საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ

საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
18/12/1992
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/05/1994 - 20/09/1994)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ

 

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ

საქართველოს პარლამენტის მუდმივ კომისიათა შექმნის, საქმიანობის წესს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონი “სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.

მუხლი 2. მუდმივი კომისიები და მათი უფლებამოსილების ვადა

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფოებრივი, საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით ქმნის მუდმივ კომისიებს თავისი უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 3. მუდმივი კომისიების უფლებამოსილება და მათი მუშაობის კოორდინაცია

პარლამენტის მუდმივ კომისიებს აქვთ კონტროლის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის სპიკერი.

II. პარლამენტის მუდმივი კომისიები, მათი შექმნის წესი

მუხლი 4. პარლამენტის მუდმივი კომისიები

საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიებია:

სამანდატო, საპარლამენტო ეთიკისა და პრივილეგიების კომისია

საგარეო საქმეთა კომისია

თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისია

იურიდიული კომისია

ეკონომიკურ საკითხთა კომისია

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისია

ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისია

განათლებისა და მეცნიერების კომისია

კულტურის კომისია

ჯანმრთელობის დაცვის კომისია

აგრარული კომისია

მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნალური მეურნეობის კომისია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების კომისია

მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისია

სოციალურ საკითხთა კომისია

სპორტისა და ტურიზმის კომისია

ვეტერანების საქმეთა კომისია

საქართველოს პარლამენტს შეუძლია შექმნას ახალი მუდმივი კომისიები და გააუქმოს არსებული.

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 10 მაისის კანონი  პარლამენტის უწყებანი , № 18 , 31 /05/1994 წ.

მუხლი 5. მუდმივი კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი

პარლამენტის კომისიის თავმჯომარეს, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, მის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეთა კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის წევრებს, ფრაქციებს, პარლამენტის წევრთა ჯგუფებს.

კანდიდატურების დასახელების შემდეგ პარლამენტის სხდომის თავმჯდომარე კითხულობს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას კენჭისყრაზე. დასახელებულთ უფლება აქვთ მოხსნან თავიანთი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

პარლამენტის გადაწყვეტილებით არჩევნები ჩატარდება ბიულეტენების გამოყენებით ან ელექტრონული სისტემის საშუალებით.

თუ არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და იგი არ აირჩია, ტარდება ხელახალი არჩევნები.

თუ არჩევნებში ორი ან მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატთა რაოდენობა ორზე მეტი იყო, კენჭს უყრიან იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ხმების გაყოფისას გადამწყვეტად ჩაითვლება პარლამენტის სპიკერის ხმა.

მუხლი 6. მუდმივი კომისიების წევრები

კომისიაში შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. სავალდებულოა პარლამენტის წევრის მონაწილეობა ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. იმავდროულად იგი არ შეიძლება იყოს ორზე მეტი კომისიის წევრი.

პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, პარლამენტის სპიკერი, მისი მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არ შედიან კომისიების შემადგენლობაში.

კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა მუდმივი კომისიის შემადგენლობაში.

კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის არანაკლებ 5 წევრით.

მუხლი 7. მუდმივი კომისიების შემადგენლობათა არჩევა

კომისიების პერსონალური შემადგენლობა, როგორც წესი, განისაზღვრება პარლამენტში არსებულ ფრაქციათა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად.

კომისიაში გაწევრიანების შესახებ პარლამენტის წევრი განცხადებით მიმართავს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს.

შემოსული განცხადებების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობას წარუდგენს ასარჩევად პარლამენტის სხდომას.

მუხლი 8. უარის თქმა მუდმივი კომისიის წევრად მიღებაზე და კომისიის წევრობის შეწყვეტა

პარლამენტის წევრს კომისიის წევრად მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას ამ კანონის მე-6 მუხლში მითითებული საფუძვლებით.

გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე კომისიიდან მისი გასვლის ან სხვა მუდმივ კომისიაში გადასვლის შესახებ იღებს პარლამენტი.

მუხლი 9. მუდმივი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა

პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, როგორც წესი, პარლამენტში კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან არაუგვიანეს სამი დღისა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი.

კომისია ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს ღია ან ფარული კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.

ფარული კენჭისყრისას იქმნება ხმის დამთვლელი კომისია პარლამენტის სამი წევრის შემადგენლობით ან ეს მოვალეობა დაეკისრება კომისიის ერთ-ერთ წევრს.

კომისიის სამუშაო ორგანოს სახით შეიძლება შეიქმნას ქვეკომისიები პარლამენტის არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. ქვეკომისია შეიქმნება კომისიის წინადადებით, რასაც ამტკიცებს პარლამენტი.

ქვეკომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის მიერ ამ მუხლის მეორე ნაწილში გათვალისწინებული წესით.

საორგანიზაციო სხდომის ოქმი წარედგინება პარლამენტის კოლეგიას დასამტკიცებლად.

მუხლი 10. დებულება მუდმივი კომისიის შესახებ

კომისია თავისი დარგობრივი საქმიანობის გათვალისწინებით შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც იხილავს პარლამენტის კოლეგია და ამტკიცებს სპიკერი.

დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.

III. პარლამენტის მუდმივი კომისიების უფლება-მოვალეობები

მუხლი 11. კომისიების ამოცანები

კომისიები საკანონმდებლო რეგულირების შესაბამის სფეროში შეიმუშავებენ კანონპროექტებს, სესიაზე განსახილველად წინასწარ  ამზადებენ პარლამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ ყველა საკითხს, აკონტროლებენ კანონებისა და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებათა შესრულებას.

უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისიები თანასწორი არიან.

მუხლი 12. ინფორმაციების მოსმენა მუდმივი კომისიის გამგებლობის საკითხებზე

კომისიას თავის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლება აქვს მოუსმინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, რაიონების და ქალაქების გამგეობათა, რესპუბლიკის სამინისტროების კომიტეტების, დეპარტამენტების და სხვა სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებს.

კომისიის წინადადებით ამ ორგანოებისა და უწყებების ხელმძღვანელები ან მათი წარმომადგენლები ვალდებული არიან გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე და განსახილველ საკითხებზე მისცენ განმარტება კომისიას.

თავისი გამგებლობის სფეროში კომისიები ისმენენ და იხილავენ მთავრობის შეტყობინებებს. მათ უფლება აქვთ მოსთხოვონ სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დოკუმენტების, წერილობითი დასკვნების და სხვა საჭირო მასალების წარდგენა.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა მუდმივი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე

კომისიის სხდომაზე გამოცხადებისა და დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ თანამდებობის პირებს, შესაბამის წარმომადგენლებს უნდა ეცნობოთ დროულად.

თანამდებობის პირს, რომელიც არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამ პირის ხელმძღვანელისა თუ ზემდგომი ორგანოს მიერ, შეიძლება დაედოს დისციპლინური სასჯელი თანამდებობიდან დათხოვნამდეც კი.

მუხლი 14.

მუხლი15. მუდმივი კომისიების საკონტროლო უფლებამოსილება

კომისიები თავიანთი გამგებლობის საკითხებზე აკონტროლებენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, მატი ქვემდგომი უწყებების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას კანონების შესასრულებლად.

კომისიები ამოწმებენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების კანონქვემდებარე აქტების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული კანონების შესაბამისობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობასთან.

კომისიებს პარლამენტის სესიაზე შეაქვთ საკითხი კანონშეუსაბამო სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ.

მუხლი 16. მუდმივი კომისიების უფლებამოსილება კანონმდებლობის სფეროში

პარლამენტის სესიაზე განსახილველად გასატანი ყველა კანონპროექტი წინასწარ განიხილება შესაბამის კომისიაში.

კომისიები მათ გამგებლობას მიკუთვნებულ დარგებში შეისწავლიან და აანალიზებენ მოქმედი კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებენ ზომებს კანონთა შესრულების უზრუნველყოფისათვის, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებენ წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

მუხლი 17. მუდმივი კომისიების რეკომენდაციები

კომისიები მათს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციების მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევებზე შეიმუშავებენ და გზავნიან რეკომენდაციებს სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მინისტრთა კაბინეტში, სამინისტროებში, კომიტეტებში, დეპარტამენტებში, მათს დაქვემდებარებულ უწყებებში, რაიონების და ქალაქების გამგეობებში, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებში.

განხილვის შედეგების ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას არა უგვიანეს ერთი თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

IV. პარლამენტის მუდმივი კომისიების მუშაობის წესი

მუხლი 18. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს კომისიას პარლამენტში, პარლამენტის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში.

თავმჯდომარე არის პარლამენტის კოლეგიის წევრი, იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს, კოორდინაციას უწევს კომისიის წევრების, ქვეკომისიების საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს მათს შორის, აკონტროლებს შრომის დისციპლინას, ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს, პარლამენტის სპიკერს დასამტკიცებლად წარუდგენს სამუშაო გეგმებს.

მუხლი 19. მუდმივი კომისიის თავმჯდომარის გადარჩევის წესი

კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის მიერ შეიძლება გადარჩეულ იქნეს ნებისმიერ დროს.

გადარჩევის საკითს კენჭი ეყრება, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერი, იმავე კომისიის წევრთა ორი მესამედი, საპარლამენტო ფრაქცია ან პარლამენტის წევრთა 20-კაციანი ჯგუფი.

კომისიის თავმჯდომარე გადარჩეულად ჩაითვლება, თუ ფარული კენჭისყრის დროს წინადადებას მისი გადარჩევის შესახებ მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას პარლამენტის გადაწყვეტილებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თუ ამის საშუალება არ არის - კომისიის მდივანი. პარლამენტი, დადგენილი წესით, 10 დღის ვადაში ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.

მუხლი 20. მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა და წამყვანი სპეციალისტების საქმიანობას, აკონტროლებს სამუშაო გეგმების შესრულებას.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევას კენჭი ეყრება, თუ ამას მოითხოვს კომისიის სულ ცოტა 5 წევრი; გადარჩევა ხდება კომისიის სხდომაზე წევრთა  ორი მესამედის მონაწილეობით, ღია ან ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 21. მუდმივი კომისიის მდივანი

კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომებს, განაგებს საქმის წარმოებას, აკონტროლებს კომისიის დებულების მოთხოვნათა შესრულებას, თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს, კოორდინაციას უწევს კომისიის ექსპერტ-კონსულტანტების საქმიანობას.

კომისიის მდივნის გადარჩევა ხდება ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული წესით.

მუხლი 22. მუდმივი კომისიის ქვეკომისიის თავმჯდომარე

მუდმივი კომისიის ქვეკომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ქვეკომისიის მუშაობას, გამოდის მომხსენებლად კომისიის სხდომაზე ქვეკომისიაში მომზადებული კანონპროექტებისა და საკითხების შესახებ, წარმართავს ქვეკომისიების საქმიანობას სამუშაო გეგმებისა და კომისიის დებულებით მისთვის მიკუთვნებულ სფეროებში, საჭიროების შემთხვევაში იწვევს და თავმჯდომარეობს ქვეკომისიის საკონსულტაციო სხდომებს სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

ქვეკომისიას და მის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით არ შეუძლიათ საკითხის გატანა პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე.

ქვეკომისიის თავმჯდომარის გადარჩევა ხდება ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული წესით.

მუხლი 23. მუდმივი კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობანი

კომისიის წევრს უფლება აქვს თანასწორ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, გამითქვას განსახილველ საკითხებზე თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თუ ქვეკომისიათა ხელმძღვანელობაში, მონაწილეობა მიიღოს კომისიის სამუშაო ორგანოებში, დაიკავოს უმრავლესობისაგან განსხვავებული პოზიცია, ამის თაობაზე გამოთქვა მოსაზრება სესიაზე საკითხის განხილვისას.

კომისიის წევრის მიერ შრომის დისციპლინის არაერთგზის უხეში დარღვევის და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიამ შიძლება ეს საკითხი გადასცეს სამანდატო, საპარლამენტო ეთიკისა და პრივილეგიების კომისიას. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით.

მუხლი 24. მუდმივი კომისიის სამუშაო გეგმები

კომისია პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, შემოსული წინადადებების, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმომადგენელი კანონპროექტების საფუძველზე შეიმუშავებს მიმდინარე და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს.

მიმდინარე გეგმა მოიცავს ერთ საპარლამენტო სესიას, პერსპექტიული გეგმა დგება ერთი წლით მაინც.

გეგმა მიიღება კომისიის სხდომაზე, მის ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, რის შემდეგაც იგი განიხილება პარლამენტის კოლეგიაზე და ამტკიცებს პარლამენტის სპიკერი.

მუხლი 25. მუდმივი კომისიის სხდომები

კომისიის სხდომებს იწვევენ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ  დღეებში. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. პარლამენტის სხდომებს შორის შესვენებების პერიოდში შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე სხდომაც. კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

ხმების ორი მესამედი სჭირდება დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნას და ახალი საკითხის შეტანას.

კომისია ატარებს რეფერენტულ სხდომებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც უნდა  წარედგინოს პარლამენტის, სათათბირო სხდომებს - აზრთა გაზიარებისათვის, საკანონპროექტო სხდომებს - კანონპროექტთა განხილვისა და დამტკიცებისათვის, სარედაქციო სხდომებს - კანონპროექტის ან მისი ნაწილის სათანადოდ, განმეორებითი განხილვისათვის; საინფორმაციო სხდომებზე ისმენენ მის გამგებლობაში შემავალი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელების ინფორმაციებს.

კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. დღის წესრიგი და სხდომის დრო, როგორც წესი, წინასწარ ცხადდება სესიაზე. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ მოწვეული პირები, მინისტრები, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, დაინტერესებული პარლამენტის წევრები, დაინტერესებული პარლამენტის წევრები, სხვა კომისიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები. ინფორმაცია კომისიის სხდომის შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში.

კომისიის თუნდაც ერთი წევრის მოთხოვნით და ამ საკითხზე ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ტარდება კომისიის დახურული სხდომა.

მუხლი 26. მუდმივი კომისიების ერთობლივი სხდომები

იმ მონათესავე საკითხებზე, რომლებითაც დაინტერესებულია ორი ან მეტი კომისია, თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიათა ერთობლივი სხდომა.

ერთობლივ სხდომაზე კენჭისყრა არ ტარდება. კომისია, რომლის დებულებით განსაზღვრულ უფლებებშიც შედის განსახილველი საკითხი, ითვალისწინებს ერთობლივ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს და მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით.

მუხლი 27. კანონპროექტის განხილვა მუდმივ კომისიაში

საკანონმდებლოო ინიციატივის მქონე სუბიექტების მიერ შემოტანილ კანონპროექტს კომისიების განსახილველად გადასცემს პარლამენტის კოლეგია. კომისია მოვალეა 15 დღის ვადაში განიხილოს შემოსული კანონპროექტი. თუ ობიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, განხილვის ვადას გააგრძელებს პარლამენტის სპიკერი.

კანონპროექტი კომისიის სხდომაზე იხილება მუხლობრივად, მის ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოთქვას შენიშვნები და შეიტანოს შესწორებები თუ დამატებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მიიღება კენჭისყრით. დეტალური შესწავლისა და კომისიის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს სესიაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.

კანონპროექტის მომზადებულად ცნობის შემთხვევაში კომისია ამტკიცებს კანონპროექტის გამო მოხსენებას და ნიშნავს სესიაზე მომხსენებელს მომზადებული კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის კოლეგიას სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში გასათვალისწინებლად.

მუხლი 28. მუდმივი კომისიის წამყვანი სპეციალისტები 

მუდმივ კომისიას ჰყავს წამყვანი სპეციალისტები, რომელთა საშტატო ოდენობასა და შრომის ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტი.

წამყვან სპეციალისტებს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი.

წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ კომისიის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე, მონაწილეობას იღებენ კანონპროექტების შემუშავებაში, შემოწმებებში, მოხსენებათა მომზადებაში, ანალიზსა და განზოგადებაში.

მუხლი 29. მუდმივი კომისიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო

კომისიასთან იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, მოწვეული სპეციალისტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის სპიკერი.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების მიხედვით. საბჭოს სხდომაზე იხილება და მუშავდება რეკომენდაციები და პროგნოზები კომისიის საქმიანობის მიმართულებებზე. შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები ითვლებიან კომისიის ექსპერტ-კონსულტანტებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

კომისიას პარლამენტის სპიკერთან შეთანხმებით, კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, შეუძლია ექსპერტ-კონსულტანტებს ან მოწვეულ სპეციალისტებს გაუფორმოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.

მუხლი 30. მუდმივი კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

კომისიას ექმნება მუშაობისათვის აუცილებელი პირობები. მას ჰყავს სპეციალისტები და ტექნიკური პერსონალი, რომელთაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                                         ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                 ვახტანგ   გოგუაძე.

თბილისი, 1992 წლის 18 დეკემბერი.