სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 04/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.532
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
148
02/08/2006
სსმ, 103, 04/08/2006
430.030.000.10.003.000.532
სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2006 - 11/08/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია სამუშაო ძალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიის დაუფლება და/ან პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების 2006 წლის თანდართული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ პროგრამის შეუფერხებელი შესრულებისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2007 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიის დაუფლება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

    მუხლი 2. პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპები

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპები:

ა) პროგრამაში ნებაყოფლობით საფუძველზე მონაწილეობას მიიღებენ მეწარმე სუბიექტები და ბენეფიციარები;

ბ) პროგრამის ბენეფიციარებად შეირჩევიან 18-დან 64 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი პირები, რომლებიც ეძებენ სამუშაოს და მზად არიან მის შესასრულებლად;

გ) პროგრამის ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 52 ათასით.

    მუხლი 3. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

ა) ბენეფიციართა სტაჟირება მეწარმე სუბიექტებთან სამი თვის განმავლობაში დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების პროფესიის დაუფლების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით;

ბ) პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

გ) პროგრამის მონაწილეების (ბენეფიციარები და მეწარმე სუბიექტები) მონაცემთა ბაზის ფორმირება;

დ) პროგრამის მონაწილეთა დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევა და დაკავშირება;

ე) სტაჟირების ეტაპების გავლის შესაბამისად პროგრამის ბენეფიციართა სტიპენდიით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სტაჟირების ადგილზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პერიოდში (3 თვე) მათთვის ყოველთვიური სტიპენდიის გაცემას თვეში 150 ლარის ოდენობით.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2006 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტებისათვის სპეციალური ფორმის განაცხადების დარიგებას და შევსებული განაცხადების სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) გადაცემას. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს მხოლოდ ისეთი მეწარმე სუბიექტების მიერ წარდგენილი განაცხადები, რომლებსაც აქვთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დასაბეგრი ბრუნვა.

2. პროგრამის ბენეფიციართა შერჩევა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; სამინისტრო აგრეთვე უზრუნველყოფს ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.

3. სააგენტო ორგანიზაციულად უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებას.

4. სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციართათვის სტიპენდიის გადახდა წარმოებს დადგენილი ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ სტაჟირების გავლის ყოველთვიური დადასტურების საფუძველზე.

5. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ახორციელებს პროგრამის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო უზრუნველყოფას, პროგრამის ბენეფიციართათვის სტიპენდიის გაცემის ორგანიზებას.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად პროგრამისათვის გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები შეადგენს 24 000.0 ათას ლარს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ბენეფიციართა სტიპენდიები, პროგრამის მართვის ხარჯებს.