინოს შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა და რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს;

დ) დეპარტამენტში მომზადებული დასკვნა ცნობისათვის გადაუგზავნოს მინისტრს;

ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, ასევე არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტმენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;

ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტის ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროგრამას;

ზ) მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტში მომზადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს;

თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს და სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს;

ნ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროექტს;

ო) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;

პ) თანამშრომლობს სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;

ჟ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგენს მინისტრს და სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;

რ) ყოველკვარტალურად აწარმოებს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებების ანგარიშგებას და წარუდგენს ცენტრს;

ს) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ტ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;

უ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

ფ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ქ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ღ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 7. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას;

ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს და ი საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე შეიძლება იყოს მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი ან სპეციალისტი, რომელიც ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.

3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.

5. სამმართველოს მოსამსახურეები ასრულებენ სტრუქტურული ერთეულის უფროსის და მინისტრის სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებს.

    მუხლი 9. უფლებამონაცვლეობა

1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

    მუხლი 10. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ინსპექტირების სამმართველო;

ბ) მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო;

გ) რისკების შესწავლის სამმართველო.

    მუხლი 11. ინსპექტირების სამმართველო.

ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთ დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 12. მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო

მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის განუხრელ შესრულებაზე;

ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;

ვ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 13. რისკების შესწავლის სამმართველო

რისკების შესწავლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

გ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომედაციების შემუშავება;

ე) რისკ-ფაქტორების გამოვლენის მიზნით საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, გადახდების განხორციელების წინასწარი შესწავლა და შეფასება;

ვ) შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი;

ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებსაქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 14. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა

1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

2. დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშავებასა და აღრიცხვა-შენახვაზე, ასევე დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული დოკუმენტაციის, კორესპონდენციის აღრიცხვა-შენახვასა და საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე, რომელიც ასევე პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების პერმანენტულ წარმოებაზე.

თავი V

დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხები

    მუხლი 15. აცილების საფუძვლები

1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს დეპარტამენტის მოსამსახურის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.

2. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.