პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 310050000.10.003.024008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
175
10/05/2023
ვებგვერდი, 10/05/2023
310050000.10.003.024008
პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/05/2023 - 18/08/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2023 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციისა და ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით:

1. დაევალოს სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო სივრცის გამოყოფისთვის საჭირო ნოტამის გამოქვეყნება ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის (ს/ნ: 401953212) მიერ წარდგენილი საჰაერო სივრცის კოორდინატების შესაბამისად.

2. ეთხოვოს შპს „საქაერონავიგაციას“ (ს/ნ: 208144051) ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციასთან (ს/ნ: 401953212) ერთად წარმოდგენილი საჰაერო სივრცის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შესამცირებელი ღონისძიებების დადგენა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 დანართი

 

პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი

თავი I

ზოგადი ნაწილი


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი პარაპლანებისთვის ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან და ამ სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ზოგად წესებს; ასევე  ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს.

2.ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე. ფრენა ჩაითვლება ექსპერიმენტულ ან საჩვენებელ ფრენად, თუ სრულდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მფრინავს და მგზავრს გააჩნია მფრინავის მოქმედი მოწმობა;

ბ) ასეთი სახის ფრენების დაგეგმვისა და წარმოების შესახებ ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას (ს/ნ: 401953212) (შემდგომში − ფედერაცია) წინასწარ ეცნობა ფრენის განხორციელებამდე, სულ მცირე, 3 დღით ადრე და ფედერაციამ გასცა თანხმობა მას შემდეგ, რაც შეისწავლა მოთხოვნილი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა;

გ) აღნიშნული ფრენები სრულდება მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფრენების თაობაზე ფედერაცია ინფორმაციას ათავსებს თავის ვებგვერდზე: paragliding.ge.

მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პარაპლანისაფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით – 115 კგ-ს, ხოლო მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ აღემატება 300 კგ-ს და საწვავის ავზის მოცულობა არ აღემატება 20 ლიტრს, ხოლო საფრენი კონსტრუქციის შემადგენელი კომპონენტია პარაშუტი;

ბ) პარაგლაიდინგი – სპორტის ექსტრემალური სახეობა, რომლის დროსაც მფრინავი აღმავალი თბილი ჰაერის ნაკადების ან ძრავის დახმარებით ახორციელებს პარაპლანით ფრენებს;

გ) სათადარიგო პარაშუტი – პარაპლანით ფრენისას ავარიულად დაშვების საშუალება, რომელიც გამოიყენება ფრთის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების, ავტოროტაციის, მართვის კონტროლის დაკარგვისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც სტანდარტული ფრენა შეუძლებელია;

დ) ფედერაცია – ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია, ს/ნ: 401953212;

ე) ოპერატორი – ფიზიკური პირი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომ – ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფედერაციის მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს და წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებასა და ზედამხედველობას უწევს ფრენების წარმოებას საფრენ ლოკაციაზე;

ვ) საფრენი ლოკაცია – შესაბამისი ინფრასტრუქტურის სასტარტო-დასაჯდომი მოედნებისა და პარაპლანით ფრენისთვის გამოყოფილი საჰაერო სივრცის ერთობლიობა, რომლის საფრენად ვარგისიანობის შესახებ ფედერაციის მიერ გაცემულია დასკვნა;

ზ) სასტარტო მოედანი – საფრენ ლოკაციაზე განთავსებული ასაფრენი მოედანი, საიდანაც პარაპლანი უნდა აფრინდეს;

თ) დასაჯდომი მოედანი – საფრენ ლოკაციაზე განთავსებული სასტარტო მოედანი ან სხვა მოედანი, რომელიც გამოიყენება პარაპლანის დასაჯდომად;

ი) მფრინავის კომპეტენციის განმსაზღვრელი კატეგორია (შემდეგ – „კატეგორია“) – მართვის უფლება, რომელსაც ფლობს მფრინავი და რომელიც განსაზღვრავს მისთვის დაშვებული საფრენი აპარატის კლასსა და ფრენის სახეობებს;

კ) მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი – პარაპლანის მფრინავის მოწმობა, რომელშიც მითითებულია საფრენი აპარატის კლასი და კატეგორია, რომლის მართვის უფლებაც აქვს მფრინავს და რომელიც გაცემულია ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით ფედერაციის მიერ; ელექტრონული ფორმის გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ლ) საფრენი აღჭურვილობა და საკუთვნოები – ფრენისთვის სავალდებულო აღჭურვილობა და მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც პარაპლანთან ერთად იძლევა ფრენის შესაძლებლობას;

მ) ელექტრონული რეესტრი – ფედერაციის მიერ შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელში შენახული ელექტრონული მონაცემები საჯარო და უტყუარია;

ნ) სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფი – ოპერატორის მიერ სათანადო კომპეტენციის კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების წარმოების სახმელეთო მხარდაჭერას;

ო) კომერციული ფრენა – ანაზღაურების სანაცვლოდ, ორადგილიანი პარაპლანით განხორციელებული ფრენა;

პ) არაკომერციული ფრენა – კომერციული ფრენებისგან განსხვავებული, ამ წესით განსაზღვრული ყველა სხვა ერთადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა;

ჟ) საკონტროლო ბარათები – „დანართ 1“-ში მოცემული „ფრენების აღრიცხვის ფორმა“ და კომერციული ფრენებისას მგზავრის საინფორმაციო თანხმობის ბარათი;

რ) მფრინავი – სათანადო კატეგორიისა და კლასის პარაპლანის მოწმობის მქონე პირი, რომელიც მართავს პარაპლანს;

ს) ექსპლუატაცია – პარაპლანის საფრენი აღჭურვილობისა და საკუთვნოების გამოყენება ფრენების წარმოებისთვის;

ტ) ელექტრონული კაბინეტი – ფედერაციის მიერ შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის დახმარებით ოპერატორი აღწერს ფრენებსა და თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ წინამდებარე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას;

უ) რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური) – რადიოკავშირის დამყარების საშუალება, რომელსაც აქვს UHF-სიხშირეებზე მიღება-გადაცემის რეჟიმით ფუნქციონირების უნარი;

ფ) საფრენი ინციდენტი – მოვლენა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საფრენი აპარატის გამართულ ფუნქციონირებას, მესამე პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას ან/და გამოიწვია ამგვარი ზიანი;

ქ) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა – ორადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს და მგზავრს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესის მიხედვით ფედერაციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.

2. ფედერაციის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში.

3. საფრენი აპარატის ექსპლუატაციისა და ფრენის პროცესის წარმოებისას დაუშვებელია მფრინავი, მგზავრი ან სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის რომელიმე წევრი იყოს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ახალი ფსიქოაქტიური ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

4. ამ წესის მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობს ფედერაცია.

თავი II

ოპერატორი

მუხლი 4. ძირითადი მოთხოვნები

1. ოპერატორის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. ერთ საფრენ ლოკაციაზე დაიშვება მხოლოდ ერთი ოპერატორი.

3. ერთი ოპერატორი შესაძლებელია ერთდროულად ოპერირებდეს რამდენიმე საფრენ ლოკაციაზე.

4. ოპერატორს უნდა ჰყავდეს სათანადო კომპეტენციის პერსონალი, სულ მცირე, შემდეგი შემადგენლობით:

ა) ფრენის ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ფლობდეს PGT კატეგორიაში მინიმუმ T ქვეკატეგორიას, ფედერაციაში ან სხვა სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებაში გავლილი ჰქონდეს ფრენების მართვის სპეციალური კურსი და ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ერთი ფრენის ხელმძღვანელი უნდა ოპერირებდეს მხოლოდ ერთ საფრენ ლოკაციაზე;

ბ) ფრენის ხელმძღვანელის დამხმარე დასაჯდომ მოედანზე (ასეთი თანამშრომლის ყოფნა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაჯდომი მოედანი არ ხვდება სასტარტო მოედნის მხედველობის არეალში. დამხმარე თანამშრომლების რაოდენობა დამოკიდებულია დასაჯდომი მოედნების რაოდენობაზე;

გ) ფრენის ხელმძღვანელის დამხმარე სასტარტო მოედანზე. ოპერირების პროცესში გამოყენებულ თითოეულ სასტარტო მოედანზე სავალდებულოა ორი დამხმარე, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ფედერაციაში ან სხვა სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებაში შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები;

დ) მძღოლი;

ე) პირი, რომელსაც წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ.

5. ოპერატორი უნდა ფლობდეს, სულ მცირე, შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს:

ა) სატრანსპორტო საშუალება;

ბ) რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური). ამ საშუალებების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ოპერირების პროცესში ჩართული პირების ოდენობას. ოპერატორი დამატებით უნდა ფლობდეს მინიმუმ ერთ სარეზერვო რადიოსადგურს;

გ) ერთი რადიოკავშირის საშუალება (რადიოსადგური), რომელსაც აქვს საუბრის ჩაწერის ფუნქცია;

დ) პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი საშუალებები:

დ.ა) UIAA სტანდარტის სტატიკური სამაშველო თოკი, რომლის პარამეტრებიც დამოკიდებულია საფრენი ლოკაციის რელიეფის სპეციფიკაზე;

დ.ბ) კისრის/მოტეხილი კიდურის ფიქსატორი;

დ.გ) სამაშველო დაფა;

დ.დ) სადეზინფექციო საშუალებები;

დ.ე) ტკივილგამაყუჩებელი აბები;

დ.ვ) სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები;

დ.ზ) ბინტი/დოლბანდი;

დ.თ) ბამბა;

დ.ი) წნევისა და სიცხის საზომი საშუალებები;

ე) ქარის სიჩქარის მზომი ხელის ინსტრუმენტი;

ვ) კავშირის დამატებითი საშუალება (მობილური ტელეფონი);

ზ) ინტერნეტქსელში ჩართული, მინიმუმ, ერთი ელექტრონული მოწყობილობა (მაგალითად, პლანშეტი, სმარტფონი და ა.შ.), რომლითაც შესაძლებელი იქნება რეალურ დროში ფედერაციის ელექტრულ ბაზებზე წვდომა და მონაცემთა გადამოწმება;

თ) პორტატული დამტენი (Power Bank) მობილური ტელეფონისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისთვის;

ი) ალკოტესტი და ნარკოტესტი.

6. ოპერატორმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს არაკომერციული და კომერციული ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვა სერტიფიკატი.

7. ოპერატორმა ფრენების წარმოებისას უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოყვანილი ფრენის წარმოების ზოგადი წესებით.

მუხლი 5. ოპერატორის სერტიფიცირება

1. პირმა ოპერატორის სერტიფიკატის მისაღებად ფედერაციას უნდა წარუდგინოს განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლისა და ამ წესის შესაბამისად.

2. დაინტერესებულმა პირმა სერტიფიცირების მოთხოვნით განცხადება ფედერაციას შეიძლება წარუდგინოს არაერთხელ.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ინდივიდუალური მეწარმეა, განცხადებას უნდა დაერთოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სასტარტო მოედნის მფლობელი პირ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობის გამომხატველი იურიდიული ძალის მქონე სხვა დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის მიერ შედგენილი ოპერირების პირობები, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

დ.ა) საფრენი აქტივობის ტიპების ჩამონათვალსა და მათი წარმოების პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ.ბ) თანამშრომელთა რაოდენობას, მათ კომპეტენციასა და პოზიციას, უფლება-მოვალეობებს;

დ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ფრენის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გაცემულ:

დ.გ.ა) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;

დ.გ.ბ) ცნობას ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;

დ.დ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს;

დ.ე) სასტარტო მოედნით სარგებლობისა და ფრენის ტექნიკური უზრუნველყოფის საფასურის ოდენობას;

დ.ვ) სერტიფიცირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

4. ფედერაცია უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, დამატებითი სხვა დოკუმენტების წარმოდგენაც მოსთხოვოს.

5. განცხადების მიღების შემდეგ ფედერაციამ უნდა შეამოწმოს, სრულად წარმოადგინა თუ არა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, ფედერაცია:

ა) უნდა დარწმუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაში;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უნდა დარწმუნდეს სათანადო კომპეტენციის პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ამ წესთან შესაბამისობაში;

გ) ამ წესით მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფლობის დადასტურების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვს დამატებით დოკუმენტებს;

დ) უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს პერსონალისთვის ამ წესით დადგენილი კომპეტენციის განმსაზღვრელი სერტიფიკატების წარმოდგენა.

6. ფედერაციამ განცხადების შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან უნდა განიხილოს მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით, რაც, სავალდებულოა, წერილობით ეცნობოს განმცხადებელს.

7. ფედერაციამ განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს დაინტერესებულ პირს.

8. თუ განცხადების განხილვისას გამოვლინდა ხარვეზი, ფედერაციამ დაინტერესებულ პირს უნდა აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად.

9. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა ჩერდება ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო ვადით.

10. ფედერაცია არ გასცემს სერტიფიკატს, თუ დაინტერესებულმა პირმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა გაუშვა ან მის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და დოკუმენტები ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამოა. ფედერაციამ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

11. უარის მიღებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს ფედერაციას სერტიფიცირების მოთხოვნით და წინამდებარე მუხლში აღწერილი პროცედურა გაიაროს თავიდან.

12. ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ფედერაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ოპერატორის სერტიფიკატის გაცემის შესახებ.

13. ოპერატორის სერტიფიკატი ვადიანია და გაიცემა ერთი წლით.

14. სერტიფიკატი უნდა ამოიბეჭდოს ფურცელზე და გადაეცეს განმცხადებელს. ამავე დროს, უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მონაცემების მითითებით:

ა) ოპერატორის იურიდიული დასახელება;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო მონაცემები;

დ) საფრენი ლოკაციები, სადაც ოპერატორი ოპერირებს;

ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადა და ნომერი;

ვ) ოპერირების სტატუსი საფრენ ლოკაციაზე.

15. ამობეჭდილ სერტიფიკატს არ აქვს იურიდიული ძალა, თუ ელექტრონულ რეესტრში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, ან ჩანაწერს აქვს სტატუსი: „სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია“ ან „გაუქმებულია“.

მუხლი 6. ოპერატორის ვალდებულებები

1. ოპერატორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს საჰაერო კოდექსით დადგენილი საჰაერო სივრცის გამოყენებასა და პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

2. ოპერატორი ხელმძღვანელობს და მკაცრად ემორჩილება წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ოპერატორი საქმიანობისას ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებით.

4. ოპერატორმა ფრენების დაწყებამდე უნდა შეისწავლოს მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები. ფრენების დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მეტეოროლოგიური პირობებისა და სასტარტო-დასაჯდომი მოედნების ვარგისიანობის შემოწმებისას განსაზღვრულ, უსაფრთხო ფრენებისთვის დაშვებულ მახასიათებლებზე დაყრდნობით.

5. ოპერატორმა არ უნდა დანიშნოს ან უნდა შეწყვიტოს მიმდინარე ფრენები, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ არის ხელსაყრელი უსაფრთხოდ ფრენისთვის.

6. ოპერატორმა თავის ოპერირებად ლოკაციაზე საფრენად უნდა დაუშვას ყველა მოქმედი მოწმობის მქონე მფრინავი. საფრენად არ დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან არ აქვთ გადახდილი ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტარტო მოედნით სარგებლობის საფასური. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპერატორმა უნდა დააფიქსიროს ფედერაციის მიერ მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ელექტრონულ კაბინეტში.

7. ოპერატორი ვალდებულია ფრენის დაწყებამდე შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მეშვეობით ადგილზე შეამოწმოს მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის ყველა წევრი ალკოჰოლურ ნივთიერებებზე.

8. ოპერატორი ვალდებულია არ დაუშვას მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის რომელიმე წევრი საფრენ ლოკაციაზე და არ მისცეს ფრენის უფლება, თუ დადგინდა, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ახალი ფსიქოაქტიური ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

9. ალკოჰოლურ სიმთვრალედ მიიჩნევა მდგომარეობა, როცა სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.3 პრომილზე მეტია.

10. ოპერატორი ვალდებულია საფრენ ლოკაციაზე არ დაუშვას პარაპლანით ფრენა, თუ მფრინავს არ გააჩნია შესაბამისი მოქმედი დაზღვევის პოლისი.

11. ოპერატორმა საფრენად არ უნდა დაუშვას ის პარაპლანი, რომელიც ფედერაციის მიერ არ არის აღრიცხული ელექტრონულ რეესტრში ან არ აქვს სტატუსი – „საფრენად ვარგისია“.

12. ოპერატორი ვალდებულია ფრენების განხორციელების პერიოდში სათანადო კომპეტენციის პერსონალი წარმოდგენილი ჰყავდეს სრული შემადგენლობით, ხოლო ოპერირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები ადგილზე ჰქონდეს გამართულ მდგომარეობაში.

13. ოპერატორი ვალდებულია ფრენებისთვის უზრუნველყოს სასტარტო მოედნის გამართულობა და უსაფრთხოება. მუდმივად აკონტროლოს მისი მდგომარეობა და მიიღოს ყველა გონივრული ზომა შემაფერხებელი გარემოებებისა და ფაქტორების აღმოსაფხვრელად.

14. ოპერატორის ვალდებულებაა მფრინავებისა და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს:

ა) საკონტროლო ბარათები;

ბ) დეტალური ინფორმაცია იმ არეალის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს პარაპლანით ფრენები;

გ) კომერციული ფრენისას საინფორმაციო თანხმობის ბარათი რისკების მითითებით, რომელსაც უნდა გაეცნოს მგზავრი და მოაწეროს ხელი.  

15. ოპერატორმა ფრენების წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ზრუნვისას განუხრელად უნდა დაიცვას წინამდებარე წესის მოთხოვნები.

16. ოპერატორი ვალდებულია საფრენ ლოკაციაზე არ დაუშვას მომსახურების განსხვავებული პირობები მფრინავების მიმართ.

17. ოპერატორი ვალდებულია ნებისმიერი საფრენი ინციდენტის თაობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა, აცნობოს ფედერაციას დადგენილი ფორმით.

მუხლი 7. ოპერატორის უფლებები

ოპერატორი უფლებამოსილია:

ა) ფედერაციასთან ერთად ან მასთან შეთანხმებით დაგეგმოს, ორგანიზება გაუწიოს, მოაწყოს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, მფრინავებისა და დასაქმებული პერსონალის კომპეტენციის ასამაღლებელი ღონისძიებები;

ბ) პარაგლაიდინგის სფეროს გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მიმართოს ფედერაციას სხვადასხვა წინადადებითა და პროექტით; მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში.

თავი III

საფრენი ლოკაცია

მუხლი 8. ძირითადი მოთხოვნები

1. პარაპლანით კომერციული ფრენა მხოლოდ სერტიფიცირებულ საფრენად ვარგის ლოკაციაზეა შესაძლებელი.

2. საფრენად ვარგის ლოკაციაზე პარაპლანით ფრენებს ოპერირებას უწევს ოპერატორი.

3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს ფედერაციას საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნით, თუ იგი აკმაყოფილებს წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.

4. საფრენ ლოკაციასთან დაკავშირებული ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად დაცვას აკონტროლებს ფედერაცია ლოკაციის გეგმური ან/და არაგეგმური შემოწმების გზით.

5. პარაპლანით საწვრთნელ-სავარჯიშო და არაკომერციული ფრენები შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ფედერაციასთან შეთანხმებით;

ბ) მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში;

გ) მფრინავის მოქმედი შესაბამისი მოწმობით;

დ) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.    

მუხლი 9. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენა

1. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა ფედერაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები;

ბ) მიწის აზომვითი ნახაზი, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები;

გ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) იმ მიწის მესაკუთრე პირ(ებ)ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობის გამომხატველი სხვა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, სადაც განთავსებულია სასტარტო-დასაჯდომი მოედნები;

ე) საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. ფედერაცია უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, დამატებით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტების წარმოდგენა.

4. ფედერაცია განცხადების წარმოებაში მიღების, განხილვისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამდგენი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის მოთხოვნების მიხედვით.

5. განცხადების განხილვისას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე ფედერაციამ წერილობით უნდა აცნობოს დაინტერესებულ პირს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს არანაკლებ 5 სამუშაო დღე. ასეთ შემთხვევაში ვადის დენა ჩერდება ხარვეზის აღმოფხვრამდე.

6. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ფედერაციის მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების ან ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უარი უნდა ეთქვას საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ეცნობოს წერილობით.

7. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ფედერაციის მიერ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმიდან 15 კალენდარულ დღეში განმეორებით მიმართოს ფედერაციას ახალი განცხადებით. წინამდებარე წესი არ აწესებს შეზღუდვებს მსგავსი განცხადებების წარდგენის ოდენობაზე.

8. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საფრენ ლოკაციაზე გაგზავნის მიზნით ფედერაციამ უნდა შექმნას სპეციალური ექსპედიცია. ექსპედიციამ უნდა შეისწავლოს ლოკაციის შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან, შეაფასოს საერთო საფრენი მოცემულობა და მოამზადოს დასკვნა დაინტერესებული პირის მიერ განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოების არსებობისას აღნიშნული ერთთვიანი ვადა ფედერაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს განსაზღვრული დროით, იმგვარად რომ განცხადების მიღებიდან დასკვნის მომზადებისთვის განკუთვნილი საერთო ვადა არ აღემატებოდეს სამ თვეს.

9. საექსპედიციო ჯგუფის შექმნისას ფედერაცია უფლებამოსილია, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯგუფში მოიწვიოს შესაბამისი კომპეტენციის პირები.

10. აუცილებელია შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდეს ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი.

11. შესაბამისი რუკების, საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის, ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის ან სხვა საშუალებების გამოყენებით საექსპედიციო ჯგუფის წევრები განიხილავენ მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რელიეფს, რის საფუძველზეც უნდა შეისწავლონ აღნიშნულ ლოკაციაზე ძირითადი და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები.

12. მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შექმნილ ჯგუფსა და განმცხადებელთან შეთანხმებით, იგეგმება საფრენ ლოკაციაზე ექსპედიციის გასვლის თარიღი.

13. საექსპედიციო ჯგუფი ადგილზე აფასებს მდგომარეობას საცდელი ფრენების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე.

14. საცდელი ფრენების განხორციელებამდე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ასაფრენი, დასაჯდომი და სათადარიგო დასაჯდომი მოედნები.

15. საცდელი ფრენების განხორციელებამდე უნდა განისაზღვროს ფრენის ძირითადი მარშრუტები, ფრენისთვის აკრძალული და სავარაუდო სახიფათო ზონები, უსაფრთხო ფრენებისთვის ხელის შემშლელი პოტენციური საფრთხეები და დაბრკოლებები.

16. საცდელი ფრენები საექსპედიციო ჯგუფმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა კლასის საფრენი აპარატებით.

17. საცდელ ფრენებზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს ფრენების ანალიზი, რომელშიც დეტალურად განიხილება და შეფასდება პირველადი და არსებული მონაცემები. ამ შეფასების მიხედვით უნდა შეიქმნას საერთო წარმოდგენა ზოგადი საფრენი მოცემულობის შესახებ.

18. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, საექსპედიციო ჯგუფმა საცდელი ფრენები დაგეგმოს დამატებით.

19. დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე საექსპედიციო ჯგუფი განსაზღვრავს მოედნის საექსპლუატაციოდ ვარგისიანობისათვის დამატებით ჩასატარებელ სამუშაოებს და მოედნის აუცილებელ ტექნიკურ აღჭურვილობას.

20. საექსპედიციო ჯგუფმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დასკვნა, რომელშიც აისახება ჩატარებული სამუშაოები, გაცემული რეკომენდაციები, საფრენი ზონის ნახაზი ძირითადი საფრენი და სახიფათო მიმართულებების მითითებით.

21. მომზადებული დასკვნა უნდა წარედგინოს ფედერაციას.

22. საექსპედიციო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ფედერაციამ უნდა მოიპოვოს საფრენი ლოკაციის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23. ფედერაცია უფლებამოსილია, ლოკაციის საფრენად ვარგისიანობის დასადგენად საექსპედიციო დასკვნის გაცნობის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება საფრენი ლოკაციის დათვალიერების შესახებ.

24. საექსპედიციო ჯგუფის დასკვნის, ექსპედიციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშისა და ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე, ფედერაცია განიხილავს ლოკაციის საფრენად ვარგისიანობის საკითხს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სერტიფიკატის სამი წლის ვადით გაცემის თაობაზე.

25. საფრენი ლოკაციის სერტიფიკატი უნდა ამოიბეჭდოს ფურცელზე და გადაეცეს განმცხადებელს. ამავე დროს, უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მსურველისთვის.

26. ელექტრონული რეესტრი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ჩანაწერებს:

ა) ლოკაციის დასახელება;

ბ) ლოკაციის ადგილმდებარეობა, რეგიონისა და ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით;

გ) პარაპლანით ფრენისათვის ნებადართული სივრცის საზღვრები და არეალი;

დ) დაშვებული საფრენი აქტივობების სახეობები;

ე) სასტარტო, დასაჯდომი და სათადარიგო დასაჯდომი მოედნების სქემატური აღწერა;

ვ) ძირითადი მეტეოროლოგიური მახასიათებლები, სეზონის მიხედვით;

ზ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

თ) საფრენ ლოკაციაზე არსებული სასტარტო/დასაჯდომი მოედნებისა და სხვა ობიექტების მესაკუთრის/მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია.

27. ფედერაცია საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების მთელი პროცესის განმავლობაში და შემდეგაც საკონტაქტო და პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს განმცხადებელს.

28. ფედერაციის მიერ საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების შესახებ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს უნდა ეცნობოს წერილობით.

29. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ფედერაციისგან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში, განმეორებით მიმართოს ფედერაციას ახალი განცხადებით. წინამდებარე წესი არ აწესებს შეზღუდვებს მსგავსი განცხადებების წარდგენის ოდენობაზე.

მუხლი 10. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირის ვალდებულებები

1. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენით დაინტერესებული ან/და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია, დაიცვას ფედერაციის მიერ საფრენ ლოკაციასთან დაკავშირებით ამ წესით დამტკიცებული მოთხოვნები. თუ საფრენი ლოკაციის მახასიათებლები არ შეესაბამება აღნიშნულ წესს, იგი უნდა მოიყვანოს ამ წესთან შესაბამისობაში.

2. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია, საფრენი ლოკაციით სარგებლობის უფლება გადასცეს მხოლოდ ერთ ოპერატორს.

მუხლი 11. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირის უფლებები

1. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელ პირს შეუძლია ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ოპერატორი და მასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ან მისცეს თანხმობა.

2. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი უფლებამოსილია, ოპერატორსა და ფედერაციასთან შეთანხმებით იყოს ინიციატორი ან მონაწილე სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა.

3. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი უფლებამოსილია, ფედერაციასა და ოპერატორთან შეთანხმებით, სურვილის შემთხვევაში, კეთილმოაწყოს საფრენი ლოკაცია და განახორციელოს მის გასაუმჯობესებლად სხვა სამუშაოები.

თავი IV

მფრინავთა კატეგორიების მინიჭების/აღიარების პროცედურა

მუხლი 12. მფრინავთა კატეგორიები

1. სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე საფრენად დაიშვება მხოლოდ ის მფრინავი, რომელსაც აქვს ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია.

2. ფრენის კატეგორიებია:

ა) ერთადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGS Single;

ბ) ორადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGT Tandem;

გ) ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისთვის – PPGS Single;

დ) ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისთვის – PPGT Tandem;

ე) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენების ხელმძღვანელი – T&FD.

3. კომერციული ფრენების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem კატეგორიის პარაპლანის მართვის უფლების მქონე მფრინავებს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კატეგორიები იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:

ა) PGS Single-ის კატეგორია მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს:

ა.ა) S (Student) – საბაზისო კურსდამთავრებული მფრინავი;

ა.ბ) RS (Ridge Soaring) – მფრინავი ფერდთან დინამიკურ ნაკადში ფრენის უნარით;

ა.გ) TS (Thermal Soaring) – მფრინავი თერმულ ნაკადებში ფრენის უნარით;

ა.დ) CC (Cross Country) – მფრინავი, მინიმუმ, 30-კილომეტრიანი სამარშრუტო ფრენის უნარით;

ბ) PGT Tandem-ის კატეგორია მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს:

ბ.ა) S (Student) – მფრინავი, რომელსაც აქვს PGS Single-ის კატეგორიაში RS ქვეკატეგორია და სურს მფრინავის Tandem კატეგორიის მიღება;

ბ.ბ) T – (Tandem) – მფრინავი, რომელსაც აქვს PGS Single-ის კატეგორიაში მინიმუმ TS ქვეკატეგორია და, მინიმუმ, 300 საათი საერთო საფრენი გამოცდილება;

გ) კატეგორია PPGS Single მოიცავს A, B და C ქვეკატეგორიებს. ეს ქვეკატეგორიები მფრინავს მიენიჭება ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისას გამოვლენილი უნარის შესაბამისად. ამ უნარების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით;

დ) კატეგორია PPGT Tandem მოიცავს A, B და C ქვეკატეგორიებს. ეს ქვეკატეგორიები მფრინავს მიენიჭება ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისას გამოვლენილი უნარის შესაბამისად. ამ უნარების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით;

ე) კატეგორია T&FD მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს:

ე.ა) Instructor (I) – მფრინავი, რომელსაც PGS Single კატეგორიაში აქვს CC ქვეკატეგორია, PGT Tandem კატეგორიაში აქვს T ქვეკატეგორია და 500 საათი საერთო საფრენი გამოცდილება;

ე.ბ) Flight Director (FD) – ინსტრუქტორის კომპეტენციის მქონე მფრინავი.

5. მფრინავი ვალდებულია, ფრენისას იხელმძღვანელოს ამ წესის დანართ 2-ში გათვალისწინებული ფრენების წარმოების ზოგადი წესებით, ამასთან ფლობდეს შესაბამის მოქმედ სადაზღვევო პოლისს, რომელიც ორადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში უნდა ფარავდეს მგზავრისა და მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას, ხოლო ერთადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში – მესამე პირის მიმართ დაზღვევას.

მუხლი 13. კატეგორიის მინიჭება და აღიარება

1. მფრინავმა ფრენის კატეგორია შეიძლება მიიღოს ორ შემთხვევაში:

ა) თუ წარმატებით გაივლის ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას;

ა.ა) მფრინავს საგამოცდო წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A), PPGT(A);

ა.ბ) საგამოცდო წესით მფრინავისთვის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მინიჭებისას საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para მიღებული 2021 წლის 1 მაისს“;

ბ) თუ ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ.ა) მფრინავს აღიარების წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A,B,C), PPGT(A,B,C), ACRO (A,B,C), T&F(I, FD);

ბ.ბ) მფრინავის კატეგორიისა და ქვეკატეგორიების აღიარების პროცესში საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para მიღებული 2021 წლის 1 მაისს“.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ დასტურდება საჭირო საერთო საფრენი გამოცდილება, მფრინავის მოწმობა გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მუხლი 14. საგამოცდო პროცესის გავლა

1. საგამოცდო პროცესს მართავს ფედერაციის მიერ შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისია.

2. საგამოცდო პროცესი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.

3. თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ზოგადი მეტეოროლოგია;

ბ) ზოგადი აეროდინამიკა;

გ) საქართველოს საჰაერო სამართალი;

დ) პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების ზოგადი წესები და ნორმები;

ე) პარაპლანის ფრთების ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები.

4. თეორიული გამოცდისთვის საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა შეადგინოს, სულ ცოტა, 100 სპეციალური ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით. კითხვები უნდა მომზადდეს მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი თეორიული საკითხებიდან.

5. გამოცდაზე პირმა უნდა უპასუხოს 20 კითხვას, რომლებიც უნდა მოიცავდეს თითოეული თეორიული საკითხიდან ოთხ კითხვას. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირმა დადებითად უპასუხა ტესტის 80%-ს მაინც.

6. პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდის თეორიულ ნაწილს, დაიშვება პრაქტიკულ გამოცდაზე. პრაქტიკული გამოცდის პროცედურა და საკითხები განსაზღვრულია წინამდებარე წესის „დანართ 3“-ში.

7. მფრინავის კატეგორიის მიღების მსურველმა პირმა ფედერაციას უნდა მიმართოს გამოცდაზე დაშვების განცხადებით.

8. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელიც გაცემულია „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების შესაბამისად, რომლითაც დასტურდება პირის მიერ პარაპლანის მართვის (ფრენის) შესაძლებლობა. ასევე, პირმა უნდა წარმოადგინოს ენდოკრინოლოგის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი ჯანმრთელია ან არაინსულინდამოკიდებულია და სისხლში შაქრის შემცველობა კონტროლირებადია;

გ) 3x4 ზომის ფოტოსურათის ელექტრონული და ორი ცალი ბეჭდვითი ვერსია;

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის მითითებით;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

ვ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;

ზ) გამოცდაზე დაშვების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

9. თუ პირმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ფედერაციამ უნდა გასცეს პარაპლანის მფრინავის მოწმობა კატეგორიის მითითებით. ასევე, გააკეთოს ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ რეესტრში.

10. პარაპლანის მფრინავის მოწმობა გაიცემა:

ა) სამი წლის ვადით, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ორი წლის ვადით, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. ფედერაციის მიერ გაცემული პარაპლანის მფრინავის მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ მფრინავმა უნდა მიმართოს ფედერაციას არსებული მოწმობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით და წარადგინოს ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ფედერაცია უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნების დაცვით გააგრძელოს მფრინავის მოწმობის ვადა ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული ვადით.

12. ელექტრონულ რეესტრში უნდა მიეთითოს, სულ მცირე, შემდეგი მონაცემები:

ა) ფოტოსურათი;

ბ) სახელი, გვარი;

გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომერი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საერთაშორისო პასპორტის ნომერი;

დ) მოქალაქეობა;

ე) პარაპლანის მფრინავის მოწმობის ნომერი და კატეგორია;

ვ) საგამოცდო და აღიარების კომისიის მიერ შედგენილი აქტის ნომერი და ასლი, რომლითაც მიენიჭა მფრინავს ფრენის კატეგორია;

ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადა;

თ) პარაპლანის მართვის უფლების სტატუსი; სტატუსის შეჩერების შემთხვევაში – შეჩერების მიზეზი და ვადა.

13. ელექტრონულ რეესტრში არსებულ ჩანაწერს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კომპეტენციის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებთან მიმართებით.

14. ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ელექტრონული რეესტრი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15. თუ დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს ფრენის მოთხოვნილი კატეგორიის მიღებას, მას უნდა გადაეცეს კომისიის მიერ შედგენილი საგამოცდო შედეგების ამსახველი დოკუმენტი წერილობით.

მუხლი 15. არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ფრენის კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება

1. ფედერაციამ უნდა განსაზღვროს იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა მიერ გაცემულ პარაპლანის მფრინავის მოწმობას აღიარებს წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. სხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების უფლება აქვს მხოლოდ ფედერაციის ბაზაზე შექმნილ საგამოცდო და აღიარების კომისიას.

3. პირმა, რომელსაც სურს პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება, განცხადებით უნდა მიმართოს ფედერაციას და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პარაპლანის მფრინავის მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი), რომლის აღიარებასაც ითხოვს;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) 3x4 ზომის ფოტოსურათი როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით (თუ კომპეტენცია უნდა დადასტურდეს პირველად);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები – მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ე) პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. საგამოცდო და აღიარების კომისია ვალდებულია, დარწმუნდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ვალიდურობაში მოწმობის გამცემ ორგანიზაციასთან გადამოწმების გზით.

5. კომისიამ უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების თაობაზე, თუ დადასტურდა მფრინავის მიერ წარმოდგენილი მოწმობის ვალიდურობა.

6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება განხორციელდება:

ა) არსებული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს;

 ბ) არსებული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს.

7. საგამოცდო კომისიამ დაინტერესებული პირის პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების შემთხვევაში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში და შეიტანოს შემდეგი მონაცემები:

ა) ფოტოსურათი;

ბ) სახელი, გვარი;

გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომერი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საერთაშორისო პასპორტის ნომერი;

დ) მოქალაქეობა;

ე) პარაპლანის მფრინავის მოწმობის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) და კატეგორია;

ვ) საგამოცდო და აღიარების კომისიის მიერ მიღებული აქტის ნომერი და ასლი, რომლითაც მოხდა მფრინავს ფრენის კატეგორიის აღიარება;

ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადა;

თ) პარაპლანის მფრინავის მართვის უფლების სტატუსი, ხოლო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში – შეჩერების მიზეზი და ვადა.

თავი V

პარაპლანის ცალკეული ელემენტების შემოწმების წესი

მუხლი 16. პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმება

1. პარაპლანი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

ა) ფრთა, ჯამბარები, თავისუფალი ბოლოები;

ბ) ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემა (მგზავრისა და მფრინავის სკამი, სამხრეები და კარაბინები);

გ) სათადარიგო პარაშუტი;

დ) ძრავა და შესაბამისი კომპონენტები (არსებობის შემთხვევაში).

2. პარაპლანის ექსპლუატაციისთვის აუცილებელია მისი ყველა ელემენტის ვარგისიანობა შემოწმებული იყოს ფედერაციის მიერ.

3. მფრინავს არ აქვს უფლება, ფრენები განახორციელოს პარაპლანით, რომელსაც არ აქვს ვარგისიანობის სტატუსი.

4. პარაპლანის თითოეული ელემენტის ვარგისიანობის დადგენა შეიძლება სხვადასხვა დროს, ერთად ან ცალ-ცალკე.

5. პარაპლანის ცალკეული ელემენტის ვარგისიანობას ადგენს ფედერაციის ბაზაზე შექმნილი შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, შეამოწმოს, შეაფასოს ესა თუ ის ელემენტი და შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ელექტრონულ რეესტრში.

6. პარაპლანის ერთ-ერთი ელემენტის ვარგისიანობის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ფედერაციას.

7. დაინტერესებულმა პირმა წარმოდგენილ განცხადებაში უნდა მიუთითოს პარაპლანის იმ ელემენტ(ებ)ის მახასიათებლები, რომლის ვარგისიანობის შემოწმებასაც ითხოვს.

8. განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მწარმოებლის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პარაპლანის ელემენტ(ებ)ის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

გ) პარაპლანის ელემენტ(ებ)ი;

დ) ვარგისიანობის შემოწმებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

9. განცხადების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენმა კომისიამ უნდა შეისწავლოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ვარგისიანობის დოკუმენტი და უშუალოდ შეამოწმოს პარაპლანის ელემენტის ვარგისიანობა.  

10. პარაპლანის ფრთის, ჯამბარების, თავისუფალი ბოლოების საფრენად ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას:

ა) პარაპლანის ფრთაზე ქარხანა-მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სერიული ნომერი, ფრთის მწარმოებელი, მოდელი, ზომა, წონა, ტვირთამწეობის დიაპაზონი და კლასი;

ბ) პარაპლანს უნდა ჰქონდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთი სტანდარტის ქარხნული სერტიფიკატი: EN, LTF, DULV, რომლითაც განისაზღვრება პარაპლანის კლასი; ეს კლასებია: A- სასწავლო/სავარჯიშო; B -საშუალო კლასი; C – სპორტული; D /CCC – მაღალი საშეჯიბრო სპორტული კლასი; Bi – ორადგილიანი; E926- ექსპერიმენტული;

გ) პარაპლანის ფრთაზე დატანილ სერტიფიკატზე მითითებული უნდა იყოს სერიული ნომერი, რომელიც უნდა დადარდეს მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზასთან და ამ გზით დადასტურდეს მისი ვალიდურობა;

დ) სერტიფიკატის ან მწარმოებლის მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს ფრთის ასაკი;

ე) დაუშვებელია ფრთის საფრენად გამოყენება, თუ მისი ასაკი აღემატება 15 წელს;

ვ) კომისიამ საფრენი აპარატი აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეს პარაპლანის თავისუფალი ბოლოების კონსტრუქციის მთლიანობაში, ჯამბარებზე მექანიკური დაზიანების არარსებობაში, ფრთის კონსტრუქციის უპირატესად ცვეთადი არეების მექანიკური დაზიანების არქონასა და ფრთის მზიდი კონსტრუქციის მთლიანობაში;

ზ) ჯამბარების სიგრძის შემოწმებითა და ქარხნულ ზომებთან შედარებით დგინდება ცდომილების ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არა აქვს;

თ) ერთსა და იმავე რიგში პარალელური ჯამბარების შედარების შედეგად დგინდება ცდომილების ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სმ-ს, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არა აქვს;

ი) ფრთის კონსტრუქციის შემადგენელი მატერიის ჰაერგამტარობის მაჩვენებლის დადგენა უნდა მოხდეს პოროსიმეტრით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოებული იყოს სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ;

კ) პოროსიმეტრით აღებული მონაცემები განისაზღვრება ქვემოთ მოცემული სკალით, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არ აქვს:

კ.ა) 200 წმ და მეტი – საუკეთესო;

კ.ბ) 70-200 წმ-მდე – კარგი;

კ.გ) 25-70 წმ-მდე – საშუალო;

კ.დ) 18-25 წმ-მდე – ცუდი;

კ.ე) 18 წმ-ზე ნაკლები – ძალიან ცუდი;

ლ) „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“ შეფასების მქონე ფრთები საფრენად უვარგისია და მათი საფრენად გამოყენება აკრძალულია;

მ) ქარხნული რეკომენდაციების შესაბამისად, შესამოწმებელი ფრთის მოდელისა და კლასის მიხედვით, ჯამბარების „A“ რიგიდან ჰიდრავლიკურ დინამომეტრზე გაწყვეტის გზით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს მზიდი ძირითადი ჯამბარის დატვირთვაზე გამძლეობა და დაუდარდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმას;

ნ) დაუშვებელია 50%-ზე ნაკლები გამძლეობის ჯამბარების მქონე ფრთის გამოყენება;

ო) გაწყვეტილი ჯამბარა აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ახლით. გაწყვეტილი ჯამბარა დალუქულ მდგომარეობაში, შესაბამისი მონაცემების მითითებით, ფრთასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მფლობელს;

პ) სავალდებულოა შეიქმნას სპეციალური დოკუმენტი, სადაც აღინიშნება კომისიის მიერ საფრენი აპარატის ელემენტის შემოწმების შედეგები. ამ შედეგების მიხედვით უნდა დადგინდეს, ვარგისია თუ არა ფრთა;

ჟ) სავალდებულოა ყველა ფრთა აღირიცხოს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში და მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე საფრენად ვარგისიანობის სტატუსი;

რ) თუ მფრინავი წარმოადგენს უცხო ქვეყნის ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ფრთის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტი საკმარისია კომისიის მიერ ფრთის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის, არაუმეტეს წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვისა. თუმცა ფედერაცია ვალდებულია, ასეთ შემთხვევაში ფრთა შეამოწმოს ვიზუალურად. ხსენებული ფრთა უნდა აღირიცხოს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში;

ს) სავალდებულოა ერთადგილიანი ფრთა შემოწმდეს 12 თვეში ერთხელ მაინც, თუ ფრთის ასაკი მიაღწევს სამ წელს, ან ფრთით ნაფრენი საათები გადააჭარბებს 300 საათს;

ტ) სავალდებულოა ორადგილიანი ფრთა შემოწმდეს 12 თვეში ერთხელ მაინც, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 100 საათს;

უ) საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ ფრთის არაგეგმური შემოწმება სავალდებულოა, თუ ადგილი ჰქონდა ფრთის არასწორ გამოყენებას, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება გამოეწვია.

11. პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის (მგზავრისა და მფრინავის სკამის, სამხრეებისა და კარაბინების) საფრენად ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას:

ა) სერიული ნომრითა და სხვა უნიკალური მონაცემებით უნდა დადგინდეს ჩასაჯდომი სისტემის მწარმოებელი, ტიპი და ზომა;

ბ) სავალდებულოა ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის მწარმოებელი ფლობდეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოების მიერ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატს;

გ) ჩასაჯდომ და ჩასაბმელ სისტემას უნდა ჰქონდეს EN, LTF, DHV სტანდარტის, მინიმუმ, ერთი სერტიფიკატი;

დ) ვიზუალური დათვალიერების გზით დგინდება ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის კონსტრუქციის მთლიანობა და დაზიანების ხარისხი;

ე) სავალდებულოა, შემოწმდეს ჩასაბმელი და შესაკრავი მექანიზმების გამართული ფუნქციონირება, დადგინდეს მათი ცვეთის ხარისხი და ამ ხარისხზე დაყრდნობით, მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, განისაზღვროს მექანიზმის ვარგისიანობა;

ვ) შემოწმების შემდეგ კომისიამ უნდა შეადგინოს სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება შემოწმების შედეგები. შემოწმების შედეგები განსაზღვრავს ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის ვარგისიანობას;

ზ) სავალდებულოა ყველა ჩასაჯდომი სისტემა აღირიცხოს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში, მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე – ვარგისიანობის სტატუსი;

თ) თუ მფრინავი წარმოადგენს სხვა ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტი საკმარისია ფედერაციის მიერ ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე, თუმცა ფედერაცია ვალდებულია ასეთ შემთხვევაში ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემა შეამოწმოს ვიზუალურად. ეს ინფორმაცია სავალდებულო წესით შეიტანება ელექტრონულ რეესტრში;

ი) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის შემოწმება სავალდებულოა სამ წელიწადში ერთხელ, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 300 საათს;

კ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის შემოწმება სავალდებულოა 12 თვეში ერთხელ, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 100 საათს;

ლ) ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის არაგეგმური შემოწმება სავალდებულოა საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ, თუ ადგილი ჰქონდა ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის არასწორ გამოყენებას, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება გამოეწვია.

12. პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას:

ა) სერიული ნომრითა და სხვა უნიკალური მონაცემებით უნდა დადგინდეს სათადარიგო პარაშუტის მწარმოებელი, ტიპი, კლასი და ზომა;

ბ) სავალდებულოა სათადარიგო პარაშუტის სისტემის მწარმოებელს ჰქონდეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოების მიერ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი;

გ) სათადარიგო პარაშუტს უნდა ჰქონდეს EN, LTF, DHV სტანდარტის, მინიმუმ, ერთი სერტიფიკატი;

დ) სავალდებულოა მფრინავმა წარმოადგინოს სათადარიგო პარაშუტის გადაკეცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოწმდება პარაშუტის გადაკეცვის თარიღი, ხოლო მესამე, დამოუკიდებელ მხარეზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს დოკუმენტის გამცემი პირის კომპეტენცია;

ე) სავალდებულოა კომისიის მიერ შეიქმნას სპეციალური დოკუმენტი სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს სათადარიგო პარაშუტის ბოლო გადაკეცვის თარიღიდან, რაც ერთადგილიანი პარაპლანებისათვის განკუთვნილი სათადარიგო პარაშუტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო ორადგილიანი პარაპლანებისთვის – 6 თვეს;

ვ) სავალდებულოა სათადარიგო პარაშუტის არაგეგმური შემოწმება საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სათადარიგო პარაშუტის გამოყენებას ან არასწორად მოხმარებას;

ზ) სავალდებულოა ყველა სათადარიგო პარაშუტი აღირიცხოს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში, მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე – ვარგისიანობის სტატუსი;

თ) თუ მფრინავი წარმოადგენს სხვა ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტი საკმარისია კომისიის მიერ სათადარიგო პარაშუტის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე, თუმცა ფედერაცია ვალდებულია, ასეთ შემთხვევაში სათადარიგო პარაშუტი შეამოწმოს ვიზუალურად. ეს ინფორმაცია სავალდებულო წესით შეიტანება ელექტრონულ რეესტრში.

13. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) აალება-ანთების სისტემის გამართულ მუშაობასა და მასზე მექანიკური დაზიანებების არარსებობას;

ბ) ელექტროსისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) მზიდი ხრახნის მთლიანობას, მექანიკური დაზიანებების არარსებობას;

დ) საწვავის განთავსებისა და მიწოდების სისტემის გამართულობას;

ე) მთელი კონსტრუქციის მთლიანობას (მათ შორის, შეერთების სისტემურ წერტილებში მექანიკური დაზიანებისა ან ფოლხვის არარსებობას);

ვ) მზიდი ხრახნით მუშა მდგომარეობაში მოყვანილი ძრავის ბრუნვების შესაბამისობის დადგენას მწარმოებლის მიერ დადგენილ პარამეტრებთან.

14. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების შემოწმება სავალდებულოა 12 თვეში ერთხელ.

15. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების არაგეგმური შემოწმება სავალდებულოა, თუ ადგილი ჰქონდა ძრავისა და მისი ელემენტების არასწორ გამოყენებას, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება.

16. კომისია ვალდებულია საფრენი აპარატის ელემენტის შემოწმების შემდეგ მოამზადოს შესაბამისი დასკვნა.

17. თუ პარაპლანის ელემენტი არის ექსპლუატაციისთვის ვარგისი, კომისიის დასკვნის საფუძველზე ფედერაციამ უნდა გასცეს ვარგისიანობის სერტიფიკატი და შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მახასიათებლების მითითებით:

ა) პარაპლანის იმ ელემენტის ქარხნული სერტიფიკატი, რომლის ვარგისიანობაც შემოწმდა;

ბ) პარაპლანის ელემენტის მწარმოებელი, მოდელი, ზომა, დატვირთვის ზღვრები, მგზავრთა რაოდენობა, კლასი, ფერი, სერიული ნომერი და გამოშვების წელი;

გ) სურათი, რომელზეც გამოსახულია პარაპლანის ფრთა ფრენის პროცესში;

დ) პარაპლანის ელემენტის მფლობელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) კომისიის მიერ გაცემული ვარგისიანობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა.

18. თუ კომისიის დასკვნის მიხედვით პარაპლანის რომელიმე ელემენტი არ არის საფრენად ვარგისი, ფედერაცია ვალდებულია მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს.

19. დაუშვებელია პარაპლანის იმ ელემენტის საფრენად გამოყენება, რომელიც პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა უვარგისად.

თავი VI

ფედერაცია

მუხლი 17. კომისიების ფორმირების წესი

1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, თავისივე ფორმირებული კომისიების მეშვეობით, ახორციელებს ფედერაცია.

2. ფედერაცია ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კომისიების მიერ მიღებული დასკვნით.

3. წინამდებარე წესით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება ფედერაციის მიერ წერილობითი ფორმით და მას ხელმოწერით ადასტურებს ფედერაციის თავმჯდომარე. სავალდებულოა ფედერაციის გაცემული წერილობითი დოკუმენტები აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. ფედერაციამ ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა შექმნას შემდეგი კომისიები:

ა) ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამდგენი კომისია;

ბ) საგამოცდო და აღიარების კომისია;

გ) პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია;

დ) მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია.

5. ფედერაცია კომისიების წევრების შესარჩევად აცხადებს კონკურსს. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კომისიის წევრები ინიშნებიან კონკურსის წესით ერთი წლის ვადით.

6. ფედერაციის მიერ ფორმირებული თითოეული კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისგან.

7. ფედერაცია ვალდებულია აწარმოოს მის მიერ მიღებული და გამოცემული წერილობითი დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი.

მუხლი 18. კომისიების ფუნქციები

1. ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამდგენი კომისიის ფუნქციებია:

ა) ოპერატორის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სერტიფიცირების პროცესში ოპერატორის საქმიანობის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგი, კომპეტენტური პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემოწმება/შეფასება;

ბ) საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის პროცესის წარმართვა, საფრენი ლოკაციის შესწავლისა და ვარგისიანობის დასადგენად სპეციალური საექსპედიციო ჯგუფის ფორმირება, საექსპედიციო ჯგუფისთვის სამუშაო ამოცანის განსაზღვრა, მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზი და შეფასება, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა პარაპლანით ფრენების განხორციელებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით;

გ) საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის შესახებ შესაბამისი დასკვნის მომზადება;

დ) ოპერატორის სერტიფიცირებისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის შესახებ დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

ე) ფედერაციის მიერ ოპერატორის სერტიფიცირებასა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ელექტრონულ რეესტრში ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის შესახებ ინფორმაციის შეტანა ან/და მისი განახლება.

2. საგამოცდო და აღიარების კომისიის ფუნქციებია:

ა) მფრინავებისთვის პარაპლანის მართვის შესაბამისი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მინიჭების პროცესის წარმართვა;

ბ) მართვის შესაბამისი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მისანიჭებლად საგამოცდო პროცესის თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ორგანიზება და წარმართვა, საგამოცდო საკითხების შეფასება/ანალიზი, შესაბამისი დასკვნის მომზადება, პარაპლანით მფრინავის მართვის მოწმობის გაცემაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პარაპლანით მფრინავის მართვის მოწმობის აღიარების პროცედურის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება;

 დ) პარაპლანით მფრინავის მართვის მოწმობის აღიარებაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

ე) შესაბამისი ელექტრონული რეესტრების წარმოება, მათში მფრინავების, მათი კატეგორიის, მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადის, სტატუსისა და წინამდებარე წესით განსაზღვრული სხვა მონაცემების შესახებ ინფორმაციის შეტანა და მისი განახლება.

3. პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისიის ფუნქციებია:

ა) პარაპლანის შემადგენელი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის პროცესის წარმართვა; შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათი სამუშაო დავალების განსაზღვრა, რომელიც გულისხმობს საფრენი აპარატის ან მისი ცალკეული ელემენტის ვარგისიანობის დადგენას ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) საფრენი აპარატის ან მისი ელემენტის შესწავლისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი დასკვნის მომზადება, პარაპლანის ელემენტის ვარგისიანობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

გ) ელექტრონული რეესტრის წარმოება; პარაპლანის შემადგენელი ელემენტის ვარგისიანობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეტანა და მისი განახლება.

4. მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისიის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ოპერატორის საქმიანობის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. ოპერატორის გეგმური შემოწმება უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ მაინც;

ბ) მონიტორინგი გაუწიოს მფრინავის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას;

გ) გასცეს რეკომენდაცია მფრინავისთვის პარაპლანის მფრინავის მოწმობის დროებით (არაუმეტეს 6 თვისა) შეჩერების ან გაუქმების თაობაზე ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) დამოუკიდებლად დაგეგმოს გეგმური და არაგეგმური შემოწმება; შემოწმების შემდეგ მოამზადოს შესაბამისი დასკვნა; ამ დასკვნის საფუძველზე გასცეს რეკომენდაციები, მიმართოს ფედერაციას მის მიერ გაცემული სერტიფიკატის დროებით შეჩერების, შეჩერებული ვადის გაგრძელების ან გაუქმების თაობაზე. შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ელექტრონულ რეესტრში;

დ.ა) მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია ფედერაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე ამზადებს დასკვნას შემდეგ შემთხვევებში:

დ.ა.ა) თუ სერტიფიკატის მფლობელი სუბიექტი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

დ.ა.ბ) დაარღვია უსაფრთხო ფრენის ამ წესითა ან/და „დანართი 2“-ით განსაზღვრული წესები;

დ.ა.გ) თავად სერტიფიკატის მფლობელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში;

დ.ა.დ) სერტიფიკატის მოქმედება უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ სრულად არ აღმოიფხვრება შეჩერების საფუძველი, მაგრამ ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 30 დღით;

დ.ბ) მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია ამზადებს დასკვნას სერტიფიკატის გაუქმების შესახებ:

დ.ბ.ა) თუ განხორციელდა სერტიფიკატის მქონე სუბიექტის ლიკვიდაცია;

დ.ბ.ბ) თუ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

დ.ბ.გ) თუ სერტიფიკატის მქონე სუბიექტი არ იცავს და რეგულარულად არღვევს ფრენის უსაფრთხოების ამ წესით ან/და „დანართი 2“-ით განსაზღვრულ წესებს;

დ.ბ.დ) სერტიფიკატის მფლობელი სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე;

დ.გ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ფედერაცია ვალდებულია, გააუქმოს ან შეაჩეროს საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მუხლის 19. ფედერაციის ვალდებულებები

1. ფედერაცია ვალდებულია დაიცვას ამ წესის მოთხოვნები და უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა.

2. ფედერაცია ვალდებულია ითანამშრომლოს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

3. ფედერაცია ვალდებულია ითანამშრომლოს და იმოქმედოს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა“ და შპს „საქაერონავიგაციასთან“ შეთანხმებულად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საკითხებზე. ასევე, საჭიროებისამებრ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.

4. საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მითითებების შესრულება ფედერაციისთვის სავალდებულოა.

5. ფედერაცია ვალდებულია ჰქონდეს შემდეგი ელექტრონული რეესტრები:

ა) ოპერატორის სერტიფიცირების რეესტრი;

ბ) საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების რეესტრი;

გ) მფრინავთა კომპეტენციის განმსაზღვრელი კატეგორიების რეესტრი;

დ) საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობის განმსაზღვრელი რეესტრი.

6. ელექტრონული რეესტრები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე, მუდმივად განახლებადი და აქტიური. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ხარვეზის დროულად აღმოფხვრა.

7. ფედერაციას უნდა ჰქონდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ სანქციის გამოყენების შეტყობინების მიღების შესაბამისი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს დროში და მარტივი გზით ფედერაციისთვის ელექტრონულ რეჟიმში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.

მუხლი 20. ზედამხედველობა ფედერაციის საქმიანობაზე

1. ფედერაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

2. ზედამხედველობის ფარგლებში სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვროს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა.

3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი ნაკლოვანებები, სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდოს ან შეაჩეროს ფედერაციის საქმიანობა.

4. სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფედერაციის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია პარაპლანით ფრენების განხორციელება.

5. სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვალდებულია ფედერაციის საქმიანობის შეჩერებისა და აღდგენის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 21. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია

1. სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ან ფედერაციის წარმომადგენლის/ოპერატორის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ფედერაციის წარმომადგენელი/ოპერატორი უფლებამოსილია რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია აღკვეთოს სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით ოპერირება.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია აღკვეთოს სერტიფიცირებული ლოკაციის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე განხორციელებული კომერციული ფრენა, ასევე, უფლებამოსილია აღკვეთოს არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ აღნიშნული ხორციელდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ასევე უფლებამოსილია აღკვეთოს ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით განხორციელებული ფრენა.

5. სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციებისა და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოებული ფრენების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას აწვდის ფედერაცია.

6. ფედერაციის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენების აკრძალვაზე კონტროლს.

მუხლი 22. სერტიფიცირებისა და მფრინავის მოწმობის მიღებისთვის დადგენილი საფასურები

1. საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს – 3000 ლარს.

2. პარაპლანის:

ა) ფრთის, ჯამბარების, თავისუფალი ბოლოების ჩასაჯდომი/ჩასაბმელი სისტემის და სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის მთლიანად შემოწმების ღირებულება შეადგენს 180 ლარს;

ბ) პარაპლანის აღჭურვილობის ერთი რომელიმე ელემენტის შემოწმების ღირებულება შეადგენს -75 ლარს.

3. ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს 1500 ლარს.

4. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 60 ლარს.

5. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 180 ლარს.

6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების საფასური შეადგენს 50 ლარს.

7. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასური შეადგენს 100 ლარს ერთი ქვეკატეგორიისათვის.

 

დანართი №1

მგზავრის საინფორმაციო თანხმობის ბარათის ფორმა

 

მგზავრი ვალდებულია:

  • ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს მფრინავს;

  • იყოს ფხიზელ მდგომარეობაში;

  • ზედმიწევნით შეასრულოს მფრინავის მითითებები; წინააღმდეგ შემთხვევაში მფრინავი პასუხს არ აგებს შედეგზე;

  • თუ მგზავრი არასრულწლოვანია, შეთანხმებას ხელს აწერს მისი მშობელი ან მეურვე.

 

გაფრთხილება: მგზავრმა უნდა იცოდეს, რომ პარაგლაიდინგი არის ექსტრემალური სპორტისა და გართობის საშუალება, ამიტომ, მიუხედავად სწორად შერჩეული ამინდისა, გამართული აღჭურვილობისა და მფრინავის პროფესიონალიზმისა, შეიძლება, შეიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებს.

 

მე, --------- --------------------, გავეცანი წინამდებარე საინფორმაციო ბარათს, მფრინავისა და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის მიერ დეტალურად განმემარტა წესები, რომლებიც უნდა დავიცვა აფრენისას, ჰაერში ყოფნისას და დაჯდომისას, რათა ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას რაიმე სახის საფრთხე. ვაცხადებ, რომ ვარ ჯანმრთელი, არ ვარ ორსულად, არ ვიმყოფები ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

 

 

მგზავრის ხელმოწერა: ________________________

 

 თარიღი: _____________________

 

 

ფრენების აღრიცხვის ფორმა

თარიღი:  ___  __________  ____

ფრენის ხელმძღვანელი (სახელი, გვარი)

 

ლოკაციის დასახელება

 

ოპერატორის დასახელება

 

სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის წევრები

 

 

 

 

 

 

საერთო საფრენი მოცემულობა

ქარის მიმართულება

 

ქარის სიჩქარე/ცვალებადობა

 

ღრუბლიანობა

 

ხილვადობა

 

 

განხორციელებული ფრენები

აფრენის დრო

მფრინავის სახელი და გვარი

კომერციული/

არაკომერციული

ერთადგილიანი/

ორადგილიანი

მოდერაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა ( ივსება ინციდენტებისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, რომლებიც სრულად და დეტალურად უნდა აღიწეროს ამ ველში).

 

ფრენის ხელმძღვანელის ხელმოწერა:

__________________________________

 

დანართი №2

ფრენის წარმოების ზოგადი წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. წინამდებარე წესის მიზანია, პარაპლანით ფრენების წარმოების პროცესში ჩართული სუბიექტებისათვის განსაზღვროს ზოგადი მოთხოვნები და მოქმედებების თანამიმდევრობა ფრენის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ეს წესი განსაზღვრავს იმ პირობებს, როცა მიზანშეწონილია ფრენების წარმოება და იმ გარემოებებს, როდესაც ფრენების წარმოება დაუშვებელია ან/და უნდა შეწყდეს.

2. წინამდებარე წესის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა პარაპლანით ფრენების წარმოების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტისთვის.

3. ეს წესი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის აუცილებელი გარემოს განსაზღვრისა და ფრენების წარმოების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს;

ბ) წინასასტარტო მომზადებასა და სტარტს/აფრენას;

გ) ფრენის პროცესს;

დ) დასაჯდომ მოედანზე დაშვებას/დაჯდომას;

ე) ფრენების წარმოების შეწყვეტას;

ვ) ინციდენტების მართვის პროცესს.

თავი II

უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის საჭირო გარემოებების განსაზღვრა

მუხლი 2. ძირითადი მოთხოვნები

1. ფრენების დაწყებამდე აუცილებელია, შეფასდეს საერთო საფრენი მოცემულობა და რისკები. შეფასებისას ფრენების წარმოების პროცესში ჩართულმა სუბიექტებმა უნდა იხელმძღვანელონ წინამდებარე წესის მოთხოვნებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება ფრენების წარმოების დაწყებაზე.

2. ფრენების დაწყებამდე უნდა შედგეს საფრენი გეგმა სახიფათო და აკრძალული საფრენი ზონებით, ჰაერში ურთიერთარიდებისა და ნაკადში ტრიალის მიმართულებებით. საფრენ გეგმას უნდა გაეცნოს ფრენის პროცესში მონაწილე ყველა პირი.

3. საფრენი გეგმის შედგენის თაობაზე, ფრენების დაწყებასა და დასრულებაზე მფრინავმა უნდა აცნობოს ფედერაციას და დაელოდოს მის დასტურს. დასტურის მიღებამდე ფრენის დაწყება აკრძალულია.

4. თუ ფრენებს გეგმავს სერტიფიცირებული ოპერატორი, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულება ევალება ფრენების ხელმძღვანელს.

მუხლი 3. პარაპლანით ფრენის ძირითადი მოთხოვნები

პარაპლანით ფრენა უნდა განხორციელდეს:

ა) მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის პერიოდში;

ბ) ხმელეთის ზედაპირთან მუდმივი ვიზუალური კავშირის შენარჩუნებით;

გ) ასაფრენ ტრაექტორიაზე შემხვედრი ქარის მიმართულება არ უნდა სცდებოდეს 45 გრადუსს;

დ) რეგულარული ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 25 კმ/სთ-ს, მეყსეული ქარის სიჩქარე კი – 36 კმ/სთ-ს;

ე) ვიზუალური მხედველობის არეალი არ უნდა იყოს 3 კმ-ზე ნაკლები;

ვ) ფრენის ტრაექტორიიდან 10 კმ-ის რადიუსში არ უნდა შეიმჩნეოდეს საავდრო ღრუბლების ფორმირება;

ზ) ღრუბელწარმოქმნის ქვედა ზღვარი არ უნდა იყოს ასაფრენი მოედნიდან 300 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე.

მუხლი 4. პარაპლანით ფრენის აკრძალვა

პარაპლანით ფრენა აკრძალულია:

ა) არასერტიფიცირებული საფრენი აღჭურვილობით;

ბ) დაზიანებული საფრენი აღჭურვილობით;

გ) ჩაფხუტის, საკომუნიკაციო საშუალების, სერტიფიცირებული ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემისა და სათადარიგო პარაშუტის გარეშე;

დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური, ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

ე) მაშინ, როდესაც ფრენისთვის გამოყენებული პარაპლანისა და სათადარიგო პარაშუტის დატვირთვის საზღვრები არ შეესაბამება რეალური დატვირთვის წონას;

ვ) ერთადგილიანი პარაპლანით მგზავრთან ერთად;

ზ) ორზე მეტ პირთან ერთად ორადგილიანი პარაპლანით;

თ) PGS კატეგორიის, S და RS ქვეკატეგორიის მფლობელი მფრინავისთვის B კლასზე მაღალი კატეგორიის პარაპლანით;

ი) ორადგილიანი პარაპლანით პირისთვის, რომელიც ფლობს მხოლოდ PGS SINGLE კატეგორიას;

კ) ნალექიან ამინდში – წვიმის, თოვის, სეტყვის დროს;

ლ) 3 კმ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში;

მ) თუ აფრენისას ღრუბლიანობა აღემატება ხილვადი ცის 2/3-ს და დასაჯდომი მოედანი დაფარულია ნისლით;

ნ) 25 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის რეგულარული და 36 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის მეყსეული ქარის პირობებში;

ო) აფრენისას შემხვედრი ქარის მიმართულების კუთხის ცვალებადობის შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ მიმართულებასა და შემხვედრი ქარის მიმართულებას შორის კუთხე აღემატება 45 გრადუსს;

პ) თუ დასაჯდომ მოედანზე შეიმჩნევა ქარბორბალას ინტენსიური ფორმირება და ამას აქვს ხშირი ხასიათი;

ჟ) თუ ფრენის ტრაექტორიიდან 10 კმ-ის რადიუსში შეიმჩნევა საავდრო ღრუბლების ფორმირება;

რ) თუ ასაფრენი მოედნის დახრილობა ასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ აღემატება 30 გრადუსს;

ს) თუ ასაფრენი ტრაექტორიის აფრენის წერტილიდან 30 მ-ზე ახლოს მდებარეობს:

ს.ა) მაღალი ძაბვის ხაზები;

ს.ბ) საბაგირო;

ს.გ) შენობა-ნაგებობები;

ს.დ) 5 მ-ზე მაღალი ხეები;

ს.ე) 1 მ-ზე მაღალი ლოდები;

ს.ვ) კლდოვანი და ლოდიანი ხრამები;

ს.ზ) სარკინიგზო და საავტომობილო გზები, რომლებზეც შეიმჩნევა ინტენსიური მოძრაობა;

ს.თ) აეროდრომის კონტროლირებად არეში შპს „საქაერონავიგაციასთან“ შეთანხმების გარეშე;

ს.ი) ფრენისთვის შეზღუდულ და აკრძალულ არეებში;

ტ) თუ ერთი დღის განმავლობაში ორადგილიანი პარაპლანის მფრინავის ნაფრენი საათების რაოდენობა აღემატება ოთხ საათს.

თავი III

წინასასტარტო მომზადება და სტარტი/აფრენა

მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები წინასასტარტო მომზადებისას

1. თუ წინასასტარტო მომზადება ხორციელდება სერტიფიცირებულ მოედანზე, მომზადების პროცესი უნდა წარიმართოს სტარტისთვის გამოყოფილ ადგილას სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფისა და ფრენების ხელმძღვანელის უშუალო ჩართულობით.

2. არასერტიფიცირებულ სასტარტო მოედნებზე წინასასტარტო მომზადება უნდა განხორციელდეს ისეთ ადგილებში, სადაც მცირეა უნებლიე სტარტის ალბათობა.

მუხლი 6. წინასასტარტო მომზადება

1. მფრინავმა აფრენამდე უნდა შეამოწმოს ფრთა, ჯამბარები, სათადარიგო პარაშუტის ჩეკა და სახელური, ასევე დარწმუნდეს რადიოკავშირის გამართულ ფუნქციონირებაში.

2. მფრინავი უნდა დარწმუნდეს დამხმარე საფრენი საშუალებების გამართულ ფუნქციონირებაში.

3. მფრინავი უნდა დარწმუნდეს, რომ დამხმარე საფრენი საშუალებების კვების ელემენტების მუხტი საკმარისია ფრენის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მისი ფუნქციონირებისათვის.

4. მფრინავმა უნდა შეაფასოს საერთო საფრენი მოცემულობა, მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი ამინდის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის შესახებ.

5. სერტიფიცირებულ სასტარტო მოედანზე წინასასტარტო მომზადების პროცესში მფრინავმა უნდა ითანამშრომლოს ფრენის ხელმძღვანელთან და დაემორჩილოს მის მოთხოვნებს.

6. მოტორიზებული ფრენების შემთხვევაში ძრავის საცდელი გაშვებით მფრინავი უნდა დარწმუნდეს მის გამართულად მუშაობასა და საწვავის მარაგის არსებობაში.

7. წინასასტარტო მომზადება არ უნდა განხორციელდეს უშუალოდ სასტარტო პოზიციაზე.

8. ორადგილიანი ფრენების შემთხვევაში მფრინავმა მგზავრს უნდა ჩაუტაროს მოკლე ინსტრუქტაჟი, მოამზადოს ფრენისთვის, მოარგოს ჩასაჯდომი აღჭურვილობა და ჩაფხუტი.

მუხლი 7. სტარტი

1. სტარტისთვის მომზადება და აფრენა დასაშვებია წინასასტარტო მომზადების დასრულების შემდეგ, თუ მფრინავი აცხადებს სტარტისთვის მზადყოფნას. სერტიფიცირებულ სასტარტო მოედნებზე აუცილებელია ფრენების ხელმძღვანელის სიტყვიერი თანხმობა მოსამზადებელი სივრციდან სასტარტო პოზიციაზე გადასვლის, სასტარტო მომზადებისა და აფრენისათვის.

2. მფრინავმა აფრენამდე უნდა აირჩიოს სწორი სასტარტო პოზიცია, გაშალოს ფრთა და, საჭიროების შემთხვევაში, მისცეს მითითებები სახმელეთო უზრუნველყოფის დამხმარე პერსონალს; მოირგოს საფრენი აღჭურვილობა, შეამოწმოს და დარწმუნდეს ჩაბმის ელემენტების გამართულ და სწორ ფუნქციონირებაში.

3. მფრინავმა აფრენამდე უნდა ჩართოს და მუშა მდგომარეობაში მოიყვანოს კავშირგაბმულობისა და სხვა დამხმარე საფრენი ტექნიკური ინსტრუმენტები.

4. მფრინავმა აფრენამდე უნდა გამოიყვანოს ფრთა საკუთარ ჩასაჯდომ სისტემასთან ჩაუბმელად და დარწმუნდეს ფრთის გამართულობაში.

5. მფრინავმა აფრენამდე უნდა დაათვალიეროს საჰაერო სივრცე ვიზუალურად, განსაზღვროს სწორი სასტარტო პოზიცია და დრო.

6. მფრინავმა ფრთის თავისუფალი ბოლოები უნდა დაამაგროს საკუთარ ჩასაჯდომ სისტემაზე და დარწმუნდეს ჩაბმის სისწორეში.

7. მფრინავმა უნდა განახორციელოს აფრენა მას შემდეგ, რაც სიტყვიერად განაცხადებს აფრენის მზადყოფნის შესახებ და დარწმუნდება აფრენისათვის სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობაში.

8. ორადგილიანი ფრენების შემთხვევაში მგზავრი უნდა მიაბას ორადგილიან ჩასაბმელ სისტემას, სამხრეებზე წინიდან და უნდა დარწმუნდეს ჩაბმის სისწორეში.

9. ორადგილიანი პარაპლანით ფრენისას სერტიფიცირებულ სასტარტო მოედანზე მფრინავმა მგზავრისგან უნდა მიიღოს აფრენაზე საბოლოო სიტყვიერი თანხმობა, გამოაცხადოს სტარტისთვის მზადყოფნა, დაელოდოს ფრენების ხელმძღვანელის თანხმობას და აფრინდეს.

თავი IV

ფრენის პროცესი

მუხლი 8. ძირითადი მოთხოვნები

1. მფრინავი ვალდებულია, ფრენის პროცესში სრულად გაითვალისწინოს ამ წესის მოთხოვნები.

2. ფრენისას მფრინავმა მუდმივად უნდა იქონიოს ვიზუალური კონტაქტი სხვა საფრენ აპარატებთან და ხმელეთის ზედაპირთან.

3. ორადგილიანი პარაპლანით ფრენისას მფრინავმა მუდმივად უნდა აკონტროლოს მგზავრის მდგომარეობა.

4. ფრენა ხორციელდება წინასწარ გაცხადებული საფრენი გეგმისა და ტრაექტორიის შესაბამისად.

5. ერთ სიმაღლეზე შემხვედრი ტრაექტორიით მოძრავი პარაპლანების ერთმანეთის მიმართ აქცევა ხდება მარჯვნივ არიდებით. მფრინავი, რომელსაც მარჯვენა მხარეს აქვს თავისუფალი ზონა, ვალდებულია, მარჯვნივ გადაადგილებით დაუთმოს გზა შემხვედრ ტრაექტორიაზე მოძრავ პარაპლანს.

6. თერმულ ნაკადში ტრიალის მიმართულებას განსაზღვრავს ნაკადში პირველად შესული პარაპლანის ტრიალის მიმართულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფრენების ხელმძღვანელი წინასასტარტო თათბირზე ნაკადში ტრიალის მიმართულების განსხვავებულ წესს ადგენს.

7. თუ საფრენი დღის განმავლობაში ადგილი აქვს რაიმე სახის გაუთვალისწინებელ გარემოებას, მაგალითად, მკვეთრად გაუარესდა ამინდი, შპს „საქაერონავიგაციისგან“ ან ფედერაციისგან მიღებულ იქნა შეტყობინება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ადგილი აქვს პარაპლანის ჩამოვარდნით გამოწვეულ ინციდენტს და ა.შ., მფრინავები ვალდებულნი არიან, შეძლებისდაგვარად სწრაფად დაასრულონ ფრენა. სერტიფიცირებულ სასტარტო და დასაჯდომ მოედანზე ფრენების დასრულების შესახებ მითითება უნდა გასცეს ფრენების ხელმძღვანელმა.

8. უშუალოდ ფრენის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მფრინავი ვალდებულია, ამის თაობაზე, შესაძლებლობის ფარგლებში, აცნობოს სხვა მფრინავებს ან ფრენების ხელმძღვანელს, თუ ფრენის წარმოება სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე ხდება და განახორციელოს დაჯდომა სწრაფად და უსაფრთხოდ.        

მუხლი 9. აკრძალვები პარაპლანით ფრენის პროცესში

1. პარაპლანით ფრენისას აკრძალულია:

ა) რაიმე საგნების გადმოყრა ან ნივთიერებების გაფრქვევა;

ბ) ფრენა ღრუბლების სიახლოვეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე და 3 კილომეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში;

გ) კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შესვლა უფლებამოსილი ორგანოების თანხმობის გარეშე;

დ) სტრატეგიული და სახელმწიფო ობიექტების თავზე ფრენა;

ე) მაღალი ძაბვის გამანაწილებელი სადგურების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ჰიდროელექტროსადგურების სიახლოვეს ფრენა;

ვ) სახელმწიფო საზღვრებთან მიახლოება 5 კმ-ით ნაკლებ მანძილზე;

ზ) ფრენა ტურბულენტურ და როტორულ ზონებში;

თ) მიახლოება ვერტიკალურ კლდოვან ზედაპირებთან ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 50 მ-ზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფრენები ხორციელდება საფრენად ვარგის ლოკაციაზე და ფედერაციის მიერ დადგენილია კლდესთან მიახლოების სხვა სიდიდეები.

2. პარაპლანით ფრენისას პირი ვალდებულია, გზა დაუთმოს ყველა სხვა საჰაერო ხომალდს.

3. ძრავიანი პარაპლანით ფრენისას პირი ვალდებულია, გზა დაუთმოს პარაპლანს ძრავის გარეშე.

4. კონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებში პარაპლანით ფრენა ხორციელდება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.

მუხლი 10. პარაპლანით ფრენის შეწყვეტის პირობები

პარაპლანით ფრენა უნდა შეწყდეს:

ა) ამინდის მკვეთრი გაუარესებისას;

ბ) საფრენი აღჭურვილობის დაზიანებისას;

გ) მფრინავის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისას;

დ) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ან ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე;

ე) შპს „საქაერონავიგაციის“ მოთხოვნის საფუძველზე;

ვ) სერტიფიცირებული საფრენი მოედნის ფრენის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე.

თავი V

დასაჯდომ მოედანზე დაშვება/დაჯდომა

მუხლი 11. ზოგადი დებულებები

1. დასაჯდომ მოედანზე დაშვება/დაჯდომა ხორციელდება წინასწარ გაცხადებული საფრენი გეგმის შესაბამისად, მოცემული მეტეოროლოგიური პირობებისა და ქარის სიმძლავრის/მიმართულების გათვალისწინებით.

2. დაშვებამდე მფრინავმა ვიზუალური ორიენტირების დახმარებით უნდა განსაზღვროს ქარის მიმართულება და დაგეგმოს დაჯდომის ტრაექტორია ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით.

3. დაშვების დაწყების შემდგომ აკრძალულია მკვეთრი მანევრების შესრულება.

4. დაჯდომა უნდა განხორციელდეს ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ.

5. ორადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში მფრინავი ვალდებულია, დაშვების დაწყებისთანავე გააფრთხილოს მგზავრი და მოამზადოს იგი დაშვება-დაჯდომისთვის.

6. მფრინავი ვალდებულია, დაჯდომის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად გაერიდოს დასაჯდომ მოედანს, რათა გაუთავისუფლოს დასაჯდომი ზონა სხვა პარაპლანებს.

7. დაუშვებელია დაჯდომა ხმელეთის იმ ზედაპირზე, სადაც გვხვდება დიდი ლოდები, სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტურბულენტური ზონები, მჭიდრო დასახლებები. დაჯდომა აკრძალულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების სიახლოვეს.

თავი VI

მოქმედებების გეგმა ექსტრემალურ სიტუაციებში

მუხლი 12. ექსტრემალურ სიტუაციაში ქცევის ძირითადი მოთხოვნები

1. ექსტრემალურ სიტუაციად ითვლება ინციდენტები, რომლებიც პარაპლანით ფრენისას იწვევს მფრინავის ან მგზავრის დაშავებას.

2. ფრენის წარმოების პროცესში ჩართულმა ყველა პირმა უნდა იცოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ნომერი (112).

3. სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე ექსტრემალური სიტუაციის დადგომისას, ფრენის ხელმძღვანელი ვალდებულია, ინციდენტის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და ხელი შეუწყოს მათ მუშაობის პროცესში. სამსახურის თანამშრომლების ინციდენტის ადგილზე გამოცხადებამდე, უზრუნველყოს პირველადი დახმარების აღმოჩენა.

4. თუ ინციდენტი მოხდა არასერტიფიცირებულ მოედანზე, მფრინავმა ინციდენტის თაობაზე (შესაძლებლობის ფარგლებში) უნდა შეატყობინოს სხვა მფრინავებს და აცნობოს კოორდინატები; საჭიროების შემთხვევაში, აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

5. თუ ფრენის პროცესში მფრინავი ამჩნევს, რომ სხვა მფრინავი ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვდა, იგი ვალდებულია, ინციდენტის შესახებ რადიოკავშირით აცნობოს სხვა მფრინავებს, განახორციელოს დაჯდომა და დაზარალებულს გაუწიოს პირველადი დახმარება; საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტის შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მოცემული ვითარების დადგომის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ფედერაციას.

დანართი №3

პრაქტიკული გამოცდა და გამოცდის ჩატარების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს პრაქტიკული გამოცდის ჩატარების პროცედურებს, რომელთა წარმატებით დაძლევის საფუძველზე კანდიდატს ენიჭება მფრინავის შესაბამისი კატეგორია/ქვეკატეგორია.

2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა კანდიდატისთვის, რომლებიც თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ფედერაციას მიმართავენ მფრინავის მართვის მოწმობის გაცემისა და ფრენის კატეგორიის/ქვეკატეგორიის მინიჭების მოთხოვნით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ჩეკა – სპეციალური მავთული, რომლის სწორ პოზიციაში ყოფნა გამორიცხავს სათადარიგო პარაშუტის უნებლიე გაშლის შესაძლებლობას.

2. რევერსული სტარტი – სასტარტო მიმართულებასთან ზურგშექცევით აფრენა.

3. top landing – აფრენა და დაჯდომა ერთსა და იმავე ადგილზე.

4. თერმული ნაკადი – ატმოსფერული მოვლენა, რომელიც განპირობებულია დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობით, რაც იწვევს ქვემოდან ზემოთ ვერტიკალურად თბილი ჰაერის მასების სვეტისებრ მოძრაობას.

5. დინამიკური ნაკადი – თანაბრად გადაადგილებადი ჰაერის მასა, რომელიც, ზედაპირის რელიეფის გამო, იძენს გადაადგილების ვერტიკალურ მიმართულებას.

6. დემფირება – მანევრი, რომელიც მოხვევის შემთხვევაში ფრთის თანაბარი გადაადგილების საშუალებას იძლევა.

7. კანდიდატი – პირი, რომელიც მფრინავის კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მოპოვებისათვის აბარებს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდებს.

8. პილონი – ნაჭრისგან დამზადებული კონუსური ფორმის კონსტრუქცია, 7-10 მეტრი სიმაღლის, 2-3-მეტრი რადიუსის ძირით, რომელიც გამოიყენება საჩვენებელი და საგამოცდო ფრენებისთვის.

9. სამპილონიანი ფრენა – პილონებს შორის ზიგზაგური ფრენა.

10. სამუშაო ბრუნი – ძრავიანი პარაპლანის შემთხვევაში, ძრავის ბრუნის რიცხვი, რომელიც შეესაბამება მაქსიმალური გაწევის ძალას.

მუხლი 3. პრაქტიკული საგამოცდო საფრენი ამოცანები და დავალებები

1. გამოცდის პრაქტიკული ნაწილის მიზანია, გამოავლინოს პირის პარაპლანის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოთხოვნილი ქვეკატეგორიების მიხედვით, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ერთადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGS Single:

ა.ა) RS ქვეკატეგორიისთვის:

ა.ა.ა) კანდიდატმა აფრენამდე უნდა შეამოწმოს ფრთა, ჯამბარები, დარწმუნდეს, რომ სათადარიგო პარაშუტის „ჩეკა” და სახელური გამოსაყენებლად მზადაა; ასევე დარწმუნდეს რადიოკავშირის გამართულ ფუნქციონირებაში;

ა.ა.ბ) კანდიდატი უნდა მოემზადოს ასაფრენად, აფრენის წინ დაათვალიეროს საჰაერო სივრცე, განსაზღვროს სტარტისთვის სწორი დრო;

ა.ა.გ) კანდიდატმა უნდა შეარჩიოს სწორი სასტარტო პოზიცია ამინდის შესაბამისად;

ა.ა.დ) სასტარტო პოზიციაზე კანდიდატმა ფრთა უნდა გამოიყვანოს რევერსული სტარტით და გააჩეროს 30 წამის განმავლობაში, შეამოწმოს ფრთა ვიზუალურად და დარწმუნდეს მის გამართულობაში;

ა.ა.ე) კანდიდატმა აფრენამდე რადიოკავშირის საშუალებით უნდა გამოხატოს ფრენისთვის მზადყოფნა და ფრენების ხელმძღვანელის თანხმობით აფრინდეს;

ა.ა.ვ) აფრენისას კანდიდატი უნდა შევიდეს დინამიკურ ნაკადში და აიღოს სიმაღლე, საწინააღმდეგო საჭის დაბალანსებით (დემფირებით) შეასრულოს 180°-იანი მოხვევებით;

ა.ა.ზ) კანდიდატმა უნდა იფრინოს მინიმალური დაშვებული სიჩქარით (მაღალი შეტევის კუთხით);

ა.ა.თ) კანდიდატმა დინამიკურ ნაკადში უნდა აიღოს სიმაღლე, შემდეგ დაბრუნდეს სასტარტო მოედანთან და დაჯდეს ასაფრენ მოედანზე, შეასრულოს ე.წ. top landing;

ა.ა.ი) კანდიდატმა ასაფრენ მოედანზე დაჯდომის შემდეგ ფრთა უნდა შეინარჩუნოს საფრენ მდგომარეობაში და ხელახლა აფრინდეს;

ა.ა.კ) დასაჯდომ მოედანზე შემოსვლისას კანდიდატმა უნდა შეასრულოს შემდეგი მანევრები: პარაპლანის საფრენი ზედაპირის ფართობის შემცირების ხარჯზე ფრთის პარაშუტირების რეჟიმში გადაყვანა და ამ რეჟიმიდან გამოყვანა;

ა.ა.ლ) დასაჯდომ მოედანთან 90˚-ით მოხვევის შემდეგ კანდიდატი უნდა დაჯდეს მონიშნული წერტილიდან 15 მეტრის რადიუსში;

ა.ბ) TS ქვეკატეგორიის საგამოცდო ფრენაზე დაიშვებიან მხოლოდ RS ქვეკატეგორიის მფრინავები. მფრინავმა ამ ქვეკატეგორიის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა.ბ.ა) ფრენისას თერმული ნაკადის პოვნა და ამ ნაკადში შესვლა, სწორი დამუშავება და, მინიმუმ, 100 მეტრი სიმაღლის აღება;

ა.ბ.ბ) თერმული ნაკადიდან გამოსვლა, სხვა ნაკადის პოვნა და დამუშავება;

ა.ბ.გ) თერმული ნაკადიდან გამოსვლა და თავიდან შესვლა საპირისპირო მიმართულებით;

ა.ბ.დ) თერმულ ნაკადში სიმაღლის აღება, სასტარტო მოედანზე დაბრუნება და დაჯდომა (Top Landing);

ა.ბ.ე) თერმულ ნაკადში ორ ან მეტ საფრენ აპარატთან ერთად ფრენისას არიდების და ამ წესით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვა;

ა.ბ.ვ) აფრენისა და დაჯდომისას ყურადღება ექცევა, როგორ იცავს და აკმაყოფილებს მფრინავი RS ქვეკატეგორიის მოთხოვნებს;

ა.გ) CC ქვეკატეგორიის საგამოცდო ფრენაზე დაიშვებიან მხოლოდ TS ქვეკატეგორიის მქონე მფრინავები. ამ ქვეკატეგორიის მისაღებად მფრინავმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა.გ.ა) დაჯდომის გარეშე თერმული ნაკადების დამუშავებით უნდა განახორციელოს მინიმუმ 30 კმ-იანი მარშრუტის ფრენა;

ა.გ.ბ) აფრენისა და დაჯდომისას ყურადღება ექცევა, როგორ იცავს და აკმაყოფილებს მფრინავი RS და TS ქვეკატეგორიის მოთხოვნებს;

ბ) ორადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGT Tandem:

ბ.ა) T ქვეკატეგორიის საგამოცდო ფრენაზე დაიშვებიან მხოლოდ PGS Single (TS) ქვეკატეგორიის მქონე მფრინავები. მფრინავმა ამ ქვეკატეგორიის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ბ.ა.ა) აფრენამდე უნდა შეამოწმოს ფრთა, ჯამბარები, დარწმუნდეს, რომ სათადარიგო პარაშუტის ჩეკა და სახელური გამოსაყენებლად მზადაა, ასევე, დარწმუნდეს რადიოკავშირის გამართულ ფუნქციონირებაში;

ბ.ა.ბ) მგზავრს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი, მოირგოს/გადაამოწმოს საკუთარი და მგზავრის საფრენი აღჭურვილობა;

ბ.ა.გ) ამინდის შესაბამისად შეარჩიოს სწორი სასტარტო პოზიცია;

ბ.ა.დ) განსაზღვროს დამხმარე პერსონალის საჭიროება და მისცეს სწორი მითითებები;

ბ.ა.ე) აფრენამდე რადიოკავშირის საშუალებით გამოხატოს ფრენის განხორციელების მზადყოფნა და ფრენების ხელმძღვანელის თანხმობით აფრინდეს;

ბ.ა.ვ) გამოიყვანოს ფრთა საფრენ პოზიციაში წინა ან რევერსული სტარტით და შეამოწმოს ვიზუალურად;

ბ.ა.ზ) გააჩეროს ფრთა 10 წამის განმავლობაში;

ბ.ა.თ) დინამიკურ ნაკადში 180°-იან მოხვევებისას განახორციელოს ფრთის დემფირება;

ბ.ა.ი) დინამიკურ ნაკადში აიღოს სიმაღლე, გამოვიდეს დინამიკური ნაკადიდან, დააგდოს სიმაღლე, შემდეგ ხელახლა შევიდეს და აიღოს სიმაღლე;

ბ.ა.კ) დინამიურ ნაკადში უსაფრთხო სიმაღლეზე შეასრულოს მოკლე რვიანის ტიპის მანევრი;

ბ.ა.ლ) გამოვიდეს დინამიკური ნაკადიდან, დაბრუნდეს სასტარტო მოედანთან და დაჯდეს სასტარტო მოედანზე;

ბ.ა.მ) სასტარტო მოედანზე დაჯდომის შემდეგ შეინარჩუნოს ფრთის საფრენი მდგომარეობა და აფრინდეს;

ბ.ა.ნ) ფრენისას იპოვოს თერმული ნაკადი, შევიდეს ამ ნაკადში, სწორად დაამუშაოს და, მინიმუმ, 100 მეტრ სიმაღლეზე აფრინდეს;

ბ.ა.ო) გამოვიდეს თერმული ნაკადიდან, იპოვოს სხვა ნაკადი და დაამუშაოს;

ბ.ა.პ) გამოვიდეს თერმული ნაკადიდან და თავიდან შევიდეს საპირისპირო მიმართულებით;

ბ.ა.ჟ) თერმულ ნაკადში ორ ან მეტ საფრენ აპარატთან ერთად ფრენისას დაიცვას არიდების და ამ წესით დადგენილი უსაფრთხოების წესები;

ბ.ა.რ) დასაჯდომ მოედანზე შემოსვლისას შეასრულოს შემდეგი მანევრები: პარაპლანის საფრენი ზედაპირის ფართობის შემცირების ხარჯზე ფრთის პარაშუტირების რეჟიმში გადაყვანა და ამ რეჟიმიდან გამოყვანა;

ბ.ა.ს) დასაჯდომ მოედანთან 90˚-ით მოხვევის შემდეგ განახორციელოს დაჯდომა მონიშნული წერტილიდან 15 მეტრის რადიუსში;

გ) ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვა – PPGS Single:

გ.ა) PPGS Single (A) ქვეკატეგორიის საგამოცდო ფრენაზე დაიშვებიან მხოლოდ PGS Single (RS) ქვეკატეგორიის მქონე მფრინავები. ამ ქვეკატეგორიის მისაღებად მფრინავმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

გ.ა.ა) აფრენამდე უნდა ააწყოს პარამოტორი: ძრავის ჩარჩო, პროპელერი. გადაამოწმოს ყველა საკვანძო დამაგრების წერტილი შემდეგ დეტალებზე: საწვავის ავზი, პროპელერი, სტარტერი და გამოსაბოლქვი სისტემა;

გ.ა.ბ) დაქოქოს და გაათბოს ძრავა, გაიყვანოს სამუშაო ბრუნებზე და ჩააქროს ძრავა;

გ.ა.გ) უშუალოდ სტარტის წინ აარჩიოს სწორი სასტარტო პოზიცია და ადგილი, გაშალოს ფრთა. ხელახლა შეამოწმოს საკვანძო დამაგრების წერტილები, საწვავის რაოდენობა ავზში, აალების სისტემისა და საწვავის სისტემის გამართულობა;

გ.ა.დ) მოირგოს აღჭურვილობა. დაქოქოს, გაათბოს ძრავა და გაიყვანოს სამუშაო ბრუნზე. გამოხატოს ასაფრენად მზადყოფნა და ფრენების ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ აფრინდეს;

გ.ა.ე) ფრენისას შეასრულოს წინასწარ დაგეგმილი საფრენი ამოცანები:

გ.ა.ე.ა) სამკუთხა სამარშრუტო ფრენა;

გ.ა.ე.ბ) სამპილონიანი ზიგზაგის ფრენით წინ და უკან გავლა;

გ.ა.ე.გ) სიმაღლის ნულოვანი ცვლილებით ფრენა;

გ.ა.ვ) დასაჯდომ მოედანზე ნიშნულთან 5-მეტრიან რადიუსში დაჯდომა;

დ) ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანი – PPGT Tandem:

დ.ა.) PPGT Tandem ქვეკატეგორიის საგამოცდო ფრენაზე დაიშვებიან მხოლოდ PPGS Single (A) და PGT (T) ქვეკატეგორიის მქონე მფრინავები. ამ ქვეკატეგორიის მისაღებად მფრინავმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

დ.ა.ა) აფრენამდე უნდა ააწყოს პარამოტორი: ძრავის ჩარჩო, პროპელერი. გადაამოწმოს ყველა საკვანძო დამაგრების წერტილი შემდეგ დეტალებზე: საწვავის ავზი, პროპელერი, სტარტერი და გამოსაბოლქვი სისტემა;

დ.ა.ბ) დაქოქოს და გაათბოს ძრავა, გაიყვანოს სამუშაო ბრუნებზე და ძრავა ჩააქროს;

დ.ა.გ) უშუალოდ სტარტის წინ აარჩიოს სწორი სასტარტო პოზიცია და ადგილი, გაშალოს ფრთა. ხელახლა შეამოწმოს საკვანძო დამაგრების წერტილები, შეამოწმოს საწვავის რაოდენობა ავზში, აალების სისტემისა და საწვავის სისტემის გამართულობა;

დ.ა.დ) მგზავრს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და მასთან ერთად მოირგოს ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემები;

დ.ა.ე) დაქოქოს, გაათბოს ძრავა და გაიყვანოს სამუშაო ბრუნზე. საჭიროებისამებრ, მოითხოვოს დამხმარე პერსონალი, გამოხატოს ასაფრენად მზადყოფნა და ფრენების ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ აფრინდეს;

დ.ა.ვ) ფრენისას უნდა შეასრულოს წინასწარ დაგეგმილი საფრენი ამოცანები:

დ.ა.ვ.ა) სამკუთხა სამარშრუტო ფრენა;

დ.ა.ვ.ბ) სამპილონიანი ზიგზაგის ფრენით წინ და უკან გავლა;

დ.ა.ვ.გ) სიმაღლის ნულოვანი ცვლილებით ფრენა;

დ.ა.ვ.დ) პარაპლანის საფრენი ზედაპირის ფართობის შემცირების ხარჯზე ფრთის პარაშუტირების რეჟიმში გადაყვანა და მართვა (BIG EARS);

დ.ა.ზ) დასაჯდომ მოედანზე ნიშნულთან 10-მეტრიან რადიუსში დაჯდომა.

2. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატმა წინამდებარე წესით განსაზღვრული პრაქტიკული საფრენი ამოცანებისა და დავალებების 80% და მეტი წარმატებით შეასრულა.