დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.018149 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (22/03/2022 - 01/03/2024)
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც4“ და „ც5“ ქვეპუნქტებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების (შემდგომ - სკოლა) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი (შემდგომ - წესი) შემუშავებულია ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება სკოლების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასთან, კომპეტენციებთან და მიწოდებული სამედიცინო სერვისის მოცულობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მუხლი 2. სკოლის სამედიცინო პერსონალი 1. სკოლის სამედიცინო პერსონალს წარმოადგენს: ა) სკოლის ექიმი - უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს ამ წესით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და სკოლაში ასრულებს წამყვან, ძირითად საქმიანობას ამ წესით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სკოლის ექთანი - შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საშუალო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ახორციელებს სკოლის ექიმის დამხმარე საქმიანობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ან დამოუკიდებლად ასრულებს საქმიანობას ამ წესით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ წესის N1.2 დანართით განსაზღვრული მოსწავლეთა და სამედიცინო პერსონალის რეკომენდებული თანაფარდობის შესაბამისად. 2. სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: ა) „პედიატრია“; ბ) „საოჯახო მედიცინა“; გ) „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“. 3. სკოლის ექთნად შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის“ შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ექთნად დასაქმების უფლების მქონე პირი.
მუხლი 3. სკოლის ექიმის კომპეტენცია 1. სკოლის ექიმის კომპეტენციაა: ა) მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა); ბ) შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ; გ) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს; დ) მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში (დანართი N1.1); ვ) მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს; ზ) საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები: ზ.ა) ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები; ზ.ბ) მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ზ.გ) პედიკულოზის პრევენციის მიზნით; თ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს; ი) ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები; კ) გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს; ლ) გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის); მ) განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა; ნ) განახორციელოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა. სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ; ო) გაუწიოს ზედამხედველობა სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას; პ) მიიღოს მონაწილეობა მოსწავლის დღის რეჟიმის, საგაკვეთილო და დასვენების რეჟიმის შემუშავებაში; ჟ) განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად; ს) განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.) და მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ტ) დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დაუშვებელია მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემით მიმართვისას, სკოლის ექიმი შემოიფარგლოს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ჩარევით, როცა სახეზეა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებასთან მიმართვის აუცილებლობა. 3. დაუშვებელია სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეს პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექიმს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექიმო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექიმისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა). 4. დაუშვებელია სკოლის ექიმის მხრიდან ნებისმიერი სახის გულგრილობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. 5. კონკრეტული პირის ავადობისა და მიმართვიანობის ზოგადი სიხშირის, კონკრეტული მიზეზით მიმართვიანობის სტატისტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების მარტივად ადმინისტრირებისთვის გამოიყენება სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი (დანართი N1.1.1); 6. სკოლის ექიმის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი და სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა წარმოადგენს სკოლის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელია წარმოებულ იქნეს როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის მატარებელზე და მასზე წვდომა ექნება სკოლის ექიმს/სკოლის ექთანს. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი ინახება დახურვიდან 5 წლის ვადით, ხოლო სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა მოსწავლის მიერ სკოლის დამთავრებამდე/სხვა სკოლაში გადასვლამდე, რის შემდეგაც გადაეცემა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს/სრულწლოვან კურსდამთავრებულს სხვა დოკუმენტებთან ერთად. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 5 წლის ვადის გასვლის შემდეგ განადგურდება წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით.
მუხლი 4. სკოლის ექთნის კომპეტენცია 1. სკოლის ექთნის კომპეტენციაა: ა) გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში; ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები და მომხდარის შესახებ აცნობოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება; გ) მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს - ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს - ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ); 2. იმ სკოლებში, სადაც სკოლის ექთანი დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებთან ერთად, მონაწილეობას იღებს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ზედამხედველობაში, მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლებისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
მუხლი 5. კომპეტენციათა განაწილება პასუხისმგებელ უწყებებს შორის 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. 2. სკოლა უზრუნველყოფს: ა) სკოლის სამედიცინო პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას; ბ) სკოლის სამედიცინო პერსონალისთვის გაწეული შრომის შესაბამის ანაზღაურებას და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას; გ) საჭირო ბიუჯეტის მობილიზებას სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის სათანადოდ მოწყობის, აღჭურვის, სახარჯი სამედიცინო მასალებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფუნქციონირების მიზნით; დ) ეფექტური მექანიზმის შექმნას, სკოლის სამედიცინო პერსონალის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ზედამხედველობის მიზნით; ე) სკოლის სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) სკოლის ექიმის საქმიანობის კომპეტენციების, ფუნქციების, საქმიანობასთან დაკავშირებული მეთოდური რეკომენდაციების განსაზღვრას; ბ) სავარაუდო პროფესიულ გადაცდომასთან, სამედიცინო საქმიანობის არაჯეროვნად განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე/საჩივარზე რეაგირებას; გ) სკოლის სამედიცინო პერსონალის გადასამზადებლად უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციას.
მუხლი 6. სკოლის სამედიცინო პერსონალის განაწილება 1. სკოლის სამედიცინო პერსონალის განაწილების პრინციპი განისაზღვრება მოსწავლეთა რაოდენობისა და სასწავლო შენობების მიხედვით. 2. სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა განსაკუთრებით მცირეა, მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში, დასაშვებია სამედიცინო მომსახურების, სანიტარია-ჰიგიენისა და ჯანმრთელობითი განათლების სერვისების მიწოდების ალტერნატიული გზები, როგორიც არის სოფლის ექიმის მომსახურება (თუ მისი ოფისი განთავსებულია იმავე სოფელში, სადაც მდებარეობს სკოლა); აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ტერიტორიული სიახლოვის პრინციპით, შეირჩეს ორი სკოლა, სადაც თითოეულში მოსწავლეთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია და აღნიშნული სკოლების გაერთიანებას მოემსახუროს ერთი ექთანი/ექიმი, რომელიც დადგენილი პერიოდულობით (მორიგეობით) განახორციელებს მისთვის ნაკისრ ვალდებულებებს კვირის დღეების მიხედვით შედგენილი გრაფიკის ან სკოლებში არსებული საჭიროებების შესაბამისად. ალტერნატიული გზების გამოყენებასთან და სკოლის ექიმების მომსახურების სპეციფიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ამ ბრძანების მე-7 მუხლით განსაზღვრული კომისიის მიერ. 3. გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ექიმამდელი დახმარების დროული აღმოჩენის მიზნით, იმ სკოლებში, სადაც ადგილზე მუდმივად ვერ იქნება სამედიცინო პერსონალი, სკოლამ უნდა უზრუნველყოს პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხებში, მომზადებული/გადამზადებული პერსონალის მიერ საჭირო მომსახურების გაწევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოცხადებამდე. 4. თუ სკოლა მოიცავს ორ ან მეტ შენობას, რომლებშიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და განთავსებულია სხვადასხვა იურიდიულ მისამართზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შენობების განლაგება იძლევა გონივრულ ვადებში პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის შესაძლებლობას) სავალდებულოა თითოეულ შენობაში დამატებით სკოლის ექიმის/სკოლის ექთნის უზრუნველყოფა. 5. სკოლებში მოსწავლეთა და სამედიცინო პერსონალის თანაფარდობის რეკომენდებული რაოდენობები მოცემულია ამ წესის №1.2 დანართში.
მუხლი 7. სკოლის სამედიცინო პერსონალის შერჩევის წესი 1. სკოლის სამედიცინო პერსონალის შერჩევა უნდა განხორციელდეს სკოლის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შემდეგი წევრებით: ა) სკოლის დირექციის წარმომადგენლები; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა; გ) საკითხის გადასაწყვეტად, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულობის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე; დ) იმ დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, რომელი დარგის სპეციალობების მქონე პირებსაც აქვთ სკოლის ექიმად/სკოლის ექთნად მუშაობის უფლება. დანართი N1.1
სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა (სააღრიცხვო ფორმაში წარმოებული ინფორმაცია კონფიდენციალურია)
1. დაწესებულების დასახელება--------------------------------------------------- 2. ექიმი ექთანი სახელი, გვარი --------- --------------- 3. პაციენტის სახელი, გვარი-------------- 4. დაბადების წელი, თვე, რიცხვი------------------ 5. კლასი -------------------- 6. პაციენტის სტატუსი: მოსწავლე პერსონალი სხვა------------ 7. მომართვის თარიღი ----რიცხვი-----თვე----წელი. დრო----სთ----წთ
8. მომართვის საფუძველი----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. გამოხატული სიმპტომები--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. ჩატარებული მკურნალობა/გაწეული სამედიცინო დახმარება------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 11. შემდგომი რეკომენდაცია-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოხდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება: დიახ არა გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის მიმართვის დრო: ----- სთ-----წთ მიემართა პაციენტის ოჯახის წევრს/კანონიერ წარმომადგენელს: დიახ არა
სამედიცინო პერსონალის პაციენტის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა --------------- ხელმოწერა ------------------------
დანართი N1.1.1
სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი (ჟურნალში წარმოებული მონაცემები კონფიდენციალურია)
დანართი N1.2 სკოლებში მოსწავლეთა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობათა თანაფარდობა
· ავტორიზებული სკოლისთვის ავტორიზაციის გადაწყვეტილებით განსაზღვრული (და არა ფაქტობრივად არსებული) მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა, რომლის შესაბამისად უნდა განისაზღვროს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. ავტორიზაციის გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, იგულისხმება მოსწავლეთა ფაქტობრივი რაოდენობა.
დანართი №2 საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების (შემდგომ - სკოლა) სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესი (შემდგომ - წესი) შემუშავებულია მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება სკოლების სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცის ტიპები 1. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცე შესაძლებელია იყოს ორი სახის: ა) სამედიცინო კაბინეტი - სკოლაში, შესაბამისი ავეჯით, ტექნიკით, მედიკამენტებით აღჭურვილი ოთახი, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების გაწევა; ბ) სამედიცინო პუნქტი - სკოლის ადმინისტრაციულ ნაწილში (არასაკლასო ოთახში) მოწყობილი სივრცე, სადაც განთავსებულია სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, მედიკამენტები და სახარჯი მასალა. 2. სკოლებისთვის, სადაც სწავლობს 50 და ნაკლები მოსწავლე, რეკომენდებულია სამედიცინო კაბინეტის მოწყობა, თუმცა სავალდებულოა მინიმალური მოთხოვნის სამედიცინო პუნქტის მოწყობა. სკოლებში, სადაც სწავლობს 50-ზე მეტი მოსწავლე, სავალდებულოა სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.
მუხლი 3. მოთხოვნები სამედიცინო კაბინეტის მოწყობისადმი 1. სამედიცინო კაბინეტი რეკომენდებულია მოწყობილი იყოს შენობის ყველაზე დაბალ სართულზე (დაუშვებელია სარდაფისა და ნახევარსარდაფის გამოყენება). ფიზიკურად მარტივად მისადგომ ტერიტორიაზე, გადაუდებელი შემთხვევის დროს სამედიცინო კაბინეტში პაციენტის მარტივად შეყვანა-გამოყვანის (მათ შორის საკაცით) შესაძლებლობის გათვალისწინებით. 2. სამედიცინო კაბინეტის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 კვ.მ-ს. სამედიცინო კაბინეტში უნდა არსებობდეს როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი განათების წყარო. კედლები და იატაკი უნდა ექვემდებარებოდეს სველი წესით დალაგების შესაძლებლობას. 3. სამედიცინო კაბინეტში სავალდებულოა იყოს გამართულად ფუნქციონირებადი ხელსაბანი, რომელიც მუდმივად იქნება აღჭურვილი თხევადი საპნითა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი საშუალებებით. 4. სამედიცინო კაბინეტში ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელის ალკოჰოლშემცველი სადეზინფექციო საშუალება (სანიტაიზერი). 5. სამედიცინო კაბინეტში უნდა არსებობდეს ხელოვნური ბარიერით (გამყოფი პანელი, ტიხრული შირმა) გამოყოფილი მცირე გასასინჯი სივრცე, პაციენტთა გასინჯვისას პრივატულობის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 4. სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობა 1. სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი ავეჯი და მოწყობილობები: ა) სამუშაო მაგიდა; ბ) კომპიუტერი; გ) სკამები; დ) საათი; ე) სამედიცინო ტახტი (პაციენტის გასასინჯი); ვ) კარადა ან ტუმბო სამედიცინო დოკუმენტების შესანახად (უნდა იკეტებოდეს); ზ) სამედიცინო მასალების და მედიკამენტების შესანახი კარადა/ტუმბო (უნდა იკეტებოდეს); თ) მაცივარი. 2. სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი სამედიცინო აღჭურვილობა: ა) სამედიცინო სასწორი; ბ) სიმაღლის საზომი; გ) თერმომეტრი; დ) ტონომეტრი (წნევის საზომი აპარატი); ე) ფონენდოსკოპი; ვ) პულსოქსიმეტრი; ზ) ხელის დინამომეტრი; თ) ინჰალატორი; ი) სპეციალური ცხრილი მხედველობის შესამოწმებლად; კ) გამადიდებელი ლუპა; ლ) ხელის სანათი; მ) რეზინის ლახტი; ნ) რეზინის სათბური; ო) ბუშტი ყინულისათვის; პ) კისრის ფიქსატორი; ჟ) სამედიცინო მაკრატელი; რ) პინცეტი; ს) ნიღაბი „პირით-პირში” სუნთქვისთვის; ტ) გადაუდებელი დახმარების ჩანთა; უ) საკაცე; ფ) ბასრი სამედიცინო ნარჩენების კონტეინერი. 3. სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი სახარჯი/შესახვევი მასალები და ჭრილობის დასამუშავებელი საშუალებები: ა) ერთჯერადი საინექციო შპრიცები; ბ) ერთჯერადი შპადელები; გ) რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები; დ) სამედიცინო ნიღბები; ე) სტერილური ბინტი; ვ) სტერილური ბამბა; ზ) ბაქტერიოციდული პლასტირები; თ) სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები; ი) სამედიცინო სპირტი (96%-იანი); კ) წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი ხსნარი); ლ) ბრილიანტის მწვანე (1%- ან 2%-იანი სპირტხსნარი); მ) იოდი (5%-იანი სპირტხსნარი); ნ) ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად. 4. სამედიცინო კაბინეტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა იმ სამედიცინო ჩვენების სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც მოცემულია ამ წესის №2.1 დანართში. მედიკამენტების ნუსხაში წარმოდგენილია სამედიცინო სივრცეში საჭირო ფარმაცევტული საშუალებების რამდენიმე დასახელება, რომლთაგან ამორჩევა, ან იგივე მოქმედების სხვა დასახელების საშუალებით ჩანაცვლება შესაძლებელია შესყიდვის პროცესში.
მუხლი 5. სამედიცინო პუნქტის მოწყობა 1. სამედიცინო პუნქტი მოწყობილი უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციულ (არასაკლასო ოთახში) სივრცეში, სადაც აუცილებელია განთავსებული იყოს: ა) კარადა, ამ წესის №2.1 დანართში ჩამოთვლილი მედიკამენტებით და ჭრილობის დასამუშავებელი მასალებით; ბ) თერმომეტრი, ტონომეტრი, პინცეტი, სამედიცინო მაკრატელი; გ) ტახტი (დასაშვებია არასამედიცინო); დ) გადაუდებელი დახმარების ჩანთა. 2. სამედიცინო პუნქტი ძირითადი სივრცისგან შემოსაზღვრული უნდა იყოს გამყოფი ბარიერით (მოძრავი შირმა, ფარდა და ა.შ.).
მუხლი 6. სამედიცინო კაბინეტის/სამედიცინო პუნქტის მართვა სკოლის სამედიცინო პერსონალს ევალება ზედამხედველობა გაუწიოს სამედიცინო კაბინეტში/სამედიცინო პუნქტში განთავსებულ აღჭურვილობას და მედიკამენტებს, დახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმაში (№2.2 დანართი) აწარმოოს მოხმარებული მედიკამენტების და სამედიცინო მასალების აღრიცხვა, აკონტროლოს მედიკამენტების და სახარჯი მასალების ვარგისიანობის ვადები, ამოიღოს მოხმარებიდან ვადაგასული მედიკამენტები და მოახდინოს მათი აღრიცხვა ვადაგასული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმაში (№2.3 დანართი), გაატაროს მედიკამენტებით და სამედიცინო მასალებით მომარაგებისთვის საჭირო პროცედურები.
№2.1 დანართი
სკოლის სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში სავალდებულო მედიკამენტების ნუსხა მედიკამენტები: ა) არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი); ბ) ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი); გ) ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ., ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები); დ) ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი); ე) ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით); ვ) ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები - ალბუტეროლი და სხვ.); ზ) სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი); თ) რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები; ი) პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი); კ) დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი); ლ) ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი); მ) კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში); ნ) მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები); ო) ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს; პ) ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები); ჟ) თვალის წვეთები (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი); რ) ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი; ს) ყურის წვეთები (მაგ., ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა).
იმ შემთხვევაში , როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი ( ექთანი ), ზემოაღნიშნული ნუსხიდან , მიზანშეწონილია , ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი. შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა შეიძლება შეივსოს დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
N2.2 დანართი
დახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმა
№2.3 დანართი
ვადაგასული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმა
. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები