საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017078
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
561
30/11/2022
ვებგვერდი, 30/11/2022
010210040.08.002.017078
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/11/2022 - 02/03/2023)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის პირველი ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.  

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი




საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების

გავლის წესი

 


თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში – ადმინისტრაცია) სტაჟიორთა მიღების პირობებსა და სტაჟირების გავლის წესს.

მუხლი 2

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, ადმინისტრაცია ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და პროფესიული ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

მუხლი 3

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი საქმიანობა ადმინისტრაციაში, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

ბ) სტაჟიორობის კანდიდატი – ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის მსურველი პირი, რომელიც ამ წესის თანახმად წარმოადგენს განცხადებას;

გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ადმინისტრაციაში საქმიანობას ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;

დ) სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი – ადმინისტრაციის შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

ე) სტაჟიორის შეფასება – სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასება, ადმინისტრაციის უფროსის მიერ განსაზღვრული სტაჟიორთა შეფასების ფორმის შესაბამისად.

მუხლი 4

1. სტაჟიორთა რიცხოვნობას, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.

2. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10 %-ს.

 

თავი II. სტაჟიორთა მიღების წესი და პირობები

მუხლი 5​

1. ადმინისტრაციაში სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე, ან პროფესიული განათლების (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) საფეხურზე, ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.

2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;

ბ) საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის გათავისუფლებიდან ერთი წელი არ გასულა;

გ) სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 6

1. ადმინისტრაციაში სტაჟირების მსურველი წარმოადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) 2 ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია;

დ) CV.

2. სტაჟიორობის კანდიდატი ადმინისტრაციაში თავდაპირველად მიიღება არაანაზღაურებად სტაჟირებაზე, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან გასაუბრების საფუძველზე (ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით), ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით.

3. სტაჟიორობის კანდიდატმა, სტაჟიორად მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციაში დამატებით ასევე უნდა წარადგინოს:

ა) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ბ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

მუხლი 7

ადმინისტრაციაში სტაჟიორად მიღებულ პირთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იდება ხელშეკრულება.

 

თავი III. სტაჟირების ვადა და შეფასება

მუხლი 8

1. პირის მიერ ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვით, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი.

2. სტაჟიორს უფლება აქვს ადმინისტრაციაში სტაჟირება გაიაროს რამდენჯერმე, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

3. სტაჟიორთა შეფასების კრიტერიუმები, შეფასების პერიოდულობა და სტაჟიორთა შეფასების ფორმა განისაზღვრება ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით.

4. პირის მიმართ, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციაში, სტაჟიორის შეფასებისა და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ სამი თვის გასვლის შემდეგ, მისი თანხმობით, ადმინისტრაციის უფროსის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში:

ა) ანაზღაურებადი სტაჟირების გაგრძელების თაობაზე – „საუკეთესო“ შეფასების შემთხვევაში;

ბ) არაანაზღაურებადი სტაჟირების გაგრძელების თაობაზე – „კარგი“ შეფასების შემთხვევაში.

 5. სტაჟიორის „არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება წარმოადგენს ადმინისტრაციის მხრიდან სტაჟირების გაგრძელების თაობაზე უარის თქმის საფუძველს.

6. სტაჟირების ვადა ითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში.

 

თავი IV. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები

მუხლი 9

1. ადმინისტრაცია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

მუხლი 10

1. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელმა არ უნდა დაუშვას სტაჟიორის ჩაბმა ისეთ სამუშაო პროცესში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტაჟიორის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

3. დაკისრებული ვალდებულებების სტაჟიორის მიერ სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია, დასვას საკითხი სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე.

4. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ახდენს სტაჟიორის შეფასებას ადმინისტრაციის უფროსის შესაბამისი ბრძანების თანახმად.

მუხლი 11

1. სტაჟირების მიმდინარეობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

2. სტაჟირების დასრულების შემდეგ პირს ეძლევა ცნობა ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის შესახებ.

 

თავი V. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

მუხლი 12

1. სტაჟიორს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციაში მის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები და ანაზღაურების პირობები დეტალურად განისაზღვრება ადმინისტრაციასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

 

თავი VI. სტაჟირების შეწყვეტა

მუხლი 13

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;

გ) ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სტაჟიორის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ზ) სტაჟიორის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;

ი) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

კ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადასტურება, გარდა სტაჟიორის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისათვის თავის არიდება;

ლ) გარდაცვალება;

მ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ნ) სტაჟიორის „არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება.

2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის უფროსი.