საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 86/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 430020000.22.022.018504
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
86/ნ
01/04/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
430020000.22.022.018504
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2024 - 01/07/2024)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №86/ნ 

2024 წლის 1 აპრილი

ქ.თბილისი

 

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ​​5“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი




         დანართი

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური

 თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება        

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოსაცდელი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) ნაშრომი – ტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხები;

დ) საგამოცდო ბარათი – ამონაბეჭდი ტესტირებაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის – online.naec.ge (შემდგომ – რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება ტესტირებაზე;

ე) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

ვ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც გამოსაცდელები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

ზ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

თ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ი) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი);

კ) ტესტი – საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე და რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ „მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალს, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად“;

ლ) ტესტირება – საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების მიზნით ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

მ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ნ) ტესტირების წერითი ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით, პასუხების ფურცლის გამოყენებით;

ო) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ტესტის მიხედვით, ცენტრის მიერ გამოსაცდელისთვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

პ) შეფასების სქემა – ცენტრის მიერ შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება გამოსაცდელების ნაშრომების გასწორება.

მუხლი 3. ტესტირების ენა

1. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. უსინათლო გამოსაცდელებისთვის საბაზო პროფესიული უნარების ტესტისთვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

თავი II

ტესტირება

მუხლი 4. ტესტირება

1. ტესტირება ტარდება საბაზო პროფესიულ უნარებში.

2. ტესტირება ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.

მუხლი 5ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მუხლი 6ტესტირების საფასური

1. ტესტირების საფასური მოიცავს:

ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;

ბ) გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი გამოსაცდელი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის გამოსაცდელს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვადაში უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.

მუხლი 7. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

2. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − რესურსცენტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომ – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.

4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას.

თავი III

ტესტირების ორგანიზება

მუხლი 8. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მომზადება

1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.

2. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულა დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.

3. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

4. ტესტირების ჩატარების შემდეგ ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოსაცდელთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ.

მუხლი 9. ცენტრში რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა – www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.

4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს გამოსაცდელს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

5. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) პირად ნომერს;

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

გ) იმ ტესტს, რომლის ჩაბარებაც სურს;

დ) სასურველ საგამოცდო ქალაქს;

ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას გამოსაცდელი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

7. გამოსაცდელს რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

8. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ ფორმა № IV – 100/ა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

10. ცენტრი უფლებამოსილია გამოსაცდელისთვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ტელეფონის ნომერი).

მუხლი 10. მონაცემთა ელექტრონული ბაზა და გამოსაცდელთა საგამოცდო ბარათები

1. ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.

2. ცენტრი უფლებამოსილია ტესტირებაზე რეგისტრაციისა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნის  მიზნით, ასევე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე,  კვლევის წარმოებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ტესტირებაზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი,  ფოტოსურათი და მუნიციპალიტეტი, სადაც რეგისტრირებულია პირი).

3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს საგამოცდო ბარათებს, რომლებიც შეიცავს:

ა) გამოსაცდელის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;

ბ) ტესტირებაზე ჩასაბარებელ ტესტს;

გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;

დ) ტესტირების ჩატარების თარიღს და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროს;

ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

თავი IV

ტესტირების პროცედურა

მუხლი 11. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი

1. ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. ტესტირება ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად.

3. ფორსმაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღი ან/და ადგილი. 

მუხლი 12. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება

1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. საგამოცდო ცენტრში დაშვებულ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით გამოსაცდელის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.

მუხლი 13. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოსაცდელი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხოურ ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს გამოსაცდელის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, გამოსაცდელი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს გამოსაცდელის შესახებ ინფორმაცია, ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პირს, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოსაცდელს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

მუხლი 14. სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა

1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის მიერ იქმნება კომისია, რომელიც ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს.

2. ცენტრი, რეკომენდაციების/დასკვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ გამოსაცდელების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.

3. გამოსაცდელი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს  ერთი დღისა.

მუხლი 15. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. ტესტირების დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ცენტრი ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს თითოეული ტესტისთვის.

4. ტესტზე მუშაობის პროცესში გამოსაცდელს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.

5. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით;

ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად.

6. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა ფლობა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;

ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა გამოსაცდელისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ზ) ტესტირების წერითი ნაწილის დროს მერხზე პასუხების ფურცლის, კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, ხოლო ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა;

თ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

ი) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

7. ცენტრი ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

მუხლი 16. ტესტირების მიმდინარეობის წესის დარღვევა

1. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად გამოსაცდელს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

3. ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტის „გ“ და „ე“– ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

4. ტესტირებიდან გამოსაცდელის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

5. გაფრთხილების გარეშე გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

6. გამოსაცდელი ტესტირებიდან შესაძლოა მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ გამოსაცდელი შესაძლოა ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

7. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელის ნაშრომი არ გასწორდება.

მუხლი 17. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

ცენტრი, ტესტირებების სრულად დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს გამოყენებული ტესტური დავალებებისა და შეფასების სქემების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 18. ნაშრომების განადგურება

ტესტების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ, ცენტრი უზრუნველყოფს ნაშრომების განადგურებას.

თავი V

ტესტირების შედეგები

მუხლი 19ნაშრომების გასწორება და ტესტირების შედეგები

1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.

3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

4. არ გასწორდება:

ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

5. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VI

 ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

მუხლი 20. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

გამოსაცდელს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით.

მუხლი 21. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის (www.naec.ge) ან/და რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.

მუხლი 22. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენა

1. გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

2. გამოსაცდელი ვერ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს არაუგვიანეს იმავე საგამოცდო დღის 21:00 საათისა, საგამოცდო ცენტრში, რომელშიც ჩააბარა ტესტირება, შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს. ცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიისათვის საპრეტენზიო განაცხადის დაუყოვნებლივ მიწოდებას.

2. გამოსაცდელი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

3. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს გამოსაცდელის ვინაობა.

4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის გამსწორებელი.

მუხლი 25. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა

ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი გამოსაცდელის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ;

ბ) სხვა გამოსაცდელის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ (გამოსაცდელისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

მუხლი 26. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

2. ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გამოსაცდელის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) გამოსაცდელის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გამოსაცდელისთვის გაცნობას.

მუხლი 27. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) გამოსაცდელისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) გამოსაცდელისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) გამოსაცდელისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი VII

ტესტირების საბოლოო შედეგები

მუხლი 28. ტესტირების საბოლოო შედეგები  

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.

2. საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას.

მუხლი 29. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები

1. ცენტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემები გამოსაცდელთა რეგისტრაციის, გამოცდაზე გამოცხადებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინახება 70 წლის ვადით და შემდეგ ნადგურდება.

2. გამოსაცდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით და შემდეგ ნადგურდება.

3. ცენტრში გამოსაცდელებთან დაკავშირებით არსებული სხვა პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები, განისაზღვრება ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

4. ცენტრში ნებისმიერი ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით.