ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.034.017582
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
02/07/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
020080000.22.034.017582
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/07/2025 - 09/07/2025)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება  №53№20/ნ

2025 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 და 25-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-12 და მე-13 ნაწილების, 451 მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილის, 1152, 1161, 1163 და 1184 მუხლების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1);

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გამოკვლევის ბარათი (დანართი №2);

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნა (დანართი №3).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ ერთობლივი ბრძანება.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე



ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს;

ბ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან/ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პრევენცია, ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 2. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი

1. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, პოლიციელი უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის შემოწმება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად.

2. პოლიციელი უფლებამოსილია პირს შესთავაზოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანა.

3. პირი უფლებამოსილია უარი თქვას სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია, პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა, საკუთარი ნებით ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდგომ – ბიურო).

4. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო ბიუროში – გამოსაკვლევი პირის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე.

5. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევის გზით.

6. თუ სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა ამ ბრძანებით განსაზღვრული, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ან ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საწინააღმდეგო შედეგი, კვლევის ჩამტარებელი დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს გამოკვლევის შედეგის ქრომატოგრაფიული მეთოდით გადამოწმება, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად.

8. პირის სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში მის მიერ ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობა ან ამ გამოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.

9. ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების უფლების მქონე  სამედიცინო  დაწესებულებების ნუსხა განისაზღვრება ამ ბრძანებით.

მუხლი 3. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ან მოხმარების ფაქტის დადგენის წესი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევის გზით. ამ შემთხვევაში მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტი დგინდება ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45​​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიიჩნევა, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

მუხლი 4. ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი

1. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი მას ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას და პორტატიული ნარკოტესტერის (შემდგომ − ნარკოტესტერი) მეშვეობით უზრუნველყოფს მძღოლის შემოწმებას მისი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად.

2. თუ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ნარკოტესტერის მეშვეობით გამოვლინდა, პოლიციელი კლინიკური და ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევის მიზნით მძღოლს წარადგენს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

3. თუ ნარკოტესტერის მეშვეობით არ დადგინდა მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, თუმცა მისი გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი უფლებამოსილია მას მოსთხოვოს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაყვანა.

4. პირი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიიჩნევა, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილი კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით ერთობლივად.

5. ნარკოტესტერით შემოწმებაზე უარის თქმა, აგრეთვე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე უარის თქმა ან ამ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური გამოკვლევის ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.

6. მძღოლს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში, ბიუროში ან ამ ბრძანებით განსაზღვრულ, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა.

7. ამ მუხლის მე-6  პუნქტით განსაზღვრული ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების უფლების მქონე  სამედიცინო  დაწესებულებების ნუსხა განისაზღვრება ამ ბრძანებით.

მუხლი 5. სატრანსპორტო საშუალების მართვისგან მძღოლის ჩამოშორების წესი

1. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი მას ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება სამართავად შეიძლება გადაეცეს:

ა) ამავე სატრანსპორტო საშუალებაში ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;

ბ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ მოწვეულ პირს, რომელიც იმყოფება ფხიზელ მდგომარეობაში და გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (ან დროებითი მართვის მოწმობა) ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

მუხლი 6. გამოსაკვლევი პირის უფლებები

გამოსაკვლევად წარმოდგენილ პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში,  ამ ბრძანებით განსაზღვრულ, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა.

მუხლი 7. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზნით კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი

1. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზნით, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში/ბიუროში  კლინიკურ ან/და ლაბორატორიულ (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის/ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომ – უფლებამოსილი პირი).

2. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ფაქტის  დასადგენად, კლინიკურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ნარკოლოგია“. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კლინიკურ გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირს ასევე შესაძლებელია ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი) და გავლილი ჰქონდეს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული ექიმთა გადამზადების პროგრამა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება.

3. ალტერნატიულ გამოკვლევას ატარებს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო  დაწესებულება, რომელსაც გააჩნია ბიოლოგიური მასალის ქრომატოგრაფიული მეთოდით შემოწმებისათვის საჭირო საშუალებები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების ქრომატოგრაფიული მეთოდი განისაზღვრება ამ ბრძანებით.

მუხლი 8. გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი

1. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ფაქტის დადგენის დროს  უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირი პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის ოქმის საფუძველზე იტარებს ლაბორატორიულ გამოკვლევას სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან ბიუროში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობა წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №1) (შემდგომ – სარეგისტრაციო ჟურნალი) და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გამოკვლევის ბარათში (დანართი №2) (შემდგომ – გამოკვლევის ბარათი) ფიქსირდება მომართვაში/დადგენილებაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით.

3. სარეგისტრაციო ჟურნალი დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი დანომრილია, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის და გამოკვლევის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი ბიუროში განისაზღვრება ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-9 ნაწილითა და 451 მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოსაკვლევი პირი სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში/ბიუროში წარადგენს პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის ოქმის ორ  ეგზემპლარს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტი მიმართვის შესაბამის ოქმში ავსებს ინფორმაციას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ: გამოსაკვლევი პირის მიერ საექსპერტო დაწესებულებაში ბიოლოგიური მასალის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ექსპერტის (ექიმ-ნარკოლოგის) თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა – დამოწმებული ბეჭდით. მიმართვის ოქმის შევსებულ ერთ ეგზემპლარს გადასცემს გამოსაკვლევ პირს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან ბიუროში.

მუხლი 9. ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი  

1. ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევა ტარდება – ნერწყვში ან/და შარდში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევა ტარდება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზით. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი გულისხმობს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით ბიოლოგიური მასალის იმუნოქიმიური სტრიპ-ტესტებით (სწრაფი ტესტირება) შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, ქრომატოგრაფიული მეთოდით ლაბორატორიულ გადამოწმებას. ქრომატოგრაფიული მეთოდით გამოკვლევა არის ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდი, რომელიც ნივთიერებათა ნარევების ცალკეულ კომპონენტებად დაშლის გზით იძლევა მათი იდენტიფიკაციისა და რაოდენობრივი ანალიზის საშუალებას. ქრომატოგრაფიული გამოკვლევა არის დამაზუსტებელი (კონფირმაციული) ხასიათის.

3. სიყალბის პრევენციის მიზნით გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღების პროცესზე შესაძლოა, განხორციელდეს ვიდეომონიტორინგი ან ვიზუალური მეთვალყურეობა სამინისტროს/ბიუროს თანამშრომლის მიერ. გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით, ბიოლოგიური მასალის აღებას ასევე შესაძლებელია დაესწროს მისი ნდობით აღჭურვილი პირი. აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ერთ ან ორ ულუფად და ინახება სათანადო წესების დაცვით 30 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის, წარმომდგენის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის, მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო.

4. ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით გამოსაკვლევი პირისგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და კვლევა ტარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

5. ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად ხდება ბიოლოგიური მასალის (ნერწყვისა და შარდის) აღება და კვლევა ტარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

6. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) კვლევის შედეგი ფიქსირდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნაში (დანართი №3) (შემდგომ – დასკვნა). დასკვნა დანომრილია და დამოწმებულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. პასუხი გაიცემა გამოკვლეულ პირზე, ასევე, ეგზავნება ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელ დანაყოფს.

7. ბიუროს მიერ ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) კვლევის შედეგები აღირიცხება ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამინისტროს ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო ბიუროსგან გამოითხოვს ინფორმაციას პირის მიერ გამოკვლევის ჩატარების ფაქტის ან/და გამოკვლევის შედეგების შესახებ.

მუხლი 10. კლინიკური გამოკვლევის ჩატარების წესი  

1. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ფაქტის დადგენის  დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, გამოკვლევის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო, პირის დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო (პირის დაკავების შემთხვევაში), ინფორმაცია, იღებს თუ არა გამოსაკვლევი პირი ნარკოტიკულ საშუალებებს/ფსიქოტროპულ/ახალ ფსიქოაქტიურ საშუალებებს, რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა მეთოდით, უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის გარეგნობა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი.

2. კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს დასკვნას.

მუხლი 11. გამოკვლევის აღრიცხვა და სისტემატიზაცია

სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და ბიუროს მიერ, გამოსაკვლევ პირთან დაკავშირებით, ერთიანი ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) გამოსაკვლევი პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ) რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

გ) გამოკვლევის თარიღი;

დ) გამოკვლევის ჩამტარებელი ექსპერტის ვინაობა;

ე) დასკვნის ნომერი და დასკვნის შედეგები.