საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 07/08/1972
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 31/08/1972
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
426
07/08/1972
გამოუქვეყნებელი, 0, 31/08/1972
000000000.00(0).00.000000
საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/1972 - 02/06/1976)

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №426

1972 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს შესახებ“, შეთანხმებული სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროსთან.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე    გ. ჯავახიშვილი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველი  ზ. ახვლედიანი

 დებულება 

საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს შესახებ

1. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად არის საკავშირო-რესპუბლიკური სამინისტრო და თავის საქმიანობაში ექვემდებარება როგორც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, ისე სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოებისადმი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლოსა და რესპუბლიკის რაიონებისა და ქალაქების სახალხო სასამართლოებისადმი, ეწევა მუშაობას საქართველოს სსრ კანონმდებლობის კოდიფიკაციის სისტემატიზაციისათვის და ამზადებს წინადადებებს, ახორციელებს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას, მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობას მოსახლეობაში სამართლებრივი ცოდნის პროპაგანდისა და კანონმდებლობის განმარტების საქმეში, ხელმძღვანელობს ნოტარიატს, სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებს, აგრეთვე ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას საქართველოს სსრ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქმიანობისა და რესპუბლიკის ადვოკატურისადმი.

საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა აკისრია პარტიის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე სასამართლო ორგანოების მუშაობის ორგანიზაციის მდგომარეობისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების საქმიანობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს მართლწესრიგისა და სოციალისტური კანონიერების განმტკიცებას.

2. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს მთავარი ამოცანებია:

ყოველი ღონისძიებით განამტკიცოს სოციალისტური კანონიერება, დაიცვას სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების უფლებანი და კანონიერი ინტერესები, სრულყოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად საქმიანობა დამნაშავეობის წინააღმდეგ და იმ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად გაშლილ ბრძოლაში, რომლებიც ხელს უწყობენ დანაშაულობათა და სხვა სახის სამართალდარღვევათა ჩადენას;

უზრუნველყოს ორგანიზაციული ხელმძღვანელობა სასამართლოებისადმი, აამაღლოს ამ მუშაობის დონე, ყოველი ღონისძიებით შეუწყოს ხელი მართლმსაჯულების მიზნებისა და სასამართლოს ამოცანების განხორციელებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპების განუხრელი დაცვის პირობებში;

სისტემაში მოიყვანოს საქართველოს სსრ კანონმდებლობის კოდიფიკაცია და მოამზადოს წინადადებანი, ყოველნაირად შეუწყოს ხელი კანონმდებლობის შემდგომ სრულყოფას კომუნისტური მშენებლობის ამოცანების შესაბამისად;

სრულყოს ნოტარიატის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების, ადვოკატურის, სასამართლო-საექსპორტო და სხვა მისი საქვეუწყებო იუსტიციის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობა;

სრულყოს სამართლებრივი მუშაობა სახალხო მეურნეობაში იმ მიზნით, რომ გაძლიერდეს მისი ზეგავლენა საზოგადოებრივი წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებაზე, გაძლიერდეს სოციალისტური საკუთრების დაცვა, შემდგომ განმტკიცდეს სახელმწიფო და შრომის დისციპლინა, განუხრელად იქნეს დაცული საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მოქალაქეების უფლებანი და კანონიერი ინტერესები;

მოაწყოს სამართლებრივი ცოდნის პროპაგანდა და კანონმდებლობის განმარტება მოსახლეობაში;

ხელი შეუწყოს სამართლის მეცნიერების განვითარებას და მისი მიღწევების გამოყენებას საქართველოს სსრ სახელმწიფო, სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში;

უზრუნველყოს სამინისტროს დაწესებულებანი და ორგანიზაციები, სასამართლო ორგანოები კვალიფიციური კადრებით, მოაწყოს აღნიშნული ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ორგანოების კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. უნარიანად შეუხამოს ერთმანეთს ძველი გამოცდილი კადრები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუშაკები, შექმნას პირობები მუშაკთა ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო გამოყენებისათვის, დააწინაუროს ხელმძღვანელ სამუშაოზე ახალგაზრდები, რომლებიც კარგად გამოიჩენენ თავს მუშაობაში.

3. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობას უწევს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის მისთვის მიჩენილ დარგს, როგორც წესი, ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებისა და ავტონომიური ოლქის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის იუსტიციის განყოფილების მეშვეობით, და უშუალოდ მართავს მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.

4. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ იუსტიციის სამინისტროები, სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის იუსტიციის განყოფილება, ნოტარიატი, საექსპერტო დაწესებულებანი და მათი საქვეუწყებო დაწესებულებანი და ორგანიზაციები ქმნიან საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს ერთიან სისტემას.

5. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონებით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებებით, სსრ კავშირის მთავრობისა და საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებებით და განკარგულებებით, სსრ კავშირის იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით და უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის სწორ გამოყენებას სამინისტროს სისტემის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.

საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო განაზოგადებს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკას იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს სისტემის ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების და სასამართლოების ორგანიზაციას და საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს ამ კანონმდებლობის სრულყოფისათვის და შეაქვს ისინი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განსახილველად.

6. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლოს, რაიონებისა და ქალაქების სახალხო სასამართლოების ორგანიზაციის საკითხებზე (დისლოკაცია, სტრუქტურა, შტატები), მოსამართლეებისა და სახალხო მსაჯულების არჩევნების მოწყობის შესახებ; ხელმძღვანელობს ამომრჩეველთა წინაშე სახალხო მოსამართლეების ანგარიშების მოწყობას;

ბ) ამოწმებს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლოსა და რაიონებისა და ქალაქების სახალხო სასამართლოების მუშაობის ორგანიზაციას, ისმენს ამ საკითხებზე სასამართლოთა თავმჯდომარეების მოხსენებებს და იღებს ზომებს მისი გაუმჯობესებისათვის; სწავლობს და ავრცელებს მუშაობის დადებით გამოცდილებას; უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას მართლმსაჯულების განხორციელებისათვის;

გ) სასამართლოთა საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით სწავლობს და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, ათანხმებს ამ მუშაობას საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოსთან და იყენებს განზოგადების შედეგებს სასამართლოთა მუშაობის ორგანიზაციაში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

დ) ამოწმებს, თუ როგორ არის დაყენებული სასამართლოების მუშაობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მასალების განხილვის საქმეში და იღებს ზომებს ამ მუშაობის გაუმჯობესებისათვის;

ე) აწყობს მუშაობას სასამართლო სტატისტიკის წარმოებისათვის და იყენებს მის მონაცემებს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლოს, საქართველოს სსრ რაიონებისა და ქალაქების სახალხო სასამართლოების ორგანიზაციისა და საქმიანობის გაუმჯობესებისათვის, რათა განხორციელდეს მართლმსაჯულება და მომზადდეს წინადადებანი კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ;

ვ) აწყობს სოციოლოგიურ გამოკვლევებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და სოციალისტური კანონიერების განმტკიცების ღონისძიებათა შემუშავების მიზნით, ათანხმებს ამ მუშაობას საქართველოს სსრ პროკურატურასთან, საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოსთან, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან;

ზ) ახორციელებს ხელმძღვანელობას და კონტროლს სასამართლოების მიერ სამოქალაქო საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების, განჩინებების და დადგენილებების შესრულებისადმი, სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე ქონებრივი სახდელის თაობაზე განაჩენების, განჩინებებისა და დადგენილებების, აგრეთვე სხვა ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისადმი, რომელთა შესრულება ეკისრებათ სასამართლო აღმასრულებელებს;

უწევს სამართლებრივ დახმარებას ამხანაგურ სასამართლოებს, ნებაყოფლობითს სახალხო რაზმეულებსა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ბრძოლას სამართალდარღვევათა წინააღმდეგ;

თ) ეწევა საქართველოს სსრ სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით მუშაობას საქართველოს სსრ კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და კოდიფიკაციისათვის, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად; ადგენს და გამოსცემს საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებულს და საქართველოს სსრ კოდექსებს;

ი) ამზადებს ზემდგომი ორგანოების დავალებით და თავისი ინიციატივით საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებათა პროექტებს, გამოაქვს იურიდიული დასკვნები საქართველოს სსრ მთავრობის განსახილველად შეტანილი უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტების პროექტების გამო;

კ) ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას სახალხო მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობისადმი, ეცნობა ამ მუშაობის მდგომარებას სამინისტროებში, უწყებებში, საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების აღმასკომებში, მოისმენს სამინისტროებისა და უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინფორმაციებს სამართლებრივი მუშაობის მდგომარეობის შესახებ; შეიმუშავებს და იძლევა მეთოდურ მითითებებს და რეკომენდაციებს სამართლებრივი მუშაობის გაუმჯობესებისათვის;

სწავლობს და განაზოგადებს სამართლებრივი მუშაობის საქმის დაყენების პრაქტიკას, ავრცელებს იურიდიული განყოფილებებისა და იურისკონსულტების მუშაობის დადებით გამოცდილებას, იღებს ზომებს ამ განყოფილებათა (იურისკონსულტების) მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ლ) ახორციელებს კადრების შერჩევასა და განაწილებას სამინისტროს სისტემაში, ხელმძღვანელობს კადრებთან მუშაობას სასამართლოებში, საქვეუწყებო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში; ეწევა მუშაობას, რათა იუსტიციის და სასამართლო ორგანოების კადრები აღზარდოს შრომისადმი კომუნისტური დამოკიდებულებისა და სახელმწიფო ინტერესებისა და დისციპლინის მტკიცედ დაცვის სულისკვეთებით;

აწყობს იუსტიციისა და სასამართლო ორგანოების კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;

დადგენილი წესით აჯილდოებს ამ ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებს;

მ) მონაწილეობს რესპუბლიკაში იურიდიული კადრების მომზადების სახელმწიფო გეგმების, იურიდიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდა სპეციალისტთა განაწილების გეგმების პროექტების შემუშავებაში, აგრეთვე ამ სპეციალისტთა განაწილებაში;

ნ) მონაწილებს იმ იურიდიული ლიტერატურის გამოცემის გეგმების შემუშავებაში, რომელიც რესპუბლიკის გამომცემლობებმა უნდა გამოუშვან, იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს სასამართლოები, საქვეუწყებო დაწესებულებანი და ორგანიზაციები საკანონმდებლო მასალებით;

ო) აწყობს მეცნიერულ კვლევას კანონმდებლობასა და სასამართლო ექსპერტიზის სრულყოფის დარგში;

კოორდინაციას უწევს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან და საქართველოს სსრ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად იურიდიული სამეცნიერო-საკვლევი დაწესებულებების საქმიანობას, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, თათბირებსა და სიმპოზიუმებს სამართლის მეცნიერების განვითარების საკითხებზე;

პ) მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობას მოსახლეობას შორის სამართლებრივი ცოდნის პროპაგანდისა და კანონმდებლობის განმარტებისათვის, ეცნობა ამ მუშაობის მდგომარეობას რესპუბლიკის სამინისტროებში, უწყებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კოორდინაციას უწევს სამართლებრივი პროპაგანდის დარგში მათი მუშაობის გეგმებს და იძლევა საჭირო მეთოდურ მითითებებს და რეკომენდაციებს;

ჟ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადვოკატურას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით;

განსაზღვრავს იმ იურიდიული დახმარების ორგანიზაციის წესს, რომელსაც ადვოკატები უწევენ მოსახლეობას, საწარმოებს, დაწესებულებებს, კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა ორგანიზაციებს;

რ) აწყობს საქართველოს სსრ ნოტარიატის დაწესებულებათა მუშაობას, ამოწმებს მათს საქმიანობას და იძლევა მითითებებს მისი გაუმჯობესებისათვის;

ს) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქმიანობის სრულყოფისათვის, ამოწმებს მათს მუშაობას და იძლევა მითითებებს მისი გაუმჯობესებისათვის.

7. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პლენუმის განსახილველად შეიტანოს წინადადებანი კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე სასამართლოებისათვის სახელმძღვანელო განმარტებათა მიცემის შესახებ.

8. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევებში მიიღოს საქართველოს სსრ და ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებისა და უწყებებისაგან, აგრეთვე სამეცნიერო-საკვლევი დაწესებულებებისა და სასწავლებლებისაგან დასკვნები საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო აქტების, საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა პროექტების და სხვა დოკუმენტების თაობაზე, აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ჩააბას კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებულ მუშაობაში სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-საკვლევი დაწესებულებებისა და სასწავლებლების სპეციალისტები.

9. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო თავის მუშაობას წარმართავს მისთვის სახელმძღვანელოდ მიჩენილი დარგის ყველა საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში კოლეგიურობისა და ერთმმართველობის შეხამების საფუძველზე, ამასთან აწესებს თანამდებობის პირთა ზუსტ პასუხისმგებლობას მათთვის მინდობილ სამუშაო უბანზე საქმის მდგომარეობისა და გარკვეული დავალებების შესრულებისათვის.

10. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი, რომელსაც საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელსაც შემდგომ შეაქვს ეს საკითხი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დასამტკიცებლად.

საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობებს ანაწილებს საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი.

11. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეები თანამდებობის მიხედვით, აგრეთვე სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი მუშაკები.

სამინისტროს კოლეგიის წევრებს ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.

12. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროზე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსებისა და სხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხიმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეული დარგებისადმი ხელმძღვანელობისათვის, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობისათვის.

13. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და ინსტრუქციებს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ მოქმედი კანონების, აგრეთვე სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისა და განკარგულებების, სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროს ბრძანებების, ინსტრუქციებისა და მითითებების საფუძველზე და შესასრულებლად, იძლევა მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებისა და სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის იუსტიციის განყოფილების, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების, ადვოკატურის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების, ნოტარიატის, სამინისტროს საქვეუწყებო იუსტიციის სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ხოლო მუშაობის ორგანიზაციის საკითხებზე - ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების, ავტონომიური ოლქის სასამართლოებისათვის, რესპუბლიკის რაიონებისა და ქალაქების სახალხო სასამართლოებისათვის, ამოწმებს ამ ბრძანებების, ინსტრუქციების, მითითებების შესრულებას.

საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის მითითებები, ინსტრუქციები სანოტარო მოქმედებისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის საკითხებზე სავალდებულოა სამინისტროების, უწყებების, მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის.

საჭიროების შემთხვევებში საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი საქართველოს სსრ სხვა სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გამოსცემს ბრძანებებს და ინსტრუქციებს.

14. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს კოლეგია თავის რეგულარულ სხდომებზე განიხილავს სამინისტროს საქმიანობის ძირითად საკითხებს, მოისმენს ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრების, სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის იუსტიციის განყოფილების უფროსის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების, ნოტარიატის, ადვოკატურის, სამეცნიერო-საკვლევი დაწესებულებების, სასწავლებლების და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მოხსენებებს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებისა და ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლოს, რაიონებისა და ქალაქების სახალხო სასამართლოების თავმჯდომარეთა მოხსენებებს სასამართლოების მუშაობის ორგანიზაციის საკითხებზე, სამინისტროს სამმართველოებისა და განყოფილებების ანგარიშებს, მსჯელობს შესრულების შემოწმების, კადრების შერჩევისა და აღზრდის საკითხებზე, განიხილავს საქართველოს სსრ მთავრობის უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტებისა და დადგენილებების პროექტებს, რომლებიც შემუშავებულია სამინისტროს მიერ, დასკვნებს ნორმატიული აქტების პროექტების გამო, კანონმდებლობის სისტემატიზაციის საკითხებს, უმნიშვნელოვანესი ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს.

კოლეგიის გადაწყვეტილებანი ხორციელდება, როგორც წესი, მინისტრის ბრძანებით. მინისტრსა და კოლეგიის წევრთა შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან წამოჭრილი უთანხმოების შესახებ მოახსენებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, ხოლო კოლეგიის წევრებს თავის მხრივ შეუძლიათ თავიანთი აზრი აცნობონ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს.

15. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო იწვევს დადგენილი წესით აქტივის თათბირებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებზეც ისმენს და განიხილავს მოხსენებებს პარტიისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციის, კანონმდებლობის სრულყოფისა და კანონიერების განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, აგრეთვე განიხილავს გაჩაღებული კრიტიკისა და თვითკრიტიკის საფუძველზე საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების და ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესებასთან.

16. მეცნიერული რეკომენდაციებისა და სხვა იმ წინადადებების განსახილველად, რომლებიც ეხება იუსტიციის დაწესებულებათა ორგანიზაციისა და საქმიანობის გაუმჯობესებას, აგრეთვე სხვა საკითხებს, - საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შედიან თვალსაჩინო მეცნიერები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

იმ საკითხთა შემუშავების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მოსახლეობაში სამართლებრივი ცოდნის პროპაგანდისა და კანონმდებლობის განმარტებისათვის გასაწევი საქმიანობის კოორდინაციასა და მეთოდურ ხელმძღვანელობასთან, საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება საკოორდინაციო-მეთოდური საბჭო, რომელშიც შედიან შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და საკოორდინაციო-მეთოდური საბჭოს შემადგენლობას, აგრეთვე მათს დებულებებს ამტკიცებს საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი.

17. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო აწყობს მშრომელთა წერილების (განცხადებებისა და საჩივრების) დროული და გულდასმით განხილვას, იღწვის ამ წერილებში დასმული საკითხების სწორად გადაწყვეტისათვის, აგრეთვე იღებს ზომებს მშრომელთა წერილებში აღნიშნული იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც შეიმჩნევა სასამართლოების მუშაობაში, სამინისტროს საქვეუწყებო საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში.

18. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურას და მუშაკთა რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს, აგრეთვე სამინისტროს სამმართველოებისა და განყოფილებების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი.

19. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბი და მისი სახელწოდება.