დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 161 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023994 |
|
რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − რადიომოწყობილობის შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი).
|
მუხლი 2 |
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სტანდარტ(ებ)ის (სტანდარტების დასახელებას) გამოქვეყნებას, რომელიც ადგენს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). |
მუხლი 4 |
1. სსიპ − შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, სსიპ − შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, სსიპ − შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა სსიპ − შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ამ დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, სსიპ − შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით. |
მუხლი 5 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.
|
მუხლი 6 |
1. 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობის შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები რადიომოწყობილობის შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები. |
მუხლი 7 |
დადგენილება, გარდა მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო დადგენილების მე-3, მე-6 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები