საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 15/09/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
15/09/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/09/1991 - 21/10/1992)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო სახელმწიფო კონტროლის ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო პოლიტიკას, უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური საზღვრების დაცვას და ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე.

მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკაში ხორციელდება ერთიანი საბაჟო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

საბაჟო საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკაში წესრიგდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად.

მუხლი 3. საბაჟო კონტროლი სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა, როmლითაც სახელმწიფო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას ტვირთების, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, მატერიალური, კულტურული, ინტელექტუალური და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფასეულობების, აგრეთვე ფეთქებადი, ნარკოტიკული, ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებების, იარაღის საბრძოლო მასალისა და სამხედრო საჭურვლის საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებზე გადატან-გადმოტანაზე.

საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სატრანსპორტო საშუალება, მგზავრები, მათი ტვირთი და ბარგი, ასევე საბარგო და საფოსტო გზავნილები.

საბაჟო კონტროლის გავლა სავალდებულოა ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებებით.

მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს მოქმედება ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო წარმოადგენს იურიდიულ პირს, საქართველოს რესპუბლიკის ბანკებში მას აქვს საანგარიშსწორებო, მათ შორის სავალუტო ანგარიშები, ბეჭედი, სიმბოლიკა და სხვა ატრიბუტები.

მუხლი 6. საბაჟოს ფულად სახსრებს ქმნის საბაჟო ტარიფების საფუძველზე მიღებული საბაჟო გადასახადები, ჯარიმები, კონტრაბანდის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი ნაწილი და სხვა შემოსავლით მიღებული თანხები.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა საბაჟო წესების დარღვევისათვის განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

II. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად საბაჟო ტარიფების შემუშავება;

გ) საბაჟო ტარიფების გამოყენება და გადასახადების გადახდევინება;

დ) ბრძოლა კონტრაბანდის წინააღმდეგ;

ე) საბაჟო წესების დარღვევების აღკვეთის ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელება;

ვ) მონაწილეობა საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების განხილვაში;

ზ) საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დაწესებულებათა მართვა, საბაჟოს შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საბაჟო ნორმების შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

თ) საბაჟო საქმიანობის სრულყოფისათვის სტატისტიკური და კვლევითი სამუშაოების წარმოება.

მუხლი 9. საბაჟო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებთან.

III. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს სტრუქტურა

მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს მმართველი ორგანოა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი, რომელსაც ექვემდებარება საბაჟოები და საბაჟო საგუშაგოები.

საბაჟოების, საბაჟო საგუშაგოების შექმნას, ლიკვიდაციას და მათი სტრუქტურების განსაზღვრას ახდენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის წარდგენით.

მუხლი 11. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წარდგინებით. სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.

მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბაჟოს თანამშრომელთა სამუსაოზე მიღება და სამუშაოდან დათხოვნა წარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესით.

მუხლი 13. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობა და საბაჟოს შინაგანაწესი, რომელსაც შეიმუშავებს საბაჟო დეპარტამენტი და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას საბაჟო მოსამსახურეების ხელშეუხებლობასა და ღირსებას იცავს კანონი.

მუხლი 14. საბაჟოს თანამშრომლების უკანონო მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                                            ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 15 სექტემბერი