დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 01/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.030.010.22.027.007.046 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2005 - 23/05/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.030.010.22.027.007.046
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №177
2005 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. პაპუაშვილი
დებულება
„ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ეს დებულება მიღებულია ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ნოტარიუსისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირის (შემდგომ ტექსტში –,,შემცვლელი პირი”) საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების წესს.
2. ზედამხედველი ორგანოს ამ დებულებით განსაზღვრული საზედამხედველო უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს ყველა ნოტარიუსზე და შემცვლელ პირზე.
მუხლი 2.
1. ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზანია ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობის ნოტარიატის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე ნოტარიატის ორგანოების აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
2. ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება არ უნდა იწვევდეს ნოტარიუსის პროფესიული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებების დარღვევას.
მუხლი 3.
1. ამ დებულებით გათვალისწინებულ საზედამხედველო ორგანოთა უფლებამოსილება არ ვრცელდება სანოტარო აქტის შინაარსზე.
2. სანოტარო მოქმედება (სანოტარო აქტი), რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აგრეთვე ნოტარიუსის უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოები
მუხლი 4.
1. ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) პროფესიულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მოახდინოს ზედამხედველობის უფლებამოსილების ნოტარიუსთა პალატაზე დელეგირება, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) სამსახურებრივი საქმიანობის საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ დებულებით.
3. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიერ დამოწმებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები სამართალდარღვევათა აღმოსაფხვრელად.
მუხლი 5.
ზედამხედველობა გულისხმობს ზედამხედველი ორგანოების მხრიდან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი ღონისძიებების გატარებას, ნოტარიუსის საქმიანობისა და ქცევის შესახებ ფიზიკური და იურიდიული პირების, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების განცხადებებისა და წარდგინებების განხილვას, აგრეთვე ნოტარიუსის საქმიანობის ორგანიზაციის მიმდინარე და რიგგარეშე კონტროლს.
მუხლი 6.
ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) ვალდებულია ხელი შეუწყოს ზედამხედველ ორგანოს და მისგან უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიების განხორციელებაში, გადასცეს მას მის ხელთ არსებული აქტები, რეესტრები და ზედამხედველობის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა დოკუმენტაცია, აგრეთვე, მიაწოდოს სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოთხოვილი ინფორმაცია, გარდა ანდერძის შესახებ ცნობებისა, რომლის გახსნის დროც არ დამდგარა.
თავი III
ნოტარიუსის სამიანობის კონტროლი
მუხლი 7.
1. ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება მიმდინარე და რიგგარეშე ინსპექციის (შემოწმების) სახით.
2. შემოწმების დაწყება ფორმდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისას – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 8.
1. ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიმდინარე (რიგგარეშე) შემოწმების მიზნით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში აგრეთვე შეიძლება შეყვანილ იქნენ მოწვეული სპეციალისტები.
2. მიმდინარე კონტროლი სავალდებულო წესით ხორციელდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დროს. ნოტარიუსს, რომლის საქმიანობაც მოწმდება, შემოწმებისა და შემოწმების თარიღის შესახებ უნდა ეცნობოს შემოწმებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.
მუხლი 9.
1. იმ ნოტარიუსის საქმიანობის შემოწმება, რომელიც პირველად დაინიშნა თანამდებობაზე, სავალდებულო წესით ხორციელდება საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმებას ახორციელებს ნოტარიუსთა პალატა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ზრუნავს ნოტარიუსის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 10.
1. მიმდინარე კონტროლის დროს უნდა შემოწმდეს:
ა) სანოტარო ბიუროს მოწყობის კანონმდებლობასთან და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ბ) სანოტარო ბიუროში დასაქმებულ პირებთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების არსებობა;
გ) სანოტარო მოქმედებათა რეესტრების წარმოების ფორმალური წესების დაცვა;
დ) სანოტარო არქივის სისტემატიზაციისა და შენახვის წესების დაცვა;
ე) სანოტარო მოქმედების მონაწილეთა იდენტიფიკაციის ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;
ვ) სანოტარო აქტების შედგენის (გარდა გამოუქვეყნებელი ანდერძებისა) კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური წესების დაცვა;
ზ) სამემკვიდრეო საქმეთა წარმოების კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
თ) ნოტარიუსის მიერ საზღაურის გადახდევინების სისწორე, სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის ტარიფების საჯაროობის უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს კანონების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებების, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების რეზოლუციების შესრულების მდგომარეობა;
ვ) სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. მიმდინარე კონტროლისას მოწმდება ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
3. ამ დებულებით გათვალისწინებული საკონტროლო ღონისძიება არ ეხება ნოტარიუსის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემოწმებას.
