შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება

შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016193
67
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
310020000.55.067.016193
შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №67

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №3311-XIმს-Xმპ, 28/06/2023, N 310150000.05.001.020985) მე-2 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი“.
მუხლი 2

1.ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. 


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი



 

შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი


თავი I

საერთო დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების (შემდეგში – სატრანსპორტო საშუალება) რეგისტრაციის პროცედურას, რეგისტრაციის პირობებს, სატრანსპორტო საშუალებების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრის (შემდეგში – რეესტრი) წარმოების წესს და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლას დუბლიკატის გაცემის წესს, რეგისტრაციის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლებსა და იპოთეკის აღრიცხვის წესს.

2. რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) უცხო სახელმწიფოს ან უცხო სახელმწიფოს ფიზიკური/იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით არასამეწარმეო მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხო სახელმწიფოს ან უცხო სახელმწიფოს ფიზიკური/იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, თუ ის გამოიყენება  60 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით, შიდა სახმელეთო წყლებზე  საექსპლუატაციოდ დაიშვება, თუ მას გააჩნია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობა და  ვარგისობის მოწმობა.  

4. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემთა სისწორე და სისრულე;

ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების მონაცემების და მდგომარეობის შენარჩუნება, რეგისტრაციის სერტიფიკატში აღნიშნულ მონაცემებთან;

გ) სატრანსპორტო საშუალების განადგურების, ექსპლუატაციის პირობების, ან რეესტრში შეტანილ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

5. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა, რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა და იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

6. ამ წესებით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოწმობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

7. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობება შეიძლება გაიცეს ელექტრონული ფორმით.

8. ელექტრონულ მოწმობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

9. სააგენტოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე, რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანაზე ან იპოთეკის აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სატრანსპორტო  საშუალებების სარეგისტრაციო ნომერი – რეესტრში რეგისტრაციის რიგითი ხუთციფრიანი ნომერი, შემდეგი ინდექსით:

ა.ა) GW-00000 – ენიჭება სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრირდება დასავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში;

ა.ბ) GE-00000 – ენიჭება სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრირდება აღმოსავლეთ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა – სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების რეესტრში რეგისტრაციას;

გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისაგან მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სახელით მისი   ფლობის/ექსპლუატაციის უფლება;

დ) იპოთეკის აღრიცხვა – იპოთეკის რეგისტრაცია და იპოთეკის შესახებ მონაცემების შეტანა რეესტრში;

ე) რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული დოკუმენტის სახით, რეგისტრირებულ მონაცემთა ერთობლიობა;

ვ) საფასური –  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანებით №1-1/592 დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული სააგენტოს მომსახურების საფასური.

თავი II

სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაცია

მუხლი 3. სარეგისტრაციო პროცედურა

1.რეესტრში სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას  და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2.სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს უფლება განახორციელოს ნაოსნობა, თუ ის რეგისტრირებული არ არის რეესტრში და არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული რეგისტრაციის მოწმობა.

3.სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა უვადოდ.

4.სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სურს დარეგისტრირება რეესტრში, ვალდებულია გაიაროს პირველადი ინსპექტირება.

5.სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს მიერ დაგენილი წესის შესაბამისად.

6.სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს წარედგინება

განაცხადი თანდართული შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) გემის 2 ფოტოსურათი, მისი წინა და გვერდითი ხედებით;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და განცხადებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი ან/და უფლებამოსილების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (საჭიროების შემთხვევში);

ვ)  სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში;

ზ) იპოთეკის ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროების  შემთხვევაში);

თ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

7.იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი სააგენტოში შემოაქვს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის წარმომადგენელს, მან უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი.

8.სააგენტოში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საბუთის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბუთის ან ინფორმაციის მიმწოდებელ პირს.

9.წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების შემდეგ,  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირდება  რეესტრში.

მუხლი 4. რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების შენახვა

ამ წესით გათვალისწინებული განაცხადები და სარეგისტრაციო საბუთები ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით გახსნილ საქმეში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების რეესტრში რეგისტრაციის მთელი პერიოდის და რეგისტრაციის გაუქმების დღიდან 5 წლის განმავლობაში.

თავი III

 რეესტრის სტრუქტურა და წარმოების წესი

მუხლი 5.  რეესტრი

1. რეესტრი წარმოებს მატერიალური და ელექტრონული სახით. 

2. რეესტრი მატერიალური დოკუმენტის სახით წარმოადგენს დანომრილ და სტამბური წესით დამზადებულ ზონარგაყრილ ჟურნალს. მასში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება  ხელმოწერით.

3. სააგენტო უზრუნველყოფს რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის დაცვას არასანქცირებული შეღწევისაგან.

4. მატერიალურ ან/და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მატერიალური დოკუმენტით წარმოდგენილ რეგისტრირებულ მონაცემებს. ჩანაწერში შესწორების შეტანა დასტურდება ხაზის გადასმით, სიტყვებით „ენდეთ შესწორებას“.

5. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო ნომერი არ გამოიყენება სხვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის.

6. რეესტრში ჩანაწერები შეიტანება ქართულ ენაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალებისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სახელწოდება – ინგლისურ ენაზე, არსებობის შემთხვევაში. ციფრებით გამოხატული შესაბამისი მონაცემები შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზომი ერთეულით.

მუხლი 6.  რეესტრის მონაცემები

რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:

ა) სატრანსპორტო საშუალების შესახებ:

ა.ა) სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების სახელი რეგისტრაციის მომენტისთვის;

ა.გ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;

ა.დ) სატრანსპორტო საშუალების აშენების/დამზადების წელი და ადგილი;

ა.ე) სატრანსპორტო საშუალების კორპუსის მასალა;

ა.ვ) ძრავების გამოშვების თარიღი, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სიმძლავრე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.ზ) გაბარიტული ზომები: მაქსიმალური სიგრძე, სიგანე, სიღრმე, ტვირთამწეობა და მგზავრთტევადობა;

ა.თ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მონაცემები: სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, იურიდიული მისამართი და სხვ.

მუხლი 7.  რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა

1.თუ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში შეიცვალა, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმართოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მასში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის სააგენტოში რეგისტრაციიდან, სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შედეგად, სააგენტო გასცემს ახალ სარეგიტრაციო მოწმობას. სარეგისტრაციო მოწმობას ენიჭება ახალი ნომერი და აღნიშნულის შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი.

მუხლი 8. სახელმწიფო რეგისტრაციაზე/რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის საფუძვლები

სახელმწიფო რეგისტრაციაზე/რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე სააგენტო უარს აცხადებს, თუ:

ა) განაცხადი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) განაცხადი ან/და სარეგისტრაციო საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ხარვეზი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;

გ) ვერ დასტურდება სარეგისტრაციო საბუთების ნამდვილობა;

დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.

მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დუბლიკატის გაცემის წესი

1. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის სააგენტოში რეგისტრაციიდან კანონმდებლობით დადგენილი ვადის გათვალისწინებით, დაკარგული/დაზიანებული სატრანსპორტო საშულების სარეგისტრაციო მოწმობის სანაცვლოდ სააგენტო გასცემს მის დუბლიკატს, რომელსაც ენიჭება დაზიანებული/დაკარგული სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და დაკარგული/დაზიანებული მოწმობის მოქმედების ვადა. ნომრის გასწვრის იწერება სიტყვა „დუბლიკატი“ და კეთდება სათანადო ჩანაწერი რეესტრში. 

თავი IV

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა

მუხლი 10. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის  შეჩერება/შეწყვეტა

1. სატრანსპორტო საშუალებას რეგისტრაცია შეუჩერდება ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის უსაფრთხოების სტანდარტთან შეუსაბამობის შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

2. სატრანსპორტო საშუალებას რეგისტრაცია შეუწყდება ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის უსაფრთხოების სტანდარტთან შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ხარვეზი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

3.სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტის თარიღიდან დროებით კარგავს ნაოსნობის უფლებას.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 11. შეწყვეტის ამონაწერი

გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო გასცემს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეწყვეტის მოწმობას, რომელშიც მიეთითება რეგისტრაციიდან შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

თავი V

იპოთეკის აღრიცხვა

მუხლი 12. განაცხადი იპოთეკის აღრიცხვის შესახებ და მასზე თანდართული სააბუთები

1. განაცხადს იპოთეკის აღრიცხვის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:

ა) იპოთეკის ხელშეკრულება, აგრეთვე მისი დანართები, თუ ისინი გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულებით;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა.

2.იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედანი, თანდართულ საბუთებთან ერთად, ინახება სატრანსპორტო საშუალების საქმეში. 

 მუხლი 13.  იპოთეკის შესახებ რეესტრში აღრიცხული მონაცემები

1. იპოთეკის შესახებ რეესტრში აღირიცხება შემდეგი მონაცემები: 

ა) დამგირავებლის და მოგირავნის:

ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი;

ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულების ნომერი, დადების თარიღი და მოქმედების ვადა;

გ)  იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა;

დ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღი და ნომერი – აღნიშნული მოწმობის გაცემის შემთხვევაში.

მუხლი 14. იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის შევსების, წარდგენისა და მისი დამოწმების წესი

1. დამგირავებელი ვალდებულია:

ა) შეავსოს იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის შესაბამისი ნაწილი და დაამოწმოს ისინი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით. ამასთან, თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული;

ბ) წარუდგინოს სააგენტოს იპოთეკის ხელშეკრულების დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) მიმართოს სააგენტოს განცხადებით ახალი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებაზე იპოთეკის აღნიშვნით. მოცემულ შემთხვევაში წინა გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგულია.

2. შევსებული განაცხადი იპოთეკის აღრიცხვის შესახებ მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და მისი ასლი გადაეცემათ დამგირავებელსა და მოგირავნეს.

მუხლი 15.  იპოთეკის გაუქმება/მოხსნა

იპოთეკის გაუქმება/მოხსნის შესახებ მოგირავნე წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელსაც შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი იპოთეკის შესახებ რეესტრში აღრიცხულ მონაცემებში.

თავი VI

სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშნები

მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალების სახელი, სარეგისტრაციო ნომერი და მათი დატანის წესი

1.სატრანსპორტო საშუალების სახელი და სარეგისტრაციო ნომერი უნდა იქნეს დატანილი ბორტის წინა ნაწილის ორივე მხარეს, ასევე სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, შავი ან სხვა ფერით, ისე, რომ შეიძლებოდეს მისი იდენტიფიცირება შორი მანძილიდან.

2.თუ სატრანსპორტო საშუალებებზე, მისი კონსტრუქციული აგებულების გამო, შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელის და რეგისტრაციის ნომრის დატანა, იგივე მონაცემები დაიტანება შესაძლო ხელსაყრელ ადგილას.

თავი VII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1. 2025 წლის 1 აპრილიდან პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით.