დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 279 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 05/07/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000005 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/07/2000 - 04/01/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №279 2000 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს
ტრანსპორტისა
და
კომუნიკაციების
სამინისტროს
დებულების
შესახებ
|
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 ოქტომბრის №696 ბრძანებულება. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №68 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შექმნილია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის უზრუნველსაყოფად. 2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 3. სამინისტროს დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები და ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის. 4. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 5. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი. 6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ. N12.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამინისტროს საქმიანობის სფერო მოიცავს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგებს. 2. თავის საქმიანობას სამინისტრო ახორციელებს სამინისტროს აპარატის, მის სისტემაში შემავალ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურების, შესაბამისი დეპარტამენტების, ადმინისტრაციებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები იქმნება კანონის საფუძველზე. 4. სამინისტროს ამოცანებია: ა) ტრანსპორტის, მათ შორის სპეციალური სახეობების ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით პოლიტიკის კოორდინაცია, საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნა, განვითარების პროგრამების შემუშავება, მათი რეალიზაცია და მონიტორინგი, ბაზრის რეგულირება ტრანსპორტის სფეროში; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგების რაციონალური განვითარების, მოსახლეობისა და ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე „ტრასეკასა“ და საინფორმაციო დერეფნების მაქსიმალური ამოქმედება და მათი მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა. დ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, შესაბამის უწყებებთან ერთად ინსტიტუციონალური მშენებლობის, კომერციალიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ე) სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემაში საგარეო- ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური ურთიერთობების განვითარება; მსოფლიო სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურებში ინტეგრირება; ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სისტემის პერსონალიზაციის დაჩქარება, ინვესტიციების, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვა; ვ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა; ეროვნული საფოსტო ნიშნების, საფოსტო კონვერტების, მარკებისა და საფოსტო ბარათების, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემისა და გავრცელების ორგანიზაცია; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფოებრივი ინტერესების წარდგენა და დაცვა. თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობა.
მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები 1. სამინისტროს ფუნქციებია: ა) სხვა სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარატემენტებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო დერეფნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაცია და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ზედამხვედველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების მართვა და სატრანსპორტო დარგის სახელმწიფოებრივი რეგულირება; გ) სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემების განვითარების ინდიკატიური გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება მოკლე - და გრძელვადიანი პერიოდებისათვის; დ) შიდა და გარე სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესწავლა და პროგნოზირება, ალტერნატიული მიმართულებების შემუშავება და მათი ეკონომიკური დასაბუთება; ე) სისტემაში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება; საინვესტიციო პროგრამების, ბიზნესგეგმების შემუშავებისათვის ხელშეწყობა; ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს საფინანსო-საინვესტიციო ორგანიზაციებთან; დანერგვისათვის ხელშეწყობა და გამოყენების კოორდინაცია; სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია, პროგრესულ ტექნოლოგიათა გამოყენება; ვ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა საფუძველზე სტანდარტიზაციის პროგრამის შემუშავება და სერტიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა. შესაბამის უწყებებთან ერთად ამ ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემაში საერთაშორისო ხელშეკრულებათა განხორციელების კოორდინაცია; თ) საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ანალიზი, საერთაშორისო მოლაპარაკებების, შეთანხმებების კონცეპტუალური და ორგანიზაციული მომზადება; ი) საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებულ, ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროში სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებთან და კონვენციებთან მიერთებისა და შესრულების უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებებით უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და შემსრულებლამდე დაყვანა; მ) საგანგებო სიტუაციებში სამაშველო სამუშაოების განხორციელებისათვის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება, ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო შემთხვევების ექსპერტიზის ორგანიზაცია კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში; ნ) დადგენილი წესით სისტემაში გარემოს დაცვისა და სოციალური სფეროს მდგომარეობის ანალიზი, პროცესების პროგნოზირება, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შესაბამის ღონისძიებათა შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზაცია; ო) წინადადებების შემუშავება ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებებისათვის სახელწოდებათა მინიჭებისა და სხვა ატრიბუტიკის შერჩევის შესახებ; პ) სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა; ჟ) ქვეყანაში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქსელების მუშაობის კოორდინაცია, კავშირგაბმულობის ნაგებობათა ქსელებისა და სისტემების სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანიზაცია; კავშირგაბმულობის ქსელების და საშუალებების ტექნიკური და ეკოლოგიური ნორმების შესაბამისი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მომსახურების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების შემუშავება და გამოცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) საბანკო დაწესებულებების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის განყოფილებების საშუალებებით მოსახლეობისათვის პენსია-დახმარებების დარიგების მომსახურების უზრუნველყოფა დადგენილი წესით; ს) სპეციალური კავშირებით მართვის ორგანიზაცია; ტ) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო დარგების მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზაცია; საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილებისა და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მათი საერთაშორისო - სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია; უ) საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება (მართვა ან მათი ფუნქციონირების შეჩერება) სათანადო ანაზღაურებით კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) სისტემაში სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია; ქ) სატრანსპორტო მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის ზედამხედველობა; ღ) სისტემაში სახელმწიფო შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა; ყ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის რეგიონალური განვითარების პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების საკითხების გადაწყვეტა; შ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავება, კავშირგაბმულობის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპების შემუშავება და დადგენა; ჩ) სატრანსპორტო-საექსპედიტორო საქმიანობის რეგულირება; ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილებათა დელეგირების საფუძველზე სისტემაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის უზრუნველყოფა.
მუხლი 4. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი 1. სამინისტროს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმებისა. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ბ) განახორციელოს სისტემის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესრულების სათანადო კონტროლი; გ) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოითხოვოს ინფორმაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებისგან; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები, მოახდინოს ხელშეკრულებათა ექსპერტიზა; ე) კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე; ვ) ხელი შეუწყოს სისტემაში დადგენილი წესით საწარმოების შექმნასა და განვითარებას; ზ) განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციისათვის წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს დასაბუთებული წინადადებები საბიუჯეტო დაფინანსების საჭიროების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) უზრუნველყოს ეროვნული საფოსტო ნიშნების, საფოსტო კონვერტების, მარკებისა და ღია ბარათების დამტკიცება, მათი ღირებულებისა და ტირაჟის განსაზღვრა, გამოშვება და გავრცელების ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვის უფლებამოსილებათა დელეგირების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ და დადგენილი წესით შეათანხმოს იგი შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გადაწყვიტოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საწარმოების ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 3. სამინისტრო ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან; ბ) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა; გ) უზრუნველყოს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
მუხლი 5. სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ბ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია; გ) საზღვაო ადმინისტრაცია; დ) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტებისა და ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციისა: აა) სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად; აბ) მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; აგ) სარეგისტრაციო და სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ად) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აე) საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ (მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნათა შესრულების კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ავ) ეკონომიკური რეფორმებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი; აზ) სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზება და მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; ათ) სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებასა და მოქმედ კანონმდებლობას. ბ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა: ბა) საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად; ბბ) საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში; ბგ) თავისი სისტემის (მათ შორის აეროპორტებისათვის, ავიაგადამზიდველებისათვის და აერონავიგაციური საწარმოებისათვის) მარეგულირებელი რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბდ) სარეგისტრაციო, სასერტიფიკაციო, სალიცენზიო და საინსპექციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბე) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად; ბვ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში დარგის განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბზ) ყველა საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულების მიერ (მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნათა შესრულების კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბთ) სატრანსპორტო შემთხვევებთან და ინციდენტებთან დაკავშირებულ საძებნი-სამაშველო სამუშაოთა განხორციელების ან ანალოგიურ შემთხვევათა პროფილაქტიკის მიზნით განსახორციელებელ მოკვლევათა ორგანიზება და ხელშეწყობა; ბი) საერთაშორისო ჰაერსანაოსნო და კავშირგაბმულობის ერთიანი სისტემის უზრუნველყოფა და საჰაერო მოძრაობის რეგულირება; ბკ) საჰაერო ხომალდების, აეროპორტების, აეროდრომების, ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა და საავიაციო მოწყობილობებისათვის სახელმწიფო რეგისტრირების ამოსაცნობი ნიშნების მინიჭება; საჰაერო ხომალდებისა და ტექნიკური საშუალებების ვარგისიანობის კონტროლი, გარემოსადმი საჰაერო ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბლ) სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებასა და მოქმედ კანონმდებლობას. გ) საზღვაო ადმინისტრაციისა: გა) საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად; გბ) მარეგულირებელი, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; გგ) სასერტიფიკაციო, სალიცენზიო და საინსპექციო საქმიანობის განხორციელება, გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გდ) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და განვითარება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად; გე) საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ (მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნათა შესრულების კონტროლის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გვ) საზღვაო შემთხვევებისა და ინცინდენტების გამო საძებნ-სამაშველო სამუშაოების განხორციელებისა და მათი პროფილაქტიკის მიზნით საინსპექციო მოკვლევათა ორგანიზებაში მონაწილეობა, კომპენტენციის ფარგლებში ზღვაოსნობის უსაფრთხოების, ნავსადგურებში სახიფათო ტვირთის გადამუშავებისა და ზღვის დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებათა ზედამხედველობა, სალოცმანო მომსახურების ორგანიზაცია; გზ) საქართველოში საზღვაო განათლების სისტემის განვითარებისათვის ხელშეწყობა; - სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობას. დ) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა: და) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ორგანიზაცია; დბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპების შემუშავება; დგ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელების განვითარების სტრატეგიის განხორციელება დადგენილი წესით; ეროვნული საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის შემუშავება; დდ) საინფორმაციო და საკომუნკიაციო ტექნოლოგიების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, მათი დანერგვისათვის ხელშეწყობა და სამამულო საქმიანობის ინტეგრირება მსოფლიო ტელესაკომუნიკაციო სივრცეში; საინფორმაციო მართვის ახალი პრინციპების დამკვიდრება; დე) სხვა ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებსა და საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისათვის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის პროდუქციის ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტისათვის ხელშეწყობა; დვ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორიგნი; დზ) საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებისა და ქსელების მშენებლობის, რეკონსტრუქციის პროექტებისა და მათი საინვესტიციო გეგმების ექპერტიზა; დთ) სპეციალური კავშირებით მართვის ორგანიზაცია; დი) დარგის პრივატიზაციის განხორციელების გეგმის პროექტის შემუშავება, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა პრივატიზების განხორციელების ერთიან გეგმაში შესატანად, კანონის შესაბამისად; დკ) წინადადებების შემუშავება დარგის საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების ეფექტიანი გამოყენების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; დლ) კავშირგაბმულობის ქსელებისა და სისტემის ფუნქციონირების ინფორმაციული უზრუნველყოფა; დმ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებზე კონკურსის ორგანიზება თავისი კომპეტენციის ფარგლებში\;. დნ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავება. 3. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი; ბ) ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტი; გ) დარგთაშორისი კოორდინაციისა და რეგულირების დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) სამსახურებრივი ზედამხედველობისა და უსაფრთხოების ინსპექცია; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური განვითარების დეპარტამენტი; ზ) ბუხჰალტერია. 4. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა: აა) აწარმოოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან, ხელი შეუწყოს ინვესტიციების, გრანტების მოზიდვას, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირებას, კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო კონტრაქტებსა და პროექტებს, დააწესოს მონიტორინგი მათი განხორციელებისათვის, დაგეგმოს და მოამზადოს საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებები, შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება და შეიმუშაოს მათი დანერგვის რეკომენდაციები; უზრუნველყოს რეგიონალური პროექტების კოორდინაცია (ტრასეკა, პეტრა, ტაე და სხვ.); საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველსაყოფად კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სისტემაში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას. ბ) ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტისა: ბა) ეკონომიკური ანალიზი, პროგნოზირება, რეკომენდაციების შემუშავება, სისტემის განვითარების ინდიკატიური გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ბბ) სისტემის საფინანსო პოლიტიკის კოორდინაცია საბაზრო ურთიერთობათა თავისებურებების გათვალისწინებებით, საბიუჯეტო შემოსავლების რეზერვების ძიება და მათი ამოქმედების მიზნით სათანადო რეკომენდაციების მომზადება; ბგ) სატრანსპორტო სფეროში სატარიფო პოლიტიკის წარმართვა; ბდ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში დაბანდებული სახელმწიფო ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ბე) სისტემაში კომერციალიზაციისა და პრივატიზაციის განხორციელებისათვის ხელშეწყობა. გ) დარგთაშორისი კოორდინაციისა და რეგულირების დეპარტამენტისა: გა) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მათი კოორდინირება; გბ) დარგების, აგრეთვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზება და მათი განხორციელების მონიტორიგნი; გგ) სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა ფორმირება, ტრანსპორტის სფეროში სტანდარტიზების პრობლემატიკის მართვა; გდ) საინვესტიციო პოლიტიკის კოორდინირება და საინვესტიციო და ტექნიკური პროექტების მონიტორინგი; გე) მარკეტინგული კვლევა და წინადადებათა შემუშავება კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით; გვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო ქონების ბაზაზე დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების მიზნობრივი ორიენტირების ფორმირება, დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი; გზ) საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; გთ) დარგების ფუნქციონირება და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ საინფორმაციო ბაზის ფორმირება და ანალიზი. დ) იურიდიული დეპარტამენტისა: - სამინისტროს საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვა, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და სამართლებრივი ექსპერტიზა, სისტემაში ინსტიტუციონალური რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა, საერთაშორისო სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო საკანონმდებლო სივრცეში ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია, ტრანსპორტით მომსახურების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში რეგიონთაშორისი ურთიერთობების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. ე) სამსახურებრივი ზედამხედველობისა და უსაფრთხოების ინსპექციისა: - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების შესრულების სისტემატური კონტროლის განხორციელება, აგრეთვე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა საჯარო მოხელეების საქმიანობისადმი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. სატრანსპორტო დარგებში ავტოტრანსპორტისა და მატარებელთა მოძრაობის, თვითმფრინავების ფრენის, საზღვაო ნაოსნობის, აგრეთვე სისტემაში სახანძრო და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესრულების ზედამხედველობა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საგანგებო სიტუაციების დროს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და მუშაკთა შეთანხმებული მოქმედების კოორდინაცია. ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური განვითარების დეპარტამენტისა: - სამინისტროს ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილებისა და ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის, ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ეროვნული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შედგენა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამამულო საქმიანობის ინტეგრიგება მსოფლიო ტელესაკომუნიკაციო სივრცეში. ზ) მინისტრის აპარატისა: - სამინისტროს თანამშრომლების უზრუნველყოფა შესაბამისი სამუშაო პირობებით, თანაშემწეობრივ-რეფერენტული, საინფორმაციო, საპროტოკოლო საქმიანობა, საკადრო-საკანცელარიო და სპეციალური სამსახურების ფუნქციონირების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ურთიერთობების განხრით, პრესასთან და მასობრივ ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის წარმართვა. თ) ბუხჰალტერიისა: თა) უზრუნველყოს სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუხჰალტრო ანგარიშების სისრულე და კონტროლი, ოპერატიული ინფორმაციის და ბუხჰალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა; თბ) ბუხჰალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული მეთოდური მითითებების შემუშავება დარგის თავისებურებებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 4. მინისტრის საქმიანობა ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 5. მინისტრი: ა) მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას; დ) დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს; ე) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტების, ადმინისტრაციების, სტრუქტურული ერთეულების, ქვედანაყოფების საქმიანობას და ამტკიცებს მათ დებულებებს; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახმელეთო ტრანსპორტისა და საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, აგრეთვე სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადმოცემული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ხელმძღვანელებს, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო წარმომადგენლებს სამეთვალყურეო საბჭოში; ზ) შეაქვს ცვლილებები აპარატის საშტატო ნუსხაში და ამტკიცებს მას დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში; თ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებითა და განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს; ი) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში - დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტებისათვის დარგში სახელმწიფო მმართველობის უფლების მინიჭების ან ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ; ლ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; მ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ნ) დადგენილი წესით წარადგენს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს საპატიო წოდებებსა და ჯილდოებზე; ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას. 6. მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტებისა და ადმინისტრაციების ხელმძღვანელები: ა) მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტის და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას.
მუხლი 7. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრის სათაბირო ორგანოა სამინისტროს საბჭო. მის შემადგენლობაში შედიან: მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტების, ადმინისტრაციების, სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. სამინისტროს საბჭოს წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 2. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი. 3. კომისიას შეიძლება მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს. 4. კომისია იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის ამოცანები, თავმჯდომარე (საბჭოების შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დაფინანსების წყარო და მომსახურე სტრუქტურული ერთეული და ქვედანაყოფი. 5. კომისიის წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. კომისიის მუშაობაში შეიძლება ჩართულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 6. თუ კომისიის თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტების, ადმინისტრაციის, სტრუქტურული ერთეულის ან ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელებიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს კომისიის მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 7. კომისია უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები. 8. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
მუხლი 8. მინისტრის მრჩევლები 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს; 2. მრჩევლების მოვალეობანი განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი, სახელმწიფო გერბითა და წარწერით: „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე. 4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები