დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016698 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (22/06/2023 - 06/12/2024)
|
მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება თანდართულ დანართთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
|
მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. მიკრობანკებისათვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია მიკრობანკების მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის.
2. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას წარმოქმნილი დარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად მიკრობანკებმა ტრანზაქციები უნდა აწარმოონ გაშლილი მკლავის პრინციპით, მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს, ჩამოწერონ მათ მიმართ რისკის პოზიციები სტანდარტული პოლიტიკებითა და პროცედურებით და მიიღონ სათანადო ზომები რისკების კონტროლისა და მიტიგაციისათვის. 3. წინამდებარე დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს - „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, მიკრობანკმა, უნდა იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით და აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) დაკავშირებული მხარე (პირი) – მიკრობანკთან ან/და მის კონტროლს ან/და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები: ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოებული პირი, თუ: ა.ა.ა) მას აქვს ან გასული 12 თვის განმავლობაში ჰქონდა კონტროლი ან/და ერთობლივი კონტროლი მიკრობანკზე; ან ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მიკრობანკზე; ან ა.ა.გ) ის არის ან გასული 12 თვის განმავლობაში იყო მიკრობანკის ან მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის წევრი; ა.ა.დ) ის ფლობს ან გასული 12 თვის განმავლობაში ფლობდა მიკრობანკის მნიშვნელოვან წილს; ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე: ა.ბ.ა) საწარმო და მიკრობანკი არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან); ა.ბ.ბ) საწარმოსა და მიკრობანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო ან თუ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა გასული 12 თვის განმავლობაში; ა.ბ.გ) მიკრობანკი და საწარმო არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები; ა.ბ.დ) საწარმოსა და მიკრობანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო ან თუ აღნიშნული ვითარება ვრცელდებოდა გასული 12 თვის განმავლობაში; ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს მიკრობანკის ან მიკრობანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას; ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს; ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი; ა.ბ.თ) საწარმო ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც, უწევს ან გასული 12 თვის განმავლობაში უწევდა მიკრობანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას; ა.გ) ამ დებულების მიზნებისთვის, დაკავშირებული მხარეები არ მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გარდა ამ მუხლის „ა.ა.ა“ და „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა; ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია – რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა მიკრობანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის: ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა; ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა; ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება; ბ.დ) იჯარა; ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება; ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები; ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები, დეპოზიტები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით); ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება; ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით; ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული); ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით; ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა, უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება; ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა; გ) უმაღლესი მენეჯმენტი – ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დ) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას მიკრობანკმა ასევე უნდა იხელმძღვანელოს „მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებული მიკრობანკებში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქციით; ე) უფლებამოსილება – გარემოება, როცა ინვესტორს არსებული უფლებები შესაძლებლობას აძლევს, მართოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავლებზე; ვ) ერთობლივი კონტროლი – შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ერთობლივი კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობებზე გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას; ზ) ერთობლივი საწარმო – საწარმო, სადაც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილებსაც; თ) ასოცირებული საწარმო – საწარმო, რომელზეც ინვესტორს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ასოცირებული საწარმოები მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილებსაც; ი) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვანი წილის განსაზღვრისას გამოიყენება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლი; კ) მშობელი საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – საწარმო, რომელიც აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს (შვილობილს); ლ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია); მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირები – პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის: მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, I რიგის ან II რიგის კანონით მემკვიდრეები არიან; მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას; მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც, ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/ აქტივობების წარმოებისას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის: მ.გ.ა) ერთსა და იმავე საწარმოში წილის ფლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული წილის მატერიალურობა, ინვესტიციის მოცულობა ან/და პროექტის მნიშვნელობა; მ.გ.ბ) მსესხებლისათვის უზრუნველყოფის საშუალების, მათ შორის, თავდებობის მიწოდებას; აღნიშნული არ მოიცავს დეველოპერული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებას ან/და იმ უძრავი ქონების მცირე ვადით იპოთეკით დატვირთვას, რომლის მფლობელი დაკავშირებული მხარეა და გაყიდვისას უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში გადასვლამდე ამ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით დატვირთვა ხდება. მ.გ.გ) თანამსესხებლობას; ნ) ჯგუფი – მშობელი და შვილობილი საწარმოები; ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება, რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით და სხვ.); პ) მიკრობანკის ადმინისტრატორი – მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საბანკო საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში). შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო; ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი – მიკრობანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, ან/და სხვა იმგვარი ქმედება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას; რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის დებულება) მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების X თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%. ხოლო, იმავე დებულების XII თავით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის, სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 10%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი; ს) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრობანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; ტ) საინვესტიციო რეიტინგი – მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის დებულების მიხედვით აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის (Fitch, Moody’s, Standard&Poor’s) შეფასება, რომელიც ტოლია ან აღემატება „BBB-“ ან „Baa3“ რეიტინგს; უ) გაშლილი მკლავის პრინციპი – ტრანზაქციის საბაზრო პირობებით განხორციელების პრინციპი, როდესაც დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების პირობები არ არის უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები; ფ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი – მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები და ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციები. |
მუხლი 3.
ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები |
1. მიკრობანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით. ამავდროულად, მიკრობანკი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. გაშლილი მკლავის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზის პროცესში თუ მიკრობანკის შიგნით ანალოგიური ტრანზაქცია არ არის ხელმისაწვდომი, მიკრობანკმა უნდა მოიკვლიოს ბაზარზე განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების პირობები. მიკრობანკმა შიდა პოლიტიკაში უნდა ასახოს ტრანზაქციების ანალოგების განსაზღვრის მეთოდოლოგია, რაც უნდა ითვალისწინებდეს ვადას, ვალუტას, ხანდაზმულობას, ტრანზაქციის შინაარსს და ა.შ. ამასთან, აღნიშნული ანალოგიური ტრანზაქციები თავსებადი უნდა იყოს მიკრობანკის რისკის პროფილთან, ბიზნეს და ფასდადების მოდელებთან. 3. ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების ძირითადი პრინციპები ასახული უნდა იყოს მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკითხებსა და დამტკიცებული უნდა იქნას სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. 4. მიკრობანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური პროცედურები და პოლიტიკები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვისათვის. აღნიშნული პროცესებითა და პოლიტიკებით შესაძლებელი უნდა იყოს დაკავშირებული მხარეებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება. 5. დაკავშირებული მხარის იდენტიფიცირებისათვის, პოტენციურ დაკავშირებულ მხარეებს შორის ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერთობის შინაარსს და არა მხოლოდ ფორმალურ მხარეს. 6. დაკავშირებულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის მიკრობანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტისგან, თანამშრომლებისგან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისგან, საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოებისგან ინფორმაციის პერიოდული გამჟღავნების ვალდებულებას. ამასთან, მიკრობანკს უნდა ჰქონდეს მატერიალური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეგროვების პროცედურა. 7. მიკრობანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის მიკრობანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან და მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებთან ზემოთხსენებული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული მიკრობანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, მიკრობანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის. 8. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის სიას (თანამდებობებს ან პირებს) უნდა ამტკიცებდეს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო და აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. 9. მიკრობანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ადეკვატურად განსაზღვრულ უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემას. 10. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემის ფარგლებში მიკრობანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ მატერიალურობის ზღვრები დაკავშირებული მხარეების ტიპის, ტრანზაქციის სახეებისა და მოცულობების მიხედვით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათ დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. მიკრობანკების მიერ დაწესებული მატერიალურობის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს მიკრობანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებსა და კომპლექსურობას. 11. მიკრობანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დებულების 7 მუხლის მოთხოვნებთან. 12. მიკრობანკს უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების მიკრობანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებისა და კომპლექსურობასთან შესაფერისი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები. ასეთმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებით გამოწვეული რისკების კონტროლი და მიტიგაცია, მათ შორის, დაკავშირებული მხარეების რისკის პოზიციების სტანდარტული პოლიტიკითა და პროცედურებით ჩამოწერა. 13. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან, ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად. 14. მიკრობანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს. 15. მიკრობანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ამ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შიდა აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. 16. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, მიკრობანკებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრატორებთან, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. მიკრობანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, მიკრობანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. მიკრობანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მიკრობანკის ადმინისტრატორებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. |
მუხლი 4.
მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება |
1. მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში დეტალურად უნდა იქნეს განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
ა) დებულების მიზნები და ამოცანები; ბ) დებულების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) ტერმინთა განმარტება; დ) დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების დეტალური პროცედურა; ე) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების სახეები, რომლებსაც კონტროლს უწევს მიკრობანკი; ვ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანალიზის პროცესი სხვადასხვა ფუნქციების პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტირების მოთხოვნების დეტალური აღწერით; ზ) ნებადართული უზრუნველყოფის სახეები და ლიმიტები; თ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცესი; მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასამტკიცებელი ტრანზაქციები და სხვა სტრუქტურებზე დელეგირებული უფლებამოსილებების ლიმიტები; ი) დაკავშირებულ მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროცედურები და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; კ) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ჩამოწერის პროცედურა; ლ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები ცალკეული ტრანზაქციების მიხედვით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით; მ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების სისტემა და გამჟღავნების/გამჭვირვალობის პოლიტიკა; ნ) დებულების დარღვევისათვის მიკრობანკის მიერ დაწესებული სანქციები. 2. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებას ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო. 3. დებულებაში ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს. 4. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან (რომელიც არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ამ დებულებასთან) საჭიროებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი დასაშვები გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებში და შესაბამისად მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. |
მუხლი 5.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება |
1. მიკრობანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა.
2. დაუშვებელია, ქვემოთ მოცემული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ, სამეთვალყურეო საბჭომ მიკრობანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაადელეგიროს დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება: ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 200,000 (ორასი ათასი) ლარს. ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 200,000 (ორასი ათასი) ლარს. გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ მიკრობანკში შემოდინებული ან მიკრობანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარსა და მიკრობანკის ბოლო საანგარიშგებო თვის მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ს შორის მაქსიმალურ ოდენობას; დ) დაკავშირებული მხარის მიმართ არსებულ რისკის პოზიციაზე უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება, თუ აღნიშნული პირის მიმართ რისკის პოზიციის ნაშთი აჭარბებს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს მიკრობანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს მიკრობანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე. 4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა მონაწილეობდეს ტრანზაქციების დამტკიცებაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე და მოცემულ წევრს აქვს პირადი ინტერესი ტრანზაქციის განხორციელებაში. ასეთი წევრის დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას. 5. უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი წევრი ან/და სხვა დაკავშირებული მხარე არ უნდა მონაწილეობდეს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ გამართულ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი ასეთი წევრი ან დაკავშირებული მხარე არ უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით. 6. სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინოს დაკავშირებულ მხარეებსა და მათთან დაგეგმილი ტრანზაქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის დამტკიცებისათვის. 7. ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულ მხარესთან ხელშეკრულებაში დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებიც არ ცვლის ფინანსურ შეთანხმებას, არ ამცირებს და არ ცვლის უზრუნველყოფის საშუალებას და არ მოიცავს შეღავათების გაწევას დაკავშირებულ მხარეზე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიცია არ აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს. 9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სხდომებზე გამოყენებულ სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. |
მუხლი 6.
დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები |
1. აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას, გარდა მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე სესხებისა. ამასთან, მსესხებლის ლიკვიდობა, კაპიტალი და გადახდისუნარიანობა უნდა იყოს სტაბილური. ასევე, მსესხებელი უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი, გააჩნდეს საშუალო სიმძიმის სტრესის შედეგების უმტკივნეულოდ შთანთქმის უნარი, უნდა ჰქონდეს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს მოულოდნელი მოვლენების უარყოფითი ზეგავლენა, ასრულებდეს მომგებიანობასთან დაკავშირებულ მიზნებს და ჰქონდეს საკმარისი ლიკვიდობა, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული რისკის პოზიცია. ამასთან, დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ აღნიშნულ პროცესში არ იქმნება დამატებითი რისკის პოზიცია.
2. აკრძალულია მიკრობანკის დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, მესამე მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს ამ დებულების მოთხოვნებისგან თავიდან არიდებას. 3. აკრძალულია რომელიმე დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა ისეთი უზრუნველყოფით, რომლის საკრედიტო ხარისხიც მნიშვნელოვნად არის კორელირებული მიკრობანკის საკრედიტო ხარისხთან. ასეთი უზრუნველყოფა მოიცავს და არ შემოიფარგლება მიკრობანკის ან მისი შვილობილი საწარმოს ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით. 4. მიკრობანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ, თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 110%-ზე ნაკლებია, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, მიკრობანკმა არ უნდა გამოათავისუფლოს უზრუნველყოფის საშუალება რისკის პოზიციის მთლიანი ვადის განმავლობაში, თუ ამის შედეგად ირღვევა ამ პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტი. 5. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის ღირებულებასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და მიკრობანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება. 6. დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ დასაშვებია არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა, თუკი ასეთი ტრანზაქციის შედეგად მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არ აღემატება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და ასეთი რისკის პოზიციის წარმოქმნა დასაშვებია მიკრობანკის შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით. ჯამური რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილი იანგარიშება ამ დებულებით უზრუნველყოფისადმი დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 7. დასაშვებია მიკრობანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში. 8. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა მიკრობანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნას ასახული მიკრობანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. 9. მიკრობანკის აქციონერებმა მიკრობანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები გაუნაწილებელი მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით მიკრობანკის განაღდებულ კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების გათვალისწინებით. 10. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი რისკის პოზიციები: ა) ინვესტიციები; ბ) პოტენციური მოთხოვნები, რომელებიც წარმოიქმნება არადაკავშირებული მხარეების მიმართ არსებული რისკის პოზიციის უზრუნველსაყოფად დაკავშირებული მხარის ან მიკრობანკის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდის დაგირავებით, თუ ჩატარებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ამ სესხის დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდისგან მიღებული შემოსავლები; გ) პოტენციური მოთხოვნები თავდებობის მიმწოდებლის/თანამსესხებლის მიმართ, როდესაც თავდები/თანამსესხებელი არის დაკავშირებული პირი, რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივით და კმაყოფილდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნა; დ) საკრედიტო ხელშეკრულებების აუთვისებელი ნაწილები, თუ ყოველი ტრანშის ათვისების წინაპირობას წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაცვა; ე) საოპერაციო იჯარის ფარგლებში აღიარებული რისკის პოზიციები; ვ) მოკლევადიანი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში ტრანზაქციების განხორციელებისას. |
მუხლი 7.
უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები |
1. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე (მოქმედი) და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი. უზრუნველყოფის ხელშეკრულების სამართლებრივ აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით, მიკრობანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი მოკვლევა; ბ) მიკრობანკისთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით არ უნდა არსებობდეს უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ისეთი გარემოებები და შეზღუდვები, რაც მოვალის დეფოლტის შემთხვევაში მიკრობანკს პოტენციურად შეუზღუდავს შესაძლებლობას, რომ დროულად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე მოახდინოს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივების რეალიზაცია ან/და დასაკუთრება; გ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა იყოს შესაძლებელი; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება ყველა ეტაპზე უნდა შესრულდეს გარე შემფასებლის მიერ და უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს შეფასების დასაშვები ხანდაზმულობა; ე) უზრუნველყოფის საშუალება უნდა იყოს იდენტიფიცირებადი და უნდა არსებობდეს მიკრობანკის მხრიდან მასზე კონტროლი შესაძლო რისკების აღმოსაფხვრელად დროული რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, მიკრობანკი უნდა აფასებდეს რისკის პოზიციის უზრუნველყოფის შემცირების ან გაუქმების რისკებს; ვ) უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის ვადა, სულ მცირე, უნდა იყოს საკრედიტო მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებით მიკრობანკის მიერ სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული/დასაბუთებული: ა) უზრუნველყოფის საშუალების ლიკვიდურობა და მისი ღირებულების ისტორიული სტაბილურობა; ბ) არსებობს თუ არა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულებას, აქტივთან დაკავშირებულ ბიზნეს-საქმიანობასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია. ასეთის არსებობის შემთხვევაში მიკრობანკი ვალდებულია შემუშავებული და დოკუმენტირებული ჰქონდეს აღნიშნული რისკების მართვის მექანიზმები ან/და სამოქმედო გეგმა და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; გ) უზრუნველყოფის საშუალების კომპლექსურობა და მისი თანმდევი რისკები; დ) მსესხებლის დეფოლტის მაქსიმალური ალბათობა და დეფოლტის შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი გონივრულ ვადაში გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცედურების დაწყება ან/და უზრუნველყოფის საშუალების მიკრობანკის მიერ რეალიზაცია/დასაკუთრება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარე შეფასება არ მოითხოვება სახელმწიფო და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობად საინვესტიციო რეიტინგის მქონე ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასება და დასაბუთება მიკრობანკს სესხის გაცემამდე უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული და საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შესაბამისი მოთხოვნილი ინფორმაცია. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურული და ტექნიკური საკითხები, მიკრობანკის მხრიდან დეტალურად უნდა იქნეს ასახული შესაბამის პოლიტიკა-პროცედურების დოკუმენტებში. 6. უზრუნველყოფის საშუალებები უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი ტიპის აქტივებიდან ერთ-ერთს: ა) უძრავი ქონება; ბ) მიკრობანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან მიკრობანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს; გ) გარანტიები, რომლებსაც მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის დებულების მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ასევე, ის გარანტიები რომლებიც გაცემულია საქართველოში ლიცენზირებული მიკრობანკების, ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან/და საინვესტიციო რეიტინგის მქონე ორგანიზაციების მიერ; დ) საინვესტიციო რეიტინგის სავალო ფასიანი ქაღალდები და საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები; ე) სტანდარტული ოქროს ზოდი; ვ) სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები; ზ) საკრედიტო და სალიზინგო პორტფელი; თ) საწარმოო მანქანა-დანადგარები. |
მუხლი 8.
ლიმიტები ტრანზაქციებზე |
1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკავშირებული მხარე მშობელი ან/და შვილობილი მიკრობანკია, რისკის პოზიციის ღირებულება, არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის პირველადი კაპიტალის 5%-ს.
2. ყველა დაკავშირებული მხარის, მათ შორის, მშობელი ან/და შვილობილი მიკრობანკის მიმართ, რისკის პოზიციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს. 3. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც მიკრობანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება მიკრობანკის მიერ პირველადი კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში. |
მუხლი 9.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება |
1. მიკრობანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.
2. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო კვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ანგარიშგება, მათ შორის, უნდა ასახავდეს: ა) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს; ბ) დადგენილი ლიმიტებიდან დასაშვები გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას; გ) დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. მიკრობანკს შიდა პოლიტიკით უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მატერიალურობის ზღვარი. 3. მიკრობანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 4. მიკრობანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების სწორად გამჟღავნება წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში „ბასს 24“-ის შესაბამისად. 5. მიკრობანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს დაუსაბუთოს განსხვავებები წლიურ აუდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციებსა და ეროვნულ ბანკთან წარდგენილ ანალოგიურ ინფორმაციას შორის. |
მუხლი 10.
უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები |
1. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების მიკრობანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
2. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ მიკრობანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება. 3. მიკრობანკში ინტერესთა კონფლიქტის ჯანსაღი პრაქტიკისა და მისი არიდების მოტივაციის შექმნის მიზნით უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სანქციები დარღვევების გამოვლენისას. 4. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით, ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ინფორმაცია მიკრობანკს მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. 5. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) მიკრობანკისგან ან საბანკო ჯგუფის წევრთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას. 6. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, თავად ან მიკრობანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში მათ მიერ მიკრობანკის ან მიკრობანკის მშობელი საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ., ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროსა და ადგილს და მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს. 7. იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ მიკრობანკის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში, მათმა ქმედებებმა ზარალი არ უნდა მიაყენოს მიკრობანკს. |
მუხლი 11.
ეროვნული ბანკის უფლებები |
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს მიკრობანკს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პირის დაკავშირებულ მხარედ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) მოსთხოვოს მიკრობანკს ნებისმიერი ინფორმაცია მიკრობანკთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ; გ) მოსთხოვოს მიკრობანკს ნებისმიერი ინფორმაცია ადმინისტრატორთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ; დ) მოსთხოვოს მიკრობანკს პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესება ინტერესთა კონფლიქტის მართვის გაუმჯობესების მიზნით; ე) საჭიროების შემთხვევაში მოთხოვოს მიკრობანკს ჩაატაროს რისკის შემცველი კონკრეტული ტრანზაქციების გარე აუდიტი ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენისა და ამ დებულებასთან შესაბამისობის დაზუსტების მიზნით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს მიკრობანკის გარე აუდიტორთან ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესში. გარე აუდიტის მხრიდან მიკრობანკისათვის აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიკრობანკი; ვ) მოსთხოვოს მიკრობანკს დაკავშირებული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნის საზედამხედველო კაპიტალიდან სრულად ან ნაწილობრივ დაქვითვა, თუ აღნიშნული რისკის პოზიცია ეროვნული ბანკის აზრით წარმოადგენს მაღალი რისკის მატარებელს; ზ) გადაჭარბებული რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში მიკრობანკს აუკრძალოს დაკავშირებულ მხარეებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან რაიმე სახის პრემიის ან ჯილდოს სახით გაცემა; თ) მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული ზომები საზედამხედველო არბიტრაჟის გამომჟღავნებისას, რაც უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას; ი) მიკრობანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოსთხოვოს იმ თანამშრომლის გათავისუფლება, რომელმაც ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება და თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას; კ) მოსთხოვოს მიკრობანკს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება სამეთვალყურეო საბჭოს მხოლოდ დამოუკიდებელი წევრების მიერ; ლ) მოსთხოვოს მიკრობანკს აღიარებული უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შეფასება, მათ შორის, მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ; მ) მოსთხოვოს მიკრობანკის შიდა აუდიტის ფუნქციას კონკრეტული ტრანზაქციის, დაკავშირებული მხარეების სიის ან/და სხვა დაკავშირებული საკითხის შემოწმება. 2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი დასაბუთებით, თუ მიკრობანკი და ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან მიკრობანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიკრობანკს კონკრეტული პირის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციად აღიარება და მიკრობანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად. 3. თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მათ შორის, დამრღვევი მიკრობანკის ლიცენზიის გაუქმება ან, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა. 4. თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ მიკრობანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრმა, აქციონერმა ან მაკონტროლებელმა პირმა მიიღო სარგებელი (მასთან დაკავშირებული პირის ან თავად მის მიერ მიკრობანკთან ტრანზაქციის განხორციელებით), რომელიც აღემატება მოცულობას, რასაც იგი მიიღებდა ამ დებულების შესაბამისად გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია, მოთხოვოს მიკრობანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მიიღონ ზომები აღნიშნული ნამეტი სარგებლის მიკრობანკის მიმართ ვალდებულებად აღიარებისათვისა და რესურსების მიკრობანკისათვის დაბრუნებისათვის. |
მუხლი 12.
საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) |
ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციებს (ფულად ჯარიმებს) მიკრობანკისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები