“კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"

“კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 94/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 30/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.008.312
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
94/ნ
27/03/2006
სსმ, 42, 30/03/2006
470.010.010.22.035.008.312
“კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/03/2006 - 17/05/2023)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.008.312

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №94/ნ

2006 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №247 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარებისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. შეიქმნას ,,კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკო-ლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო“, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დამტკიცდეს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს დებულება (დანართი №1).   

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი        ვ. მეგრელიშვილი

 

დანართი №1

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები

ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები:

ა) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტს და დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ;

ბ) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანმიმდევრობა.

    მუხლი 2. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით შექმნილ სათათბირო ორგანოს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.

    მუხლი 3. საბჭოს მიზნები და ამოცანები

საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარება და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება;

ბ) გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, მათი ეტაპობრიობისა და გეგმურობის უზრუნველყოფა;

გ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის ზედამხედველობა, განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა.

    მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ზოგადი წესი

1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე.

2. საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან წარმომადგენლები სამინისტროდან, დარგობრივი ასოციაციებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან.

3. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, შემოსული გაიდლაინებისა და პროტოკოლების აღრიცხვისათვის, დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების რეესტრის წარმოებისათვის მინისტრი ნიშნავს პასუხისმგებელ მდივანს სამინისტროს თანამშრომლებიდან.

4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ. მორიგი სხდომის მოწყობის თარიღს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

6. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან წევრთა ერთი მესამედი არგუმენტირებული მოთხოვნით.

7. კონკრეტული საკითხების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებების განხორციელების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საბჭო უფლებამოსილია შექმნას მუშა ჯგუფები როგორც საბჭოს წევრებისაგან, ასევე მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან.

8. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი.

9. საბჭოს სხდომები ღიაა.

10. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა.

11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრით. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

12. კენჭისყრა იმართება ღია წესით.

13. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც საბჭოს შემადგენლობაში არ შედიან.

14. საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს დარგობრივ ასოციაციებთან. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ თანდართული ფორმის მიხედვით შემუშავებული გაიდლაინები და პროტოკოლები დარგობრივ ასოციაციებში ექსპერტიზის გავლის შემდგომ წარედგინება საბჭოს (საბჭო უფლებას იტოვებს განმეორებითი ექსპერტიზისა).

15. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი.

16. საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმში აგრეთვე უნდა აისახოს ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის ფაქტები (თუ საბჭოს წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს) და სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.

17. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დასამტკიცებლად.

    მუხლი 5. საბჭოს წევრები

საბჭოს წევრებს უფლება აქვთ:

ა) წინასწარ გაეცნონ განსახილველ საკითხებს;

ბ) მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვან აზრი და მიაწოდონ საბჭოს თავისი წინადადებები;

გ) განახორციელონ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის

 (გაიდლაინის) ფორმა

1. დაავადების დეფინიცია, სინონიმები, კლასიფიკაცია და ტერმინოლოგია (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შევიდეს ამ დაავადების სხვადასხვა ფორმების და გართულებების დეფინიციებიც).

2. ეპიდემიოლოგია (მოკლე შეჯამება. ამავე თავში დასაშვებია პროგნოზიც). ეპიდემიოლოგია საქართველოსათვის – სასურველია.

3. ეტიოპათოგენეზი (მოკლე შეჯამება):

დაავადების სუბსტრატი/პათოგენეზი/გამომწვევები.

4. კლინიკური სიმპტომატიკა:

ა) სიმპტომების ჩამონათვალი;

ბ) დაავადების ტიპები (თუ ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის თვალსაზრისით);

გ) დაავადების გართულებები.

5. დაავადების დიაგნოზი:

ა) დიაგნოსტიკური კრიტერიუმი – მთავარი კლინიკური სიმპტომების და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ბ) დიფერენციალური დიაგნოზის ჩამონათვალი;

გ) სიმძიმის ხარისხი – მოკლედ.

6. გამოკვლევის სქემა (სასურველია – სპეციფიური გამოკვლევების თანმიმდევრობის ან ჩატარების დროის ჩვენებით, შეიძლება – ალგორითმის სახით).

7. მკურნალობის სქემა (პრეპარატის ჯგუფის დონეზე, თუმცა სასურველია სპეციფიკური ჩვენებების - ფორმების/გართულებების, ძირითადი პრეპარატების დოზირების და ხანგრძლივობის მიხედვით; აქვე უნდა იქნეს მითითებული ძირითადი გვერდითი მოვლენები და მკურნალობის შეზღუდვები. მკურნალობის სქემა შეიძლება შეჯამებულ იქნეს ალგორითმის სახით).

8. რეაბილიტაცია /მეთვალყურეობა – სადაც ეს მნიშვნელოვანია.

9. ეთიკურ-სამართლებრივი რეკომენდაციები*.

10. პრაქტიკაში ადაპტაციის და პროტოკოლების შემუშავების რეკომენდაციები*.

11. გაიდლაინის გადასინჯვის და განახლების ვადა (თუ სხვაგვარად არაა დასაბუთებული პირველწყაროში, სასურველია – 2 წელი).

12. გაიდლაინის მიღების ხერხი/წყარო

(პირდაპირი თარგმანი, ადაპტაცია, თუ სხვადასხვა გაიდლაინების შეჯერება).

13. ალტერნატიული გაიდლაინის მითითება (თუ არსებობს).

14. გამოყენებული ლიტერატურა (მტკიცებულების ხარისხის მითითებით, თუ შესაძლოა).

15. ავტორთა ჯგუფი (რედაქტორი, კოლექტივი, რეცენზენტები/ექსპერტები).

 

* აღნიშნული საკითხები დასაშვებია არ შევიდეს გაიდლაინის მოკლე ვერსიაში.

 

დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტის

(პროტოკოლის) ფორმა

1. დაავადების/ნოზოლოგიის/სინდრომის მოკლე განმარტება.

2. კრიტერუმები

ა) დამადასტურებელი;

ბ) გამომრიცხავი.

3. სიმპტომები და ნიშნები

ა) დამადასტურებელი;

ბ) გამომრიცხავი

4. დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული ტესტები და სპეციალისტთა კონსულტაციები

ა) პირველ 4 საათში;

ბ) პირველ 24 საათში;

გ) პირველ 3 დღეში.

5. მკურნალობა

ა)  I ალტერნატივა;

ბ)  II ალტერნატივა;

გ) განსაკუთრებული შემთხვევა (მაგ.: გართულების მკურნალობა).

6. პროგრესის/რეგრესის მაჩვენებლები

7. რეაბილიტაცია და დაკვირვება

მონიტორინგის სამიზნეები.

8. გაიდლაინი, რომელსაც ეყრდნობა აღნიშნული პროტოკოლი.