დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 558 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
მიღების თარიღი | 19/07/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 7, 30/07/1993 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/07/1993 - 31/12/1993)
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 558
1993 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს:
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს თანდართული დებულება.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო.
1.2. სამინისტრო ხელმძღვანელობს მინდობილ დარგს და პასუხს აგებს მისი მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებების შესრულებისა და სისტემის წინაშე დასახული სხვა ამოცანების გადაწყვეტისათვის, ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებითა და ამ დებულებით. იგი თავის უფლებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთკავშირში.
1.4. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
1.5. სამინისტროს აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობასა და მათი შესანახი ასიგნების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
II. სამინისტროს მიზნები და ამოცანები
1.1 სამინისტროს ძირითადი მიზნები და ამოცანებია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის, ცხოვრების დონის რეგულირების, დასაქმების, დემოგრაფიის, მიგრაციის, საგარეო ურთიერთობების, შრომის დაცვის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.
სოციალური უზრუნველყოფის სფეროში:
2.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის განვითარების რესპუბლიკური პროგრამებისა და პროგნოზების შედგენა-შემუშავება.
2.2. სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწარმოების, ორგანიზაციების მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება და მათი საქმიანობის სწორი ორგანიზაცია.
მოქალაქეთათვის პენსიებისა და დახმარებების დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემისას მოქმედი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების სწორად გამოყენების უზრუნველყოფა.
2.3. სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მასალების ოპერატიული აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
2.4. სოციალური უზრუნველყოფის დარგში საკანონმდებლო აქტების, პროექტების, მეთოდური, ნორმატიული და ინსტრუქციული მასალების შემუშავება. მოწინავე გამოცდილების შესწავლა-განზოგადება. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიების საქმიანობის ანალიზი, მუშაობაში მეცნიერული მიღწევებისა და მეთოდების დანერგვა.
2.5. პენსიონერების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციისა და დახმარების პროგრამის შემუშავება-განხორციელება.
2.6. ინვალიდთა სოციალური ადაპტაციის საკითხებზე საჭირო ღონისძიებების გასატარებლად რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის განხორციელება.
2.7. საცხოვრებელი სახლების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კულტურულ-სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოების შესრულებისას, აგრეთვე ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს ინვალიდთა საჭიროებისა და მოთხოვნილების გათვალისწინების მიზნით, შესაბამის სამინისტროებთან, სახელმწიფო კომიტეტებთან, დეპარტამენტებთან კონტაქტების დამყარება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
2.8. ომის ინვალიდებისა და მათთან გათანაბრებული პირების, აგრეთვე სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდებული სხვა კატეგორიის მოქალაქეთა მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.
2.9. ინვალიდთა პროფესიული სწავლებისა და შრომითი მოწყობის, აგრეთვე პენსიონერების, მარტოხელა დედების მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
2.10. ინვალიდებისათვის საპროთეზო ორთოპედიული დახმარების გაწევა. საპროთეზო-ორთოპედიული წარმოების გაფართოება, კვლავაღჭურვა და ხელმძღვანელობის განხორციელება.
2.11. მოხუცებისა და ინვალიდების პანსიონატების ქსელის გაფართოება, ახალი პანსიონატების, მარტოხელა მოხუცებულთა და ინვალიდთა მოვლის, მათი მომსახურების ცენტრების აშენება და კეთილმოწყობა. ბინაზე სოციალური დახმარების სამსახურის შემდგომი გაფართოება-განვითარება.
2.12. სოციალური დახმარების რეგიონული სამსახურებისა და სხვა დაწესებულებების ბაზაზე მოხუცებისა და ინვალიდების ფასიანი მოვლის ორგანიზაცია, საშეფო დახმარებების გაფართოება, საოჯახო იჯარისა და მომსახურების ბრიგადული ფორმების დანერგვა.
2.13. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე ინვალიდების შრომის პირობებისადმი კონტროლის გაწევა, სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის შრომითი რეკომენდაციების შესაბამისად მათი დასაქმებისადმი თვალყურის დევნება.
2.14. სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სათანადო თანამედროვე სამედიცინო ხელსაწყოებითა და აპარატურით, ინვენტარითა და გამოთვლითი ტექნიკით მათი დაკომპლექტების, არსებულის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა.
2.15. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე კონსულტაციების, საუბრების, ლექციებისა და სათანადო ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება.
ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და პრესის საშუალებით სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე კანონმდებლობის გაშუქება და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გაცნობა.
2.16. სამინისტროს სისტემაში არსებულ სასწავლო საწარმოებში ახალი, მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვა, საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის სრულყოფა, შრომის პირობების, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი თვითღირებულების შემცირებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გამომგონებლობისა და რაციონალიზაციის განვითარება.
2.17. დადგენილი წესით ინვალიდებისათვის ავტოტრანსპორტისა და გადაადგილების სხვა საშუალებების მიკუთვნებისა და გაცემის უზრუნველყოფა, მათი მომსახურების ხარჯების კომპენსაციის გაცემის ორგანიზაცია.
2.18. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, უსინათლოთა და ყრუთა საზოგადოებების გამგეობების პრეზიდიუმებთან, საქართველოს ღვთისშვილთა კავშირსა (ინვალიდთა ასოციაცია) და სხვა ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სხვადასხვა ორგანიზაციის საქველმოქმედო განზრახულებათა კოორდინაცია.
2.19. ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურაში შემავალი სამინისტროს პროფილის სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობისადმი საორგანიზაციო მეთოდური დახმარებისა და კონტროლის ორგანიზაცია.
ცხოვრების დონის რეგულირების სფეროში:
2.20. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავება.
2.21. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალურ ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად ცხოვრების დონის შეფასება რეგიონების მიხედვით; მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის რეგიონული პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
2.22. შესაბამისი სამინისტროებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობით მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შემუშავება სხვადასხვა კატეგორიის მუშაკთათვის დარგობრივი და პროფესიული ნიშნის მიხედვით.
2.23. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალურ ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად მინიმალური ხელფასის დონის განსაზღვრა და კონტროლი მის დაცვაზე.
2.24. დარგობრივ სამინისტროებსა და შესაბამის უწყებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებებისათვის ერთიანი სატარიფო ბადის შემუშავება.
2.25. საკუთრების სხვადასხვა ფორმის პირობებში სოციალური ნორმატივების საშუალებით შრომითი ურთიერთობებისა და შრომის ანაზღაურების საკითხების რეგულირება.
2.26. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო (ფიქსირებული) საცალო ფასებისა და მომსახურების ტარიფების დადგენა-რეგულირებაში მონაწილეობა.
2.27. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალურ ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად ინფლაციის პირობებში მოსახლეობის ფულადი შემოსავლების რეგულირების მექანიზმის შემუშავება, განსაზღვრული სახეობის პროდუქტებზე ფასების ერთდროული, მკვეთრი ზრდის პირობებში კომპენსაციის მექანიზმის ამოქმედების ღონისძიებათა შემუშავება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისად მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ინდექსირების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და სათანადო წინადადებების შემუშავება.
დასაქმების სფეროში:
2.28. მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად დასაქმების რესპუბლიკური, რეგიონული პროგრამების შემუშავება და განხორციელება, დასაქმების სისტემის რეგულირება.
2.29. დასაქმების სფეროში ნორმატიული აქტების შესამუშავებლად და მათში ცვლილებების, დამატებების შესატანად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.
2.30. მოსახლეობის დასაქმების სფეროში მიკრო და მაკრო-პროგრამების შემუშავება.
2.31. რესპუბლიკის შრომითი რესურსების რაციონალური დასაქმების უზრუნველსაყოფად შრომითი რესურსების რეგისტრი შექმნა; პროფესიებზე მიმდინარე მოთხოვნილების განსაზღვრა და პროგნოზირება.
2.32. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დასაქმების და შრომითი რესურსების კრებსითი საპროგრამო ბალანსების დამუშავება, უმუშევართა რიცხოვნობის მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირება.
2.33. კადრების მომზადების, გადამზადების, აგრეთვე პროფორიენტაციის რაციონალური სისტემის შექმნისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
2.34. შრომის სახელმწიფო ბირჟის, დასაქმების სახელმწიფო ფონდისა და მოსახლეობის პროფესიული ორიენტაციის, და ფსიქოლოგიური დაცვის რესპუბლიკური ცენტრის საქმიანობის კოორდინაცია.
დემოგრაფიის სფეროში:
2.35. ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება.
2.36. ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისათვის სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების შემუშავება.
2.37. რესპუბლიკაში არსებული დემოგრაფიული პროცესების შესახებ „ინფორმაციული ბანკის“ შექმნა.
2.38. განსაკუთრებით მწვავე დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი და ამის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენით რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ინფორმირება.
2.39. ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების მართვისათვის სათანადო ნორმატიული აქტების შესამუშავებლად და მათში ცვლილება-დამატებების შესატანად წინადადებების, რეკომენდაციების მომზადება.
240. რესპუბლიკაში დემოგრაფიული პროცესების მართვის კოორდინაცია.
2.41. დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მიგრაციის სფეროში:
2.42. საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად მოსახლეობის იმიგრაციული, ემიგრაციული და შიდა მიგრაციული პროცესების აღრიცხვა; მათი რეგულირებისა და მართვის მექანიზმების შემუშავება.
2.43. კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო გარემოებათა გამო დაზარალებული მოსახლეობის ახალ საცხოვრებელ ადგილებზე განსახლებისათვის, დამკვიდრებისა და ადაპტირებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
2.44. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმიგრანტთა სოციალური დაცვის მექანიზმის შემუშავება, მათი უფლებრივი გარანტიების დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2.45. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარებისა და განლაგების პროგრამების შესაბამისად ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირება, შრომითი რესურსების მიზნობრივი გადაადგილების პროგრამების შემუშავება.
2.46. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მცხოვრები და საქართველოში დაბრუნების მსურველი ქართველი ოჯახების (რეპატრიანტები) საქართველოში ჩამოყვანასთან, დასახლებასა და შრომით მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა. ამ მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება.
2.47. ემიგრაციის, იმიგრაციისა და შიდა მიგრაციის საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ამ აქტების შესრულებაზე კონტროლი.
2.48. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობა.
საგარეო ურთიერთობათა სფეროში:
2.49. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირებისა და საქმიანი კონტაქტების დამყარება.
2.50. საზღვარგარეთისა და თანამეგობრობის ქვეყნების სოციალური პროფილის მქონე სამსახურებსა და სამინისტროებთან თანამშრომლობა, მათთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება.
2.51. სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოძიება, დამუშავება და სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციებისათვის მიწოდება.
2.52. სოციალური უზრუნველყოფის, შრომის, დასაქმების, მიგრაციისა და სხვა სოციალურ პრობლემებზე უცხოელ პარტნიორებთან წინასწარი მოლაპარაკების ორგანიზაცია, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება-გაფორმება.
2.53. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით კერძო ორგანიზაციების მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და, შესაბამისად, მათზე გასაცემი ლიცენზიების მომზადება.
შრომის დაცვის სფეროში:
2.54. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, დაწესებულებისა და ორგანიზაციაში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად), სადაც გამოიყენება დაქირავებული შრომა, შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების წესების, შრომის პირობების დაცვასა და, მისგან გამომდინარე, შეღავათების, კომპენსაციების გაცემაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
შრომის დაცვის საკითხებზე არსებული სახელმწიფო ზედამხედველი და მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და ამ სფეროში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.
2.55. საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების მიმღები სამთავრობო კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და ამ ობიექტებზე, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხების განსაზღვრა.
2.56. გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად სამინისტროს, უწყების, ორგანიზაციის, საწარმოს ხელმძღვანელობის შესასრულებლად სათანადო მიწერილობის გაკეთება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციების განხორციელება.
2.57. მინისტრის კომპეტენციაში შემავალი პრობლემების წარმოჩენა, მათი გადაწყვეტისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.
III. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
3.დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
3.1. რესპუბლიკის ტერიტორიაზე გააკონტროლოს საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის, პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებების, შრომის კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულება. საჭიროების შემთხვევაში, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე სათანადო რეაგირებისათვის.
3.2. მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაციები რესპუბლიკის საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ორგანოებიდან.
3.3. დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე თავის კომპეტენციაში შემავალ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამინისტროების, უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი კომისიების შექმნის შესახებ.
3.4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე დასვას საკითხი საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ რესპუბლიკის სხვა რაიონებიდან მუშახელის შემოყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჩერების შესახებ, თუ ისინი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
3.5. გასცეს ლიცენზიები შრომითი მოწყობის კერძო დაწესებულებების შექმნაზე და საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების დროებით დასაქმებაზე.
3.6. დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულება როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მიიღოს მათი წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მიავლინოს სამინისტროს თანამშრომლები.
3.7. დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე მისი ფუნქციონირების განხორციელებისათვის საჭირო საწარმოების შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების შესახებ.
3.8. ზემდგომ ორგანოებში დასვას საკითხები დაქვემდებარებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ და გააკონტროლოს მათი ხარჯვის სისწორე. აწარმოოს სტატისტიკური, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება სამინისტროს სისტემაში.
3.9. შევიდეს წინადადებებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში მოქმედი კანონმდებლობის გადასინჯვის ან ახლის მიღების თაობაზე, გამოსცეს კანონქვემდებარე აქტები და გააკონტროლოს მათი შესრულება.
3.10. საქართველოს რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, მოქალაქეებიდან, დადგენილი წესით, მიიღოს მატერიალური, მათ შორის ფინანსური შემოწირულობანი.
3.11. განახორციელოს სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებები სამინისტროს სისტემის ყველა სამსახურის სამართლებრივი მომსახურებისათვის.
3.12. გამოაქვეყნოს ნორმატიული აქტები, სტატისტიკური ანგარიშების კრებულები, მეთოდური ბიულეტენები და სხვა ლიტერატურა. სამინისტროს აქვს ბეჭდვითი სიტყვის ორგანო.
IV. სამინისტროს ხელმძღვანელობა
4.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტაზე, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს.
4.2. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის - ორი პირველი. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.
4.3. შრომის სახელმწიფო ბირჟის, დასაქმების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც შემდგომში ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი.
4.4. სამინისტროს აპარატის მუშაკებს, სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ამტკიცებს სამინისტროს აპარატის მუშაკთა თანამდებობრივ სარგოებს დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.
4.5. აუცილებლობის შემთხვევაში, მინისტრი გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად.
4.6. მინისტრის მოადგილეებს მათთვის მინიჭებული ფუნქციების ფარგლებში უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, მინისტრის არ ყოფნის შემთხვევაში, სათანადო ბრძანებების საფუძველზე, მის ფუნქციებს ახორციელებს ერთ-ერთი პირველი მოადგილე.
4.7. მინისტრი, მისი მოადგილეები, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, სამინისტროებთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები პასუხს აგებენ თავიანთი გადაწყვეტილებებისა და განკარგულებებისთვის.
V. სამინისტროს კოლეგია
5.1. სამინისტროში იქმნება კოლეგია. მის შემადგენლობაში შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს აპარატის წამყვანი სტრუქტურული დანაყოფებისა და სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელი მუშაკები (საჭიროების მიხედვით). სამინისტროს კოლეგიის რაოდენობას განსაზღვრავს და მის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
5.2. კოლეგიის სხდომის საქმის წარმოებისა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს კოლეგიის მდივანი.
5.3. კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების, სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს, აგრეთვე მინდობილი დარგის განვითარებისა და საქმიანობის კარდინალურ პრობლემებს.
5.4. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან დადგენილებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა სისტემის ყველა საწარმო-დაწესებულებებისათვის.
5.5. მინისტრსა და კოლეგიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. კოლეგიის წევრებს თავიანთი პოზიციის შესახებ შეუძლიათ აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
VI. სამინიტროს გაუქმების, გარდაქმნის და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
6.1. სამინიტროს გაუქმება ან გარდაქმნა ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.
6.2. საბაზრო ურთიერთობათა განვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროს ფუნქციების შეცვლისას, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს სამინისტროს დებულებაში შეაქვს სათანადო ცვლილებები.
დოკუმენტის კომენტარები