დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის N09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016235 |
|
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის N09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გემის სახელმწიფო რეგისტაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის №09 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“ (შემდეგში – წესები) განსაზღვრავს საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურას (შემდეგში – სარეგისტრაციო პროცედურა), აგრეთვე შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფო რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დუბლიკატის გაცემის წესს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის (შემდეგში – სახელმწიფო რეესტრი) წარმოების წესებსა და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, მათში ცლილებ(ებ)ის შეტანის წესს, სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერების, მოხსნის, შეწყვეტის საფუძვლებსა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის პირობებს საქართველოს საზღვაო კოდექსისა (შემდგომ ტექსტში – კოდექსი) და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 2. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი შედგება შემდეგი წიგნებისგან: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნი; ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნი; გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნი; დ) მშენებარე გემების წიგნი; ე) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნი; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას არ ექვემდებარება: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მფლობელობაში არსებული მცურავი საშუალებები; ბ) 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები; გ) 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის ძრავიანი მცურავი საშუალებები, რომელიც გამოიყენება პირადი დანიშნულებით; დ) კანოე, კაიაკი, გონდოლა და წყლის ველოსიპედი; ე) მცურავი საშუალება, რომელიც აგებულია აღიარებული ორგანიზაციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე ან/და აგებულია ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა მცურავ საშუალებაზე განხორციელებულია ისეთი კონსტრუქციული ცვლილება, რომლის შედეგადაც იგი გადაკეთებულია რესტორნად ან სხვა სტაციონარული კომერციული დანიშნულების ობიექტად.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი“ „ა.ე) IW-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი − მცურავი საშუალება, რომელიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მგზავრთა გადაყვანის ან/და ტვირთის გადაზიდვის და მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გამოიყენება; ბ2) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის სარეგისტრაციო მოწმობა – გემის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის სახელმწიფო რეესტრის შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას. გემის სარეგისტრაციო მოწმობა მისი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით და განახლდება ყოველწლიურად. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება;“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები: ა) გემის შესახებ: ა.ა) სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი; ა.ბ) გემის სახელი რეგისტრაციის მომენტისთვის; ა.გ) გემის წინა რეგისტრაციის სახელი, ბოლო რეგისტრაციის ქვეყანა, რეგისტრაციის შეწყვეტის/მოხსნის თარიღი (არსებობის შემთხვევაში); ა.დ) გემის ტიპი; ა.ე) გემის აშენების/დამზადების წელი და ადგილი; ა.ვ) გემის კორპუსის მასალა; ა.ზ) გემის კორპუსის ნომერი; ა.თ) ძრავების გამოშვების თარიღი, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სერიული ნომერი, სიმძლავრე, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.ი) გაბარიტული ზომები: მაქსიმალური სიგრძე, სიგანე, სიღრმე, ტვირთამწეობა და მგზავრთტევადობა; ა.კ) გემთმფლობელის მონაცემები: სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, იურიდიული მისამართი და სხვ. ა.ლ) აღიარებული ორგანიზაციის სახელწოდება; ა.მ) საზღვაო იპოთეკის თაობაზე.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის „თავი III1”: „თავი III1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის სახელმწიფო რეგისტრაცია მუხლი 121. სარეგისტრაციო პროცედურა 1. გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირება რეესტრში, ვალდებულია გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა. 2. გემის რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს წარედგინება განაცხადი თანდართული შემდეგი დოკუმენტაციით: ა) გემის 2 ფოტოსურათი მისი წინა და გვერდითი ხედებით; ბ) გემთმფლობელის ან/და განცხადებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი ან/და უფლებამოსილების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გემზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი (ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდროს მოწმობა, სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის სერტიფიკატი, წინა დროშის სარეგისტრაციო მოწმობა, მინდობილობა და სხვა საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი); ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია – კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი; ვ) გემის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული უსაფრთხოების სერტიფიკატი; ზ) იპოთეკის ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროების შემთხვევაში); თ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი სააგენტოში შემოაქვს გემთმფლობელის წარმომადგენელს, მან უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი. 4. სააგენტოში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბუთის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბუთის ან ინფორმაციის მიმწოდებელ პირს. 5. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე და მცურავი საშუალების იდენტიფიცირების შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით მცურავი საშუალება რეგისტრირდება რეესტრში. 6. მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლების მიზნით, სააგენტოს წარედგინება: ა) უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განაცხადი; ბ)მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განახლებული უსაფრთხოების სერტიფიკატი; გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოიყენება აგრეთვე ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3, მე-6-მე-10 პუნქტები, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მეორე მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის „ა“-„გ“და „ე“ ქვეპუნქტები, VI თავით, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „გ“ ქვეპუნქტები, 32-ე მუხლი, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3-5 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.“. 5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ)შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება.“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის „თავი VII1“: „თავი VII1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის განმასხვავებელი ნიშანი მუხლი 301. გემის განმასხვავებელი ნიშნები და მათი დატანის წესი 1. გემის სახელი და სარეგისტრაციო ნომერი უნდა იქნეს დატანილი ბორტის წინა ნაწილის ორივე მხარეს, ასევე მცურავი საშუალების უკანა მხარეს, შავი ან სხვა ფერით, ისე, რომ შეიძლებოდეს მისი იდენტიფიცირება შორი მანძილიდან. 2.თუ მცურავ საშუალებებზე მისი კონსტრუქციული აგებულების გამო შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელის და რეგისტრაციის ნომრის დატანა, იგივე მონაცემები დაიტანება შესაძლო ხელსაყრელ ადგილას.“.
|
| მუხლი 2 |
თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში, თუმცა წინამდებარე წესების შესაბამისად საჭიროა მისი გადატანა შესაბამის წიგნში, სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭება თავიდან, თუმცა მოქმედი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, რომელიც ძალაში რჩება სარეგისტრაციო მოწმობების ვადის გასვლამდე. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანება „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ.“. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები