საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 918
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 20/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
918
20/12/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1993 - 08/07/1994)

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება № 918

1993 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შესახებ, სამინისტროს სტრუქტურა და კოლეგიის შემადგენლობა.

2. „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში შეიქმნას მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო, სამმართველოს დებულება განისაზღვროს იუსტიციის სამინისტროს დებულებით.

3. მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა რაოდენობა გაიზარდოს 16 საშტატო ერთეულით, ხოლო სამინისტროს აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა განისაზღვროს 131 ერთეულით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე).

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აპარატის შესანახი ხარჯები ზემოაღნიშნული რიცხოვნობიდან გამომდინარე.

4. მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით დამტკიცდეს ამ სამმართველოს საშტატო განრიგი.

მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 15 ნოემბრის № 874 დადგენილებით იუსტიციის სამინისტროში შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა განყოფილება.

5. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს იყოლიოს მინისტრის სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე.

6. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის შემადგენლობა 11 კაცით.

7. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972 წლის 7 აგვისტოს № 426 დადგენილება.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                                    ო. ფაცაცია

 

დებულება

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოა და თავის საქმიანობაში ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

2. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის სამართალშემოქმედების ხელშემწყობი ორგანოა, რომელიც საკუთარი ინიციატივით, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების დავალებით ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო განზრახულობათა საკითხებზე, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, ახდენს მათ ექსპერტიზას, ახორციელებს კანონმდებლობის სისტემატიზაციას, ამზადებს წინადადებებს კოდიფიკაციის შესახებ, ახდენს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობათა სამართლებრივ უზრუნველყოფას, მოსახლეობის სამართლებრივი კულტურის ამაღლებას.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო წინასწარ იხილავს საქართველოს მოქალაქეობასა და იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს პოლიტიკურ და მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებათა, პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაციას, განაზოგადებს მის მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების საწესდებო საქმიანობას, ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებთან საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს სასამართლოების ორგანიზაციულ საქმიანობას, სასამართლოსა და იუსტიციის სხვა დაწესებულებების გადაწყვეტილებათა აღსრულებას, ნოტარიატის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების საქმიანობას, ახდენს კადრების შერჩევას, მომზადებასა და განაწილებას სასამართლოების, იუსტიციის სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებისათვის.

3. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, მისი ორგანოები და დაწესებულებები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.

4. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და უზრუნველყოფს მათ გამოყენებას სამინისტროს სისტემის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.

5. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. სამინისტროს დებულებას, ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობას და მათ შესანახ ასიგნებათა ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

II. სამინისტროს საქმიანობის მიმართულებანი

6. დასახული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო:

ა) აანალიზებს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობასა და საკანონმდებლო წინადადებებს, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობის კოდიფიკაციისათვის, მონაწილეობს ახალი კოდექსების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში და უზრუნველყოფს კოდექსების  გამოცემას;

ბ) წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მინისტრთა კაბინეტს დასკვნებს დადგენილი წესით მათ განსახილველად შემოტანილი ნორმატიული აქტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

გ) ადგენს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საკონტროლო ინფორმაციის ბანკს. წარმართავს კანონმდებლობის სისტემატიზაციის საქმიანობას;

დ) გამოსაცემად ამზადებს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის კრებულებს, კოდექსებს, შეაქვს წინადადება იურიდიული ლიტერატურის გამოცემის საკითხებზე;

ე) უზრუნველყოფს იუსტიციის ორგანოებსა და სასამართლოებს საკანონმდებლო სიახლეებით, დახმარებას უწევს მათ კანონმდებლობის აღრიცხვასა და საკონტროლო მდგომარეობაში მოსაყვანად;

ვ) ეწევა იუსტიციის ორგანოების, დაწესებულებებისა და სასამართლოების ინფორმაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემების შემუშავებისა და დანერგვის ორგანიზაციას;

ზ) აღრიცხავს ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებს, ეწევა საზღვარგარეთის კანონმდებლობის შედარებით ანალიზს;

თ) განახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების იმ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციას და აღრიცხვას, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ეხება ან უწყებათაშორისი ხასიათი აქვთ;

ი) წინასწარ განიხილავს უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქედ მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ, საქართველოს მოქალაქეთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, კომპეტენტურ ორგანოთა წარდგინებებს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ; განიხილავს და წყვეტს შუამდგომლობებს იმიგრაციის შესახებ;

კ) ახორციელებს პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, რელიგიური გაერთიანებების წესდებათა სახელმწიფო რეგისტრაციას, ადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების სახელმწიფო რეესტრს, ეწევა მათ მიერ წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო-იურიდიულ ორგანიზაციებთან დებს შეთანხმებებს სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ. სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ ხელშეკრულებების, კონვენციებისა და შეთანხმებების დადებაში და ეწევა შესრულების ორგანიზაციას;

მ) სასამართლო რეფორმის განხორციელებასთან, აგრეთვე სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების საქმიანობის სფეროსადმი დაკავშირებულ საკითხებზე შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ნ) განახორციელებს სასამართლოების, მათ შორის, სამხედრო სასამართლოების  საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ამოწმებს სასამართლოების მუშაობის ორგანიზაციას, შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, შეიმუშავებს და დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მისი განვითარებისა და სრულყოფის თაობაზე, უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მათი მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპის დაცვას;

ო) ახორციელებს ხელმძღვანელობას და კონტროლს სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებისადმი, რომელთა შესრულება ეკისრებათ სასამართლო აღმასრულებლებს;

პ) ორგანიზაციას უწევს სასამართლო სტატისტიკის წარმართვის საქმიანობას;

ჟ) ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სასამართლო-საექსპორტო დაწესებულებებს, ქმნის სასამართლო ექსპერტიზის კვლევით დაწესებულებებს;

რ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სასამართლოების, იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების მუშაობასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;

ს) არჩევს იუსტიციის ორგანოების მუშაკთა კანდიდატურებს, კვალიფიკაციური კადრებით უზრუნველყოფს იუსტიციის ორგანოებსა და დაწესებულებებს, ორგანიზაციას უწევს მათ პროფესიულ სწავლებას, საქმიან კონტაქტებს ამყარებს საზღვარგარეთის შესაბამის ორგანოებთან, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე იურისტთა კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად;

ტ) დადგენილი წესით ხელმძღვანელობს ნოტარიატის საქმიანობას, წყვეტს სანოტარო კანტორების გახსნის საკითხებს და განსაზღვრავს მათი მომსახურების ტერიტორიას, აწარმოებს ნოტარიული წესით დამოწმებული საზღვარგარეთ წარსადგენი საბუთების ლეგალიზაციას, იღებს ზომებს საზღვარგარეთ არსებული სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

უ) ხელმძღვანელობს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს, იღებს ზომებს მოსახლეობის სათანადო სამართლებრივი მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ფ) რეგისტრაციაში ატარებს საზღვარგარეთის ინვესტიტორების მონაწილეობით შექმნილ ერთობლივ საწარმოებს;

ქ) ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს;

ღ) ხელს უწყობს მოქალაქეთა სამართლებრივი კულტურის ამაღლების საქმეს, ამ მიზნით თანამშრომლობს პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, იყენებს სამართლებრივი სწავლების სხვა ფორმებსა და მეთოდებს;

ყ) აფინანსებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ორგანოებსა და დაწესებულებებს, გამოყოფს საფინანსო სახსრებს შესაბამისი სასამართლოების განკარგულებაში, უზრუნველყოფს კონტროლს ასიგნებათა ხარჯვისადმი. ორგანიზაციას უწევს სასამართლოების, იუსტიციის ორგანოების და დაწესებულებების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. განსაზღვრავს მათს მოთხოვნილებას კადრებზე;

შ) თავისი საქმიანობის სფეროში ხელს უწყობს და აფინანსებს სამეცნიერო გამოკვლევებს, მითითებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის დროებით შემოქმედებით კოლექტივს;

ჩ) სწავლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას და იუსტიციის სისტემის ორგანიზაციას.

III. სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაცია

7. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფო მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან მინისტრი, რასაც შემდგომში ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი.

8. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მისი საქმიანობის სფეროსათვის განკუთვნილ სახელმწიფო მართვის საკითხებზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც დადგენილი წესით საჭიროებენ შეთანხმებას საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან.

9. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო და სხვა ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;

ბ) კანონშემოქმედებითი, საკონსულტაციო და საექსპერტო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით მოიწვიოს სამეცნიერო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებათა თანამშრომლები, სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის საზღვარგარეთიდან. გამოიყენოს ამ მიზნისათვის სპეციალური საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

10. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი:

ა) დადგენილი წესით წარადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განსახილველად ნორმატიული აქტების პროექტებს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს იუსტიციის ორგანოებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ბოლო სამუშაოს ორგანიზაციის საკითხებზე სასამართლოებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს და ინსტრუქციებს, ამოწმებს ამ ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესრულებას.

სანოტარო მოქმედებების და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის სრულყოფის საკითხებზე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ინსტრუქციები და მითითებანი სავალდებულოა მოქალაქეებისათვის, სამინისტროებისა და უწყებებისათვის, ადგილობრივი ადმინისტრაციისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის;

გ) მონაწილებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმების სხდომებში, პლენუმის განსახილველად წარადგენს წინადადებებს კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე სასამართლოებისათვის სახელმძღვანელო განმარტებათა მიღების შესახებ;

დ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელი მოქალაქეებისა და საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი მოქალაქეობისარმქონე პირების საქართველოს რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს და სანოტარო კანტორების მუშაკებს, დასამტკიცებლად წარადგენს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, ნიშნავს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს და სასამართლო აღმასრულებლებს;

ვ) აღძრავს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეს და დადგენილი წესით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის წინაშე აყენებს მოსამართლეთა და მსაჯულთა გაწვევის (ვადამდე გათავისუფლების) საკითხს, სათანადო ორგანოებში შეაქვს წარდგინება მოსამართლეთა და მსაჯულთა გაწვევის შესახებ;

ზ) ამტკიცებს დებულებებს სამინისტროს სამმართველოებისა და განყოფილებების შესახებ, აგრეთვე სამინისტროსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დებულებებს (წესდებებს);

თ) იწვევს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიას და თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს, ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აპარატის მუშაობას;

ი) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, სტრუქტურისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მუშაკებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, დადგენილი წესით წარადგენს სასამართლოების მუშაკებს საკვალიფიკაციო კლასების მისანიჭებლად;

ლ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად;

მ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას, ორგანიზაციას უწევს სამინისტროს აპარატის მუშაობას მოქალაქეთა მიღების, მათი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვისათვის;

ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.

11. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეუძლია გადასცეს მისთვის მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილება მისდამი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, გარდა იმ უფლებისა, რომელიც მინისტრის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.

12. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში იქმნება კოლეგია იუსტიციის მინისტრის (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი მუშაკების, მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შემადგენლობით.

კოლეგიის წევრებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

კოლეგია განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

კოლეგიის გადაწყვეტილების რეალიზაცია ხდება მინისტრის ბრძანებისა და განკარგულების მეშვეობით.

მინისტრს და კოლეგიას შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და წარმოშობილი უთანხმოების შესახებ ახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

13. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილია სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

14. სამართლებრივი და სასამართლო რეფორმის განხორციელების პრობლემებზე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობას და დებულებებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

15. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტემპელები, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიში ბანკში.

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს

საშტატო განრიგი

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეული

სამმართველოს უფროსი

1

განყოფილების უფროსი

1

მთავარი კონსულტანტი

2

წამყვანი კონსულტანტი

3

უფროსი კონსულტანტი

4

კონსულტანტი

5

სულ

16

 

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურა

1. საკანონმდებლო განზრახულობათა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველო

საკანონმდებლო განზრახულობათა განყოფილება

კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილება

2. სამეურნეო კანონმდებლობის სამმართველო

ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება

3. მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო

მოქალაქეობის საკითხთა განყოფილება

იმიგრაციის საკითხთა განყოფილება

4. მოქალაქეთა გაერთიანებებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაციის სამმართველო

მოქალაქეთა გაერთიანებების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეგისტრაციის განყოფილება

რეგისტრირებული ორგანიზაციების საწესდებო საქმიანობის ანალიზის განყოფილება

5. სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო

საორგანიზაციო-ანალიტიკური განყოფილება

სტატისტიკის განყოფილება

სააღსრულებო წარმოების განყოფილება

სამხედრო სასამართლოების განყოფილება

6. ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების სამმართველო

ნოტარიატის განყოფილება

მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების განყოფილება

7. საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობებისა და სამართლებრივი ინფორმაციის სამმართველო

საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილება

სამართლებრივი ინფორმაციისა და სამართლებრივი სწავლების განყოფილება

8. კადრების სამმართველო

კადრებთან მუშაობის განყოფილება

სპეცმუშაობის განყოფილება

9. საგეგმო-საფინანსო და სამეურნეო სამმართველო

საგეგმო-საფინანსო განყოფილება

სამეურნეო და კაპიტალური მშენებლობის განყოფილება

10. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება

11. საერთო განყოფილება

 

სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები

სამეურნეო ორგანიზაციების სამმართველო

იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი

სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრი

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სასამართლოები

რეგიონული სამხედრო სასამართლოები

რესპუბლიკის სახელმწიფო სანოტარო კანტორები

რესპუბლიკის მოქალქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები

მოქალქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების არქივები.

 

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის შემადგენლობა

თევდორე ნინიძე                            - მინისტრის (კოლეგიის თავმჯდომარე)

ტარიელ კულულაშვილი               - მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ტალიაშვილი           - მინისტრის მოადგილე

გოდერძი ხუჯაძე                            - მინისტრის მოადგილე

მაია ვაჩაძე                      - საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობებისა და სამართლებრივი ინფორმაციის სამმართველოს უფროსი

დავით თარხნიშვილი     - სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

ციცინო კვატაშიძე          - მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფროსი

ლეილა ნიკურაძე     - საკანონმდებლო განზრახულობათა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველოს უფროსი

ვაჟა რამიშვილი         - კადრების სამმართველოს უფროსი

მერაბ ღურწკაია       - ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების სამმართველოს უფროსი

თემურ შარიქაძე    - მოქალაქეთა გაერთიანებებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი.