,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
660
24/11/2007
სსმ, 168, 28/11/2007
330.130.000.08.002.004
,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (28/11/2007 - 10/12/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №660

2007 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

პროექტის შემთანხმებელი და  მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

1. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 1. რეგულირებისა და მოქმედების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.

2. წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტებისა და მათი ნაწილების მიმართ, რომელთა მშენებლობა ბრძანებულების ძალაში შესვლის დროისათვის დასრულებულია. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გამოვლენისა და დაჯარიმების შემდეგ ობიექტის მიმართ გამოიყენება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების დებულებები.

3. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას.

    მუხლი 2. ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო

ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (შემდეგში – შესაბამისი ორგანო).

    მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები

1. ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა;

გ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);

დ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;

ე) არსებული საპროექტო დოკუმენტაცია;

ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობის გამოკვლევის შედეგები;

ზ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 4. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილება

1. შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელია მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმცხადებელს მოსთხოვოს:

ა) ობიექტის ან მისი ნაწილის მდგომარეობის გამოსაკვლევად ან/და ლეგალიზების საკითხის განხილვისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად აზომვითი ნახაზების შედგენა (მათ შორის, დამატებითი აზომვების), მოწყობილობა-დანადგარების გამოცდა, ლაბორატორიული შემოწმების აქტების წარმოდგენა, აგრეთვე სიმტკიცეზე, მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება (ეს მოთხოვნები არ უნდა იწვევდეს სტრუქტურის (შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული ელემენტების) დაზიანებას, თუ ეს არ არის გამოწვეული მდგრადობის დადგენის ცხადი აუცილებლობით, რისთვისაც აუცილებელია კვანძის გაშიშვლება);

ბ) დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია ობიექტის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) ობიექტზე ან მის ნაწილზე მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება.

3. შესაბამისი ორგანო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

4. განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მიშენებასა და დაშენებაზე, რომელიც არ გამოდის შენობის ძირითად ფასადზე. დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ აღნიშნული მიშენება და დაშენება დამატებითი კვლევის გარეშე ექვემდებარება ლეგალიზებას.

    მუხლი 5. სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმება

შესაბამისი ორგანო ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ქალაქმშენებლობითი და სხვა ტექნიკური პირობების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებას.

    მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების თაობაზე

1. შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნებისა).

2. შესაბამისი ორგანო ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ობიექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობას. ის ობიექტი, რომელიც არ შეესაბამება განაშენიანების ნებადართულ სახეობებს, აგრეთვე ქალაქთმშენებლობით და მოცულობითსივრცით მოთხოვნებს, იძენს შეუსაბამო უძრავი ობიექტების სტატუსს და მის მიმართ მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები.

3. შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილების მოთხოვნებისა);

ბ) განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა შესაბამისი ორგანოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიცემული დავალება ან/და არ წარმოადგინა ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

4. იმ მიშენებასა და დაშენებაზე, რომელიც არ გამოდის შენობის ძირითად ფასადზე, გადაწყვეტილება მიიღება ავტომატურად ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღების ვადები

1. შესაბამისი ორგანო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელი ვალდებულია შეასრულოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, გადაწყვეტილება ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებლად შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში.

3. ამ მუხლით დადგენილ ვადებში შესაბამისი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება ლეგალიზებულად.

    მუხლი 8. ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შედეგები

შესაბამისი ორგანოს მიერ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.