დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.024908 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (23/01/2025 - 23/01/2026)
|
| მუხლი 1 |
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი
თავი I . ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების საგზაო ინსპექტირების წესებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების ხარისხობრივ დაყოფას. 2. გზისპირა ზონაში სატრანსპორტო საშუალება მოწმდება შემდეგ საკითხებზე: ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს; ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში და როდესაც გადაზიდვა/გადაყვანა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში ან მათი კონტროლით; გ) სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის; დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც დადგენილი წესით გამოიყენება საგანგებო სიტუაციების დროს ან სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობისას, მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთის არაკომერციული გადატანისას.
მუხლი 2. წესის მიზანი წესის მიზანია: ა) სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, მათი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია; ბ) საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის უსაფრთხოების, აგრეთვე საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესება.
მუხლი 3. დარღვევის ხარისხობრივი დაყოფა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევები, სიმძიმის მიხედვით იყოფა პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და მე-3 ხარისხის დარღვევებად.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება (შემდგომში – ინსპექტირება) – გზისპირა ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოწმება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული M2, M3, N1, N2, N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის O3, O4 კატეგორიის მისაბმელებით/ნახევრადმისაბმელებით; გ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; დ) ინსპექტორი – სააგენტოს სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას გზისპირა ზონაში; ე) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ვ) ინსპექტირების პუნქტი – გზისპირა ზონაში ინსპექტირების განსახორციელებლად განკუთვნილი დაკალიბრებული და სერტიფიცირებული სისტემებით აღჭურვილი პუნქტი; ზ)აღჭურვილობა – ინსპექტირების პუნქტში ინსპექტირებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების, დანადგარების, ხელსაწყოების და პროგრამული სისტემების ერთობლიობა; თ) სატრანპორტო საშუალების ინსპექტირების აქტი (შემდგომში – ინსპექტირების აქტი) – ინსპექტორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებს. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში არსებული შესაბამისი ტექნიკურ რეგლამენტებით გათვალისწინებული მნიშვნელობები.
თავი II. ინსპექტირება
მუხლი 5. ინსპექტირება და მისი დაწყების საფუძვლები 1. ინსპექტირებას სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის დახმარებით ახორციელებს სააგენტო. 2. ინსპექტირებისთვის სატრანსპორტო საშუალებების შერჩევას უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი. 3. ინსპექტირების მიზნით სატრანსპორტო საშუალებები სამინისტროს მიერ შეირჩევა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლით: ა) შემთხვევითობის პრინციპით; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ან/და გარემოს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტო მისი ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის (სააგენტოს ცხელი ხაზი) საშუალებით მიიღებს შეტყობინებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას სააგენტო გადასცემს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“.
მუხლი 6. ინსპექტორი 1. ინსპექტირების განხორციელებისას, ინსპექტორმა არ უნდა დაუშვას ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, მძღოლის ეროვნული ნიშნის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან/და ექსპლუატაციაში გაშვების ქვეყნის მიხედვით. 2. ინსპექტორი უნდა იყოს კვალიფიციური, მიუკერძოებელი და ობიექტური. 3. ინსპექტორი უფლებამოსილია, ინსპექტირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მოსთხოვოს ინსპექტირების პროცესის ხელშეწყობა და გასცეს მითითებები. 4. ინსპექტორი, ინსპექტირების დასრულების შემდეგ ადგენს ინსპექტირების აქტს, რომლის ასლი გადაეცემა მძღოლს ან გადამზიდველს.
მუხლი 7. ინსპექტირების შინაარსი და მეთოდები 1. ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შერჩეული სატრანსპორტო საშუალებები სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის უფლებამოსილ პირს გადაჰყავს ინსპექტირების პუნქტში. 2. ინსპექტირების პუნქტში ინსპექტორი ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომელზეც ადგენს ინსპექტირების აქტს. 3. ინსპექტირების აქტის ფორმას, შენახვის ვადას, მისი შევსებისა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას, ინსპექტირების აქტის მიხედვით, ამ წესის დანართებით ჩამოთვლილი ერთ-ერთი კომპონენტის შემოწმება ჩაუტარდა წინა ერთი თვის განმავლობაში, მაშინ ინსპექტორი აღარ შეამოწმებს აღნიშნულ კომპონენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი შემოწმების საჭიროება გამართლებული იქნება აშკარა ხარვეზის არსებობით. 5. ინსპექტირების შედეგად ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისმა სატრანსპორტო საშუალებამ ან მისმა მძღოლმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საგზაო მოძრაობას რაიმე პირდაპირი და მყისიერი რისკის არსებობის გამო, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი შემოწმების საფუძველზე, დარღვევის აღმოფხვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვევის აღმოფხვრა ვერ ხორციელდება ადგილზე და საჭიროა სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალიზირებულ სერვის-ცენტრში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება დასაშვებია სპეციალიზირებული სერვის-ცენტრის მიერ გაცემული ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც უნდა ინახებოდეს ბორტზე რეისის დასრულებამდე. 8. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი/მძღოლი უარს განაცხადებს ინსპექტორის მიერ მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტების წარდგენაზე ან დოკუმენტებზე იკვეთება გაყალბების აშკარა ნიშნები, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, ვალდებულია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სათანადო დოკუმენტების წარმოდგენამდე. 9. ინსპექტირების მიმდინარეობისას, მძღოლი უფლებამოსილია დაუკავშირდეს გადამზიდველს ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რათა უზრუნველყოს, ინსპექტირების დასრულებამდე, ნებისმიერი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ აღმოჩნდება სატრანსპორტო საშუალების ბორტზე. 10. მართვის 9-საათიანი დღიური პერიოდის გამოყენების შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის დრო აღემატება 13 სთ 30 წთ-ს შესვენების/დასვენების გარეშე, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, ვალდებულია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდის გამოყენებამდე (არანაკლებ 11 საათი). 11. მართვის 10-საათიანი დღიური პერიოდის გამოყენების შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის დრო აღემატება 15 სთ-ს შესვენების/დასვენების გარეშე, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, ვალდებულია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდის გამოყენებამდე (არანაკლებ 11 საათი). 12. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის ყოველკვირეული ხანგრძლივობა აღემატება 70 სთ-ს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, ვალდებულია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება დასვენების ნორმალური ყოველკვირეული პერიოდის გამოყენებამდე (არანაკლებ 45 საათი). 13. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის ხანგრძლივობა ორი თანმიმდევრული კვირის განმავლობაში აღემატება 112 სთ და 30 წთ-ს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, ვალდებულია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება დასვენების ნორმალური ყოველკვირეული პერიოდის გამოყენებამდე (არანაკლებ 45 საათი). 14. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შემოწმებისას, იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტირების პროცესში ერთვება სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს დალუქული სატრანსპორტო საშუალების გახსნასა და და ხელახლა დალუქვას. 15. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების პუნქტში სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდება ან ნაწილობრივ ხორციელდება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმება, ინსპექტირება განხორციელდება მხოლოდ იმ საკითხებზე, რისი შემოწმების საშუალებასაც სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე იძლევა ინსპექტირების პუნქტი. 16. ინსპექტირების შედეგად ამ წესის მე-3 თავით გათვალისწინებული სხვადასხვა ხარისხის დარღვევების გამოვლენისას ინსპექტირების აქტში მიეთითება ყველა დარღვევის შესახებ, ხოლო პირს დაეკისრება ყველაზე მძიმე ხარისხის დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
მუხლი 8. ინსპექტირების პუნქტი ინსპექტირების პუნქტებს უნდა გააჩნდეს შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხების შემოწმების მიზნით, მათ შორის: ა) მაკონტროლებლის ბარათ(ებ)ი (ტაქოგრაფი); ბ) ტაქოგრაფის მონაცემების წამკითხველი მოწყობილობა; გ) ავტომობილების ქვემოდან სათანადოდ დათვალიერებისა და შემოწმების საშუალება (საკაცე); დ) სამუხრუჭო ტესტერი; ე) გამონაბოლქვის შესამოწმებელი მოწყობილობა; ვ) თვლის ფოლხვის დეტექტორი; ზ) საბურავის პროტექტორის სიღრმის საზომი; თ) სასწორი, რომელიც შეიძლება ასევე იყოს ინტეგრირებული ძირითად მოწყობილობასთან, მაგალითად სამუხრუჭო ტესტერთან; ი) ჰიდრავლიკური/პნევმატური ამწე (დომკრატი); კ) თვლების საბჯენი სოლები; ლ) ინსპექტირების სანათი; მ) საბურისი; ნ) გაბარიტების მზომი; ო) უსაფრთხოების გამაფრთხილებელი ნიშნები; პ) აირის გაჟონვის დეტექტორი.
მუხლი 9. დარღვევის ხარისხის შეფასება 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შესამოწმებელ კომპონენტთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევების ჩამონათვალი და მათი სიმძიმის ხარისხი მოცემულია ამ წესის III თავითა და N1-N6 დანართებით. 2. დარღვევის ხარისხის შეფასება ხდება როგორც ვიზუალურად ან/და ამ წესის მე-8 მუხლში გათვალისწინებული აღჭურვილობით. 3. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევები სიმძიმის მიხედვით იყოფა პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და მე-3 ხარისხის დარღვევებად: ა) პირველი ხარისხის დარღვევა – არ ახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებასა და გარემოზე, ასევე სხვა უმნიშვნელო ცდომილებები; ბ) მე-2 ხარისხის დარღვევა – შეიძლება საფრთხე შეუქმნას სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას, მოახდინოს ზემოქმედება გარემოზე ან რისკის ქვეშ დააყენოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები, ან/და სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეუსაბამობები; გ) მე-3 ხარისხის დარღვევა – პირდაპირ და უშუალო რისკს უქმნის საგზაო უსაფრთხოებას ან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.
თავი III. დარღვევების ჩამონათვალი და მათი სიმძიმის ხარისხი
მუხლი 10. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა 1. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევები და მათი ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება დანართი N1-ის შესაბამისად. 2. ინსპექტორი ვალდებულია: ა) დარწმუნდეს, რომ ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაშვებულია შეთანხმების „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ“- ADR -ის (შემდგომ – ADR ) დებულებებისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის N89 დადგენილებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ შესაბამისად; ბ) ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნდეს, რომ სატრანსპორტო საშუალებებსა და გადასაზიდ ტვირთებს არ აღენიშნებათ რაიმე ხილული ხარვეზი, გაჟონვა, ბზარი და ისინი სათანადოდ არიან აღჭურვილი; გ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებებზე და სახიფათო ტვირთზე საშიშროების ნიშნების, საინფორმაციო დაფების, ნარინჯისფერი ტაბლოებისა და მარკირების არსებობა და შესაბამისობა ADR-ის და შესაბამისი რეგლამენტის მოთხოვნებთან; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტში მოყვანილი პირობების ან /და შესაბამისი რეგლამენტის ან/და ADR-ის დებულებების სხვა მოთხოვნების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შეჩერება მათ აღმოფხვრამდე; ე) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში), სატრანსპორტო დოკუმენტები, წერილობითი ინსტრუქციები და განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი სპეციალური დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 11. მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენების დარღვევები და მათი ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება დანართის N2-ის შესაბამისად. 2. ინსპექტორი ამოწმებს: ა) მართვის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ხანგრძლივობას, ყოველდღიური და ყოველკვირეული შესვენებებისა და დასვენების ხანგრძლივობას; ბ) წინა დღეების სარეგისტრაციო ფურცლებს, რომლებიც უნდა იქონიონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ან/და საჭიროების შემთხვევაში მონაცემებს, რომლებიც იმავე პერიოდის განმავლობაში ინახება მძღოლის ბარათზე ან/და საკონტროლო მოწყობილობის მეხსიერების ბლოკში ან/და ამონაბეჭდზე; გ) საკონტროლო მოწყობილობის შესაბამისობას AETR-ის შეთანხმების და შესაბამისი რეგლამენტის მოთხოვნებთან და მის გამართულ ფუნქციონირებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირება უნდა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მძღოლების გამიჯვნა რეზიდენტებად და არარეზიდენტებად და წარმოშობის ადგილის, რეისის დანიშნულებისა ან ტაქოგრაფის ტიპისგან დამოუკიდებლად. 4. თუ მძღოლი მართავს ანალოგური ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ინსპექტორმა უნდა შეამოწმოს: ა) მიმდინარე დღის სარეგისტრაციო ფურცელი და ფურცლები, რომლებიც მძღოლმა გამოიყენა წინა 28 კალენდარული დღის განმავლობაში; ბ) მძღოლის ბარათი, თუ იგი მას აქვს; გ) ხელით გაკეთებული ნებისმიერი ჩანაწერი და ამონაბეჭდები, გაკეთებული მიმდინარე დღის და წინა 28 კალენდარული დღის განმავლობაში. 5. თუ მძღოლი მართავს ციფრული ან ჭკვიანი ტაქოგრაფით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ინსპექტორმა უნდა შეამოწმოს: ა) მძღოლის ბარათი, რომლის მფლობელიც იგი არის; ბ) ხელით გაკეთებული ნებისმიერი ჩანაწერი და ამონაბეჭდები, გაკეთებული მიმდინარე დღის და წინა 28 კალენდარული დღის განმავლობაში; გ) სარეგისტრაციო ფურცლები, რომლებიც შეესაბამება დროის იმავე პერიოდს, რაც აღნიშნულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და რომლის განმავლობაშიც იგი მართავდა ანალოგური საკონტროლო მოწყობილობით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 6. ტაქოგრაფის გაუმართაობის ან არასწორად ფუნქციონირების შემთხვევაში ინსპექტორი ამოწმებს სარეგისტრაციო ფურცელ(ებ)ზე ან შესაბამის ფურცელზე, რომელიც თან უნდა ერთოდეს სარეგისტრაციო ფურცელს ან/და მძღოლის ბარათს, მძღოლის მიერ ჩაწერილ მონაცემებს, რომლებიც იძლევა მძღოლის იდენტიფიცირების საშუალებას (გვარს და თავისი მართვის მოწმობის ნომერს ან გვარს და თავისი მძღოლის ბარათის ნომერს), მისი ხელმოწერის ჩათვლით, ფურცელში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია დროის სხვადასხვა პერიოდების მიხედვით, რომელიც აღარ რეგისტრირდება ან სათანადოდ არ იბეჭდება ტაქოგრაფით. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი იმყოფება შვებულებაში ავადმყოფობის გამო ან ყოველწლიურ შვებულებაში ან თუ იგი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ინსპექტორს უნდა წარუდგინოს ამის დამადასტურებელი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი. 8. ინსპექტორი ამ მუხლით გათვალიწინებულ მოთხოვნათა დაცვას ამოწმებს სარეგისტრაციო ფურცლების ან ტაქოგრაფის ან მძღოლის ბარათის დახმარებით რეგისტრირებული მონაცემების ამონაბეჭდის ანალიზის მეშვეობით, ან/და, თუ ეს შეუძლებელია, ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ანალიზის მეშვეობით, რომელიც იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, თუ რატომ არ შესრულდა რომელიმე მოთხოვნა.
მუხლი 12. სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა 1. სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის დარღვევები და მათი ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება დანართის N3-ის შესაბამისად. 2. ინსპექტირება უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს: ა) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია (დანართი N3; პუნქტი N0); ბ) სამუხრუჭო აღჭურვილობა (დანართი N3; პუნქტი N1); გ) საჭით მართვა (დანართი N3; პუნქტი N2); დ) ხილვადობა (დანართი N3; პუნქტი N3); ე) ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა (დანართი N3; პუნქტი N4); ვ) ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება (დანართი N3-ის პუნქტი N5); ზ) შასი და მისი შემადგენლები (დანართი N3; პუნქტი N6); თ) სხვა მოწყობილობები (დანართი N3; პუნქტი N7); ი) უარყოფითი ზემოქმედება (დანართი N3; პუნქტი N8); კ) დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის (დანართი N3; პუნქტი N9). 3. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების მეთოდი არის ვიზუალური შემოწმება, ელემენტების დათვალიერების გარდა, ინსპექტორს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ხელით შეეხოს მათ, შეაფასოს ხმაურის დონე, ან გამოიყენოს შემოწმების სხვა საშუალებები, სპეციალური მოწყობილობების გამოყენების გარეშე. 4. დანართი N3-ით გათვალისწინებული დარღვევის გამოსავლენად შესაძლებელია ინსპექტორის მიერ დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება, როგორიცაა ამწე ან ინსპექტირების ორმო. 5. ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ხელმისაწვდომი მეთოდებისა და აღჭურვილობის გამოყენებით, სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი ნაწილის მოხსნისა და დემონტაჟის გარეშე. 6. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია არ იძლევა დანართ N3-ში განსაზღვრული ინსპექტირების მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას, ინსპექტირება უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ მიღებული რეკომენდებული ტესტირების მეთოდების შესაბამისად. 7. დარღვევად არ მიიჩნევა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების ტიპის დამტკიცების შესახებ კანონმდებლობით, პირველი რეგისტრაციის, ექსპლუატაციაში პირველად შესვლის ან მოდერნიზაციის დროს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.
მუხლი 13. ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა 1. სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის დამაგრების წესების დარღვევები და მათი ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება დანართი N4-ის შესაბამისად. 2. ტვირთის განაწილებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული ღერძების მაქსიმალური დასაშვები დატვირთვა, აგრეთვე ღერძების აუცილებელი მინიმალური დატვირთვა სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური ნებადართული მასის ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალებების მასისა და გაბარიტების შესახებ მოქმედი ყველა საკანონმდებლო დებულების შესაბამისად. 3. დასაშვებია ტვირთების პოზიციის მხოლოდ მინიმალური ცვლილება ერთმანეთთან, სატრანსპორტო საშუალების კედლებთან ან ზედაპირებთან მიმართებით. ტვირთი არ შეიძლება გადაადგილდეს ტვირთისთვის გამოყოფილი სივრცის ან დასაწყობების ზედაპირის ფარგლებს მიღმა. 4. ტვირთის დამაგრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების კონკრეტული კომპონენტების, როგორიცაა წინა, გვერდითა და უკანა კედლების საყრდენი ან სამაგრი წერტილების მედეგობასთან დაკავშირებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტები გამოიყენება ტვირთის დასამაგრებლად. 5. ტვირთის დამაგრების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამაგრების ერთი მეთოდი ან რამდენიმე მეთოდის კომბინაცია.
მუხლი 14. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა 1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დარღვევები და მათი ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება დანართი N5-ის შესაბამისად. 2. ინსპექტორი ამოწმებს: ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კვალიფიკაციას (შესაბამისი დოკუმენტის არსებობა); ბ) გადამზიდველი ფლობს თუ არა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისთან ან საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. 3. ამ წესის დანართი N5-ით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის შემოწმება ვრცელდება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებზე. 4. სანებართვო დოკუმენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ გადამზიდველმა/მძღოლმა მატერიალური სახით ვერ წარმოადგინა ამ წესის დანართი N5-ის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტაცია, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენამდე.
მუხლი 15. საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა 1. საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევები და მათი ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება დანართი N6-ის შესაბამისად. 2. ტაქოგრაფის ინსპექტირებისას მოწმდება: ა) ტაქოგრაფის მუშაობის სისწორე; ბ) ტაქოგრაფზე ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა; გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების ფირფიტის არსებობა; დ) ტაქოგრაფზე და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა; ე) საბურავების ეფექტური გარშემოწერილობის ფაქტობრივი მნიშვნელობები. 3. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებისას მოწმდება: ა) ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა; ბ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების არსებობა; გ) სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობასა და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა; დ) საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ფაქტობრივი მნიშვნელობები.
მუხლი 16. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის 1. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო დოკუმენტების ინსპექტორისთვის წარმოუდგენლობა ჩაითვლება მე-2 ხარისხის დარღვევად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტებზე იკვეთება გაყალბების აშკარა ნიშნები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები