დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280000000.32.061.016443 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (29/05/2025 - 18/06/2025)
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს, თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებმა (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტისა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის საფუძველზე, დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების მიერ იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“ (შემდგომში – კომისია). 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება 1. ამ წესის მიზნებისათვის ერთჯერადი დახმარება არის ფულადი გასაცემელი, რომლის ოდენობა და მიმღებ პირთა კატეგორიები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრება აღნიშნული დადგენილებით. 2. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევათ აღნიშნული დადგენილით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებულ დევნილ საქართველოს მოქალაქეებს (ოჯახებს). მუხლი 3. ერთჯერადი დახმარების მიმღებ პირთა კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ბენეფიციარი), (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით: 1.1. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს და პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა შედგება: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 300 ლარი; ბ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 150 ლარი; გ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 150 ლარი; დ) დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე – 200 ლარი; ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი – 250 ლარი; ვ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი; ზ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, ონკოლოგიური დაავადების მქონე დევნილი სოციალურად დაუცველი – 200 ლარი; თ) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი; ი) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი – არაუმეტეს 1000 ლარი; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, ძმა, და, მეუღლე) – არაუმეტეს 1000 ლარი; ლ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 3000 ლარი. 2. ბენეფიციარზე დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა საჭიროებიდან გამომდინარე გამონაკლისებისა. 3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა კომისიას უნდა წარუდგინოს: 3.1. განცხადება, გარდა ამ მუხლის 1.1. პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა; 3.2. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი); 3.3. ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. 4. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილის დახმარების გაწევაზე ინიცირებას აკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 5. 100 წელს გადაცილებული დევნილის დახმარების გაწევაზე ინიცირებას აკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 6. მე-3 მუხლის 1.1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. მუხლი 4. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების იურიდიულ მისამართებზე. 2. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. 3. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ. 4. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბენეფიციარზე და/ან მძიმე სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ერთსა და იმავე მისამართზე დევნილად დარეგისტრირებული ოჯახის წევრები ან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთსა და იმავე მისამართზე დარეგისტრირებული ოჯახის წვრები) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისიური გადაწყვეტილებით. მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისია შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისაგან, მათ შორის 1 (ერთი) წევრი წარმოდგენილი უნდა იყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატიდან, რომელიც კომისიის სხდომას შესაძლებელია დაესწროს დისტანციურად. 3. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ წარდგენილი საკითხების შესაბამისად. 5. ამ წესით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისთვის კომისიის წევრები არ იღებენ არავითარ გასამრჯელოს. 6. კომისიის სხდომები იმართება ყოველი სამუშაო კვირის ხუთშაბათ დღეს, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 7. კომისიის სხდომები კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში. 8. კომისია სწავლობს და განიხილავს ბენეფიციარის მდგომარეობას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 9. საკითხის განხილვა ხდება კომისიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ წარდგენილი დოკუმენტების (არსებული გარემოებების შესწავლის, მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაგროვილი მონაცემების, წარმომადგენლობების შევსებული ფორმების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ) ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ამუშავებს ბენეფიციარისა და მის ოჯახის წევრთა პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემებს. 11. საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ბენეფიციარი მოიწვიოს გასაუბრებაზე ასევე გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებისგან. 12. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები ან სხვა პირები. მოწვეული პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. 13. კომისია უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. 14. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისია განხილულ საკითხზე საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, თანხმდება შემდეგზე: ა) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 15. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველს. 16. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფენ მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში. 17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეგზავნება ბენეფიციარს. 18. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, კალენდარული წლის ბოლოს ან/და მოთხოვნისამებრ კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 19. კომისიაზე განხილული საკითხების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს კომისიის მდივანი. მუხლი 6. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში. მუხლი 7. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები