გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ

გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 29/01/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
29/01/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991
000000000.00(0).000.000000
გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/02/1991 - 16/10/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობა

ადგილობრივი მმართველობა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოს გარდამავალი პერიოდის ამოცანების გადაწყვეტა.

მუხლი 2. ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციისა და საქმიანობის პრინციპები

ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციის და საქმიანობის პრინციპებია:

- კანონიერება და მისი უზრუნველყოფა;

- მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

- სამართლიანობა;

- საჯაროობა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება;

- ეფექტიანობა და ბიუროკრატიზმის თავიდან აცილება;

- საერთო რესპუბლიკური და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;

- ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინება;

- ანგარიშვალდებულება სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ზემდგომი ორგანოებისა და მოსახლეობის წინაშე.

თავი I

ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და მათი უფლებამოსილება

მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობის სისტემა

ადგილობრივი მმართველობა ქვემდებარე ტერიტორიაზე მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, საზოგადოებრივ-ტერიტორიულ თვითმმართველობას.

1) სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – სოფლის (დაბის, თემის), ქალაქის საკრებულო;

სოფლის (დაბის, თემის) საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა ან თანამდებობის პირი – გამგებელი;

ქალაქის საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

სოფლის ადგილობრივი მმართველობის ტერიტორია აერთიანებს ერთი ან რამდენიმე სოფლის ტერიტორიას. ამ საკითხს საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით წყვეტს პრეფექტი.

2) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების რაიონისა და რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა და ადმინისტრაციულად ექვემდებარება სასოფლო რაიონი) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის საკრებულო;

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო – პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

რაიონის საკრებულოს წევრები არიან:

სოფლის ( დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოების მდივნები;

სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრები, რომელთა რიცხვს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოს წევრები არიან:

სოფლის (დაბის, თემის), საკუთრივ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის (დაქვემდებარებული სასოფლო რაიონის გარეშე) საკრებულოების მდივნები და ამ საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრები, რომელთა რიცხვს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

საკუთრივ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – საკუთრივ ქალაქის საკრებულო;

საკუთრივ ქალაქის საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – საკუთრივ ქალაქის საკრებულოს გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

3) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც აქვს რაიონული დაყოფა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის საკრებულო;

სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო – პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ქალაქის საკრებულოს წევრები არიან:

ქალაქის რაიონის საკრებულოების მდივნები;

ქალაქის რაიონების საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრები, რომელთა რიცხვს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

4) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის რაიონის საკრებულო;

ქალაქის რაიონის საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

5) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის საკრებულო;

საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

6) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა და რომლის თანამოსახელე რაიონი არსებობს) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის საკრებულო;

საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს გამგეობა;

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო – პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს.

ასეთი ტიპის ქალაქსა და შესაბამის რაიონში იქმნება ერთი საერთო პრეფექტურა და ინიშნება საერთო პრეფექტი.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი  – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ.

მუხლი 4. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები

1) სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის, რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის და ქალაქის რაიონის საკრებულოების ორგანიზაცია, საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებითა და საკრებულოს რეგლამენტით, რომელსაც პრეფექტი ამტკიცებს.

2) სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და ქალაქის რაიონის საკრებულოების წევრებს კანონით დადგენილი წესით ირჩევს ქვემდებარე ტერიტორიის მოსახლეობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 3 წლის ვადით.

რაიონისა და რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად აირჩევა ქვემდებარე ტერიტორიების საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობებიდან.

3) საკრებულოს საქმიანობის ძირითადი ფორმები

საკრებულოს საქმიანობის ძირითადი ფორმებია:

- საკრებულოს სესია;

- საკრებულოს წევრთა საქმიანობა თავიანთ საარჩევნო ოლქებში;

- საკრებულოს კომისიების მუშაობა.

4) საკრებულოს სხდომის ორგანიზაცია

ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ ამ დროისთვის არჩეულია საკრებულოს წევრთა საერთო რიცხვის სულ ცოტა ორი მესამედი. მომდევნო სხდომას იწვევს საკრებულოს მდივანი თავისი ინიციატივით, პრეფექტის, საკრებულოს წევრთა საერთო რიცხვის ერთი მესამედის მოთხოვნით ამ მოცემული ქვემდებარე ტერიტორიის ამომრჩეველთა იმ რიცხვის მოთხოვნით, რაც განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს რეგლამენტით.

საკრებულოს მდივნის არჩევამდე ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას უძღვება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

5) საკრებულოს სხდომაზე გადასაწყვეტი საკითხები

მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები:

- საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებების შეტანა;

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

- ადგილობრივი ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება;

- საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის არჩევა   და თანამდებობიდან გადარჩევა;

- გამგეობის არჩევა, გამგეობის თავმჯდომარის ან გამგებლის დამტკიცება;

- სამანდატო, სარევიზიო და დროებითი კომისიების შექმნა;

- ბუნების დაცვასთან, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებთან დაკავშირებული ღონისძიებანი.

6) საკრებულოს მდივანი

საკრებულოს ხელმძღვანელობს მისი მდივანი,რომელსაც ირჩევენ შესაბამისი საკრებულოს წევრთაგან ფარული კენჭისყრით 3 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი მდივნად შეიძლება აირჩიონ ზედიზედ არა უმეტეს ორი ვადისა.

საკრებულოს მდივანი

- იწვევს და უძღვება საკრებულოს სხდომებს;

- კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას;

- ხელს აწერს საკრებულოს სხდომათა გადაწყვეტილებებს.

7) საკრებულოს მდივნის მოადგილე

საკრებულოს მდივნის წარდგინებით საკრებულო ირჩევს საკრებულო მდივნის მოადგილეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მაშინ მისი არყოფნისას ან მდივნის უშუალო დავალებით მის ფუნქციებს ასრულებს მოადგილე.

საკრებულოს მდივნის ნებაყოფლობით გადადგომისას ან მის მიერ მდივნის ფუნქციების შესრულებისათვის დაუძლეველი დაბრკოლებების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს მდივნის მოადგილე ხდება საკრებულოს მდივანი.

საკრებულოს მდივნის მოადგილე:

- უზრუნველყოფს საჭირო მასალების მომზადებას საკრებულოს სხდომებისათვის;

- განაგებს საქმისწარმოებას;

- ასრულებს საკრებულოს რეგლამენტით მასზე დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

8) სამანდატო სარევიზიო და დროებითი კომისიები

საკრებულო პირველ სხდომაზე წევრთა შემადგენლობიდან თავისი უფლებამოსილების ვადით ირჩევს სამანდატო და სარევიზიო კომისიებს.

სარევიზიო კომისია  აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას, ამოწმებს გამგეობის და ადგილობრივი მმართველობის თანამდებობის პირთა საფინანსო საქმიანობას.

საკრებულოს შეუძლია შემქნას დროებითი კომისიები. მათ შემადგენლობაში დასაშვებია ისეთი პირების შეყვანა, რომელნიც საკრებულოს წევრები არ არიან.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი  – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ.

მუხლი 5. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები

1) პრეფექტი და პრეფექტურა

რაიონსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოა პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს.

პრეფექტურის სტრუქტურა და კომპეტენცია შესაბამისი კანონით განისაზღვრება.

რაიონისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების უმაღლესი თანამდებობის პირია პრეფექტი. იგი უზრუნველყოფს საერთო რესპუბლიკური ინტერესების დაცვას და სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებათა განხორციელებას.

პრეფექტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. პრეფექტი ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წინაშე. პრეფექტის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. ერთი და იგივე პირი პრეფექტად შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადისა.

ავტონომიური რესპუბლიკების რაიონების და რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქების პრეფექტებს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

2) პრეფექტის კომპეტენცია

თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის პრეფექტი:

- სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ზემდგომი ორგანოების, შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე ხელმძღვანელობს სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ მშენებლობას;

- ხელმძღვანელობს და წარმართავს პრეფექტურის საქმიანობას;

- ქმნის პრეფექტის კაბინეტს, პრეფექტურის განყოფილებებს, სამმართველოებს და სამსახურებს, ნიშნავს თანამდებობის პირებს;

- ამტკიცებს საკრებულოების რეგლამენტებს;

- თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადგილობრივი საკუთრების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს;

- აუქმებს შესაბამისი საკრებულოების მიერ მიღებულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას;

- ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას ადგილობრივი მმართველობის ქვემდგომი ორგანოებისადმი, აუქმებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციებს როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, ისე მის გარეთ; დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული მთელი მიწების, წიაღისეული და ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებაზე, წყვეტს მიწათსარგებლობასთან, ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

- შეაჩერებს შესაბამის სამუშაოებს იმ შემთხვევაში, თუ საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ან მოქალაქე არღვევს ბუნების დაცვის, მიწათსარგებლობისა და ადგილობრივი ან შრომითი რესურსების გამოყენების, ჯანმრთელობის დაცვისა და საფინანსო კანონმდებლობას;

- უზრუნველყოფს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის ორგანიზაციას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;

- საჭიროებს შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ;

- ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ შინაგან საქმეთა ორგანოებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

- თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მთელს ქვემდებარე ტერიტორიაზე.

პრეფექტის განკარგულებისა და ბრძანებების შეჩერება შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს.

პრეფექტის განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს თავისი ინიციატივით ან პრეფექტის საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის მასალების საფუძველზე, აგრეთვე სასამართლოს – კანონით გაზსაღვრულ შემთხვევებში.

3) სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა), ქალაქის რაიონის საკრებულოს გამგეობა

სოფლის (დაბის, თემის, ქალაქის) საკრებულოს აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოა სოფლის (დაბის, თემის, ქალაქის, ქალაქის რაიონის) საკრებულოს გამგეობა ან გამგებელი. გამგეობის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე და წევრები;

სოფლის (დაბის, თემის, ქალაქის, ქალაქის რაიონის) საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარეს თავისი უფლებამოსილების ვადით პრეფექტის წარდგინებით საკრებულოს წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს სოფლის (დაბის, თემის, ქალაქის, ქალაქის რაიონის) საკრებულო;

სოფლის (დაბის, თემის, ქალაქის, ქალაქის რაიონის) საკრებულოს გამგეობის წევრი, გარდა თავმჯდომარისა (გამგებლისა), არ შეიძლება იყოს დეპუტატი.

4) გამგეობის(გამგებლის) საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

გამგეობის (გამგებლის) კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს რეგლამენტით.

საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სფეროში გამგეობა (გამგებელი):

- ხელმძღვანელობს პრეფექტის, საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებათა განხორცილებას;

- ხელს უწყობს საკრებულოს წევრებს მათი ფუნქციების განხორციელებაში.

საკრებულოს ფუნქციების განხორცილებისათვის გამგეობა ( გამგებელი):

- წარმართავს ადგილობრივი საკუთრების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;

- კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ქვემდებარე ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, მიუხედავად მათი კუთვნილებისა;

- უზრუნველყოფს საკრებულოს ტერიტორიის კომპლექსურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;

- ორგანიზაციას უწევს ბიუჯეტის შემუშავებასა და უზრუნველყოფს მის შესრულებას;

- განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, განაზოგადებს შემოსულ წინადადებებს და იღებს მათ გამო შესაბამის გადაწყვეტილებებს;

- თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს საკადრო საკითხებს;

- იღებს გადაწყვეტილებებსა და გამოსცემს განკარგულებებს.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი  – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1991წ.

მუხლი 6. საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობა

საზოგადოებრივ თვითმმართველობაში სოფლის (დაბის, თემის) მოსახლეობა მონაწილეობს საერთო კრებებისა და უშუალო თუ წარმომადგენლობითი დემოკრატიის სხვა ფორმებით.

ქალაქებში საზოგადოებრივი თვითმართველობის განხორციელების ორგანოებია მიკრორაიონებისა და საცხოვრებელი კომპლექსების საზოგადოებრივი საბჭოები, საბინაო კომიტეტები და მოსახლეობის თვითორგანიზაციის სხვა საზოგადოებრივი ფორმები.

საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი საკრებულოს მიერ რეგისტრირებული წესდების(დებულების) შესაბამისად. საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოებს დადგენილი წესით შეიძლება მიეცეთ იურიდიული პირის უფლება.

თავი II

ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

მუხლი 7. ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძველია საკრებულოს ტერიტორიის ბუნებრივი რესურსები(მიწა, მისი წიაღი, წყალი ტყე, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო), ადგილობრივი და სხვა სახის საკუთრება, რომელიც ადგილობრივი მმართველობის შემოსავლის წყარო და შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა.

ადგილობრივი მმართველობის უფლება ბუნებრივ რესურსებზე და ობიექტებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ადგილობრივ საკუთრებას, განისაზღვრება მოცემული კანონითა და საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

მუხლი 8. ადგილობრივი საკუთრება

ადგილობრივი მეურნეობის საფუძველია ადგილობრივი საკუთრება. მისი მფლობელების, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას საკრებულოს ტერიტორიის მოსახლეობის სახელით ახორციელებს შესაბამისი მმართველობის ორგანო ან ის იურიდიული და ფიზიკური პირნი, რომელთაც მიეცათ ამის უფლება.

ადგილობრივი საკუთრება შეიძლება იყოს: კომუნალური საბინაო ფონდი და საბინაო-კომუნალური მეურნეობა; სატრანსპორტო საწარმოები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; სახალხო განათლების, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები; აგრეთვე მრეწველობის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის საწარმოო კომპლექსები და საწარმოები; ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები; ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები დ ა. შ.), სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მმართველობის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად.

ადგილობრივ საკუთრებაში არსებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

მუხლი 9. ადგილობრივი საკუთრების წარმოშობის საფუძვლები

ადგილობრივი საკუთრების უფლება წარმოშობა:

- კანონით განსაზღვრული წესით ადგილობრივი მმართველობისათვის სახელმწიფო საკუთრების გადაცემით;

- ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ამ შექმნით;

- ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში, აგრეთვე იმ გარიგებების საფუძველზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას;

- იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების წარმოშობას (მოქალაქის გარდაცვალების, მმართველობის ორგანოებისა და მისი ბეითალმანიქონების გადაცემის შემთხვევებში და სხვა).

მუხლი 10. ადგილობრივი მეურნეობა

ადგილობრივ მეურნეობას შეადგენს ქვემდებარე ტერიტორიაზე განლაგებული იმ საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ადგილობრივიმოსახლეობის საწარმოო საჭიროებებისა და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მისი საფუძველია ადგილობრივი საკუთრება;

ადგილობრივ მეურნეობაში შეიძლება შევიდეს აგრეთვე სხვა სახის საკუთრების ობიექტები, ნებაყოფლობით საფუძველზე.

ადგილობრივ მეურნეობაში შეიძლება შევიდეს:

საბინაო-კომუნალური მეურნეობის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, განათლების, კულტურის, საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, სარემონტო-სამშენებლო, ბუნების დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სპორტული, რეკრეაციული და სხვა საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

მუხლი 11. მმართველობის ეკონომიკური კომპეტენცია

ადგილობრივი მეურნეობის ყაირათიანი გაძღოლისთვის მმართველობის ორგანოებს აქვთ სათანადო უფლებები და აკისრიათ მოვალეობები, რომელთა ერთობლიობა შეადგენს მათ ეკონომიკურ კომპეტენციას.

1) მმართველობის ორგანოებს უფლება აქვს:

შექმნას საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები;

გაასხვისოს, იჯარით გასცეს, გადასცეს სრულ სამეურნეო გამგებლობაში ან ოპერატიულ მართვაში ადგილობრივი საკუთრების ობიექტები, განახორციელოს რეპრივატიზაცია;

წაახალისოს, დაუწესოს შეღავათები საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქვემდებარე ტერიტორიაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას;

დააწესოს ქვემდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვის დამატებითი მოთხოვნები, შეაჩეროს ან აკრძალოს იმ ობიექტების ექსპლუატაცია ან მშენებლობა, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი და სახიფათოა მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის;

ადგილობრივი მმართველობის შეკვეთებზე ხელშეკრულებების დადებისას უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივი საკუთრებისა დას ადგილობრივი მეურნეობის საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს;

კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გააკონტროლოს და მოაწესრიგოს ქვემდებარე ტერიტორიაზე მომსახურებისა და საქონლის რეალიზაციის ფასები; გაატაროს ანტიმონოპოლიური ღონისძიებები;

დადოს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები და შეთანხმებები სხვა ადგილობრივ მმართველობებთან, საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

მონაწილეობა მიიღოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2) ადგილობრივი მმართველობის ორგანო მოვალეა:

რეგისტრაციაში გაატაროს საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები. საწარმოების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

იზრუნოს მოცემული ტერიტორიის ეკონომიკური, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე. ამ მიზნით იგი:

უქმნის ხელსაყრელ პირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას;

აწესებს სავაჭრო, კვების, საყოფაცხოვრებო და სატრანსპორტო მომსახურების, კულტურის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის, საბავშვო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მოსახლეობის მომსახურების ხელსაყრელ პირობებს;

განახორციელებს ქვემდებარე ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი სიმდიდრეების საკადასტრო აღრიცხავს, საწარმოო-სამეურნეო და სხვა სახის ობიექტების ეკონომიკურ-ეკოლოგიურ ინვენტარიზაციას;

ხელს უწყობს მოქალაქეებს ტრადიციული მეწარმეობის განვითარებაში, ადგილობრივი მმართველობის საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს – მათ წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებასა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში.

ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ან მისი თანამდებობის პირის მითითების შესრულების, აგრეთვე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ თავისი მოვალეობების არასათანადოდ შესრულების შედეგად მოქალაქეების, საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისათვის მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს ამ მმართველობის ორგანომ, ან იმ ორგანოს თანამდებობის პირმა, ვისი მიზეზითაც მიყენებულია ზარალი. ზარალის ანაზღაურების საკითხზე წამოჭრილ დავას წყვეტენ სასამართლო ან არბიტრაჟის ორგანოები კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ურთიერთობა იმ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივ საკუთრებას

ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ურთიერთობა იმ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივ საკუთრებას, წესრიგდება მათთან დადებული ხელშეკრულებებით ან ემყარება კანონმდებლობით განსაზღვრულ საგადასახადო საფუძველს.

მუხლი 13. ადგილობრივი მმართველობის ფინანსური ბაზა

ადგილობრივი მმართველობის საქმიანობის ფინანსური ბაზაა ადგილობრივი მმართველობის ფინანსები.

ადგილობრივი მმართველობის ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ფინანსების საშუალების საშუალებით მოცემულ ტერიტორიაზე წყვეტენ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამოცანებს.

მუხლი 14. ადგილობრივი ფინანსური სისტემა

ადგილობრივ ფინანსურ სისტემას შეადგენენ: ადგილობრივი ბიუჯეტი, ბიუჯეტგარეშე სახსრები, ადგილობრივი მნიშვნელობის სპეციალური ფონდები, ადგილობრივი მმართველობის საკუთრების საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსები; აგრეთვე საწარმოების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების ნებაყოფლობითი შენატანები, რომლებიც გამოყენებული იქნება მოცემულიტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად.

მუხლი 15. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები

ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები იქმნება მოცემულ ტერიტორიაზე მყოფი საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, მოსახლეობის გადასახადისაგან და გადაიხდება საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო კანონის შესაბამისად, აგრეთვე, სხვა შემოსავლისა და შენატანებისაგან, რომლებიც მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად ამოიღება (გადაეხდევინება) ზემდგომი ბიუჯეტებიდან მიღებული სესხებიდან, დოტაციებიდან, სუბვენციბიდან, საბანკო კრედიტებიდან.

ანარიცხები სახელმწიფო გადასახადებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სტაბილური ნორმატივებით.

ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ადგილობრივ მეურნეობაში შემავალი საწარმოების, დაწესებულებების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების გადასახადები და ჯარიმები, შემოსავალი მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ქონების რეალიზაციიდან და არენდიდან, კოლექტიური მეურნეობების საშემოსავლო, სარეწაო, საკურორტო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო საშუალებათა და თვითმავალი მექანიზმების, შენობის მფლობელთა და მიწის გადასახადები, სატყეო შემოსავალი, სახელმწიფო ბაჟი და სხვა შემოსავლები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქათველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებში ჩაირიცხება ნაწილი ანარიცხებისა სახელმწიფო გადასახდელებიდან და შემოსავლებიდან: ბრუნვის გადასახადიდან, მოსახლეობის საშემოსავლო გადასახადიდან, ქვემდებარე ტერიტორიაზე განლაგებული იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების მოგების გადასახადიდან, რომლებიც არ შედიან ადგილობრივ მეურნეობაში, და სხვა შემოსავლები.

საქალაქო და რაიონული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შექმნან ბიუჯეტგარეშე სახსრები: საწარმოების, ორგანიზაციების, კოლმეურნეობების, კოოპერატივებისა და მოსახლეობის   ნებაყოფლობითი შენატანებიდან, ადგილობრივი მნიშვნელობის სესხების ობლიგაციების რეალიზაციიდან. ქვემდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური, სოციალური ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებიდან, მათ მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადიდან, საქველმოქმედო შემოწირულობებიდან.

მუხლი 16. ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები

ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები გამოიყენება განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური კულტურის, სპორტის სფეროში, ადგილობრივი მეურნეობის განვითარებისათვის, ეკოლოგიური გაჯანსაღებისათვის და სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შენახვაზე, საბანკო კრედიტისა და სხვა სესხების დასაფარავად, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისთვის საბიუჯეტო სესხის, დოტაციების, სუბვენციებისა და სუბსიდიებისათვის, აგრეთვე სხვა ღონისძიებებისათვის, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებას.

მუხლი 17. ადგილობრივი მმართველობის სავალუტო ფონდი

ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ქმნიან სავალუტო ფონდებს მათ ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების და ორგანიზაციების ვალუტის შემოსავლიდან.

მუხლი 18. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საგადასახადო უფლებები

ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ დააწესონ ან გააუქმონ ადგილობრივი გადასახადები და შენატანები.

მუხლი 19. ურთიერთობა რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის

ურთიერთობა რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის კანონით საბიუჯეტო უფლებებისა და გადასახადების შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია

 

თბილისი, 1991 წლის 29 იანვარი.