დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 68 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 06/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 27/02/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/07/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/02/1998 - 19/12/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №68
1998 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების შესახებ
“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 22 ივლისის №476 ბრძანებულება “საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შექმნილია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, “აღმსრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და სხვა კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
სამინისტრო მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
3. სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
4. სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფოს, როგორც საჯარო-სამართლებრივი იურიდიული პირის უფლებებს და ასრულებს სამოქალაქო ვალდებულებებს მის წინაშე მდგომი ამოცანების შესაბამისად. მას აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს დახმარებები, შემოწირულობანი, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები და ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის.
6. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სადღესასწაულო დღეა ყოველი წლის 7 იანვარი - კავშირგაბმულობისა და ფოსტის დღე.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: 380008, თბილისი, 9 აპრილის ქ. №2.
II. სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
8. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების, სამინისტროს საქვეუწყებო და დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების და საწარმოების მეშვეობით.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურები იქმნება კანონის საფუძველზე.
9. სამინისტროს გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა ძირითად ამოცანას არ შეადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება. ეს დაწესებულებები აღმასრულებელ ხელისუფლებას შეიძლება ახორციელებდნენ კანონის საფუძველზე.
10. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობა მიმართულია სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას ყოველწლიურად ამტკიცებს მინისტრი გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების საფუძველზე.
11. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს როგორც წესი არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებანი იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები სამინისტროში.
12. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. სამინისტროს აპარატი შეიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს:
ა) ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებისათვის აუცილებელი მეთოდური დახმარება მათი ეკონომიკური განვითარების პროგნოზის ფორმირებისას; ბუღალტრული აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია; სამინისტროს ქონების, მატერიალური, შრომითი, ფინანსური რესურსების მოძრაობისა და გამოყენების კონტროლი; კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურების სატარიფო პოლიტიკის გატარება; დარგში სტატისტიკური და საანგარიშგებო სამუშაოთა ორგანიზება; წინადადებების მომზადება დაფინანსების დამატებითი წყაროების ფორმირების შესახებ; საწარმოთა საფინანსო საქმიანობის ანალიზი და პროგნოზირების სამუშაოთა მეთოდური ხელმძღვანელობა;
ბ) კოორდინაციისა და საგარეო ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია სამინისტროს პოლიტიკის გატარება სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებსა და საწარმოებში; ამ საწარმოთა მართვის კოორდინაცია, მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების განვითარების კონცეფციის და გეგმების შემუშავება; უცხოეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; დარგში უცხოური ინვესტორების მოზიდვა;
გ) რეფორმებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი მიზნებია დარგის რესტრუქტურიზაციის, დემონოპოლიზაციისა და პრივატიზებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; დარგის პრივატიზების განხორციელების გეგმის პროექტის შემუშავება; საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენა; წინადადებების შემუშავება დარგის წარმოება-დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ქონების ეფექტიანი გამოყენების თაობაზე; დარგის სამართლებრივი მომსახურება; დარგის საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, მისი განვითარების პროგნოზირება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილი ინფორმაციის ჩამოყალიბება დარგის ოპერატიული ხელმძღვანელობისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) სალიცენზიო, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სამმართველო, რომლის ძირითადი მიზნებია დარგში მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობის ლიცენზირება; ქვეყნის ტერიტორიაზე დამზადებული ან შემოტანილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის ტექნიკურ საშუალებათა სერტიფიკაციის პროცესის, მეტროლოგიური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზება;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი მიზნებია საკადრო პოლიტიკის შემუშავება; კადრების მომზადების, შერჩევის, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ცენტრების შექმნა; დარგის მუშაკთა სოციალური მდგომარეობის ანალიზი;
სისტემის მუშაკთა და დამსახურებული ვეტერანებისათვის დახმარებისა და შეღავათების დაწესების, მათი სოციალური დაცვის გარანტიებისა და დაზღვევის საკითხების მომზადება; ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) საგანგებო სიტუაციათა და სამობილიზაციო საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი მიზნებია დარგის სარეჟიმო საქმიანობის კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციების დროს დარგის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; სამობილიზაციო სიმძლავრეების მართვის ღონისძიებათა შემუშავება.
“ა“ და “ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და ფუნქციები მინისტრის ბრძანებით შეიძლება გადანაწილდეს ქვედანაყოფებს შორის.
14. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო საწარმო-დაწესებულებებია;
- სახელმწიფო საფელდიეგერო სამსახურის სამმართველო;
- სპეცკავშირის სამსახური;
- საფოსტო ყუთი 9301.
III. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
15. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, პასუხისმგებლობა მისი მდგომარეობისა და შემდგომი განვითარებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებების დაცვა;
ბ) შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით დარგში ინსტიტუციონალური მშენებლობის, რესტრუქტურიზაციის, დემონოპოლიზაციის განხორციელება და პრივატიზებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
გ) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ინტეგრირება მსოფლიოს გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელებში, ინვესტიციების (მათ შორის ადგილობრივი), საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვა;
დ) ქვეყნის ტელესაკომუნიკაციო სისტემის პერსონალიზაციის დაჩქარება;
ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივი და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების, ინვესტორების ხელშეწყობით;
ვ) ეროვნული საფოსტო ნიშნების საფოსტო კონვერტების მარკებისა და საფოსტო ბარათების გამოცემისა და გავრცელების ორგანიზაცია;
ზ) საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში; ქვეყნის საერთაშორისო-სამართლებრივი ინტერესების დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში;
თ) დარგის მუშა-მოსამსახურეთა სოციალური და შრომის პირობების დაცვა.
IV. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები
16. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების ხარისხიანად და შეუფერხებლად მომსახურების ორგანიზაცია;
ბ) სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობისა და საფოსტო ქსელებისა და საშუალებების მართვის ორგანიზაცია;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის რეგულირება ლიცენზირების, სერტიფიცირების საშუალებით, მეტროლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფით;
დ) ქვეყანაში კავშირგაბმულობისა და ფოსტის საუწყებო და სხვა ქსელების მუშაობის კოორდინაცია, კავშირგაბმულობის ნაგებობების ქსელებისა და სისტემების პერიოდული სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანიზაცია;
ე) დარგის განვითარების ტექნიკური, ეკონომიკური და მარკეტინგული პოლიტიკის განსაზღვრა; დარგის პრიორიტეტების, სახელმწიფო და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
ვ) კავშირგაბმულობისა და საფოსტო დარგის საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, მისი შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროგნოზირება;
ზ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში ალტერნატიული მიმართულებების შემუშავება და დასაბუთება;
თ) საფოსტო ბანკისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის განყოფილებების საშუალებით საქართველოს მოსახლეობისათვის პენსია-დახმარებების შინ მიტანა;
ი) სისტემაში შემავალი ორგანიზაციების კონტროლი სახელმწიფო შეკვეთების შესრულებისადმი;
კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სისტემის საწარმო-ორგანიზაციათა ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და ახალ საწარმო ორგანიზაციათა შექმნა დადგენილი წესით;
ლ) საფელდიეგერო და სპეციალური კავშირების მართვის ორგანიზაცია საფოსტო დარგის ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
მ) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან შეთანხმებით კავშირგაბმულობისა და ფოსტის მომსახურების იმ სახეობების ნუსხის განსაზღვრა, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფო რეგულირებას და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით მათი ტარიფების დადგენა და კონტროლი;
ნ) წარმომადგენლობა საერთაშორისო ელექტროკავშირში და მსოფლიო საფოსტო კავშირში, აგრეთვე თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს განვითარების ინდიკატური გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების დამუშავება, სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზირება მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისათვის და მისი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
პ) დარგის მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; რადიოსიხშირული სპექტრისა და კავშირგაბმულობის თანამგზავრთა გეოსტაციონარული ორბიტის ეფექტიანი გამოყენება და დაცვა;
ჟ) დარგის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნაში მონაწილეობა, ტექნიკურ ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავება, მიღება და დანერგვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
რ) დარგის სამართლებრივი მომსახურება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია;
ს) სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;
ტ) სამინისტროს თანხმობა დარგის ფუნქციონირებისათვის მის მართვაში გადაცემული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემასა და ჩამოწერაზე დადგენილი წესით;
უ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემის მუშაკთა სოციალური მდგომაროების ანალიზი, წინადადებების შემუშავება და ღონისძიებების გატარება სისტემის მუშაკებისა და დამსახურებული ვეტერანებისათვის დახმარებებისა და შეღავათების დაწესების, მათი სოციალური დაცვის გარანტიებისა და დაზღვევის თაობაზე დადგენილი წესით;
ფ) დარგის პრივატიზების განხორციელების გეგმის პროექტის შემუშავება, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა პრივატიზების განხორციელების ერთიან გეგმაში შესატანად, კანონის შესაბამისად;
ქ) წინადადებების შემუშავება დარგის წარმოება-დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ქონების (არასაცხოვრებელი და საწარმოო დანიშნულების ფართობი, მოწყობილობა-დანადგარები, მანქანა-იარაღები და სხვ.) ეფექტიანი გამოყენების თაობაზე კანონმდებლობის შესაბამისად;
ღ) დარგში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ორგანიზაცია, სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშგების უზრუნველყოფა; დარგის წარმოება-დაწესებულებების ბიზნეს-გეგმების შემუშავებისა და შესრულების მიმდინარეობის კოორდინაცია და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ყ) სისტემის საფინანსო პოლიტიკის კოორდინაცია საბაზრო ურთიერთობათა გათვალისწინებით; ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს შექმნა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესაბამისად;
შ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, კავშირგაბმულობისა და საფოსტო საშუალებების ფორმისა, კავშირგაბმულობისა და საფოსტო საშუალებების პრიორიტეტული გამოყენება (მართვა ან მათი ფუნქციონირების შეჩერება) სათანადო ანაზღაურებით კანონით დადგენილი წესით;
ჩ) კავშირგაბმულობის ქსელებისა და საფოსტო საშუალებების სამობილიზაციო ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;
ც) ღონისძიებათა მოწყობა კავშირგაბმულობის ქსელებისა და სისტემების ფუნქციონირების ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის;
ძ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი პირობების შექმნა:
საინვესტიციო პროგრამების ბიზნეს-გეგმების შემუშავების ორგანიზაცია;
ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს საფინანსო-საინვესტიციო ორგანიზაციებთან და ფირმებთან;
წ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებების გატარება, კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საკვლევ-სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტების დადგენა და კოორდინაცია კანონმდებლობით ნებადართული ფორმებით; დაფინანსების წყაროების მოძიება;
ჭ) დაქვემდებარებული ორგანიზაციების სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ურთიერთობების კოორდინაცია;
ხ) სათანადო მასალების (პროექტების) მომზადება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებზე ტენდერების მოსაწყობად; ტენდერების მოწყობის ორგანიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჯ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის ზედამხედველობა.
V. სამინისტროს უფლებამოსილებანი
17. სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს დარგში ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობის ლიცენზირება და კონტროლი დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყოს სასერტიფიკაციო ცენტრების ორგანიზება, მათი დადგენილი წესით აკრედიტება საქართველოს სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის დეპარტამენტში, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და კავშირგაბმულობის საერთაშორისო მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა;
გ) განსაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების, მართვის, გამოყენების წესები; ორგანიზება გაუწიოს კავშირგაბმულობის საშუალებათა სახელმწიფო ზედამხედველობას; აწარმოოს სამუშაო სიხშირეების აღრიცხვა (რეესტრი);
განახორციელოს რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების საზღვარგარეთიდან შემოტანის, წარმოებისა და მისი ექსპლუატაციის კონტროლი, აგრეთვე ხელშეშლებისა (მათ შორის ინდუსტრიული ხელშეშლების), რომლებიც ხელს უშლიან კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემებისა და საშუალებების გამოყენებას;
დ) დარგის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშაოს დებულებები, ინსტრუქციები, ნორმატიული აქტები და სტანდარტები კანონმდებლობის შესაბამისად;
ე)მოიწვიოს კონსულტაციებისათვის ექსპერტები და სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი წესით;
ვ) უზრუნველყოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკება, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;
ზ) მიავლინოს სპეციალისტები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად; ამ მიზნით მოიძიოს დაფინანსების წყაროები;
თ) დარგის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოახდინოს სამინისტროს სისტემის განკარგულებაში არსებული ფინანსური სახსრების მიზანმიმართული გამოყენების რეგულირება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ერთიანი ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ი) უზრუნველყოს ეროვნული საფოსტო ნიშნების, საფოსტო კონვერტების, მარკებისა და ღია ბარათების დამტკიცება, მათი ღირებულებისა და ტირაჟის განსაზღვრა, გამოშვება და გავრცელების ორგანიზაცია;
კ) განახორციელოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემათა გავრცელება, დარგისათვის საჭირო მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება; ამ მიზნით მოიძიოს დაფინანსების წყაროები;
ლ) კანონით დადგენილი წესით შეიმუშაოს საკადრო პოლიტიკა, განახორციელოს კადრების მომზადება, შერჩევა, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ამ მიზნით შექმნას სასწავლებლები;
მ) ორგანიზაცია გაუწიოს დარგობრივი ტექნიკური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზას; შეიმუშაოს დარგისათვის აუცილებელი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და პროექტები; კონტროლი გაუწიოს მათ შესრულებას;
ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებანი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საწარმოებისა და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვაც დელეგირებული აქვს სამინისტროს;
ო) შეიმუშაოს და სამთავრობო დაწესებულებებს შესათანხმებლად წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის ან სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის შესახებ;
პ) განაზოგადოს და გაავრცელოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ორგანიზაციების დადებითი გამოცდილება საბაზრო ურთიერთობების პირობებში, გაუწიოს მათ აუცილებელი მეთოდური, საკონსულტაციო და ორგანიზაციული დახმარება;
ჟ) ორგანიზება და კონტროლი გაუწიოს საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოებას და სამინისტროს საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსებას.
VI. სამინისტროს მართვა
18. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
19. მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი:
ა) მეთაურობს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობისადმი კანონით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს აპარატის მუშაკებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებულ წარმოება-ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (კონტრაქტის საფუძველზე);
ზ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლების საკითხებზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას; ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ამტკიცებს სამინისტროს აპარატის საქმისწარმოების წესს; კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს სისტემის წარმოება-დაწესებულებების ბიზნეს-გეგმების შედგენასა და შესრულებას;
კ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიეკუთვნება;
ლ) ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
მ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;
ნ) პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; ინსტრუქციები და დარგობრივი ნორმატიული აქტები გამოიცემა ბრძანებით და დადგენილი წესების შესაბამისად:
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ო) საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის საკითხებში წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ პირს;
რ) თავისი მმართველობის სფეროში შეუძლია შექმნას კომისიები
და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ს) დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად სამინისტროს დებულებას, ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს დარგის განვითარების სხვადასხვა საკითხებზე, კანონპროექტებს მათი პარლამენტში განხილვის მიზნით;
ტ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის დამსახურებულ მუშაკთა კანდიდატურებს დასაჯილდოებლად და დარგის საპატიო წოდებების მისანიჭებლად; ანიჭებს კავშირგაბმულობის ოსტატის წოდებას დადგენილი წესით;
უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან იყენებს დისციპლინური სასჯელის ფორმებს სამინისტროს აპარატის მუშაკების და მასში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ;
ფ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ორგანიზაციების დებულებებს, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების წესდებებს, ამ დებულების II თავის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებებს, ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების დებულებებს;
ღ) ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს.
20. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია (საბჭო, ბიურო) მინისტრის თავმჯდომარეობით. სამინისტროს კოლეგიის წევრების რაოდენობასა და წევრების პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. მის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებისა, შეიძლება შევიდნენ სხვა სამინისტროთა და უწყებათა წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები.
კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
VII. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება
22. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, მათი უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
23. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
24. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
VIII. სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი და ლიკვიდაცია
25. დებულებაში ცვლილებათა შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
26. სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დოკუმენტის კომენტარები