საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
28/12/1992
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 05.03.1998, №1286)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატის - პარლამენტის წევრის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები.

მუხლი 2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახლადარჩეული პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის დღეს ან ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დაუშვებელია პარლამენტის წევრს უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა.

მუხლი 3. პარლამენტის წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი

პარლამენტის წევრი თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში სარგებლობს პარლამენტის წევრის მოწმობით და სამკერდე ნიშნით, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მუხლი 4. პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

პარლამენტის წევრი იმავდროულად არ შეიძლება ეწეოდეს სხვა მუდმივ ანაზღაურებით სამსახურს, მსახურობდეს სამხედრო ან გასამხედროებულ ფორმირებაში. პარლამენტის წევრი მისი უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან თავისუფლდება ადრე დაკავებული თანამდებობებიდან.

გამონაკლისის სახით პარლამენტის წევრს იმავდროულად შეიძლება:

ა) ეკავოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა;

ბ) იყოს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი;

გ) ეწეოდეს სხვა სამსახურს, თუ ეს არის სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობა, ანდა უკავშირდება მის პარტიულ მოღვაწეობას.

მუხლი 5. პარლამენტის წევრის მანდატი

პარლამენტის წევრი მთელი ხალხის წარმომადგენელია პარლამენტში და სარგებლობს თავისუფალი მანდატ ით. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური ორგანიზაციების განაწესებითა და დავალებებით.

მუხლი 6. პარლამენტის წევრის საქმიანობა საარჩევნო ოლქში
პარლამენტის წევრი თვალყურს ადევნებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას, პარლამენტის პოლიტიკის განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ ამოცანების გადასაწყვეტად პარლამენტის წევრი იღებს მოქალაქეებს, ხვდება ამომრჩევლებს, ატარებს კონსულტაციებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოთა ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრისათვის ამ საქმიანობაში ხელის შეწყობის მიზნით საარჩევნო ოლქის ცენტრში იქმნება პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის საქმიანობას საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური წარმომადგენლობების მეშვეობით.
მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე აღმოუჩინონ სხვა აუცილებელი დახმარებაც.
საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 9 თებერვლის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №4, 28/02/1993წ.
საქართველოს რესპუბლიკის 1996 წლის 22 თებერვლის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №003, 27/03/1996წ.
მუხლი 7. პარლამენტის წევრის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებთან

პარლამენტის წევრს უფლება აქვს მონაწილეობდეს სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის რესპუბლიკური თუ ადგილობრივი ორგანოების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით. იგი, როგორც მთელი ხალხის წარმომადგენელი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, თავის სტატუსს იყენებს ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა, კანონიერებისა და საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 8. საპარლამენტო ფრაქციებში პარლამენტის წევრთა გაერთიანების უფლება

საერთო-პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების შესაბამისად პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და შექმნან საპარლამენტო ფრაქციები.

საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

მუხლი 9. პარლამენტის წევრის ზნეობრივი ქცევის ნორმები

პარლამენტის წევრის მიერ ზნეობრივი ქცევის ნორმების დარღვევისას საკითხს განიხილავს პარლამენტის სამანდატო, საპარლამენტო ეთიკისა და პრივილეგიების კომისია.

პარლამენტს, რომელიც განიხილავს მითითებულ საკითხზე კომისიის წინადადებას, შეუძლია პარლამენტის წევრს გამოუცხადოს შენიშვნა, საყვედური ან გაკიცხვა. დადგენილება მიიღება ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

მუხლი 10. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეწყდება პარლამენტის მიერ მისი იმ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცებისთანავე, რომელიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან. სხვა შემთხვევებში პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ პარლამენტის მოტივირებული დადგენილებით პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის, სასამართლო წესით მისი ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში, აგრეთვე იმ თანამდებობაზე არჩევის და დანიშვნისას, რომელიც კანონით შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.

 

თავი II

პარლამენტის წევრის საქმიანობა პარლამენტის და მის ორგანოებში

მუხლი 11. პარლამენტის წევრის მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში

პარლამენტის წევრები კანონით დადგენილი წესით პარლამენტის სხდომებზე იხილავენ და წყვეტენ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების გამგებლობას განეკუთვნება.

პარლამენტის წევრი ვალდებულია ესწრებოდეს პარლამენტის სხდომებს; იმ შემთხვევაში, თუ მას არა აქვს პარლამენტის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, ამის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის სპიკერს ან მის მოადგილეს.

თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს სამ სხდომას, სპიკერი უცხადებს გაფრთხილებას, გაფრთხილებიდან ოთხი სხდომის გაცდენის შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაუკავებენ ერთი თვის ხელფასს. ეს გადაწყევტილება მიიღება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 12. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება პარლამენტის სხდომაზე

პარლამენტის წევრი მონაწილეობს ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც პარლამენტის სხდომაზე იხილება.

პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს პარლამენტის ორგანოებში;

ბ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს და ამტკიცებს პარლამენტი;

გ) დასვას საკითხი პარლამენტის განსახილველად;

დ) შეიტანოს შენიშვნა ან წინადადება პარლამენტის სხდომის დღის წესრიგისა და გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის წესისა და არსის შესახებ;

ე) შეიტანოს წინადადებანი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ან თანამდებობის პირის ანგარიშისა თუ ინფორმაციის მოსმენის შესახებ;

ვ) კანონით დადგენილი წესით დასვას საკითხი პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირისადმი ნდობის შესახებ;

ზ) შეიტანოს წინადადება პარლამენტის კომპეტენციაში შემავალ ყოველ საკითხზე საპარლამენტო გამოძიების ჩატარების შესახებ;

თ) მონაწილეობდეს კამათში, შეკითხვის წესით დააყენოს საკითხები, შეეკითხოს მომხსენებელს და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და მისცეს მას შეფასება;

ი) წამოაყენოს წინადადებები კანონების, დადგენილებებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებში შესწორებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

კ) პარლამენტის სხდომას გააცნოს მოქალაქეთა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები;

ლ) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის სხდომაზე განსახილველი საკითხის თაობაზე;

მ) გაეცნოს თავისი გამოსვლების ტექსტებს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებსა და ოქმებში შეტანამდე, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსავლების ტექსტები, რომლებიც არ ქვეყნდება.

დაუშვებელია პარლამენტის წევრის ნებისმიერი ფორმით დევნა პარლამენტის სხდომაზე გამოთქმული აზრისა თუ წარმოდგენილი საპარლამენტო დოკუმენტის გამო.

პარლამენტის წევრს პლენარულ ან კომისიის სხდომაზე გამოთქმული აზრის, კენჭისყრისას მიცემული ხმის და წარმოდგენილი საპარლამენტო დოკუმენტის გამო არ შეიძლება მოითხოვოს პასუხი არც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

მუხლი 13. პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

პარლამენტის წევრს უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში შეიტანოს კანონპროექტი ან წინადადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რაც განიხილება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 14. პარლამენტის წევრის მიერ შეკითხვის წესით საკითხის დასმა

პარლამენტის წევრს უფლება აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო, აგრეთვე დასვას შეკითხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა საკითხებზე.

პარლამენტის წევრი შეკითხვის წესით საკითხს აყენებს ზეპირად ან წერილობით.

ყველა ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც პარლამენტის წევრმა შეკითხვით მიმართვა, ვალდებულია 10 დღის ვადაში უპასუხოს მას წერილობით ან პასუხი გასცეს პარლამენტის სხდომაზე, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრი, ხოლო სესიებს შორის პერიოდში წერილობით უპასუხოს უშუალოდ პარლამენტის წევრს, აგრეთვე პარლამენტის აპარატს.

პარლამენტის წევრს უფლება აქვს მისცეს შეფასება შეკითხვაზე მიღებულ პასუხს.

მუხლი 15. პარლამენტის წევრის საქმიანობა პარლამენტის ორგანოებში

პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს პარლამენტის ერთი ან ორი მუდმივი კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობდეს მის მუშაობაში. ეს წესი არ ვრცელდება პარლამენტის თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, პარლამენტის სპიკერზე, მის მოადგილეებზე, პრემიერ-მინისტრზე.

პარლამენტის წევრს, რომელიც არ შედის პარლამენტის ორგანოების შემადგენლობაში, უფლება აქვს მონაწილეობდეს მათ სხდომებში, შეიტანოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით.

მუხლი 16. პარლამენტის წევრის მონაწილეობა პარლამენტის და მისი ორგანოების დავალებათა შესრულებაში

პარლამენტის ან მისი ორგანოების დავალებით პარლამენტის წევრი მონაწილეობს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესრულების შემოწმებაში.

შემოწმების შედეგებს პარლამენტის წევრი მოახსენებს პარლამენტს ან მის ორგანოებს და წარუდგენს წინადადებებს გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს უარი განაცხადოს ასეთი დავალების შესრულებაზე.

 

თავი III

პარლამენტის წევრის საქმიანობის გარანტიები

მუხლი 17. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების გარანტიები

პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას უზრუნველყოფს საკანონმდებლო ინიციატივის წესით შეტანილი წინადადების ან კანონპროექტის სავალდებულო განხილვა და კენჭისყრით გადაწყვეტა.

მუხლი 18. პარლამენტის წევრის უფლება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირის მიერ

სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი სარგებლობს უფლებით შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირთა მიერ.

მუხლი 19. პარლამენტის წევრის მიერ ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს პარლამენტის წევრს პარლამენტისა და მისი ორგანოების დოკუმენტებით, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტს, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მიერ ოფიციალურად გავრცელებული საინფორმაციო და საცნობარო მასალებით.

ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე თანამდებობის პირნი ვალდებული არიან საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის წევრი უზრუნველყონ სპეციალისტთა კონსულტაციებით, ტექნიკური საშუალებებით, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია, საშუალება მისცენ ისარგებლოს გასამრავლებელი და გამოთვლითი ტექნიკით, კავშირისა და ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებით.

მუხლი 20. პარლამენტის წევრთათვის იურიდიული დახმარების გაწევა  

ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საწარმოთა და ორგანიზაციათა ადმინისტრაცია, აგრეთვე იურიდიული დაწესებულებები დახმარებას უწევენ პარლამენტის წევრს სადეპუტატო საქმიანობისას წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში.

მუხლი 21. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

პარლამენტის წევრებს, რომელნიც არ არიან ჩაწერილნი ქ. თბილისში და არა აქვთ საცხოვრებელი ბინა, პარლამენტის უფლებამოსილების მთელ პერიოდში ბინის დაქირავების ხარჯებისათვის პირადი განცხადების საფუძველზე პარლამენტის აპარატის ბუღალტერიიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ყოველთვიურად მიეცემათ თანხა მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით. პარლამენტის იმ წევრებს, რომელთაც სურთ სასტუმროში ცხოვრება, ხარჯებს უნაღდო ანგარიშსწორებით აუნაზღაურებს პარლამენტის აპარატის ბუღალტერია.

პარლამენტის წევრს შეუნარჩუნდება უფლება საცხოვრებელ ფართზე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.

პარლამენტის ყველა წევრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებისათვის ყოველთვიურად ეძლევა თანხა მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით.

მუხლი 22. პარლამენტის წევრის შრომითი უფლებების გარანტიები

პარლამენტის წევრს, თუ იგი მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებაში, სადეპუტატო უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ან მის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში ეძლევა წინანდელი თანამდებობა, ხოლო, თუ ასეთი არ არის, სხვა მისი ტოლფასი სამუშაო ამავე ან მისი თანხმობით სხვა უწყებაში.

პარლამენტის წევრის პარლამენტში მუშაობის დრო ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟად.

პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კავშირებში წევრობის შეწყვეტას.

მუხლი 23. პარლამენტის წევრის უფასო მგზავრობის უფლება

პარლამენტის წევრი საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე სარგებლობს ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) უფასო მგზავრობისა და სამგზავრო დოკუმენტის რიგგარეშე შეძენის უფლებით.

მუხლი 24. პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობა

პარლამენტის წევრი არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ, გაჩხრიკონ ან სასამართლოს წესით შეუფარდონ  ადმინისტრაციული სახდელი პარლამენტის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას დანაშაულის ჩადენაზე წაასწრეს. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს.

პარლამენტის წევრის ბრალდების საქმეს იხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო.

პარლამენტის წევრს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტების გამო, რომლებიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა პარლამენტის წევრად აღარ ითვლება.

დაუშვებელია პარლამენტის წევრის იძულებით მიყვანა, მისი პირადი ნივთების, ბარგის, ტრანსპორტის, საცხოვრებელი ან სამუშაო სადგომების ჩხრეკა თუ შემოწმება, აგრეთვე სატელეფონო საუბრების მოსმენა.

პარლამენტის წევრი საზღვარგარეთ მგზავრობისას სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.

მუხლი 25. პარლამენტის წევრის პასუხისგებაში მიცემაზე თანხმობის მიღების წესი

პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების ან მის მიმართ სასამართლო წესით ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისათვის პარლამენტის თანხმობის მისაღებად საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს პარლამენტში შეაქვს წარდგინება, რაც განიხილება 10 დღის ვადაში. საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პარლამენტის წევრს, რომლის გამო შეტანილია წარდგინება. პარლამენტი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და სამი დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, რომელიც ვალდებულია საქმის წარმოების დამთავრებისთანავე შეატყობინოს პარლამენტს საქმის გამოძიების ან განხილვის შედეგი.

მუხლი 26. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის

სახელმწიფო უზრუნველყოფს პირობებს პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების დაუბრკოლებელი განხორციელებისათვის, იცავს მის უფლებებს, სახელსა და ღირსებას. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო იღებს ზომებს მისი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პირებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს პარლამენტის წევრის წინაშე, უგულებელყოფენ მის უფლებამოსილებას, ხელს უშლიან მუშაობაში, აწვდიან მცდარ ინფომრაციას, არღვევენ პარლამენტის წევრის საქმიანობის გარანტიებს, ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1992 წლის 28 დეკემბერი.