არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.024513
120
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
120340000.10.003.024513
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  21 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესი“.
მუხლი 2
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №391 დადგენილება.

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის არსებული წესებითა და პირობებით, თუ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის

ორგანიზების წესი


მუხლი 1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის მიზანი

1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობის წესსა და უფლებამოსილებას, იმ სუბიექტებსა და სამუშაო ადგილების ნუსხას, სადაც პირმა უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების საკითხები განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათ შორის, ამ წესის შესაბამისად.

3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას დაქვემდებარებულ პირთა წრე, ასევე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მოთხოვნით მიმართვის, პირთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების, გაფორმებისა და გასაჩივრების და ადმინისტრირების პროცედურები, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით, განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო;

ბ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ან დელეგირების ფარგლებში მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი;

გ) სააგენტო − სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ სამსახურს;

დ) სახელმწიფო კომისია − არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია;

ე) სახელმწიფო კომისიის დასკვნა − სახელმწიფო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა, რომლის საფუძველზედაც მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას;

ვ) გამწვევი კომისია − თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი გამწვევი კომისია;

ზ) პირი − საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას;

თ) სუბიექტი − ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილის შემქმნელი დაწესებულება, რომელთანაც პირს შეუძლია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა;

ი) ოჯახის წევრი − პირის შვილი, ნაშვილები, მეუღლე, დედა, მამა, მშვილებელი, და, ძმა;

კ) უპატრონოდ დარჩენილი პირი − პირი, რომელსაც ესაჭიროება მომვლელი და დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა;

ლ) ტაბელი − სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებული პირის სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველდღიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მონაცემებს პირის მიერ ნამუშევარი პერიოდის შესახებ;

მ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმა − აღნიშნულ ფორმაში აღირიცხება მონაცემები არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის  შესახებ ამ სამსახურში გაწვევის, სამსახურის დაწყების, სამსახურის გავლის მსვლელობისა და სამსახურის დასრულების შესახებ. აღრიცხვის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ნ) ახლო ნათესავი − გერი, პაპა, ბებია, მეუღლის დედა, მეუღლის მამა, მეუღლის პაპა, მეუღლის ბებია, მეუღლის და, მეუღლის ძმა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.  

მუხლი 3.  არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ძირითადი საკითხები

1. პირი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების (შემდგომში − შრომითი ხელშეკრულება), ასევე ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პირი, რომელმაც უნდა გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და აქვს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი ასეთი სამსახურის გავლისათვის, ვალდებულია, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღეში განცხადებით მიმართოს გამწვევ კომისიას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ.

3. გამწვევი კომისია 20 დღის ვადაში განიხილავს პირის განცხადებას და დასკვნისათვის უგზავნის სახელმწიფო კომისიას სააღრიცხვო ბარათთან ერთად.

4. სააგენტო, განცხადების მიღების შემდგომ, პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას და პირველადი გასაუბრებისთვის იწვევს სააგენტოს შესაბამისი რეგიონის სერვისცენტრში. პირი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოს რეგიონის სერვისცენტრში შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

5. პირის განცხადებისა და მისი სააღრიცხვო ბარათის მიღებიდან „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში სახელმწიფო კომისიას გამოაქვს დასკვნა. 

6. სახელმწიფო კომისიის მიერ დასკვნის გამოტანის შემდეგ, პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სათანადო ბრძანებას გამოსცემს მინისტრი, სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში პირის განცხადება, სააღრიცხვო ბარათთან ერთად, უბრუნდება გამწვევ კომისიას შემდგომი რეაგირებისთვის. 

7. მინისტრის მიერ პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე ბრძანების გამოცემის შემთხვევაში პირი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

8. სააგენტო, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 30 დღის ვადაში ოფიციალურად აცნობებს პირს გადაწყვეტილებას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის შესახებ, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ინფორმაციული წერილი პირის გაწვევის სტატუსის შესახებ ეგზავნებათ გამწვევ კომისიასა და სუბიექტს (სუბიექტს − მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში).

9. პირს უფლება აქვს, მის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება (ბრძანება), აგრეთვე მის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

10. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობისას, სააგენტო პირს აცნობებს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად სააგენტოს შესაბამის რეგიონის სერვისცენტრში გამოცხადების თარიღსა და იმ სუბიექტის რეკვიზიტებს ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემებსა და ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართს, რომელთანაც პირი ვალდებულია გამოცხადდეს არაუგვიანეს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თარიღისა.

11. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის ათვლა დაიწყება მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღიდან, პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დაწყების შესახებ. გაწვეულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი შესაბამისობაში უნდა იყოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ თარიღთან.

12. იმ შემთხვევაში, თუ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირი არ გამოცხადდება სუბიექტთან 10 დღის განმავლობაში, საპატიო მიზეზის გარეშე, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობას. ასეთ შემთხვევაში სააგენტო მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შემდგომი რეაგირებისთვის.

მუხლი 4. სუბიექტის მოვალეობები

1. სუბიექტს, რომელმაც პირის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახეობისა და სამუშაო ადგილის შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა სახელმწიფო კომისიას, არ აქვს უფლება, უარი უთხრას მიღებაზე პირს, რომელიც გამოცხადდა სახელმწიფო კომისიის მიერ გაცემული გაწვევის შესახებ დოკუმენტით.

2. სუბიექტი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სააგენტოსთან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების მიზნით ხელმოწერილი ხელშეკრულებით (შემდგომში − დასაქმების ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებები და პირობები;

ბ) წერილობით აცნობოს სააგენტოს პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად გამოცხადების შესახებ;

გ) სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ტაბელის ფორმის შესაბამისად, აწარმოოს პირის სამუშაო საათების აღრიცხვა ელექტრონული ან მატერიალური სახით და უზრუნველყოს ამ მონაცემების  ელექტრონულად ან, გამონაკლის შემთხვევებში, მატერიალური სახით მიწოდება სააგენტოსათვის არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, რის საფუძველზეც, სააგენტო ტაბელში მითითებული ნამუშევარი დღეების პროპორციულად უზრუნველყოფს პირისათვის ხელფასის სახით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვას არაუგვიანეს იმავე თვის 15 რიცხვისა. ტაბელში არსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია სუბიექტი;

დ) აწარმოოს სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმა და სამსახურის დასრულების შემდგომ ცნობა-დახასიათებასთან ერთად გაუგზავნოს სააგენტოს;

ე) სააგენტოს, მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მიაწოდოს სრული ინფორმაცია პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მიმდინარეობის შესახებ;

ვ) სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმების გარეშე არ შეცვალოს პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი;

ზ) უზრუნველყოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის მიერ კანონმდებლობითა და დასაქმების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის დაცვა; 

თ) სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ასახოს ნებისმიერი დისციპლინური ხასიათის ღონისძიება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმაში;

ი) ხელი შეუწყოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურის კეთილსინდისიერად გავლას;  

კ) უზრუნველყოს დასაქმების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს, თუ პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დარღვევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

მ) აწარმოოს პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მონიტორინგი და, დარღვევის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ურთიერთშეთანხმებული წესითა და ფორმატით;

ნ) იმ შემთხვევაში, თუ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შეუძლებელი გახდა სუბიექტის ბრალეულობით, სუბიექტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს, შესაბამისი მიზეზის განმარტებით.

3. სუბიექტი უფლებამოსილია, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი უზრუნველყოს შესაბამისი ტანსაცმლითა და კვებით.

მუხლი 5. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის უფლებები და მოვალეობები

1. პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები წესრიგდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით. 

2. ხანგრძლივი შრომისუუნარობის შემთხვევაში, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა 60 კალენდარულ დღეს აღემატება, სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიას პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის შესაბამისობის დასკვნის გამოტანის მიზნით. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირები, რომლებიც ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამედიცინო საექსპერტო კომისიამ ცნო სამსახურისათვის შეუსაბამოდ, სამსახურიდან დათხოვნილნი იქნებიან შესაბამისი საფუძვლით არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც ცნობილნი იქნებიან როგორც სამსახურისთვის შეზღუდულად შესაბამისი, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათხოვნილნი იქნებიან რეზერვში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვა არ არის საჭირო, თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით.

4. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებები, გარდა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი ცალკეული შეზღუდვებისა.

5. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრო­მით სამსახურს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი), ამ წესისა და შრომითი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა შეადგენს თვეში დარიცხულ 200 ლარს, რომლის გაანგარიშება წარმოებს ნამუშევარი დღეების პროპორციულად, სუბიექტის მიერ წარმოებული და სააგენტოსთვის მიწოდებული ტაბელის შესაბამისად.

7. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის სამუშაო ადგილზე დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირი ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს არაუგვიანეს 10  დღისა, იმ დღიდან, როდესაც დასაქმების ხელშეკრულების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე ინფორმაცია ამ პირისთვის გახდა ცნობილი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა შეჩერდება დასაქმების ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. აღნიშნული ვადა განახლდება ამ პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის, კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა სუბიექტთან გაგრძელების მომენტიდან.

9. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურის გავლის პერიოდში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნულის გარდა, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის პირობით პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურის გავლის პერიოდში შეიძლება დამატებით მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყო­ფობის გამო;

ბ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზა­რალდა მისი ოჯახი.

10. იმ შემთხვევაში, თუ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი ვერ ახერხებს სამსახურის გავლის ადგილას გამოცხადებას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სუბიექტს, ხოლო 30 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

მუხლი 6. რეზერვში ჩარიცხვა და მართვა

1. პირი, რომელმაც დაამთავრა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური (დაასრულა მისი გავლის ვადა), ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, 60 წლის ასაკამდე.

2. პირი, რომელიც ჩაირიცხა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, შეიძლება, გაწვეულ იქნეს არასაბრძოლო მიზნებისთვის − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, აგრეთვე მობილიზაციის დროს.

3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხვასა და მართვას უზრუნველყოფს სააგენტო. 

4. სააგენტო, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული შეთანხმებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს ატყობინებს და იბარებს მობილიზაციის ადგილმდებარეობის შესაბამისად. 

5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვიდან თავისუფლდება პირი:

ა) რომელიც, მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ცნობილ იქნა შეუსაბამოდ რეზერვში სამსახურის გასავლელად;

ბ) 60 წლის ასაკს მიღწეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში;

გ) მოქალაქეობის შეწყვეტის ან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დაკარგვის გამო;

დ) გარდაცვალების გამო;

ე) რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ვ) რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

6. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნით, აგრეთვე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. აღნიშნული მიზნებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებისგან შეთანხმებული ფორმატით მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის თავისებურებანი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს

საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს:

ა) მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან გათავისუფლება; 

ბ) წყდება ყველა სახის შვებულება (გარდა შვებულებისა ავადმ­ყო­ფობის, ოჯახის წევრების/ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო). შვებულებაში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსა­ხუ­რ­ის გავლის ადგილებს;

გ) მობილიზაციის გამოცხადებისას, შეტყობინებით დაბარებული არასამხედრო, ალტერნა­ტი­ული შრომითი სამსახურის რეზერვში რიცხული პირები ვალდე­ბულნი არიან, დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შეტყობინებაში მითითებულ მობილიზაციის ადგილებში;

დ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირები,  რომლებიც შვებულებიდან საპატიო მიზეზის გარეშე დროულად არ დაუბრუნდებიან სამსახურის გავლის ადგილებს, აგრეთვე რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის გამწვევ კომისიაში გამოცხადებას, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საჭიროების შემ­თხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფ პირებს შეიძლება, მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარული დღის ვადით. პირის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ წესით გათვალისწინებული სხვა შვებულების ვადას. 

მუხლი 8.  სახელმწიფო კომისია

სახელმწიფო კომისია იქმნება პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

მუხლი 9. სახელმწიფო კომისიის საქმიანობის საფუძვლები

სახელმწიფო კომისია საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 10. სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება

სახელმწიფო კომისია:

ა) პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გამოიტანს დასკვნას;

ბ) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად პირთა სამუშაო ადგილებზე განაწილებას;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უპატრონოდ დარჩენილი და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობისათვის განსაზღვრულ სამუშაოზე პირთა ჩართვასთან დაკავშირებით ამზადებს დასკვნას;

დ) იხილავს პირის განცხადებასა და საჩივარს;

ე) იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ცვლილების საკითხზე;

ვ) იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, იღებს ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი მინისტრის ბრძანებით;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 11. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა

1. სახელმწიფო კომისიაში, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნენ: სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე სააგენტოს წარმომადგენლები.

2. სახელმწიფო კომისიის სახელობით შემადგენლობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებების მიერ მიწოდებული კანდიდატების საფუძველზე, ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე არის მინისტრის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაეკისრება კომისიის ერთ-ერთი წევრს. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომაზე საკითხს კენჭისყრაზე აყენებს კომისიის ერთ-ერთი წევრი – სამინისტროს/სააგენტოს წარმომადგენელი.

მუხლი 12. სახელმწიფო კომისიის მოწვევა და საქმიანობა

1. სახელმწიფო კომისიის სხდომები მოიწვევა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევის პერიოდში, საჭიროებისამებრ, აგრეთვე სახელმწიფო კომისიის წევრის წინადადებით.

2. სახელმწიფო კომისიის წევრებისათვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სავალდებულოა. სახელმწიფო კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევაში, სახელმწიფო კომისიის წევრი სხდომას ესწრება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით.

3. სააგენტო ასრულებს სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციას, რომელიც ორგანიზებას უწევს სახელმწიფო კომისიის მოწვევას, ნიშნავს სახელმწიფო კომისიის სხდომებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხდომების დისტანციური ფორმატით ჩატარებას, უზრუნველყოფს სახელმწიფო კომისიის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას.

4. სახელმწიფო კომისიის წევრებს, სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მიწვევასთან ერთად, ეგზავნებათ დღის წესრიგი და სრული ინფორმაცია დღის წესრიგის საკითხების შესახებ.

5. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი და მოამზადოს დასკვნა, თუ სხდომას ესწრება სახელმწიფო კომისიის წევრთა ორი მესამედი მაინც.

6. სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის ფორმით. სახელმწიფო კომისიის წევრებს არ აქვთ ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას სახელმწიფო კომისიის სამდივნო (სააგენტო) წარუდგენს მინისტრს დასკვნის მომზადებიდან 10 დღის ვადაში. 

7. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიიწვიოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი/გაწვეული პირი და მოისმინოს მისი პოზიცია, დაუსვას კითხვები, მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიიწვიოს სხვა ნებისმიერი პირი.

8. სახელმწიფო კომისია საკითხის განხილვის შედეგად ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ. დასკვნის საფუძველზე, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას.

მუხლის 13. სააგენტო

1. სახელმწიფო კომისიის მუშაობის, მიღებულ გადაწყვეტილებათა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანად განხორციელებასა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა მოწესრიგებას უზრუნველყოფს სააგენტო. 

2. სააგენტო:

ა) განიხილავს და ამზადებს სახელმწიფო კომისიაზე გასატანად ელექტრონული ან მატერიალური სახით შესულ განცხადებებს, საჩივრებსა და სხვა დოკუმენტაციას სახელმწიფო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად სამინისტროს წარუდგენს  არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;

გ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ახორციელებს ადგილზე მონიტორინგს, რომლის პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირი ბრძანებით;

დ) ამტკიცებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ტაბელის ფორმას, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმას, შრომითი ხელშეკრულებისა და დასაქმების ხელშეკრულების ფორმას;

ე) დებს პირთან შრომით ხელშეკრულებას;

ვ) განსაზღვრავს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს, რაც არ რეგულირდება ამ წესით და რომელიც მტკიცდება სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით;

ზ) სუბიექტის მიერ მიწოდებული ტაბელის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა, ტაბელში მითითებული ნამუშევარი დღეების  პროპორციულად უზრუნველყოფს პირზე ხელფასის ჩარიცხვას;

თ) სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მესამე პირებთან წარმომადგენლობასა და გადაწყვეტილებების აღსრულებას;

ი) სამუშაო ადგილების რაოდენობის, სპეციფიკისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სუბიექტთან დებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების ხელშეკრულებას.

მუხლი 14. მონიტორინგი

სააგენტოს მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირისა და სუბიექტის მოვალეობათა შესრულების ხარისხზე მონიტორინგის პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს ხელმძღვანელი პირის ბრძანებ(ებ)ით.

მუხლი 15. წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიების მიზანი და პრინციპები

1. წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიების მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამსახურის გავლის ადგილას სამუშაო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის მოტივაციის ამაღლება.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით. პირს, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში, ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა, დაეკისროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობა. საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი დღეები პირს არ ჩაეთვლება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში.

3. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

4. დისციპლინური წარმოება ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, ანტიდისკრიმინაციული მიდგომის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობისა და ეთიკის პრინციპებს.

5. პირს არ შეიძლება, განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთისა და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.

6. პირი, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენად.

მუხლი 16. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება დროში და უკუძალა

1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი წახალისდება ან მას დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მისი ქმედება ჩადენის დროს წარმოადგენს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს.

2.  ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი, ხოლო შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს. 

3. ნორმას, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აქვს უკუძალა. ნორმას, რომელიც აწესებს ან ამკაცრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.

4. ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების სახეს, უკუძალა არ აქვს.

მუხლი 17. წახალისების საფუძვლები და გამოყენების წესი

1. წახალისების სახეები განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. წახალისების საფუძვლებია:

ა) დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულება;

ბ) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება;

გ) სააგენტოს  შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

3. ფასიანი საჩუქრის ღირებულება და გადაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე.

მუხლი 18. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და გამოყენების წესი

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია:

ა) პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე;

ბ) სააგენტოს  შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა გარემოებები, რომელიც წინააღმდებობაში არ მოდის ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან.

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი სახე.

მუხლი 19. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა და მოხსნა

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

2. დასაშვებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა, თუ პირი მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნას უზრუნველყოფს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 20. დისციპლინური საქმეების განხილვა და წარმოება

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას სააგენტო საქმეს განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დადგენილებითა და სააგენტოს შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.

2. პირი, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარებისა და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიცემის ვალდებულებებს.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული დისციპლინური წარმოება იწყება საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლით, რის საფუძველზეც, დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში შედგება დისციპლინური ოქმი.

4. სააგენტოს მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის მოვალეობათა შესრულების ხარისხზე მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო გაატარებს შრომითი ხელშეკრულებითა და სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სუბიექტს.

მუხლი 21. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სუბიექტები

1. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შეუძლია მხოლოდ შემდეგ სუბიექტებთან:

ა) სამინისტროს სისტემაში;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში;

ე) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში;

ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში;

ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში;

ი) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების სისტემაში;

კ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა სისტემაში.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის „სისტემად“ განიხილება:

ა) შესაბამისი სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, რომელიც:

გ.ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან არის შექმნილი;

გ.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით;

გ.გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესით;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც:

დ.ა) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

დ.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

დ.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ კონტროლს ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს.

მუხლი 22. სამუშაო ადგილები

„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ სფეროებში სამუშაო ადგილების ნუსხა განისაზღვრება ამ წესის №1 დანართით.

 

დანართი №1

„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ სფეროებში სამუშაო ადგილების ნუსხა

 

სამუშაო ადგილების ნუსხა

1

პროგრამირების, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და ნავიგაციის მიმართულებით ტექნიკური დამხმარე პერსონალი

2

სამედიცინო სფეროს დამხმარე პერსონალი

3

სოციალური სამსახურის დამხმარე სპეციალისტები

4

სატელეფონო კომუტატორის ოპერატორები

5

კურიერები და ფოსტის დამხარისხებლები

6

ავადმყოფის ინდივიდუალური მომვლელები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი (არაკვალიფიციური პერსონალი, რომელიც მუშაობს კვლიფიციური პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და ასრულებს მის მითითებს)

7

სამშენებლო და სარემენტო სამუშოების ტექნიკური პერსონალი

8

შენობის კარკასის მშენებლები და მონათესავე სფეროების მუშები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

9

არაკვალიფიციური მუშები მემცენარეობაში

10

არაკვალიფიციური მუშები მეცხოველეობაში

11

არაკვალიფიციური მუშები მემცენარეობისა და მეცხოველეობის შერეული პროდუქციის წარმოებაში

12

არაკვალიფიციური მუშები მებაღეობაში

13

არაკვალიფიციური მუშები მეთევზეობაში, თევზჭერასა და ზღვის პროდუქტების წარმოებაში

14

არაკვალიფიციური პერსონალი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი (სფეროების შესაბამისად).