პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ

პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 31/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.024154
321
18/08/2023
ვებგვერდი, 21/08/2023
420000000.10.003.024154
პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №321

2023 წლის 18 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს  საჰაერო  კოდექსის  214  მუხლის  მე-2,  მე-4  და  მე-6 ნაწილების საფუძველზე, საქართველოში პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციისა და ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით:

1. პარაპლანით ფრენის რეგულირების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების და პარაპლანის ვარგისიანობის დადგენის განმახორციელებელ პირად, 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, განისაზღვროს  ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია (ს/ნ: 401953212).

2. დამტკიცდეს თანდართული „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მაისის №175 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 31 აგვისტოდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

 

პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფერო

1. „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის (შემდგომში − ფედერაცია) (ს/ნ: 401953212) განსაზღვრა პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელ იურიდიულ პირად და მისი უფლებამოსილებების დადგენა.

2. გარდა ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა, ფედერაცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს საჰაერო კოდექსის 214  მუხლის მოთხოვნებს.

მუხლი 2. ფედერაციის უფლებამოსილება

1. ფედერაცია ახორციელებს პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას, პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ფედერაცია ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მის მიერ ფორმირებული შემდეგი კომისიების მეშვეობით:

ა) ოპერატორისა და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამდგენი კომისია;

ბ) საგამოცდო და აღიარების კომისია;

გ) პარაპლანის ვარგისიანობის დამდგენი კომისია;

დ) მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია.

3. ფედერაცია კომისიების წევრების შესარჩევად აცხადებს კონკურსს.  კომისიის წევრები ინიშნებიან კონკურსის წესით.

4. ფედერაციის მიერ ფორმირებული თითოეული კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისგან.

მუხლი 3. კომისიები და მათი უფლებამოსილებები

1. ოპერატორისა და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამდგენი კომისიის ფუნქციებია:

ა) ოპერატორის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სერტიფიცირების პროცესში ოპერატორის საქმიანობის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგი, კომპეტენტური პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემოწმება/ შეფასება;

ბ) საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენის პროცესის წარმართვა, საფრენი ლოკაციის შესწავლისა და ვარგისიანობის დასადგენად სპეციალური საექსპედიციო ჯგუფის ფორმირება, საექსპედიციო ჯგუფისთვის სამუშაო ამოცანის განსაზღვრა, მათ მიერ წარდგენილი დასკვნის ანალიზი და შეფასება, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, პარაპლანით ფრენების განხორციელებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით;

გ) საფრენი ადგილის ვარგისიანობის შესახებ შესაბამისი დასკვნის მომზადება;

დ) ოპერატორის სერტიფიცირება;

ე) ფედერაციის მიერ ოპერატორის სერტიფიცირებასა და საფრენი ადგილის ვარგისიანობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ელექტრონულ რეესტრში ოპერატორისა და საფრენი ადგილის შესახებ ინფორმაციის შეტანა ან/და მისი განახლება.

2. საგამოცდო და აღიარების კომისიის ფუნქციებია:

ა) მფრინავებისთვის პარაპლანის მართვის შესაბამისი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მინიჭების პროცესის წარმართვა;

ბ) მართვის შესაბამისი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მისანიჭებლად საგამოცდო პროცესის თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ორგანიზება და წარმართვა, საგამოცდო საკითხების შეფასება/ანალიზი, შესაბამისი დასკვნის მომზადება, პარაპლანით მფრინავის მართვის მოწმობის გაცემაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პარაპლანით მფრინავის მართვის მოწმობის აღიარების პროცედურის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება;

დ) პარაპლანით მფრინავის მართვის მოწმობის აღიარებაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

ე) შესაბამისი ელექტრონული რეესტრების წარმოება, მათში მფრინავების, მათი კატეგორიის, მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადის, სტატუსისა და წინამდებარე წესით განსაზღვრული სხვა მონაცემების შესახებ ინფორმაციის შეტანა და მისი განახლება.

3. პარაპლანის ვარგისიანობის დამდგენი კომისიის ფუნქციებია:

ა) პარაპლანის შემადგენელი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის პროცესის წარმართვა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათი სამუშაო დავალების განსაზღვრა, რომელიც გულისხმობს საფრენი აპარატის ან მისი ცალკეული ელემენტების ვარგისიანობის დადგენას, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) საფრენი აპარატის ან მისი ელემენტის შესწავლისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი დასკვნის მომზადება, პარაპლანის ელემენტის ვარგისიანობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადება;

გ) ელექტრონული რეესტრის წარმოება, პარაპლანის შემადგენელი ელემენტის ვარგისიანობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეტანა და მისი განახლება.

4. მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისიის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ოპერატორის საქმიანობის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. ოპერატორის გეგმური შემოწმება უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ მაინც;

ბ) მონიტორინგი გაუწიოს მფრინავის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას;

გ) გასცეს რეკომენდაცია მფრინავისთვის პარაპლანის მფრინავის მოწმობის დროებით (არაუმეტეს 6 თვისა) შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;

დ) დამოუკიდებლად დაგეგმოს გეგმური და არაგეგმური შემოწმება, შემოწმების შემდეგ მოამზადოს შესაბამისი დასკვნა, ამ დასკვნის საფუძველზე გასცეს რეკომენდაციები, მიმართოს ფედერაციას მის მიერ გაცემული სერტიფიკატის დროებით შეჩერების, შეჩერებული ვადის გაგრძელების ან გაუქმების თაობაზე. შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ელექტრონულ რეესტრში.

5. მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია ფედერაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე ამზადებს დასკვნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სერტიფიკატის მფლობელი სუბიექტი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დაარღვია უსაფრთხო ფრენის მიმართ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნები;

გ) თავად სერტიფიკატის მფლობელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში.

6.  სერტიფიკატის მოქმედება უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ სრულად არ აღმოიფხვრება შეჩერების საფუძველი, მაგრამ ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 30 დღით.

7. მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია ამზადებს დასკვნას სერტიფიკატის გაუქმების შესახებ:

ა) თუ განხორციელდა სერტიფიკატის მქონე სუბიექტის ლიკვიდაცია;

ბ) თუ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

გ) თუ სერტიფიკატის მქონე სუბიექტი არ იცავს და რეგულარულად არღვევს ფრენის უსაფრთხოების ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული  ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) სერტიფიკატის მფლობელი სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე.

8. ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ფედერაცია ვალდებულია, გააუქმოს ან შეაჩეროს საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

9. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორის ნორმატიული აქტით.  

მუხლი 4. ელექტრონული რეესტრი

1. ფედერაცია ვალდებულია, აწარმოოს მის მიერ მიღებული და გამოცემული წერილობითი დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი.

2. ფედერაცია ვალდებულია, აწარმოოს შემდეგი ელექტრონული რეესტრები:

ა) ოპერატორის სერტიფიცირების რეესტრი;

ბ) საფრენი ადგილის სერტიფიცირების რეესტრი;

გ) მფრინავთა კომპეტენციის განმსაზღვრელი კატეგორიების რეესტრი;

დ) საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობის განმსაზღვრელი რეესტრი.

3. ელექტრონული რეესტრები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე, მუდმივად განახლებადი და აქტიური. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ხარვეზის დროულად აღმოფხვრა.

4. ფედერაცია ვალდებულია, გააჩნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ სანქციის გამოყენების შეტყობინების მიღების შესაბამისი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს დროში და მარტივი გზით ფედერაციისთვის ელექტრონულ რეჟიმში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.

მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოება და ფედერაციის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება

1. ფედერაციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.

2. ფედერაციის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში.

მუხლი 6. კონტროლი ფედერაციის საქმიანობაზე და უკანონო ფრენების აღკვეთა  

1. ფედერაცია ვალდებულია, უზრუნველყოს პარაპლანით ფრენის შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა.

2. ფედერაციის მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს შესაბამისი წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განსაზღვროს მათი აღმოფხვრის გონივრული ვადა. ამასთანავე, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლოვანებები განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდოს ან შეაჩეროს ფედერაციის საქმიანობა, რის შემდეგაც დაუშვებელია პარაპლანით ფრენა ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. სააგენტოს მიერ ფედერაციის საქმიანობის შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენის აკრძალვის კონტროლს.

4. ფედერაციის წარმომადგენლის/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული იურიდიული პირის წარმომადგენელი/ სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორი უფლებამოსილია, რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს სერტიფიცირებულ საფრენ ადგილზე პარაპლანით ფრენის საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით ოპერირება.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს პარაპლანით პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე ან შეჩერებული მოწმობით ფრენა, აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ ადგილზე პარაპლანით კომერციული ფრენა.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, აღკვეთოს არაკომერციული ფრენა, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ხორციელდება, აგრეთვე ნებისმიერი ფრენა, რომელიც გამოყოფილი შესაბამისი საჰაერო სივრცის მიღმა ხორციელდება.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს უფლებამოსილება, პარაპლანით ფრენის განხორციელებასა და რეგულირებაზე ზედამხედველობის მიზნით, განისაზღვრება საქართველოს საჰაერო კოდექსით.

მუხლი 7. ფედერაციის უფლებამოსილება და ვალდებულება

1. ფედერაცია უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურები.

2. ფედერაცია ვალდებულია, ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

3. ფედერაცია ვალდებულია, ითანამშრომლოს და იმოქმედოს სააგენტოსა და შპს „საქაერონავიგაციასთან“ შეთანხმებულად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საკითხებზე, ასევე, საჭიროებისამებრ, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

4. საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე სააგენტოსა და შპს „საქაერონავიგაციის“ მითითებების შესრულება ფედერაციისთვის სავალდებულოა.