დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 27/12/1990 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 27/12/1990 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ
|
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონმდებლობა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის – საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები. მუხლი 2. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება უზენაესი საბჭოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის დღეს ან ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 3. უზენაესი საბჭოს წევრის სადეპუტატო მოწმობა და სამკერდე ნიშანი უზენაესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში სარგებლობს სადეპუტატო მოწმობითა და სამკერდე ნიშნით. მოწმობისა და სამკერდე ნიშნის დებულებებს, მათ ნიშნებსა და აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. მუხლი 4. უზენაესი საბჭოს წევრის მოვალეობათა შეთავსება სხვა საქმიანობასთან უზენაესი საბჭოს წევრი, როგორც წესი, წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეები, პრეფექტები. სხვა დეპუტატთა მიმართ გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით. გამონაკლისი არ დაიშვება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და უზენაესი საბჭოს სხვა მუდმივი ორგანოს ხელმძღვანელებისათვის. უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, უფლება ეძლევა სადეპუტატო საქმიანობას შეუთავსოს სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობა 0,25 ან 0,5 საშტატო განაკვეთზე. ამ უფლებით სარგებლობენ აგრეთვე ქ. თბილისში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექიმები. უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც ეწევა შემოქმედებით საქმიანობას, უხელფასო გაცდენის დროს ეძლევა ხელფასი უზენაესი საბჭოს იმ წევრის თანაბრად, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ. მუხლი 5. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ვადამდე წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შემდეგ შემთხვევებში: უზენაესი საბჭო წევრის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნისას; უზენაესი საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენის ძალაში შესვლისას; უზენაესი საბჭოს წევრისთვის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის ჩამორთმევისას; იმ შემთხვევაში, როდესაც უზენაესი საბჭოს წევრს ისეთი თანამდებობა უკავია, რომელიც კანონით შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსთან; თუ უზენაესი საბჭოს წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება უზენაესი საბჭოს ხუთ ან მეტ სხდომას; თუ უზენაესი საბჭოს წევრის მოქმედება შეუფერებელია დეპუტატისათვის, ასეთ შემთხვევაში დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება, თუკი უზენაესი საბჭოს შესაბამის დადგენილებას მხარს დაუჭერს დეპუტატთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი მაინც; პირი, რომელსაც ამ საფუძველზე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება, არ შეიძლება გახდეს ამ მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტისას (სასამართლო წესით მისი აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემთხვევებში); უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევისას. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 3 დეკემბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1991წ. მუხლი 6. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების დროებით შეჩერება უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების დროებით შეჩერებას უფლება აქვს: 1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, ხოლო სესიებს შუა პერიოდში და სესიის მიმდინარეობისას უზენაესი საბჭოს სხდომებს შორის პერიოდში – უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, თუ ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მიერ შეტანილია წარდგინება; 2. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უზენაესი საბჭოს წევრის თხოვნით, თუ იგი იმყოფება ხანგრძლივ მივლინებაში, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას ან სხვა შემთხვევაში, როდესაც უზენაესი საბჭოს წევრს დროებით არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება; 3. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უზენაესი საბჭოს სამანდატო და სადეპუტატო ეთიკის კომისიის წარდგინებით იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი საბჭოს წევრი არასაპატიო მიზეზით სისტემატურად არ ესწრება უზენაესი საბჭოს სხდომებს, ანდა პრაქტიკულად არ მონაწილეობს უზენაესი საბჭოს ან მისი ორგანოების მუშაობაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის კანონების, უზენაესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა აქტების მიღებისას უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობაში არ შედიან უზენაესი საბჭოს ის წევრები, რომელთა უფლებამოსილება შეწყვეტილია ან დროებით შეჩერებულია. 4. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტამდე იმ შემთხვევაში, თუკი შეწყდება საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა (აიკრძალება სასამართლო წესით ან მოხდება ამ გაერთიანების თვითლიკვიდაცია), რომლის პარტიული სიითაც (მაჟორიტარული ან პროპორციული წესით) იყო არჩეული უზენაეს საბჭოში დეპუტატი; 5. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს იმ შემთხვევაში, როდესაც უზენაეს საბჭოს წევრს უკავია ისეთი თანამდებობა, რომელიც კანონით შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსთან. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ. II. უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობა უზენაეს საბჭოსა და მის ორგანოებში მუხლი 7. უზენაესი საბჭოს წევრის მონაწილეობა უზენაესი საბჭოს სესიებში უზენაესი საბჭოს წევრები თავისუფალი განსჯის საფუძველზე სესიებზე იხილავენ და წყვეტენ ყველა იმ საკითხს, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის განმგებლობას განეკუთვნება. უზენაესი საბჭოს წევრი მოვალეა ესწრებოდეს სესიებს. თუ მას არა აქვს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, ამის შესახებ უნდა აცნობოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის სსრ კავშირის, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წევრი, საქართველოს საბჭოს სხდომისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოს სხდომის ჩატარების თარიღის დამთხვევისას ვალდებულია დაესწროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომას. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ. მუხლი 8. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე უზენაესი საბჭოს წევრს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება ყველა იმ საკითხში, რომლებიც იხილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე. უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს უზენაესი საბჭოს ორგანოებში; ბ) გამოთქვას აზრი უზენაესი საბჭოს შესაქმნელი ორგანოების პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს უზენაესი საბჭო; გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებანი უზენაესი საბჭოს სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის წესისა და არსის გამო; დ) შეიტანოს წინადადებანი უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ყოველი ორგანოს ან თანამდებობის პირის ანგარიშისა თუ ინფორმაციის მოსმენის შესახებ; ე) დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თუ მისი ცალკეული წევრისადმი ნდობის შესახებ; ვ) მონაწილეობდეს კამათში, შეკითხვის წესით დააყენოს საკითხები, შეეკითხოს მომხსენებელს, აგრეთვე სხდომის თავჯდომარეს, მოითხოვოს პასუხები და მისცეს მათ შეფასება; ზ) წამოაყენოს წინადადებები კანონების, დადგენილებების, სხვა საკანონმდებლო აქტების პროექტებში შესწორებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; თ) გაეცნოს თავისი გამოსვლების ტექსტებს უზენაესი საბჭოსა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებსა და ოქმებში გამოქვეყნებამდე, აგრეთვე მიიღოს გამოსვლების ტექსტები, რომლებიც არ ექვემდებარება გამოქვეყნებას; ი) გადასცეს სხდომის თავჯდომარეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები უზენაესი საბჭოს სესიაზე განსახილველი საკითხის გამო; კ) სხდომაზე დასწრების შემთხვევაში არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში (მაგრამ აუცილებლად უნდა გატარდეს რეგისტრაციაში). მუხლი 9. უზენაესი საბჭოს წევრის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება უზენაესი საბჭოს წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში, ანუ უფლება შეიტანოს სათანადო წესით ჩამოყალიბებული კანონპროექტი ან წინადადება კონკრეტული კანონის მიღებასთან თუ მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, რაც განხილულ უნდა იქნეს უზენაეს საბჭოში. მუხლი 10. უზენაესი საბჭოს წევრის მიერ შეკითხვის წესით საკითხის დაყენება უზენაესი საბჭოს წევრს ან წევრთა ჯგუფს უფლება აქვს შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო, აგრეთვე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა საკითხები. უზენაესი საბჭოს წევრს შეუძლია შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური ადგილობრივი ორგანოების წინაშე. დეპუტატი შეკითხვის წესით საკითხს აყენებს წერილობითი ფორმით. უზენაესი საბჭოს წევრი ან მისი თხოვნით უზენაესი საბჭოს სხდომის თავჯდომარე აცნობს სესიას შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხს. სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი, რომლის წინაშეც შეკითხვის წესით დააყენეს საკითხი, ვალდებულია გასცეს ოფიციალური პასუხი სესიის სხდომაზე არაუგვიანეს სამი დღის ვადისა ან უზენაესი საბჭოს მიერ დაწესებულ სხვა ვადაში. უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეაფასოს შეკითხვის წესით დასმულ საკითხზე თანამდებობის პირის პასუხი. შეკითხვის წესით დაყენებული საკითხის გამო, განხილვის შედეგების მიხედვით, მიიღება დადგენილება. მუხლი 11. უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატის მიერ შეტანილი წინადადებებისა და შენიშვნების განხილვა უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატის მიერ წერილობითი ფორმით თავჯდომარისთვის გადაცმულ წინადადებებსა და შენიშვნებს განიხილავენ უზენაესი საბჭო, მისი მუდმივი კომისია (ან კომისიები), ანდა უგზავნიან შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს განსახილველად. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, აგრეთვე თანამდებობის პირნი, რომლებსაც გაეგზავნათ უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატის მიერ შეტანილი წინადადებები და შენიშვნები, მოვალე არიან განიხილონ ისინი არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და შედეგები აცნობონ უშუალოდ უზენაესი საბჭოს წევრს, აგრეთვე უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს. უზენაესი საბჭოს წევრის წინადადებებისა და შენიშვნების განხილვისა და რეალიზაციის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი მუდმივი კომისია. მუხლი 12. უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობა უზენაესი საბჭოს ორგანოებში უზენაესი საბჭოს ორგანოებში არჩეული წევრი მოვალეა მონაწილეობდეს მათ მუშაობაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის შესაბამისად სსრ კავშირის, საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი ორგანოს მუდმივი კომისიის, ქვეკომისიისა თუ სხვა ანალოგიური ფორმირების წევრი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანოს სხდომისა და ზემოაღნიშნული ორგანოების სხდომების ჩატარების თარიღის დამთხვევისას ვალდებულია დაესწროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანოს სხდომას. უზენაესი საბჭოს წევრი, რომელმაც შეწყვიტა საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობა და არ იქნა არჩეული უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის ან სხვა მუდმივი ორგანოს წევრად, განცხადებით მიმართავს რომელიმე მუდმივ კომისიას ქვეკომისიის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე. მუდმივი კომისია ვალდებულია დააკმაყოფილოს დეპუტატის თხოვნა. უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც არ შედის უზენაესი საბჭოს ორგანოების შემადგენლობაში, უფლება აქვს მონაწილეობდეს მათ სხდომებში, შეიტანოს წინადადებანი, მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებათა მიღებაში სათათბირო ხმის უფლებით. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ. III. უზენაესის საბჭოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მუხლი 13. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება საარჩევნო ოლქში ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მის დამსახელებულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მუშაობასთან დაკავშირებით საარჩევნო ოლქში ან შესაბამის პოლიტიკურ ორგანიზაციაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში, აგრეთვე შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოებში ამომრჩეველთა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა წევრების ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვაში; ბ) კონტროლი გაუწიოს მის მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში გაგზავნილი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირნი მოვალე არიან დახმარება გაუწიონ უზენაესი საბჭოს წევრს მის საკონტროლო საქმიანობაში; გ) მოაწყოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა კრებები, შეხვედრები შრომით კოლექტივებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციათა ადგილობრივ ორგანოებთან. მუხლი 14. უზენაესი საბჭოს წევრის მიერ მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა უზენაესი საბჭოს წევრი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს მასთან შესულ წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ღონისძიებებს მათი სწორი და დროული გადაწყვეტისათვის, იღებს მოქალაქეებს, სწავლობს საზოგადოებრივ აზრს, შეაქვს წინადადებანი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანოებში, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში. მუხლი 15. უზენაესი საბჭოს წევრის ანგარიში ამომრჩეველთა ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წინაშე უზენაესი საბჭოს წევრი მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბაროს ანგარიში თავისი მუშაობის შესახებ ოლქის ამომრჩევლებს ან დეპუტატობის კანდიდატად მის დამსახელებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას. მუხლი 16. უზენაესი საბჭოს წევრისათვის ხელშეწყობა ამომრჩევლებთან ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრების მოწყობაში უზენაესი საბჭოს წევრს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს საჭირო პირობები ანგარიშგების და ოლქის ამომრჩევლებთან ან უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრების მოწყობისთვის. მისი თხოვნით ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს შენობა, აცნობოს მოქალაქეებს, როდის და სად ეწყობა დეპუტატის ანგარიშგება, მისი შეხვედრები ამომრჩევლებთან. IV. უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის გარანტიები მუხლი 17. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების გარანტიები უზენაესი საბჭოს წევრის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას უზრუნველყოფს: ა) უზენაესი საბჭოს სესიაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით შეტანილი წინადადების სავალდებულო განხილვა; ბ) უზენაესი საბჭოს წევრის მიერ შეტანილი წინადადებების, აგრეთვე კანონის ყველა შესწორების გამო სავალდებულო კენჭისყრა. მუხლი 18. უზენაესი საბჭოს წევრის უფლება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირთა მიერ სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს წევრი სარგებლობს უფლებით დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირთა მიერ, აგრეთვე უფლებით შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოში, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. მუხლი 19. უზენაესი საბჭოს წევრის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი უზრუნველყოფს უზენაესი საბჭოს წევრს უზენაესი საბჭოს დოკუმენტებით, აგრეთვე მთავრობის, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მიერ ოფიციალურად გავრცელებული საინფორმაციო და საცნობარო მასალებით. ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე თანამდებობის პირნი მოვალე არიან უზენაესი საბჭოს წევრი უზრუნველყონ სპეციალისტთა კონსულტაციებით დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია, საშუალება მისცენ ისარგებლოს ასლგადასაღებ-გასამრავლებელი და გამოთვლითი ტექნიკით. მუხლი 20. უზენაესი საბჭოს წევრისათვის იურიდიული დახმარების გაწევა ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საწარმოთა, ორგანიზაციათა, სამეცნიერო, იურიდიულ დაწესებულებათა, სასწავლებლების ადმინისტრაციები, სამართალდამცველი ორგანოები დახმარებას უწევენ უზენაესი საბჭოს წევრს სადეპუტატო საქმიანობისას წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში. მუხლი 21. თანამდებობის პირთა მოვალეობა იხილავდნენ უზენაესი საბჭოს წევრთა მიმართვებს უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს მიმართოს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას, თანამდებობის პირს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე მონაწილეობდეს აღძრულ საკითხთა განხილვაში. აღნიშნული ორგანოები და თანამდებობის პირნი მოვალე არიან უზენაესი საბჭოს წევრს დაუყოვნებლივ გასცენ პასუხი მის მიმართვაზე, ხოლო შესაბამისი საკითხის დამატებითი შესწავლის ან შემოწმების საჭიროების შემთხვევაში – არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა. მუხლი 22. უზენაესი საბჭოს წევრის უფლება მოითხოვოს კანონიერების დარღვევის აღმოფხვრა უზენაესი საბჭოს წევრს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელს, უფლება აქვს ადგილზე მოითხოვოს კანონიერების დარღვევის შეწყვეტა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს აღკვეთონ კანონის, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევაში. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირნი, რომლებსაც ეხებათ უზენაესი საბჭოს წევრის მოთხოვნა, მოვალე არიან დაუყოვნებლივ განახორციელონ დარღვევების აღმოფხვრის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებანი, ამასთან შემდგომში აცნობონ ეს უზენაესი საბჭოს წევრს. მუხლი 23. სადეპუტატო საქმიანობის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურეობრივ საქმიანობას, აუნაზღაურდება ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელფასის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. V. უზენაესი საბჭოს წევრის შრომითი უფლებების დაცვა. უზენაესი საბჭოს წევრის ხელშეუხებლობა მუხლი 24. უზენაესი საბჭოს წევრის შრომითი უფლებების გარანტიები უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტს საწარმოო თუ სამსახურეობრივ საქმიანობას, უნარჩუნდება სამუშაო ადგილი უზენაესი საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულების მთელ პერიოდში. უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ მას ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი არ არის, სხვა მისი ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) ამავე ან, მუშაკის თანხმობით, სხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. უზენაესი საბჭოს წევრი არ შეიძლება დაითხოვონ სამუშაოდან ადმინისტრაციის ინიციატივით, გარიცხონ კოლმეურნეობიდან ან სხვა კოოპერაციული ორგანიზაციიდან, სასწავლებლიდან, ანდა გადაიყვანონ დისციპლინური დასჯის წესით ნაკლებხელფასიან სამუშაოზე (დააქვეითონ თანამდებობით) უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე, ხოლო სესიების შუა და სხდომებს შუა პერიოდში – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის გარეშე. უზენაეს საბჭოსა და მის ორგანოებში დეპუტატის მუშაობის დრო ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟად. უზენაესი საბჭოს წევრად არჩევა არ იწვევს შემოქმედებით კავშირებსა და თავისუფალ პროფესიულ გაერთიანებებში წევრობის შეწყვეტას. მუხლი 25. უზენაესი საბჭოს წევრის ხელშეუხებლობა უზენაესი საბჭოს წევრი არ შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაპატიმრებულ იქნეს ან დაედოს ადმინისტრაციული სასჯელი სასამართლო წესით უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე, ხოლო სესიებს შუა და სხდომების შუა პერიოდში – უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უზენაესი საბჭოს წევრი დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ უზენაეს საბჭოს. უზენაესი საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს. უზენაესი საბჭოს წევრი ვალდებული არ არის მოწმის სახით დაკითხვის დროს გაახმაურო ცნობები, რომლებიც მან სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღო, აგრეთვე, მიუთითოს ამ ცნობების მიღების წყაროები. დაუშვებელია როგორც უზენაესი საბჭოს წევრის იძულებით მიყვანა, ასევე მისი პირადი ნივთების, ბარგის, ტრანსპორტის, საცხოვრებელი ან სამუშაო სადგომების შემოწმება. უზენაესი საბჭოს წევრი საზღვარგარეთ მგზავრობისას სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით. მუხლი 26. უზენაესი საბჭოს წევრის პასუხისგებაში მიცემაზე თანხმობის მიღების წესი უზენაესი საბჭოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების ან სასამართლო წესით დადებული ადმინისტრაციული სასჯელის ღონისძიებათა გამოყენებისათვის უზენაესი საბჭოს, ხოლო სესიებსა და სხდომებს შუა პერიოდში უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის მისაღებად საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს უზენაესი საბჭოს წევრისთვის ბრალდების წაყენების, მისი დაპატიმრების სანქციის გაცემის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის სასამართლოში გაგზავნის წინ უზენაეს საბჭოში შეაქვს წარდგინება. უზენაესი საბჭო წარდგინებას განიხილავს არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორისაგან შეიძლება გამოთხოვილ იქნეს დამატებითი მასალები, საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს უზენაესი საბჭოს წევრს, რომლის გამო შეტანილია წარდგინება. უზენაესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და სამი დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს უზენაეს საბჭოს საქმის გამოძიების ან განხილვის შედეგები. მუხლი 27. უზენაესი საბჭოს წევრის თანაშემწის შესახებ უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს საზოგადოებრივ საწყისებზე აიყვანოს თანაშემწე. მაჟორიტარული წესით არჩეულ უზენაესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აიყვანონ რწმუნებული, რომლის შრომა ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მუხლი 28. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს პირობებს უზენაესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების დაუბრკოლებელი და ეფექტიანი განხორციელებისათვის, იცავს მის უფლებებს, სახელსა და ღირსებას. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობების პირებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს უზენაესი საბჭოს წევრის წინაშე, ხელს უშლიან მუშაობაში, აწვდიან მცდარ ინფორმაციას, არღვევენ სადეპუტატო საქმიანობის გარანტიებს, ეკისრებათ პასუხიმგებლობა კანონის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზ. გამსახურდია თბილისი, 1990 წლის 27 დეკემბერი № 81- I ს. |
დოკუმენტის კომენტარები