დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
უცხოური ინვესტიციების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/07/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/06/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/07/1991 - 28/10/1994)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
უცხოური ინვესტიციების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელ ინვესტორთა საქმიანობის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, უცხოური ინვესტიციების სახელმწიფოებრივი დაცვისა და რეგულირების ნორმებს.
კანონი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის ყველა უცხოელი მონაწილისა და იმ საწარმოს მიმართ, რომლებსაც უცხოური ინვესტიციები აქვთ.
კარი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. უცხოური ინვესტიციები
1. უცხოურ ინვესტიციებს მიეკუთვნება ქონებისა და ინტელექტუალურ ფასეულობათა ყველა სახე, რომლებიც უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოეთის სახელმწიფოების (შემდეგში _ უცხოური ინვესტორები) მიერ გამოიყენება სამეურნეო საქმიანობაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
უცხოური ინვესტიციები შეიძლება შეიცავდეს:
2. ყოველგვარ უძრავ და მოძრავ ქონებას და ამ ქონებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ უფლებას;
აქციებს, ანაბრებს, ობლიგაციებს და სხვა სახის ფასიან ქაღალდებს ან წარმოებაში მონაწილეობის სხვა ფორმებს;
ფულად წარდგინებას ან ფულადი წარდგინების უფლებას;
ყოველგვარ უფლებას ინტელექტუალური საკუთრების მიმართ, საავტორო და საპატენტო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, სახელწოდების, სამრეწველო ნიმუშების, კომერციული საიდუმლოებისა და „ნოუ-ჰაუს“ ჩათვლით.
სამეწარმეო საქმიანობის უფლებას, ბუნებრივი რესურსების მოძიების, მოპოვების, დამუშავებისა და ექსპლუატაციის უფლების ჩათვლით.
მუხლი 2. უცხოელ ინვესტორთა საქმიანობა
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოელ ინვესტორთა საინვესტიციო საქმიანობა წარმოებს როგორც დამოუკიდებლად, ისე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან ერთად საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 3. უცხოური ინვესტიციების ობიექტები
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების ობიექტებს წარმოადგენენ:
ახლად შექმნილი ან მოდერნიზებული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები;
ფასიანი ქაღალდები;
მიზნობრივი ფულადი ასიგნებები;
სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქცია;
ინტელექტუალური ფასეულობები;
ქონებრივი უფლებები;
საკუთრების სხვა ობიექტები.
მუხლი 4. უცხოური ინვესტიციების რეგულირება
უცხოური ინვესტიციების მიზიდვისა და გამოყენების პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანო.
უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.
კარი II
უცხოელი ინვესტორის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 5. უცხოელი ინვესტორის უფლებები
1. საინვესტიციო საქმიანობაში ყველა ინვესტორი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.
უცხოელ ინვესტორებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ინვესტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ინვესტიციების მოცულობას და მისი გამოყენების მიმართულებას.
3. ინვესტორის გადაწყვეტილებით ინვესტიციებისა და მათი განხორციელების შედეგების ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება შეიძლება გადაეცეთ სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
უცხოელ ინვესტორებს უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბანკო დაწესებულებებში გახსნან მიმდინარე და სხვა სახის ანგარიშები მანეთებში და უცხოური ვალუტით, შეიძინონ აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
4. ინვესტორს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ინვესტიციათა შედეგებს, მათ შორის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეინვენსტიციებისა და სავაჭრო ოპერაციების სახით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით შეიძლება განისაზღვროს ობიექტები, რომლებშიც ინვესტირება არ გულისხმობს საკუთრების უფლების შეძენას მათზე, მაგრამ არ გამორიცხავს მათი შემდგომში ფლობის, ოპერატიული მართვის ან ამ ობიექტების ექსპლუატაციით მიღებულ შემოსავლებში ინვესტორის მონაწილეობის შესაძლებლობას.
უცხოელ ინვესტორებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების პრივატიზებაში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს მისთვის აუცილებელი ქონება მოცულობისა და ნომენკლატურის შეუზღუდავად მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისაგან უშუალოდ ან შუამავლის მეშვეობით იმ ფასებში და იმ პირობებით, რომელიც განსაზღვრულია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
6. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს უფლება აქვს თავისი ქონება გამოიყენოს მის მიერ აღებული ყოველგვარი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ნასესხები სახსრების ჩათვლით. ამავე მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაწილეების მიერ საწარმოს ანგარიშზე შენატანის სახით გადაცემული ქონებრივი უფლებები შენობაზე, მოწყობილობაზე, დანადგარებზე, აგრეთვე სხვა ქონებრივი უფლებები, გარდა უფლებისა მიწაზე და სხვა ბუნებრივ რესურსებზე.
7. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს დააგირაოს თავისი ქონება. დაგირავებული ქონება გირაოს მიმღების მიერ შეიძლება რეალიზებულ იქნეს მანეთებით და უცხოური ვალუტით კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.
მუხლი 6. უცხოელი ინვესტორის მოვალეობანი
1. ინვესტორი მოვალეა:
წარუდგინოს საფინანსო ორგანოებს დეკლარაცია შემოსავლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
მიიღოს საექსპერტო დასკვნა საინვესტიციო პროექტებზე სანიტარიულ- ჰიგიენური და ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვის შესახებ;
დაიცვას საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა;
დაიცვას საქონლისა და მომსახურების ხარისხისადმი ტექნიკური სტანდარტებისადმი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ნორმატიული მოთხოვნები;
შეასრულოს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობრივი პირების მოთხოვნები მათი კომპეტენციის ფარგლებში;
წარადგინოს დადგენილი წესით საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშგება.
2. საინვესტიციო საქმიანობის თითოეულ მონაწილეს, რომელიც სპეციალური სახის სამუშაოებს ასრულებს და აქვს სათანადო ატესტაცია, უნდა ჰქონდეს ლიცენზია ამ სამუშაოების შესასრულებლად. ასეთ სამუშაოთა სახეები და მათი ლიცენზიების წესი განისაზღვრება რესპუბლიკის კანონმდებლობით.
კარი III
უცხოური ინვესტიციების დაცვის გარანტიები
მუხლი 7. უცხოური ინვესტიციების დაცვა
1. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციები სამართლებრივად დაცულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური ინვესტიციების ნაციონალიზაცია ან შედეგების მიხედვით ტოლფასი ზომების გამოყენება კანონით აკრძალულია.
სახელმწიფოსა და უცხოელ ინვესტორს შორის შეთანხმებით შესაძლებელია უცხოური ინვესტიციების გამოსყიდვა.
გადაწყვეტილება უცხოური ინვესტიციების იძულებითი გამოსყიდვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
3. უცხოელ ინვესტორს კომპენსაციას უხდის ის სახელმწიფო ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მისი ქონების ნაციონალიზაციის შესახებ. კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ნაციონალიზებული ქონების რეალურ ღირებულებას მსოფლიო ფასებით. კომპენსაციის გადახდის ვადები და ფულის ერთეული განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. კომპენსაციის გადახდის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
4. სახელმწიფო ან სხვა ორგანოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირების უკანონო გადაწყვეტილებით უცხოელი ინვესტორისათვის მიყენებული ზარალი (დაკარგული მოგების ჩათვლით) უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. სადავო საკითხების გადაწყვეტა
1. იურიდიული ხასიათის სადავო საკითხები, რომლებიც ეხება უცხოურ ინვესტიციებს ან ინვესტორისათვის გასაცემი კომპენსაციის მოცულობას და გაცემის წესს, ან სხვა სახის საკითხებს, შეიძლება განხილულ იქნეს სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლოში.
2. უცხოელი ინვესტორების დავა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ექვემდებარება განხილვას სასამართლოში, ხოლო უცხოელ ინვესტორთა მოთხოვნით _ სამედიატორო სასამართლოში, ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით _ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილია სხვა წესები, ვიდრე განსაზღვრულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, გამოიყენება საერთაშორისო შეთანხმების წესი.
მუხლი 9. შემოსავლების რეინვესტირება და საზღვარგარეთ გატანა
1. უცხოელ ინვესტორებს გარანტირებული აქვთ მათი კუთვნილი თანხების შეუფერხებელი გადარიცხვა საზღვარგარეთ უცხოური ვალუტით, რომელიც მიიღება: მოგების განაწილების, საწარმოს საწესდებო ფონდში მათი წილის სხვისთვის დათმობის, საწარმოდან გასვლის ან საწარმოს ლიკვიდაციის, ქონების, აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად, აგრეთვე მიწით სარგებლობის და სხვა ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. უცხოელი ინვესტორების მიერ მანეთებში მიღებული მოგება შეიძლება რეინვესტირებული იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან გამოყენებულ იქნეს მის საზღვრებს გარეთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უცხოელ ინვესტორებს შეიძლება საქართველოს ბანკებში ჰქონდეთ მიმდინარე ანგარიშზე თანხები მანეთებში საზღვარგარეთ გადარიცხვის უფლების გარეშე, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ოფიციალურ ფულის ნიშანს წარმოადგენს მანეთი.
უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს ანგარიშებიდან საზღვარგარეთ გადარიცხოს თანხა მათი უცხოურ ვალუტაზე საბაზრო კურსით კონვერტირების გზით.
კარი IV
საწარმოს შექმნა უცხოური ინვესტიციით
მუხლი 10. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოთა სახეები
1. უცხოური ინვესტიციით საწარმო შეიძლება შეიქმნას ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას.
2. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოეთის სახელმწიფოების ინვესტორების მიერ იქმნება:
უცხოეთის სახელმწიფოს ფიზიკური პირის (პირების) საწარმო;
უცხოეთის სახელმწიფოს იურიდიული პირის (პირების) საწარმო;
უცხოეთის სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირების წილობრივი საკუთრების საწარმო;
უცხოეთის სახელმწიფოს ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების და საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების წილობრივი საკუთრების საწარმო.
მუხლი 11. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ექსპერტიზა
უცხოური ინვესტიციებით საწარმოს შექმნისათვის აუცილებელია ეკოლოგიური ექსპერტიზა. თუ საწარმოს შექმნა დაკავშირებულია მსხვილ მასშტაბურ მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან, მაშინ აუცილებელია საერთო ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზა ტარდება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12. უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოს რეგისტრაცია
1. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო.
2. უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) მთლიანად უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოსათვის:
წერილობითი განცხადება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
საწარმოს წესდება;
ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წერილობითი თანხმობა.
ინვესტორის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული მისი მომსახურე საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციის მიერ.
ბ) უცხოელი ინვესტორის მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის;
წერილობითი განცხადება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
საწარმოს წესდება;
საწარმოს შექმნის ეკონომიკური დასაბუთება;
ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წერილობითი თანხმობა;
ინვესტორის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული მისი მომსახურე საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციის მიერ;
გ) უცხოური ინვესტიციით შექმნილი ქვესაწარმოსა და ფილიალისათვის;
ქვესაწარმოს (ფილიალის) დამაარსებელი საწარმოს ხელმძღვანელობის წერილობითი განცხადება;
ქვესაწარმოს (ფილიალის) დამაარსებელი საწარმოს დამფუძნებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ქვესაწარმოს წესდების (ფილიალის დებულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წერილობითი თანხმობა.
იმ შემთხვევაში, როდესაც სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭიროა მიწის ან სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყოფა, ნებართვას ამ რესურსების გამოყოფის შესახებ იძლევა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული ნებართვა საჭიროა საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.
უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს დამფუძნებელ დოკუმენტებში უნდა აისახოს მონაწილეთა კონკრეტული ვალდებულებანი, რომლებიც ეხება საწარმოს საწესდებო კაპიტალში თითოეული მონაწილის შენატანების შეფასებას, შეტანის ვადებს, ობიექტს და წესს.
ქონების ღირებულება, რომელიც შეაქვთ უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოს მონაწილეებს საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით, გაიანგარიშება მსოფლიო ბაზრის ფასებით. ამ ფასების არსებობის შემთხვევაში კი _ მონაწილეთა მოლაპარაკების საფუძველზე.
1. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს, ქვესაწარმოსა და ფილიალის დამფუძნებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, საჭიროა მათი ხელახალი რეგისტრაცია.
2. უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმო დამფუძნებელ დოკუმენტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში სარეგისტრაციო ორგანოში წარადგენს ნოტარიულად დამოწმებულ საბუთებს.
3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია 30 დღის განმავლობაში რეგისტრაციაში გაატაროს უცხოური ინვესტიციით შექმნილი ან აცნობოს განმცხადებელს რეგისტრაციაზე უარის მიზეზი.
4. რეგისტრაციაზე შეძლება უარი ეთქვას იმ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას ან დარღვეულია საწარმოს შექმნის დადგენილი წესი.
რეგისტრაციაზე უარის თქმა ობიექტის შექმნის მიზანშეუწონლობის მოტივით დაუშვებელია. გამონაკლისს შეადგენს ის შემთხვევები, როდესაც საწარმო იქმნება მთლიანად უცხოური ინვესტიციებით.
სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომელსაც განმცხადებელი უსაფუძვლოდ თვლის, შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
5. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის დაწყება შეუძლია რეგისტრაციის მომენტიდან. ინფორმაცია საწარმოს რეგისტრაციის შესახებ ეცნობება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით და რეესტრის მწარმოებელ ორგანოს რეესტრში შესატანად.
მუხლი 13. საწესდებო კაპიტალის შექმნის წესი
უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოს მონაწილეები ვალდებულნი არიან რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში შეავსონ საწესდებო კაპიტალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს აცხადებს ლიკვიდირებულად. განსაკუთრებულ შემთხვევაში რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის გაგრძელება.
კარი V
უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოს საქმიანობა
მუხლი 14. საწარმოს საქმიანობა
1. უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს შეუძლია ეწეოდეს ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც პასუხობს საწარმოს წესდებაში გათვალისწინებულ მიზნებს და არ არის აკრძალული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. ცალკეული სახის საქმიანობა, რომლის ნუსხასაც განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საწარმოს შეუძლია წარმართოს მხოლოდ სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე;
2. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბანკო, სავალუტო, სადაზღვევო და საშუამავლო საქმიანობა დაიშვება სპეციალური ლიცენზიებით, რომლებიც გაიცემა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.
მუხლი 15. სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ შეუძლია შექმნას იურიდიული პირის უფლების მქონე ქვესაწარმოები, აგრეთვე იურიდიული პირის უფლების არმქონე ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები.
2. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოები, ქვესაწარმოები, ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები მოქმედებენ უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოს მიერ დამტკიცებული წესდების ან დებულების საფუძველზე.
მუხლი 16. კავშირებისა და სხვა გაერთიანებების შექმნა
უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოებს შეუძლიათ ნებაყოფლობით საფუძველზე გაერთიანდნენ სხვადასხვა კავშირებში, ასოციაციებში, კონცერნებში, დარგთაშორის, რეგიონალურ და სხვა სახის გაერთიანებებში.
მუხლი 17. ფასები და პროდუქციის ხარისხი
უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოებს უფლება აქვთ სახელშეკრულებო საფუძველზე დაადგინონ ფასები თავიანთ პროდუქციაზე და მათი რეალიზაციის წესი.
მუხლი 18. შეღავათები
1. ქონება, რომელიც დამფუძნებელი დოკუმენტების მიხედვით უცხოელ ინვესტორებს საქართველოს რესპუბლიკაში შემოაქვთ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით, აგრეთვე ქონება, რომელიც განკუთვნილია საკუთარი მოხმარებისათვის, თავისუფლდება საბაჟო გადასახდელისაგან და არ იბეგრება იმპორტზე გადასახადით.
2. უცხოელი ინვესტორის თავისუფალი კონვერტირებული ვალუტის შენატანი საწარმოს საწესდებო კაპიტალში ირიცხება მოცემული საწარმოს ანგარიშზე ვალუტით და დაუბრკოლებლად შეიძლება გამოიყენოს საწარმომ საერთაშორისო ბაზარზე თავისი საქმიანობისათვის საჭირო წარმოების საშუალებათა შესაძენად. ამ სახით შეძენილი წარმოების საშუალების საქართველოს რესპუბლიკაში შემოტანა თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან და არ ექვემდებარება იმპორტზე გადასახადს.
3. საწარმოები, რომლებიც მთლიანად შექმნილია უცხოური ინვესტიციებით და საწარმოები, რომლის საწესდებო კაპიტალში უცხოური ინვესტიციები შეადგენენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ პროცენტულ ოდენობას, უფლებამოსილნი არიან საკუთარი წარმოების პროდუქცია გაიტანონ საექსპორტოდ და საკუთარი საჭიროებისათვის შემოიტანონ პროდუქცია ლიცენზიის გარეშე. საკუთარი წარმოების საექსპორტო და საკუთარი საჭიროებისათვის შემოტანილი (იმპორტული) პროდუქციის განსაზღვრის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
4. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს სავალუტო ამონაგები საკუთარი პროდუქციის ექსპორტიდან მთლიანად რჩება მის განკარგულებაში. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს სხვა პროდუქციის (სამუშაოების და მომსახურების) ექსპორტი და იმპორტი ხდება საერთო საფუძველზე.
5. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო, აგრეთვე უცხოელი ინვესტორი გადასახადებს იხდის მოქმედი კანონმდებლობით. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დამატებით ადგენს იმ დარგებისა და საქმიანობის სახეების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება შეღავათიანი დაბეგვრა.
მუხლი 19. საფინანსო, საკრედიტო და საანგარიშსწორებო ოპერაციები
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო საფინანსო, საკრედიტო და საანგარიშსწორებო ოპერაციებს (მათ შორის სავალუტოს) ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20. დაზღვევა
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო დამოუკიდებლად ირჩევს თავისი ქონებისა და რისკის დამზღვევ ორგანიზაციას.
მუხლი 21. ფინანსური და კომერციული საქმიანობის შემოწმება დაბეგვრის მიზნით
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ფინანსური და კომერციული საქმიანობის შემოწმება დაბეგვრის მიზნით ხორციელდება აუდიტორული ორგანიზაციების მიერ. საჭიროების შემთხვევაში საწარმოებს შეუძლიათ ისარგებლონ უცხოური აუდიტორული ორგანიზაციის მომსახურებით.
მუხლი 22. აღრიცხვა და ანგარიშგება
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი წესით;
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო საბალანსო შეფასებისა და აღრიცხვის მიზნით ახორციელებს უცხოური ვალუტის გადაანგარიშებას მანეთებზე გადაანგარიშების მომენტში არსებული კომერციული კურსით.
მუხლი 23. ინტელექტუალური საკუთრების უფლება
1. უცხოელი ინვესტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლების განხორციელება და დაცვა (ლიტერატურული, სამეცნიერო და მხატვრული ნაწარმოების საავტორო უფლების, მათ შორის კომპიუტერული პროგრამები პატენტების და სხვა უფლებები გამოგონებაზე და სამრეწველო ნიმუშებზე „ნოუ-ჰაუზე“, კომერციულ საიდუმლოებაზე, სასაქონლო და მომსახურების ნიშნებზე, საფირმო სახელწოდებათა ნიშნების დაცვაზე) უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
2. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო თავის თანამშრომლებთან აფორმებს ხელშეკრულებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, რომელიც იქმნება მათ მიერ საწარმოსათვის განსაზღვრული კონკრეტული ამოცანის შესრულების შედეგად.
პატენტი გამოგონებაზე და სამრეწველო ნიმუშებზე მიეცემა საწარმოს, თუკი თანამშრომელსა და საწარმოს შორის შესაბამისი ხელშეკრულებაა გაფორმებული. ეს ხელშეკრულება პატენტის მიღების უფლებაზე, პატენტის მიღების უფლების დათმობასთან ერთად განსაზღვრავს საწარმოს ვალდებულებებს თანამშრომელთა მატერიალური, საწარმოო და სოციალური პირობების უზრუნველყოფისათვის.
3. თუ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოსა და თანამშრომელს შორის აღნიშნული ხელშეკრულება არ დადებულა, მაშინ პატენტი მიეცემა საწარმოო ნიმუშის ან გამოგონების ავტორს. საწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს ეს გამოგონება ან საწარმოო ნიმუში იმ პირობით, რომელიც განისაზღვრება პატენტის მფლობელ ავტორთან შეთანხმებით.
4. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მისი კუთვნილი გამოგონებისა და სამრეწველო ნიმუშის საზღვარგარეთ დაპატენტებაზე.
მუხლი 24. შრომითი ურთიერთობანი
1. საწარმოო და შრომითი ურთიერთობანი, მუშაკთა გათავისუფლება და დაქირავება, შრომისა და დასვენების რეჟიმი, შრომის ანაზღაურების პირობები, გარანტიები და კომპენსაციები უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოში რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
შრომითი ხელშეკრულების პირობებმა არ უნდა გააუარესონ ამ საწარმოების თანამშრომელთა მდგომარეობა იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით.
2. პროფესიული კავშირების საქმიანობა უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოში ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს მართვის ნებისმიერ ორგანოში შეიძლება შევიდნენ უცხოეთის მოქალაქეები. სხვა უცხოელ მუშაკთა დაქირავება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე.
უცხოელი თანამშრომლების დაქირავებისა და შრომითი საქმიანობის საკითხების შეთანხმება ხდება თითოეულ მათგანთან დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
უცხოელი თანამშრომლების მიერ უცხოური ვალუტით მიღებული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ შეიძლება გატანილ იქნეს საზღვარგარეთ.
მუხლი 25. საწარმოს მუშაკთა სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს მუშაკთა სოციალური დაზღვევა და მათი სოციალური უზრუნველყოფა (უცხოელი თანამშრომლების საპენსიო უზრუნველყოფის გარდა) რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო უცხოელ მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფისათვის გადასახადებს გადარიცხავს ვალუტით იმ ქვეყნების შესაბამის ფონდში, სადაც ეს მუშაკები მუდმივად ცხოვრობენ.
უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს შეაქვს ანარიცხები ადგილობრივ და უცხოელ მუშაკთა სახელმწიფო სოციალური დაზღვევისათვის, ხოლო ადგილობრივ მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფისათვის იმ განაკვეთებით, რომლებიც განსაზღვრულია საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
მუხლი 26. საწარმოს ლიკვიდაცია
უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ლიკვიდაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი.
დოკუმენტის კომენტარები