4. ნოტარიუსს, რომლის საქმიანობაც მოწმდება, უფლება აქვს მოითხოვოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ან თავმჯდომარისაგან უფლებამოსილი ნოტარიუსის დასწრება.
მუხლი 11.
1. მიმდინარე კონტროლის დასრულებისთანავე უნდა შედგეს შემოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ შემოწმებას, აგრეთვე ნოტარიუსი, რომელიც უფლებამოსილია ოქმს დაურთოს თავისი წერილობითი შენიშვნები, მაგრამ არა აქვს უფლება უარი თქვას ხელმოწერაზე.
2. შემოწმების აქტის ასლი უნდა გადაეცეს ნოტარიუსს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
3. თუ შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გაგზავნილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან რომ დარღვეული იყო ამ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნები ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
მუხლი 12.
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, უფლება აქვს ნებისმიერ დროს დანიშნოს ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობის რიგგარეშე შემოწმება. ამ შემთხვევაში შემოწმების თარიღის შესახებ ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) წინასწარ არ ეცნობება.
2. ნოტარიუსის რიგგარეშე შემოწმების საფუძველია:
ა) ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი სისტემატიური ხასიათის ნაკლოვანებანი;
ბ) გამომძიებლის, პროკურორის, საგადასახადო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნა (წარდგინება), რომელიც ითხოვს ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმებას.
გ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მომართვა (ცნობა), რომელიც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ნოტარიუსი ან ნოტარიუსის შემცვლელი პირი არ ასრულებს, ან არაჯეროვნად ასრულებს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
3. რიგგარეშე შემოწმების შემთხვევისათვის ვრცელდება ამ დებულების მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნები.
მუხლი 13.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს განახორციელოს ნოტარიუსის საქმიანობის კონტროლი ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადების (საჩივრის), სხვა ოფიციალური გზით მიღებული (მოპოვებული) ცნობისა ან ინფორმაციის საფუძვლიანობის გადამოწმების მიზნით. ასეთ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს უშუალოდ ის სანოტარო საქმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც მითითებულია შესაბამის საჩივარში (ცნობაში, განცხადებაში). კონტროლი არ ეხება სანოტარო აქტებს, დოკუმენტაციასა და რეესტრის წიგნებს, რომლებსაც კავშირი არ აქვს განსახილველ საქმესთან.
მუხლი 14.
1. შემოწმების აქტი წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს. შემოწმების აქტი, რომელიც შეიცავს ნოტარიუსის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ვარაუდის საფუძველს, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიმართ დისციპლინური წარმოების აღძვრის საფუძველია.
2. შემოწმების აქტის გაცნობის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრი:
ა) დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე და ქმნის სადისციპლინო კომისიას დისციპლინური საქმის განხილვის მიზნით;
გ) იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე და საქმეს განსახილველად გადასცემს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სადისციპლინო კომისიას.
თავი IV
ნოტარიუსის პასუხისმგებლობის საფუძვლები. პროფესიული საიდუმლოს დაცვა
მუხლი 15.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნოტარიუსს შეუფარდონ დისციპლინური სასჯელი ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე” დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 16.
ამ დებულებით გათვალისწინებული ორგანოები (თანამდებობის პირები), რომელთაც გადაეცათ ცნობები სანოტარო მოქმედების შესახებ, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სანოტარო მოქმედების საიდუმლოს დაცვა. აღნიშნულ ორგანოებში დასაქმებული პირებს ეკრძალებათ სანოტარო ბიუროში მოპოვებული (გაცნობილი) ნოტარიუსის პროფესიული საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურება, გადაცემა მესამე პირებისათვის, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო გამოსვლებში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები